1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

თმა უნდა შევიჭრა, წვიმს…

leave a comment »

წვიმს და უკეთესი მიზეზი რად გინდა დასალევად? თან რაღაც უჟმური დღეა, მარტო წვიმის გამო არა. პირიქით, წვიმა ხანდახან ძალიან კარგიცაა, მიყვარს წვიმაში სიარული. უბრალოდ, მართლა რაღაცნაირი დღეა, დალევდა კაცი. თუმცა ჯერ ადრეა, გავიპარსავ და თმას შევიჭრი.

წვერის გაპარსვა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქმიანობაა, ძალიან მეზარება ხოლმე. ისეთი ბრიტვა ვერ ვიპოვნე ძალიან ბასრი რომ იყოს, არადა ერთ-ორ მეგობარს აქვს და სად შოულობენ ვერ გავიგე. ახლა უნდა ვიცოდვილო და კანი ავითალო. მერე ერთი ელექტრო საპარსს ვცდი, თუ მომეწონა იმაზე გადავლ, უკეთესია, თორემ ასე ვიტანჯები.

მოვიშორე გაპარსვა როგორც იქნა, კანი მიღიზიანდება, რა ჯანდაბაა. ახლა ბარემ თმასაც შევიჭრი და მივხედოთ მერე საქმეს. გამორციხულია, ბებიამ რამე არ მომაძახოს კარს რო გავაღებ გასვლისას, მის ამ ჩვევას ვერ ვიტან და კიდევ ბევრი მაღიზიანებს, მაგრამ გინდ უთხარი და გინდ არა, მაინც თავისას შრვება.

– გიორგი, ქუდი გახურავს?
– კი
-კი მაგრამ სად გეჩქარება, გადაეღო და მერე გასულიყავი, არ შეგცივდეს ბიჭო, რა ჯინიანი ხარ, აღარ შემიძლია მომკლა ამ ბავშვმა.

თავისებური ტრაგიზიმით და წუწუნით გამომაცილა დალიმ. თუმცა დალიმ რა, დალის ათასში ერთხელ ვეძახი. ხან გუგას, ხან გუბაზის და ათას რამეს. რა დამავიწყებს, რამდენიმე წლის წინ ძმაკლაცი რო მოვიდა დაბადებისდღეზე და სამზარეულოში ბებიაჩემს უთხრა: ,,გუგა დეიდა, წყალი მინდა”. მთელი სამეგობრო დავცინოდით. ამანაც გაკვირვებულმა იკითხა – რა ბებიაშენს გუგა არ ჰქვია? ისე, რა მისი ბრალი იყო, სულ გუგას ვეძახდი. ახლა გუბაზის და ბევრს კიდევ, როგორც ვთქვი.

ჩვენი გაბზრაულ შენჯღრეული სახლის სადარბაზო შეღებეს. უკეთ გამოიყურება. როგორ მიხარია, რომ პირველ და მეორე სართულს შორის, ძველი დაჟანგული და დაჯნღრეული ფოსტის ყუთები, რომ იყო, აღარ არის. რატომღაც მათ დანახვაზე ხშირად თავში ყავისფერ ფონზე თეთრად გაანათებდა ხოლმე ოთხი ასო – СССР.

ჩავედი პირველ სართულზე. საყელო ავიწიე. კეპკა მახურავს, საფულე მაქვს, ცხვირსახოცის მიდევს. მიწისქვეშა გასასვლელამდე რა უნდა დავსველდე ასე? არც არაფერი. პირიქით, ჩქარი ნაბიჯით წასვლას არ ვაპირებ, სასიამოვნოდ გავისეირნებ.

აი, ჩავდივარ ბოლო ოთხ კიბეს და უცნობ სილუეტს ვხედავ. რა კარგი გოგოა, გავიფიქრე უცებვე, ჯერ სახეზე არ შემიხედავს, მაგრამ ინტუიცია ხშირად მიმართლებს ხოლმე. თან სწორი გრძელი, შავი თმა აქვს წელამდე, რომელთა დანახვაზეც უკვე ვფორიაქდები ხოლმე. ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ გოგოსთვის საკმაოდ, ერთი სიტყვით დაბალი გოგო არ არის და მე მიყვარს, როცა გოგო დაბალი არ არის, რაც უფრო მაღალია მით უფრო ეშხი აქვს, ძალიან ზედმეტიც არ ვარგა ცხადია.
საერთოდ, თმები ჩემი სისუსტეა, გრძელი თმები, ძალიან არ მიყვარს უსაშველოდ მოკლედ რომ იჭრიან გოგოები, არ უხდებათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. კიდევ უფრო მიყვარს, თხელი თმა, ამასაც ასეთი აქვს, საერთოდ ნორჩია… წამიერად შევცბი და გავჩერდი.
ხმა გაიგო ნაბიჯების და გამოიხედა, თვალი შევავლე, ძალიან სიმპათიურია, ალბათ 17-22 წლის. თვალებიც კარგი აქვს, მუქი და მზერა შეწუხებულ-შეშინებულივით. იმ წუთას მოვიხიბლე. აშკარად წუხს, შეიძლება სადმე ეჩქარებოდა ან უბრალოდ სცივა. შავი ფერი დომინირებს, ჩანთაც შავი აქვს გადაკიდებული. ტანი კარგი აქვს, ძალიან მომეწონა. თუმცა უცებ გამოვფხიზლდი და…

არ ვიცი, ასეთ მომენტებში ვიბნევი ხოლმე, ყოველთვის არა, მაგრამ ძირითადად. ზოგჯერ კი პირიქით, ზედმეტად თამამი ვარ, შუალედი არ ვიცი, ჯერჯერობით. ავდექი და კახელივით(ნახევრად ვარ კიდევაც), ომახიანად გავაბიჯე ქუჩაში, საკმაოდ სწრაფად ჩავუარე. თითქოს რაღაცას ვუმტკიცებდი, რომ აი რა მაგარი ვარ და მერე ნელი სვლით გავაგრძელე სიარული, როცა რამდენიმე ადამიანი გარბოდა, აქაოდა, ვსველდებიო.

ისე მსგავსი რამ ბავშვობაშიც მომივიდა, მსგავსი როგორ… გოგო არ მომწონებია, მოკლედ ასე იყო: ბაზარში ვიყავი, მინიმუმ 6-7 წლის წინ. რაღაცებიმ ნაყიდი მაქვს და ერთ-ერთ გასასვლელში მოვდივარ, ოღონდ ქვემოთ, ტანსაცმელი, სათვალეები და მსგავსები რომ იყიდება, საჭმელებში კი არა. დგას სამი გოგო და ერთ-ერთი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და ისეთი გაბადრული სახე აქვს, რომ აშკარად რაღაცას აპირებს. მე ცალი თვალით დავაფიქსირე და სიარული გავაგრძელე. უცებ ეს გოგო, ხმამაღლა ჩემს გასაგონად ეუბნება მეგობრებს – ნახეთ რა კარგი ბიჭია. იმ წამსვე მივხვდი, რომ ,კაიფობს’ მაშინ მსგავსები მოდაში იყო. გავბრაზდისავით და თავი მაღლა ავწიე და ავუჩქარე, ისე გავიარე. სამივე მოკვდა სიცილით. მე კიდევ სიბრაზისგან არ ვიცოდი რა მექნა, გავწითლდი, გავმწვანდი და ერთი სული მქონდა იქიდან როდის გამოვიდოდი. ისე გამოვიდა, თითქოს შევიფერე და იმათ ხუმრობა გამოუვიდათ, არადა მე სულ სხვა რამე მინდოდა და გაბრაზების გამო, რეფლექსურად მოვიქეცი ასე. იმათ კიდევ ეგონათ, რომ ვიტიპე და დამცინეს. აი თავში ავარდნილი გოგოები, როგორც ტიპობენ ხოლმე, თან რომ უნდათ, ყურადღება მიიქციონ, მაგრამ კომპლიმენტს რომ გაუკეთებ ვითომ ძაღლადაც რო არ ჩაგაგდებს და ცხვირს ზემოთ აწევს.

თითქმის უკვე ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი გადასული, თვალწინ ის კადრი მედგა, პირველად დანახული – წელამდე ჩამოშვებული, გრძელი, წვრილი შავი თმა და შემცბრად მდგარი… რაღაცამ რომ გამკრა… რატომ არ ვუთხარი რამე? თუმცა რომ მეთქვა რა? ძალიან არ გახარებოდა ეხლა და კისერზე არ ჩამომკიდებოდა… მაგრამ ეს უფრო თავის დამშვიდებას ჰგავს. ახლა რომ დავბრუნდე სისულელეა უკვე, უხერხულია. ისე, რატომ არის უხერხული? თუმცა არა, მე ეგეთი  არ ვარ, პრინციპულად არ დავბრუნდები ბოლო ბოლო. ვფიქრობ და ვაგრძელებ გზას, მოკლე კიბეებს სანამ ავივლიდი ერთი მოვიხედე, იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა.

მორჩა უკვე მოვეფარე და მიწისქვეშა გადასასვლელს ვუახლოვდები. შესვლამდე საცხობის ქალი მეფეთება, ვერ ვიტან ამ ქალს, ძალიან ბოროტი, აფერისტი და თავხედია, ბევრჯერ შევესწარი ისეთ სიტუაციას გავლისას, სადაც ეს გამოჩნდა. ცუდად გამომდის შეიძლება, მაგრამ ფიქრს ვინღა დამიშლის, ამათზე ნათქვამი ,ღორის ტილი ფეხზე არ უნდა დაისვა, თავზე აგაღოღდებაო’, თან თავი ნაღდად რაღაც ჰგონია, უხ, ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს.

მივედი, კარი არ იღება, სინათლე ანთია, ტელევიზორი ჩართულია, ესე იგი აქ არის ქალი ან კაცი. ასე იციან ხოლმე გასვლა, რაღა ახლა მოუნდათ, თან მსუბუქად დავსველდი, ცოტა შემაცია, კაი გემრიელად წვიმს. ყოველ 2 წამში ნერვიულად ვუყურებ მობილურს, საერთოდ ლოდინს ვერ ვიტან და თან ასეთ სიტუაციებში. გავიდა 5 წუთი დაახლოებით და მოვიდა ქალი. კარი გააღო და შევედით, დავჯექი სკამზე და ველოდები როდის დაიწყებს.

– როგორც ყოველთვის?
– დიახ

ამ დროს ტრადიციულად ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე. მარცხენა მხარეს პატარა ტუმბოზე, შავ-თეთრი კორფუგი თუ გრუნდიგი დგას და სულ სისულელეებია ჩართული. ამჯერად, რომელიღაც საბჭოთა მულტფილმი გადის, კიდევ არა უშავს. თავზე წყალი შემსახურა, ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა, მაგრამ რა გეწყობა, მთავარია მალე მორჩეს.

პარალელურად, ჩანს მიწისქვეშაში ვინ გადი-გამოდის. ერთი გოგო უცებ მივამსგავსე იმას და თვალები დავქაჩე, მაგრამ რომ დავაკვირდი სხვა იყო. ვითომ ტელევიზორს ვუყურებ, არადა ფიქრებში წავედი: სულელი ვარ, რამე უნდა მეთქვა. ბოლო ბოლო დახმარება შემეთავაზებინა, მართლა ისეთი საყვარელი იყო, ცოდოა. ქოლგა შემეთავაზებინა, ან ქუდი ან მოსაცმელი, გამოვლაპარაკებოდი. ცუდს არაფერს მეტყოდა, სავარუოდაოდ და რომც ეთქვა რა? გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, იმედი მაქვს, რომ როცა მივბრუნდები ისევ იქ დამხვდება, არადა ალბათ კიდევ მინიმუმ 20 წუთი აქ უნდა ვიჯდე. ამ დროს ცოტა შორიდან რაღაც ხმა შემომესმა, მსუბუქად თავი გავაქნიე და გავიგონე:

– თავი შემიტრიალე ცოტა, გენაცვალე
– უკაცრავად

ნეტა როგორი გოგოა? აქეთ აქამდე არ მინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქვე არ ცხოვრობს სადმე. ვაი თუ ,ახალი უაკელია’ ტყლარჭვით ლაპარაკობს, სოლარიუმი, ,ფართი’, კაფე-ბარი და ,სვეტსკი’ პონტები აინტერესებს მარტო. იქნებ ბმვ-იანი ბიჭები და ფულიანი მამიკოს შვილები იზიდავს, გარეგნულად უფრო ასეთის შთაბეჭდილებას სტოვებდა. უბრალო არ იყო იერით, მაგრამ არც ძალიან ფოეფოეს ,ვიდი’ ჰქონდა. ისე ტაქსს გააჩერებდა მაშინ, რატო შეეფარებოდა სადარბაზოს, ეგეთები ხომ ავტობუსით და ფეხით არ დადიან. სამარშუტო ტაქსიც” ეთაკილებათ,

და ,მეშჩანი’ რომ ყოფილიყო? ფულზე და ოქროზე ან უზომო საჭმელზე დახამებულ ოჯახში გაზრდილი, უაზრო კაპრიზებით, რომლისთვისაც სულიერებას გრძნობას და ასე შემდეგ, იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც პრაქტიკულ, კონკრეტულ დეტალებს და ,დიშოვი’ ფასეულობებს. იქნებ იაფფასიანი აზროვნებისაა და წაუგოიმებს. ან იქნებ საერთოდ შეყვარებული ჰყავს? დავიჯერო ასეთ ლამაზ გოგოს არ ეყოლება შეყვარებული? მაგრამ თავს ვიტყუებ ახლა, ეს კონკრეტულად რა შუაშია იმასთან, რომ მე სურვილის მიუხედავად არაფერი ვქენი?

იქნებ საერთოდ ისეთია, როგორიც მე მინდა? წესიერი, საჭირო დონეზე პროგრესულად მოაზროვნე და საჭირო, მცირე დონეზე ძველმოდური. არაცეტი, არაქარაფშუტა, მაგრამ არც მუდო და დეპრესიული. არც უაზროდ ჯინიანი და არც ისეთი გაურკვევლობაში რომ არის და გაწვალებს ან რაღაცას ელის შენგან და თვითონაც არ იცის რას და საერთოდ რა უნდა. იქნებ არც ანგარებიანია, არც მობოროტო და საერთოდ მართლა ასეთი დამყოლი და კეთილია, რომელიც ყველაფერს გაგებით ეკიდება და იაფფასიანი აზროვნება არ აქვს. არც ტყლარჭვით ლაპარაკობს და არც ქონებაზეა დახამებული. იქნებ მისთვის ადმიანობა და გრძნობები პირველ ადგილზეა. იქნებ იცის გაჭირვების ფასი და არ უშინდება არაფერს და ცივი პრაგმატულობით არ უყურებს ცხოვრებას. რა ვიცი…

მეორეს მხრივ ზუსტად ვიცი მე როგორი გოგო მინდა? ალბათ არა. იქნებ ისეთი, რომელიც რო დავაშავებ არ გაბრაზდება და თვითონ არასდროს გამაბრაზებს? იქნებ მინდა, რომ მე როცა მომინდება გასართობად ან დასალევად წავიდე და ის მარტო დავტოვო, ამან კიდევ ერთხელ და ორჯერ კი არა, სულ მომითმინოს. მე სხვა გოგოებზე ვიფიქრო და ზოგჯერ არამარტო ვიფიქრო, ის კი ბოლომდე ერთგული იყოს და საერთოდ არ შეწუხდეს ამ ფაქტით. მიყვარდეს, მაგრამ  სხვებსაც არ ვიკლებდე. ეს კი ყურებამდე ჩემში იყოს შეყვარებული და სხვისი აზრად გავლება კი არა, საერთოდ არ აწუხებდეს ჩემი პერიოდული გატაცებები. არ იყოს დეპრესიული, გამხიარულება და კარგი განწყობის შემოტანა თავადაც შეეძლოს და საერთოდ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდეს. დავიჯერო ასეთი მარიონეტი მინდა? არა მგონია. საერთოდ არსებობენ ასეთები? და თუ არსებობენ ბევრნი? და ეს კარგია? ესეც არა მგონია, რაღაც. თუმცა ვინ იცის…

დრო,დროო, ამასობაში დრო გადის. ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ იქნებ ისევ იქ იყოს? წვიმას არ გადაუღია ყოველ შემთხვევაში. როგორც იქნა, მორჩა. გადავიხადე 4 ლარი, მადლობაც და დავემშვიდობე ქალბატონს. მოვდივარ აჩაქრებული ნაბიჯებით და ვუახლოვდები კორპუსს, რომელის კუთხეც ეფარება ჩემს სადარბაზოს. აი, გავცდი და… ცხადია, არავინ არ დგას. უკვე აღარ მეჩქარება, მშვენივრად აშხაპუნებს წვიმა, ნელნელა მივედი სადარბაზომდე და ავედი სახლში. იმ დღეს რა მოხდა აღარც მახსოვს, იმ გოგონამ გადაფარა სხვა მოვლენები. ახლაც მახსენდება ის სურათი, პირველად რომ დავინახე. ნეტა რამე მეთქვა, ნეტავ დაბრუნდეს ეგ სიტუაცია.

ვახ, რა უაზრო ხმაური მიყვენია მობილურზე მაღვიძარას ზარად. სამაგიეროდ კარგად ისმის. როგორც ყოველთვის ვერ გამოვიძინე, დღეს რა დღეა? ხო , ოთხშაბათია სადღაც ვარ წასასვლელი, უაზრობაა, მაგრამ მაინც უნდა წავიდე. იქამდე თმა უნდა შევიჭრა. თვეზე მეტი კი გავიდა, უშნოდ ვარ გაბურძგნული, წესიერად ვერც ვივარცხნი. თან წვიმს, სადარბაზოში ჩავლა და ავლა მელის…

Written by 1myway1

December 6, 2009 at 6:18 pm

Posted in Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: