1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უგვირგვინო მეფეები 4

with 14 comments

ესეც მეოთხე ნაწილი და მოახლოვდა მსოფლიოს ჩემპიონატი… ჰოდა მალე ჩვენც მისი ცქერით დავტკბებით. ამიტომ, უგვირგვინო მეფეების გაგრძელებას ივნისში ნამდვილად არა და ალბათ ივლისშიც არ დავწერ, აგვისტო-სექტემბრიდან გავაგრძელოთ მაგარი ხალხის გახსენება, იქამდე, სხვა ციებ-ცხელებით ვიქნებით შეპყრობილნი🙂

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ უმეტესობა ამ პატარა მოგონებებისა დავწერე დღეს, ჯერ კიდე ნასვამმა და მერე პახმელიაზე მყოფმა. ეს დიდად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ პახმელიაზე ცოტა ცუდად ვიყავი და სხვანაირი ენით დავწერე, თუ ვინმეს არ მოეწონება, მე მაპატიეთ😀 განა რამე განსაკუთრებულად სხვანაირით, უფრო ჯიგრულად ჩემი აზრით, მაგრამ არა კლასიკურად და ადგილ-ადგილ შესაძლოა ცოტა მძიმედაც, ზოგან კი პირიქით ზედმეტად მარტივად. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ეს ჩემი ბლოგია და ფეხბურთზე ,ჟურნალისტურად’ წერა მრავალი წლის მანძილზე მეყოფოდა და მომავალშიც მეყოფა. ამიტომ, ბლოგზე უფრო სხვანაირად მირჩევნია, როდის როგორ რა, თორემ ხშირად ისე უნდა დაწერო და კი არ ვამტყუნებ, პირიქით, კარგია, რაც მეტი ეცდება, მით უკეთესი. აი რამდენს გამოუვა ეს ცალკე თემაა😀 უბრალოდ, ერთმანეთში არ აგვერიოს, მოყვარულობა, ჟურნალისტობა და ბლოგერობა. ზოგი სამივე ერთადაა, ზოგი ორი, ზოგი მხოლოდ ერთი😀 ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა ერთზე – რა გინდა მშვენივრად წერსო, თან რამდენი ხანია ბლოგერია და ე.ი. ჟურნალისტიცო, ერთი და იგივეა ფაქტობრივადო…😀 მე გამეღიმა და აღარ ვუპასუხე არაფერი, დამეზარა და თან აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ის ადამიანი და სხვანი მართლა მუშაობენ ახლა ჟურნალისტებათ(რატომ და როგორ ეს ცალკე თემაა უკვე). ჰოდა, მოკლედ არა არის ერთი ბლოგი და ჟურნალისტობა, დაივიწყეთ ეს😀 მთავარია, ვისაც რა უნდა ის აკეთოს და სცადოს, რომ კარგად აკეთოს, როგორც გამოვა გამოვა. პირიქით, მე სულ ალალისა და ბუნებრივის მომხრე ვარ. ახლაც ამას ვაწვები, მაგრამ ნუ გავაიგივებთ ჟურნალისტიკას ბლოგერობასთან, არც ისე ადვილი საქმეა ჟურნალისტობა, როგორც ერთი რიგითი ცუდი ჟურნალისტი, ისე ვამბობ ამას😀
შევეშვათ ახლა ამ გადახვევას და ვისიამოვნოთ მშვენიერი ხალხის გახსენებით(და არც წინა ნაწილები არ დაივიწყოთ):

1). მეტიუ პოლ ,მეტ’ლე ტისიე

ძალიან დახვეწილი ვინმე იყო მინდორზე.  სახელიც კარგი დარჩა, ბევრს მისდამი მოწიწებითი დამოკიდებულება აქვს და ცოტა ზედმეტი ინგლისური სისულელეები, მაგრამ ზოგს უხდება ეს მიდგომები დე ლე ტისიეც ამ რიცხვშია. მშვენიერმა ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც 1968 წლის 14 ოქტომბერს ჯერნსიში ფოე ფოე დვიჟენიაში დაიბადა, მთელი საკლუბო კარიერა საუთჰემპტონში გაატარა. წმინდანების მაისურით ამ ქარიზმატულ ფიგურას 444 მატჩი აქვს ჩატარებული და 162 გოლი გატანილი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში იგი მხოლოდ მაიკ კენონს ჩამორჩება. ლე ტისიეს ასევე ერთი საინტერესო მიღწევა ეკუთვნის, იგი გახდა პირველი ნახევარმცველი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 100 და მეტი გოლი გაიტანა. მშვენიერი თამაშის გარდა, იგი გამოირჩეოდა უშუალოდ პენალტების შესაშური შესრულებით. 49 პენალტიდან ლე ტისიემ 48 გაიტანა და ის ერთი, ნოტინგემ ფორესტის მეკარემ მარკ კროსლიმ აუღო, ისიც მაგარი ჩუვაკია თავის მხრივ😀 დიდწილად ასეც არის ცნობილი, ერთადერთი მეკარე, ვინც მეტიუ ლე ტისიეს პენალტი არ გაუშვა🙂 მეტის პირველი გუნდი ვეილ რეკრეიშენი იყო, მაგრამ მალევე საუთჰემპტონში აღმოჩნდა და 1986 წელს უკვე წმინდანების ძირითად გუნდში იყო, სადაც დაასრულა კიდეც სათამაშო კარიერა 2002 წელს. ორმაგად შემიყვარდა მას მერე, მანჩესტერს სამჯერ რომ ატკინა და წმინდანებმა კინაღამ ოლდ ტრაფორდზე მოუგეს MU-ს (3:3 მორჩა), თან ის პერიოდია, იმათ კარში ტაიბი, რომ ედგათ და იყოჩაღა მასიმომ :D ნორმანდიელ ლე ტისიეს ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებსიც უთამაშია და ინგლისის B ნაკრებშიც, რომლის რიგებშიც  ჰეთ თრიქი გაახერხა, თან 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე არც ისე დიდი ხნით ადრე. მიუხედავად ამისა, გლენ ჰოდლიმ ამაზე თვალები დახუჭა და ლე ტისიე მუნდიალზე არ წაიყვანა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეროვნულ ნაკრებში მან სულ 8-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. საუთჰემპტონის სტადიონზე სენტ მერიზე, არის ლე ტისიეს სახელობის სპეციალური ლუქსი. საერთოდ, მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდგომი ისტორიებიც საინტერესოა და თუ ვრცლად გაეცნობით კარგი იქნება. სკაი სპორტზე მუშაობდა მიმომხილველად, საუთჰემპტონს ძალიან რომ გაუჭირდა ლე ტისიემ გადაწყვიტა საკმაოდ დიდ თანხას შესულიყო და ფაქტობრივად გუნდის (თანა)მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, რამაც გარკვეულ-გაურკვეველი ეჭვები გამოიწვია. 2009 წელს ლე ტისიემ ავტობიოგრაფიაში აღიარა, რომ ერთხელ, კერძოდ 1995 წელს უიმბლდონთან მატჩში ფსონი გააკეთა, რომ პირველი აუტი მალე, მგონი საწყის წუთშივე იქნებოდა და სცადა ბურთის განგებ გადაგდება, ცუდი პასი მისცა თანაგუნდელ ნილ შიპლის, ამ საწყალმაც თავი გაიგიჟა და ბურთი არ გაუშვა აუტზე😀 ჩვენი ლე ტისიეც გიჟს გავდა, ასე დაგეშილი არასდროს ვყოფილვარო… ბურთის გადაგდებაზე ჩალიჩობდა😀😀 საბოლოოდ პირველი აუტი 70 წამზე ყოფილა, რაც იმ ფსონის მიხედვით ,გაყრას’ ნიშნავდა ანუ არც მოიგო და არც წააგო მეტიუმ, ის ფული უკან დაუბრუნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, დაქორწინებული გახლდათ ბავშვობის სიყვარულ კეტიზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. განქორწინდა 1997 წელს და კეტი ბავშვებითურთ ჯერნსიში დაბრუნდა. მისი ძმები მარკი, კარლი და კევინი ასევე თამაშობდნენ ფეხბურთს, მაგრამ პროსფესიონალურ დონეზე არასდროს. მარკი ახლა ჯერნსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ყოფილა.

2) ოლივერ ნოივილი

აი ზუსტად მასზეა ნათქვამი – მაგარი ,ჩუვაკი’. თუნდაც იმიტომ, რომ იტალიელი დედა ჰყავს😉 გერმანელი მამა და დაიბადა ლოკარნოში, შვეიცარიაში🙂 ხოლო მისი გვარი, მომდინარეობს ბელგიელი ბაბუისგან და ფრანგულად გამოითქმის როგორც – მოდა. ერთი სიტყვით, ძალიან ძალიან მაგარი კაცია😀 რა დამავიწყებს, რაღაც უცნაურად რომ დარბოდა, საქმიანად დაფაფხურებდა ))) მშვენიერი სასარგებლო თავდამსხმელი იყო, და ჩემი აზრით, სათანადოდ ვერ დაფასდა. მინდორზე რომ გამოუშვებდი, ჯერ ხომ ბევრს შრომობდა და თან სულ გქონდა იმედი, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო. ცოტა ქარიზმა არ ეყო, ცოტა ის, ცოტა ეს… თუმცა ასეც მშვენიერი გახლდათ. ფეხბურთზე 6 წლის მიიყვანეს, კლუბ გამბარონიოში, სადაც 1990 წლამდე გახლდათ.მერე ცოტა ხანი გაატარა ლოკარნოში და პროფესიონალურ დონეზე მისი პირველი გუნდი სერვეტი გახლდათ, რომლის რიგებშიც გატარებული 4 წლის მანძილზე 108 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 1994 წელს გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. ეს მისი ერთადერთი ტიტულია. დასანინია, რომ ასეთი ტიპები ბევრს ვერ იგებენ. სერვეტს მოჰყვა ტენერიფე, რომლის მაისურითაც გატარებულ ერთ სეზონში 33 შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ იხეირა, მაგრამ მთლიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კუნძულელები უეფას თასისი ნახევარფინალში გავიდნენ(დამატებით დროში წააგეს შალკესთან). ნოივილის პირველი გერმანული კლუბი როსტოკის ჰანზა გახლდათ(1997-1999 წლებში; 50 მატჩში 22 გოლი). 1999 წელს იგი ლევერკუზენში გადაბარგდა და ფარმაცევტებში 5 წელი გაატარა. ამ პერიოდში იგი 165 შეხვედრაში 42 გოლით გამოირჩა. 2004 წლიდან ამ სეზონისა და მისი კარიერის ბოლომდე კი, ნოივილი მიონხენგლადბახის ბორუსიაში ირიცხებოდა(151 მატჩი; 42 გოლი). გერმანიის ნაკრებში 1998-2008 წლებში 69 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ყველაფერში მეორეობა ან მესამეობა გამოუვიდა – ლევერკუზენთან ერთად 2000 და 2002 წლებში ბუნდესლიგის მეორეობა და იმავე 2002 წელს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 2002 წელსვე მეორე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე. მესამე ადგილი 2006 წლის მუნდიალზე და კიდევ ერთი წაგებული ფინალი ევრო 2008-ზე. ბერნდ შნაიდერთან ერთად ნაკრებში ცნობილი მწეველი ფეხბურთელი გახლდათ. ჰყავს ერთი ვაჟი ლარს-ოლივერი. ამჟამად გლადბახის ახალგაზრდების მწვრთნელად მუშაობს.

3). ჰიდეტოში ნაკატა

თავისი თაობის და იმ პერიოდის აზიის უდავოდ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და ალბათ ყველაზე ნიჭიერიც, რასაც ბუნებრივი, მომადლებული ნიჭი ჰქვია. ნაკატა აზიელთა ზიდანი და ლაუდრუპ(ებ)ი იყო. მინდორზე მოაზროვნე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს ჭკუაზე, დახვეწილობაზე, ტექნიკაზე აგებს და არა სისწრაფეზე, ფიზიკურ ძალაზე ან სხვა გამომუშავებულ თვისებებზე. უბრალოდ, ცოტა უცნაური ვინმე იყო და ბოლოს უკლო რატომღაც, თითქოს აღარ უნდოდა, აღარ ინდომებდაო. ფეხბურთს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე შეეშვა, არადა სულ 29 წლისა იყო. თუმცა თქვა, წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტე 2006 წლის მუნდიალის მერე წავიდოდი და ამის მერე, პროფესიონალურ დონეზე აღარასოდეს ვითამაშებ, მაგრამ ზოგადად ფეხბურთს არასოდეს ჩამოვშორდებიო… რა გაეწყობა, კაცია და გუნება. ამის შემდეგ, ის მხოლოდ ერთხელ იხილა დიდმა პუბლიკამ მწვანე ბალახზე – 2007 9 ივნისს, ლუიშ ფიგუს ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩზე. 1997-2006 წლებში ეროვნული ნაკრების მაისურით 77 შეხვედრა გამართა და 11 ბურთი გაიტანა. იაპონიასთან ერთად მან 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალებზე ითამაშა და მშვენივრადაც. უთამაშია 1996 და 2000 წლების ოლიმპიადაზეც. შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს, მაგრამ ნაკრების ლიდერობის მიუხედავად, 2000 და 2004 წლებში იგი არ იყო იაპონიასთან ერთად, როცა გუნდი აზიის თასს იგებდა, მაგრამ არა მგონია ეს დიდად მნიშვნელოვანი გახლდეთ. მისი საკლუბო კარიერის უდიდესმა ნაწილმა იტალიაში ჩაიარა. ფეხი ბელმარ ჰირაცუკაში აიდგა და მალევე იგი პერუჯამ იყიდა. რა დამავიწყებს პირველად აჟიოტაჟსა და უმბრიელთა ფანების რიგებში გამოჩენილ წვრილთვალებებს, ნაკატას პოსტერებითა და ასე შემდეგ. პერუჯაში გატარებული ორი წლის მერე, ერთი წლით რომაში გადაბარგდა და იქ ჩემპიონიც გახდა. შემდგომ 3 წელი პარმაში ირიცხებოდა, საიდანაც ცოტა ხნით ბოლონიაში გაანათხოვრეს 2004 წელს. იმავე წელს გადავიდა ფიორენტინაში, ხოლო ბოლოს იჯარის წესით თამაშობდა ბოლტონ უონდერერსში. 2005 წელს გახდა Knight of the Star of Italian Solidarity, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წოდებაა იტალიაში. ეს პატივი ნაკატამ იტალიის სხვა ქვეყნებში კარგად წარმოჩენისთვის დაიმსახურა. ჰიდოტეშის უყვარს მოდა და მსგავსი დვიჟენიები. სხვათა შორის, განაცხადა, რომ ფეხბურთელობა დიდ წილად პოპულარულმა ანიმემ ,კაპიტანი ცუბაშა’-მ გადააწყვეტინა. პელემ, რომელიც ყავაა, 2004 წლის მარტში იგი თავის 100 საუკეთესოს სიაში შეყანა.

4). ფრანსისკო მიგელ ნარვაეს მაჩონი  – ან უბრალოდ – კიკო


გურჯებში ცნობილი, როგორც კიკო ნარვაესი, ქვეყანას 1972 წლის 26 აპრილს მოევლინა, საინტერესო სახელის მქონე ქალაქში, რომელიც კადისის პროვინციაა და ხერეს დე ლა ფრონტერა ჰქვია. ამ აყლაყუდა ცენტრფორვარდმა ფეხი კადისში აიდგა და პროფესიონალური დებიუტი კადის B-ში ჰქონდა, 1991 წელს კი ძირითად გუნდში ამოიყვანეს და იქ 2 წელი ითამაშა. 2003 წელს იგი ატლეტიკოში გადავიდა, სადაც გაატარა კიდეც კარიერის მთავარი ნაწილი. მადრიდელთა რიგებში მან 225 შეხვედრა მოაგროვა და 48 ბურთი გაიტანა. როცა ატლეტიკო სეგუნდადივიზიონში გავარდა, კიკო გუნდს გაჰყვა და მართალია გოლებით ორი სეზონის მანძილზე ვერ შეეწია, მაგრამ მისი საქციელი დაუფასებელი არ დარჩენილა. 2002 წელს მან 6 თვე ითამაშა ე(ქ)სტრემადურაში. იგი იქ კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟთან, იტალო-ესპანელ ფორვარდ პიერ ლუიჯი ჩერუბინო ლოჯისთან ან უბრალოდ პიერთან ერთად, გუნდის შემტევ დუეტს წარმოადგენდა. კარიერა 30 წლისამ დაასრულა. ცოტა ადრე მოუვიდა და საერთოდ, ვთვლი, რომ მეტი შეეძლო. კიკო თითქმის 190 სანტიმეტრი გახლავთ სიმაღლეში, მაგრამ ამის მიუხედავად, საკმაოდ მოძრავი და ტექნიკური იყო, მოედნის ხედვაც ჰქონდა და ერთი სიტყვით, ბევრი გოლი თუ არ გაჰქონდა, არ ნიშნავს, რომ სხვა სასარგებლო საქმეს არ აკეთებდა. მაგალითად 1995-1996 წლების სეზონში თავისი გოლებითა და პასებით ლომის წვლილი დაიდო ატლეტიკოს მიერ ისტორიული დუბლის შესრულებაში(მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატიც და თასიც). ნაკრებში კიკოს საუკეთესო მიღწევა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის მოგება იყო, თანაც როგორ… მან ფინალში პოლონეთს ორი გოლი გაუტანა, ესპანეთმა 3:2 მოიგო და კიკომ გამარჯვების ბურთი 90-ე წუთზე შეაგდო. ითამაშა ევრო 96-ზე და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც. არ დამავიწყდება 98-ში ბულგარეთს 6:1 რომ მოუგეს, უკვე აღარ შველოდათ და კიკომ ორი გოლი გაიტანა, როგორი სახე ჰქონდა, გაბრაზებულ-უღიმღამო, მერე რა რო გავიტანეო, მაგრამ თან უსწორდება სადღაც გულის სიღრმეში. ნათამაშები აქვს ესპანეთის 19, 21 და 23-წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულში სულ 26 მატჩი და 5 გოლი მოუგროვდა. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი კიკოს მონაგარი. ისე, მისი გოლის ორიგინალური აღნიშვნა ხომ არ დაგავიწყდათ?😉

5). დარიო უბნერი


ტრიესტეს პროვინციაში, მუჯაში 1967 წლის 28 აპრილს დაბადებული დარიო უბნერი კაი გლეხი კაცი იყო. ნუ იყო რატომ, არის კიდეც, მაგრამ მე ფეხბურთის ამბავი ვიგულისხმე. თუმცა ისეთი მუშა, რომ თავის დროზე უფრო აქტიუროად რომ ეფაფხურა, პატარა პიარიც ჰქონოდა და ,ვიდიც’, ეგებ სულაც ბევრად მაღალ დონეზე ეთამაშა. არადა კაცი 35 წლის ასაკში პიაჩენცას რიგებში გახდა სერია ა-ს ბომბარდირი(ისე პიაჩენცა კალჩოზე როგორ მწყდება გული, კაი გუნდი იყო, სულ იტალიელებით, ვერ გაქაჩეს და ცუდ დღეში ჩავარდნენ). უბერნმა სერია ა-ს კაპოკანონიერობა 2002 წელს შეძლო და იმაზეც კი დაიწყო საუბარი, მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ არ იმსახურებს ადგილსო… თუმცა ნაკრებში არასდროს უთამაშია, არ დაუძახეს. სამაგიეროდ უამრავი კლუბი გამოიცვალა, ბოლოს სერია D-მდე იყო ჩასული და საბოლოოდ ფეხბურთს 2008 წელს შეეშვა. პიევიჯინა, პერგოკრემა, ფანო, ჩეზენა, ბრეშა, პიაჩენცა, ანკონა, პერუჯა, მანტოვა, კიარი, როდენიო საიანი, ორსა კორტე ფრანკა… აი მისი კლუბების სრული ჩამონათვალი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სერია ა-მდე გახდა სერია ბ-სა(1995-96) და სერია ც-ს(1991-92) ბომბარდირიც. ერთი სიტყვით, სტაბილური გამტანი იყო – ჩეზენაში 166 მატჩში 74 გოლი; ბრეშაში 129 მატჩში 75 გოლი; პიაჩენცაში 57 მატჩში 49 გოლი; მანტოვაში 23 მატჩში 22 გოლი… განა არ კმარა?😀 პრესას იმითაც აინტერესებდა, რომ ბრეშას სათადარიგოთა სკამზე სიგარეტს აბოლებდა ხოლმე…

6). ჯალმა ფეიტოშა დიასი (ჯალმინია)

ჯალმინია ყველაზე უკეთ ლა კორუნიის დეპორტივოდან გვახსოვს და ლოგიკურიცაა, საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. კარგი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი იყო, ტექნიკითა და მოედნის ხედვით, მაგრამ ყველაფერს მიაღწია რაც შეეძლოო რომ ვთქვათ, მოვიტყუებით. დაიბადა სანტოსში, აღიზარდა ფლამენგოში და სწორედ ფლამენგოში დაიწყო მისი კარიერა(გუნდთან ერთად ბრაზილიის მასშტაბით მოიგო კიდეც რმადენიმე ტიტული). ამას მოჰყვა მოულოდნელი განათხოვრება იაპონურ შიმიცუში, მერე პალმეირასი და შვიდწლიანი კავშირი დეპორტივოსთან(137 მატჩში 38 გოლი). ერთი სეზონით ლაკორუნიელებმა იგი ვენის აუსტრიას ათხოვეს, 2004 წელს კი სულაც მექსიკურ ამერიკას მიჰყიდეს, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა იმავე წელს. მის პოზიციაზე დიდმა კონკურენციამ და ჯალმინიას ცოტა რთულმა ხასიათმა ბრაზილიის ნაკრებში დიდი გასაქანი არ მისცა, მან მხოლოდ 14-ჯერ მოირგო სელესაოს მაისურა და 5 ბურთი შეაგდო. 1997 წელს იგი კოპა ამერიკის მომგებ ნაკრებში იყო. 1996 წელს კი ბოლა დე ოურო ანუ ,ოქროს ბურთი’ მოიპოვა, როგორც ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ(მაშინ პალმეირასში იყო), ამ ჯილდოს პრესტიჟული ჟურნალი პლასარი 1973 წლიდან გასცემს. 2008 წელს ჯალმინია დეპორტივოს ფუტზალის გუნდს შეუერთდა რიაზორის ბინადართა სხვა ძველ გამორჩეულ მოთამაშეებთან დონატოსთან, ფრანთან, ნურედინ ნაიბეტსა და ჟაკ სონგოოსთან ერთად.

7). კრისტოფ ჟერომ დიუგარი


უცნაური მოთამაშე იყო ჩვენი დიუგარი. თითქოს გადაფასებული, ისეთ კლუბებში ითამაშა და ისე დაპიარდა, ბევრ უკეთესს რომ არ ღირსებია. მოიგო 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი(რისთვისაც მოგვიანებით შევალიეს-რაინდის წოდება მიენიჭა) და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. თითქოს მეტი რაღა უნდა უნდოდეს ფეხბურთელს, მით უმეტეს, ,გადაფასებულს’, მაგრამ ამავე დროს, უფრო მეტიც შეეძლო და გარკვეულ წილად, სწორედაც რომ უგვირგინო მეფეა. იგი ბორდოში გაიზარდა, ისეთ მოთამაშეებთან ერთად, როგორცებიც ზინედინ ზიდანი და ბიქსენტ ლიზერაზუ იყვნენ. ჟირონდელთა რიგებში დიუგარიმ 8 წელი გაატარა. 1996 წლის უეფას თასის მეოთხედფინალში, მან მილანს ორი გოლი გაუტანა, რითაც იტალიელთა ყურადღება მიიქცია და მალევე როსონერიში ამოჰყო თავი. თუმცა კრისტოფის მილანური კარიერა არცთუ წარმატებული გამოდგა – 27 მატჩში მხოლოს 2  გოლი. როსონერიდან ის ბარსელონამ იყიდა, მაგრამ ნოუ კამპზე კიდევ უფრო უიღბლო პერიოდი ჰქონდა, მხოლოდ 7 შეხვედრა გამართა და თავის გამოჩენა ვერ მოახერხა(თუმცა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული კი მოიპოვა). 1998 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა და მარსელში ჩაირიცხა, რასაც მშობლიური ბორდო მოჰყვა. თუმცა დიუგარი ძველებურად შთამბეჭდავად ვეღარ ირჯებოდა. ახალგაზრდობა ბირმინგემში გაიხსენა, სადაც ბორდომ გაანათხოვრა 2003 წელს. მან 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ბირმინგემს პრემიელიგაში ადგილი მშვიდად შეუნარჩუნა. ინგლისურმა კლუბმაც მისი კონტრაქტი ბოლომდე გამოისყიდა, მაგრამ რატომღაც დუგარი ისევე ვეღარ ათამაშდა და 15 მატჩში ოდენ ერთხელ იყოჩაღა. 2004 წელს ბირმინგემელებს შეუთანხმდა და კლუბი ოფიციალურად ოჯახური პრობლემებისა და მიზეზების გამო დატოვა. იგი კლუბ ყატარში ჩაირიცხა, სადაც საერთოდ არ უთამაშია და 2005 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ნაკრების ღირსებას 1994-2002 წლებში იცავდა(55 მატჩი, 8 გოლი).

8). ამედეო კარბონი


ტიპიური იტალიელი მასტი იყო, მე სულ მევასებოდა. შესაძლოა სასწაული დონის მცველი არ ყოფილა, მაგრამ ჟილკა არ აკლდა და რაღაც პატარა ქარიზმაც ჰქონდა, ჯიგრული. არეცოში დაბადებულმა, კარიერა ამავე სახელწოდების და თქვენთვის ნაცნობ გუნდში დაიწყო. მშობლიური ქალაქის გუნდი მალევე დატოვა და ბარის მიაშურა, მერე ემპოლის, შემდეგ პარმას და პირველი გუნდი სადაც ერთ სეზონზე მეტი გაატარა სამპდორია იყო. გენუელთა რიგებში ის ორი წელი ირიცხებოდა. მერე იყო შვიდწლიანი პერიოდი რომაში და ბოლოს რვა წელი ვალენსიაში. ორივე ამ გუნდიდან კარგად გვემახსოვრება, ცოტა უფრო მეტად ალბათ მაინც ვალენსიადან. იგი ნელნელა ამ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, კაპიტნობა კიდეც ღამურებს და მათ წარმატებბეში დიდი წვლილი შეჰქონდა. თუმცა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან ერთ-ერთი პენალტი სწორედ მან ვერ გამოიყენა. 2005 წლის 23 ოქტომბერს ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვისაც ლა ლიგაში უთამაშია, კარბონი 40 წლის 6 თვისა და 17 დღის იყო. წინა რეკორდი დეპორტივოელ დონატოს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გემახსოვრებათ და უკვე აქამდეც ვახსენეთ. ასევე, 2004 წელს კარბონი უეფას ტურნირების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა, როცა გუნდთან ერთად უეფას თასს დაესაკუთრა. 2006 წელს იგი თამაშს შეეშვა და ვალენსიას სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამ პსოტზე მან დაახლოებით ერთი წელი იმუშავა, მერე კი კლუბის მაშინდელ მწვრთნელ კიკე სანჩეს ფლორესთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, უფროსობამაც საბოლოო არჩევანი კიკეზე გააკეთა და ამედეო გუნდიდან გაუშვა, რაც ჩემი აზრით არცთუ კარგი საქციელი იყო. მით უმეტეს, მალევე სანჩეს ფლორესიც მოხსნეს, რადგან მან ვერ გაამართლა. 2009 წლიდან კარბონი ბელგიური მუსკრონის სპორტული დირექტორია. და იცით ვინ არის ამჟამად ექსელსიორ მუსკრონის მწვრთნელი? ვინ და მიროსლავ ჯუკიჩი, კარბონის მეგობარი და ექსთანაგუნდელი, რომელიც ასევე უნდა გახსოვდეთ, თუნდაც იმავე ვალენსიიდან და მასზე სხვა დროს ვისაუბრებთ. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის 21-წლამდელთა შემადგენლობაში კარბონიმ ერთხელ ითამაშა და გოლიც კი გაიტანა (ოღონდ გამონაკლისის სახით, როგორც ერთ-ერთმა ასაკოვანმა მოთამაშემ, მაშინ უკვე 23-ს იყო). ეროვნული ნაკრების ფორმა კი 18-ჯერ მოირგო 1992 წლიდან 1997 წლამდე პერიოდში, რის მერეც მას სკუადრა აძურაში დიდი კონკურენციის გამო აღარ სწყალობდნენ.

9). პაველ კუკა


პაველ კუკა 1968 წლის 19 ივლისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაიბადა და მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, სლავიაში აღიზარდა. თუმცა პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთს გემო რუდა ჰვეზდაში გაუგო, სადაც 2 წელი გაატარა და სლავიაშიც მიხვდნენ – ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები არ იყოო და დაიბრუნეს. 125 მატჩში გატანილი 63 გოლით კუკამ უცხოური გუნდების ყურადღება მიიქცია და ასე აღმოჩნდა კაიზერსლაუტერნში, რომლის რიგებშიც გერმანიის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის თასიც მოიგო. ლაუტერნში 121 შეხვედრა გამართა და 53-ჯერ იხეირა. მისი გერმანული კარიერა, არცთუ წარმატებულად, თითო სეზონით გაგრძელდა ჯერ ნიურნბერგში და მერე შტუტგარტში. ამას კი სლავიაში დაბრუნება და იქ გატარებული 5 წელი მოჰყვა (2000-2005; ამჯერად, 110 მატჩი და 33 გოლი). კარიერა 2005 წელს მარილა ვოტიცეში დაასრულა. შემდეგ ჯერ მწვრთნელობა სცადა პრიბრამში, მერე საფეხბურთო აგენტობა და 2008 წელს ვიქტორია ჟიჟკოვის სპორტული დირექტორიც იყო. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში 1991-1993 წელბში 22-ჯერ ითამაშა და 6 გოლი შეაგდო. ჩეხეთის ნაკრების მაისურა კი 1994-2001 წლებში 63-ჯერ მოირგო და 22-ჯერ გაიტანა. ცუდი ფორვარდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თითქოს რაღაც ცოტა აკლდა ბოლომდე მისასვლელად. ბევრს ვხუმრობდით ბავშვობაში მის გვარზე… კუკა კუკა… ცოტა დააკლდათ ევრო 1996-ზე, მშვენიერი ნაკრები იყო ჩეხეთი.

10) სერგეი რებროვი


კარგი ვინმე იყო სერგეი სტანისლავიჩი, მაგრამ ვერ გაქაჩა. შევჩენკო მის გარეშე ისეთი  წარმატებული იქნებოდა და დაპიარდებოდა თავიდან? არ ვიცი, შევა მაგარი იყო, მაგრამ სერგეი უფრო დახვეწილი, ტექნიკური, ჭკვიანი და მრავალმხრივი გახლდათ. სხვა საქმეა, რომ ნიჭს გამოყენება უნდა. უფრო რუს ფეხბურთელებს მოსდით ხოლმე, უცხოეთში რომ გადავლენ და საერთოდ დაიკარგებიან(მაგრამ ბოლო თაობამ მეტ-ნაკლებად გაამართლა) და რებროვსაც რაღაც ასეთი დაემართა, მაგრამ ალბათ მისი ბრალიცაა. იგი 1974 წლის 3 ივნისს ჰორლივკაში, დონეცკის რაიონში დაიბადა და შახტარში აღიზარდა, სადაც პროფესიონალური კარიერაც დაიწყო და ერთ სეზონში უკვე კიევის დინამოში იყო. იქ რებროვი 1992 წლიდან 2000-მდე თამაშობდა და 189 მატჩში 93 გოლიც გაიტანა. 2000 წელს მის კარიერაში ყველაზე დიდი ნახტომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლოა კლუბიც ვერ აარჩია კარგად და ალბათ თავადაც ვერ ივარგა, მაგრამ ფაქტი ერთი და ჯიუტია, ტოტენჰემში რებროვი დაიკარგა – 60 მატჩში მხოლოდ 10 გოლი და არცთუ შთამბეჭდავი თამაში. ერთი სეზონით ფენერბაჰჩეში გაანათხოვრეს, მაგრამ ვეღარც იქ ივარგა და ვეღარც მერე ვესტ ჰემში გადასულმა. კიევის დინამოში დაბრუნება ნორმალური გამოუვიდა, 2005-2008 წლებში 53 შეხვედრაში 20 გატანილი ბურთით გამოირჩა. ბოლოს კი ერთი სეზონი ყაზანის რუბინში გაატარა. უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მისი მონაგარი 17 მატჩში 7 გოლია, ხოლო ძირითადში 75 მატჩში 15 გოლი. ისე ამ 15 გოლიდან ყველაზე მეტი, კერძოდ კი 3, იცით ვის გაუტანა? დიახ, სწორად მიხვდით, საქართველოს😀 მის ყველა ტიტულსა და ინდივიდუალურ ჯილდოს არ ჩამოვთვლი, უბრალოდ გეტყვით, რომ 1996 და 1998 წლებში უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 1998, 2000 და 2006 წლებში კი უკრაინის ჩემპიონატის უძლიერესად. დღემდე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად რჩება 123 გოლით, მაგრამ მოქმედებიდან მაქსიმ შაცკიხი(111) და ანდრეი ვორობეი(101) უკვე ახლოს არიან. 2008 წელს პატარა სკანდალში გაეხვა, როცა ურჩია ტოტენჰემში ახლადგადასულ რომან პავლიუჩენკოს, უაით ჰართ ლეინის სიახლოვეს ფეხით არ იარო, ბევრი შავკანიანი ცხოვრობსო… მერე კი ახსნა – დიახ ასეა, იქ ბევრი შავკანიანი ბინადრობს და შესაბამისად იმ ტერიტორიაზე ქურდობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია და ნამდვილად არ არის სასიამოვნო როცა გძარცვავენ, ამიტომ, მჯერა რომანმაც გაითვალისწინა ჩემი რჩევაო ))) ამჟამად კიევის დინამოში სარეზერვო გუნდის მწვრთნელის თანაშემწეა.

11). ჰაიკო ჰერლიხი

იგი 1971 წლის 3 დეკემბერს მანჰაიმში დაიბადა და ბავშვობაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, ფრაიბურგის ჩათვლით. მისი პროფესიონალური დებიუტი კი ლევერკუზენში შედგა. ფარმაცევტებში ჰერლიხმა 4 წელი გაატარა, მაგრამ არც ისე შედეგიანად. ამას მოჰყვა მშვენიერი ორწლიანი მონაკვეთი გლადბახში(55 მატჩში 28 გოლი) და მერე, კარიერის ბოლომდე დორტმუნდის ბორუსია, რომლის რიგებშიც 1994-2005 წლებში ირიცხებოდა და 128 შეხვედრაში 42-ჯერ იხეირა. სასწაულებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომისმოყვარე, წყნარი ფორვარდი იყო. 2000 წელს თავში სიმსივნე აღმოუჩინეს და მახსოვს, ძალიან მეწყინა ეს ამბავი და განვიცდიდი ადამიანურად, მაგრამ ჰერლიხმა დასხივების კურსები და ყველაფერი წარმატებულად გადაიტანა და უკვე 2001 წელს დაუბრუნდა მინდორს. მართალია ისე წარმატებულად ვეღარ ბურთაობდა, მაგრამ ყველანაირად დასაფასებელია. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. 1997 წელს დორტმუნდთან ერთად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. 2002 წელს იყო უეფას თასის ფინალში. 1995 წელს კი მარიო ბასლერთან ერთად გახდა ბუნდესლიგის თანაბომბარდირი. გერმანიის ნაკრებში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. აი 21-წლამდელთა ნაკრებში კი გაცილებით წარმატებული იყო: 20 შეხვედრაში 17 გატანილი ბურთი, მათ შორის ქართველი ახალგაზრდების კარშიც. სათამაშო კარიერის დასრულებისთანავე მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ლიცენზია დორტმუნდის ბავშვების გუნდის წვრთნისას მიიღო. მერე სათავეში ჩაუდგა გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებს და 2007 წლის მსოფლიოზე მესამე ადგილზეც გაიყვანა გუნდი. ერთი წლის მერე 17-წლამდელთა საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. გასულ სეზონში ბოხუმს თავკაცობდა, მაგრამ წარუმატებლად, გუნდი ბუნდესლიგას დაემშვიდობა. ჰერლიხიც ამჟამად უმუშევარი დარჩა. მაგარი კაი ტიპია, მაგრამ გიჟმაჟ კანთან მოუვიდა ერთხელ უსიამოვნება, ცნობილი სურათები არსებობს და ერთ-ერთს ხედავთ კიდეც

Written by 1myway1

May 21, 2010 at 7:48 pm

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ამათგან ყველაზე მეტად ნაკატა და კიკო მევასებოდა🙂 კიკო ნარვაესი საერთოდ მაგარი კაცი იყო🙂

    Tato

    May 22, 2010 at 10:25 am

  2. ჯალმინია მომწონდა მაგრად, რაღაცნაირი დარბაისელი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა…

    ლე ტისიე უმაგრესი იგროკი იყო, გამორჩეული, არავის არ ჰგავდა.

    lomski

    May 22, 2010 at 10:58 am

  3. უბერებელი პიპო არ არის უგვირგვინო მეფე? პრინციპში პიპოს ცალკე პოსტი ეკუთვნის🙂

    atila

    May 22, 2010 at 2:15 pm

  4. Tato🙂
    სხვებიც კაი ტიპები არიან

    lomski
    დასტურ(ი)😀

    atila
    პიპო გვირგვინიანია😛 (ნუ ცოტა უგვირგვინო)

    1myway1

    May 22, 2010 at 7:37 pm

  5. ჩემს არყოფნაში ეს რა კაი ტიპები გაგხსენებია🙂

    კიკო, აუ როგორ მევასებოდა🙂 კიკო ნარვაესი, მარბელლა, ხესუს ხილი ხილი, ფრენტე ატლეტიკო, უხხ..
    ისე, შე..ცი სამეფო კლუბს, როცა ქალაქში ატლეტიკოა :)მანდ რომ დავბადებულიყავი, ვისენტე კალდერონს იქით არ გავიხედავდი.

    დარიო ცალკე ტიპაჟია. აი, ისეთი ტიპაჟია, რომ ზუსტად ვიცი და სიტყვებით ვერ ვწერ. აი, მშობლიური ქალაქის სახელიც რაღაც მაგისნაირია რა🙂

    დიუგარი პიჟონი იყო, მაგრამ სწორედ მაგ პიჟონობის გამო მომწონდა, უხდებოდა😀 თორე, დიდი არაფერი.

    ამედეომ ჩვენთან სკუდეტო მოიგო.

    ჰაიკოზე სახელისა და გვარის ლამაზი შეხამების გამო ვკაიფობდი. მაგან რუსთავში დაბომბა ჩვენი ოლიმპიელები 95–ში.

    პ.ს. პიპო მე ვიცი რაც არის, ვერ ვიტყვი ეხლა აქ D:

    ikadoriano

    May 22, 2010 at 11:34 pm

  6. მე კიდევ ატლეტიკოს ლუზერებს ვეძახი😀😀 ძველი ატლეტიკო კარგი იყო
    სამეფო კლუბი მაინც სხვაა😛

    ,,დარიო ცალკე ტიპაჟია. აი, ისეთი ტიპაჟია, რომ ზუსტად ვიცი და სიტყვებით ვერ ვწერ. აი, მშობლიური ქალაქის სახელიც რაღაც მაგისნაირია რა”
    აი ეს ცვეტში თქვი😀😀 ბოლო ნაწილი განსაკუთრებით, მეც სულ ამას ვფიქრობდი😀

    კი, დიუგარის უხდებოდა ნაღდად
    ჰაიკო ჩუვაკია

    პ.ს.
    ფინძაგი კი მაგარი კაცი😛

    1myway1

    May 23, 2010 at 12:09 am

  7. კიდევ კაი ჰაიკოს ახალგაზრდულის ამბავი შემახსენე, ნაკრების გოლების მიწერა გამომრჩენია, ახლა ვნახე და ჩავამატე🙂 არადა, ახალგაზრდულში მართლა პუტავდა

    1myway1

    May 23, 2010 at 12:15 am

  8. ბაზარი არაა სხვებიც კაი ტიპები არიან, მაგრამ აი ნაკატა მევასებოდა იმის გამო რომ ელეგანტური ტიპის ფეხბურთელი იყო, მაგრამ არა იმ დონის რა დონის ელეგანტურიც იყო :))

    და კიკოს რაც შეეხება, უბრალოდ მაგ დროის ფეხბურთი მენატრება🙂 და ზოგადად მაშინდელი ატლეტიკო მაგარი გუნდი იყო: პაუნოვიჩით, კიკო ნარვაესით და ხოსე ლუის პერეს კამინეროთი (!). კამინერო ყველაზე მაგარი კაცი იყო :))

    Tato

    May 24, 2010 at 1:22 pm

  9. და ისე ამათგან ნოივილს ვერ ვიტან :)) ყველაზე ცუდი ფეხბურთელია საერთოდ🙂

    Tato

    May 24, 2010 at 1:23 pm

  10. რამდენნი იყვნენ და ყველა რა ქარიზმატული, სულ სხვა ფეხბურთი იყო🙂
    ნაკატაზე გეთანხმები
    აი ნოივილზე – არა😀

    1myway1

    May 24, 2010 at 1:32 pm

    • ნოივილი იცი როგორი ფეხბურთელი იყო? აი, Playstation-ის Pro Evolution Soccer–ში ბევრად მაგარი რომ არის, ვიდრე რეალურად :))) ეგ და მარტინსი იყვნენ ეგეთები🙂

      Tato

      May 24, 2010 at 1:52 pm

  11. ნუ კიდევ ბევრი იყო ეგეთი
    ნოივილი მუშა ჩუვაკი იყო, მე მევასება

    1myway1

    May 24, 2010 at 1:54 pm

  12. აუ ნოივილი ძაან გიჟი ჩუვაკი იყო ტოო! ძააან მაგრა მევასებოდა! იმენა შუაზე გაიხეოდა და მაინც იბრძოლებდა! სულ მაგას შევციცინებდი ხოლმე. ყოველთვის მჯეროდა, რომ შეცვლიდა რამეს… უუუხ!

    chiqo

    May 31, 2010 at 3:52 pm

  13. კი, მაგარი ტიპია(იყო)🙂

    1myway1

    May 31, 2010 at 4:16 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: