1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

გოსე მაყანა

with 13 comments

დიდი ხანია რაღაცეებს ვწერ, მაგრამ ბოლომდე იშვითად მიმყავს. სულ ფეხს ვითრევ, მეზარება და მომავლისთვის ვდებ. არადა, თან მინდა. ეს ერთ-ერთია, რომელიც ბოლომდე მივიყვანე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათში დაწერილია და ეტყობა კიდეც😉 ბევრად უკეთ შეიძლებოდა, თან დეტალებში ჩაღრმავებული არ ვარ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მომავალში😀 რაღაც დიდის დაწერას ვაპირებ და აქ ნახსენები ზოგიერთი ისტორია ვრცლად მჭირდება იქ. ასეა თუ ისე, გავკადნიერდი😀 და 4 დღის წინ ლიტ.გე-ზე დავაგდე ))) თქვენი კოკი კანდელაკი😀😀😀
http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=36780

გოსე მაყანა

 
1
მოგატყუებთ, რომ გითხრათ ზუსტად მახსოვს წელი იმ დღისა, როცა ქუჩაში ჩემი ,დვარნიაშკა’ ძაღლის ყეფა გავიგონე და დაფეთებულმა ჩავირბინე კიბეებზემეთქი. სამაგიეროდ, დანამდვილებით შემიძლია გითრხათ, რომ ის პერიოდია, ომი რამდენიმე წლის გადატანილი რომ გვაქვს. ჩაის ხანდახან სუხოი სპირტზე ვიდუღებთ, პურის რიგებში ღამეებს ვათენებთ, კერასინკაზე ვთბებით და ხელი ან ნავთით გვაქვს დასვრილი ან ნახშირით გამურული.

9-10 წლის ვიქნებოდი, ჩემს ძაღლს ბათურა ერქვა, ერთხელ ქუჩაში დავინახე და სახლში მოვიყვანე. ცხადია, დედამ და ბებიამ დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ როგორღაც მოხდა ისე და ბათურა დავიტოვეთ, ხშირად ვუშვებდით თავის ნებაზე ქუჩაში, მერე მაინც ბრუნდებოდა. ერთი სიტყვით, ნახევრად ჩვენთან ცხოვრობდა, ნახევრად კი გარეთ.

ბათურას დედაჩემი უფრო შეუყვარდა და მე ხშირად მიღრენდა, მეც აღარ ვუვლიდი, მალევე მომბეზრდა, მაგრამ მაინც მიყვარდა და როცა ვინმე ან რამე, მისთვის ზიანის მიყენებას გადაწყვეტდა, მსურდა დამეცვა ხოლმე. მსგავსი შემთხვევები კი ხშირად იყო. ხან დიდი ძაღლები ამომიჩემებდნენ, ხან კი ბოროტი ხალხი, რომელიც მუდამ მრავლად არიან და იყვნენ, მით უმეტეს, იმ არეულ პერიოდში.

საიდან დავიწყე და სად აღმოვჩნდი… მოკლედ, ბათურას ყეფა შემომესმა და თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე ერთი სართული და ჩემი ეზოს ჭიშკართან გავჩნდი. რამე ახალი არ დამხვედრია, ჩემი ძაღლი მორიგ გამვლელს უყეფდა და უფრო იმიტომ, რომ ალბათ ამ გავლელისგან აგრესიას გრძნობდა… იგრძნობდა კიდეც, 50-ს გადაცეილებ ქალბატონს, ძალიან სადად ეცვა, ორივე ხელში პარკი ეჭირა და ჩემთვის გაურკვევლი აქცენტით წყევლიდა ძაღლს.

მაშინ ძალიან თავნება ბავშვი ვიყავი, ეზოში ახალი აღმოჩენილი და ქუჩური რომანტიზმის ბინძური მტვრეით მოწამლული. სახლში ვერ მაკავებდნენ, როცა მინდოდა მივდიოდი და როცა მინდოდა მოვდიოდი, რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და უზრდელობასაც არ ვერიდებოდი. სიგარეტიც 9 წლისამ მოვწიე პირველად და დალევამაც არ დაახანა. მოგვიანებით მწარედ სანანებელი გამიხდა ქუჩისადმი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ გვიანი იყო. თუმცა რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ და ალბათ ეს ყოველივეც საჭირო გახლდათ.

ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ მიმხვდარიყავით, იმ ქალბატონისათვის რამე უზრდელურის თქმა არ გამიჭირდებოდა, მით უფრო მას მერე რაც, ერთი ჩანთა დადო და როგორც მახსოვს, ბოთლი მოუღერა ბათურას. ის ის იყო უნდა ავფეთქებულიყავი, რომ ავიანზე ბებიაჩემი გამოენთო და თავისი ბოხი ტემბრით, უცნობ ქლს მიმართა – კი მაგრამ რა დაგიშავათ ასეთი ამ ძაღლმა ასე აგრესიული რომ ხართო.

მაშინ, ეს ძალიან მეუცნაურა, რადგან ბებიაჩემს ჩვენი ძაღლი არ უყვარდა, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე სჩანდა. ვერც გაამტყუენებდი, თუ კი რამეს აშავებდა, არადა ბევრს აშავებდა და თუ სახლში ისაქმებდა ბათურა, ყველაფერი ბებიას თავისტკივილი იყო. თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რომ ადამიანებსს ასეთი უცნაური სენი აქვთ, თავისიანი უნდა დაიცვან, გინდ მტყუანი იყოს, და გინდ მართალი. საბედნიეროდ, ყველას არ აქვს ეს სენი, მაგრამ უმეტესობას და რაღაც დოზით მაინც ყველა ჩვენთაგანს. არადა, ბებია მუდამ კრიტიკული იყო ჩემდამიც და დედაჩემისადმიც, მათ შორის უცხოებთანაც, მაგრამ უცებ ბათურა დაიცვა, რომელიც არ უყვარდა…

უცნობ ქალბატონს პასუხი არ გასჭირვებია, თუ თქვენია ეს ძაღლი გაათრიეთ აქედანო და მერე, ისტერიკები მოაწყო, გული ცუდად გამიხდა, კინაღამ მიკბინაო და ასე შემდეგ. ისეთი რამეები თქვა, რაც ნამდვილად არ ყოფილა. მე ბათურა ხელში ავიყვანე და სადარბაზოსკენ წამოვედი, მგონი იმ ქალმა მომაწყევლა, მაგრამ მსგავსი რამეები უკვე იმდენად ნაცნობი იყო ჩემი ყურებისთვის, რომ არანაირი რეაქცია არ მქონია.

2
და კიდევ ერთხელ სიმართლე გითხრათ, როგორ მოხდა ჩვენი იმ ქალბატონთან ხელმეორე შეხვედრა, ზუსტად არ მახსოვს. სავარაუდოდ, ეს მეცხრე საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელთან ან სტუდქალაქთან უნდა მომხდარიყო. ჩვენს ქუჩაზე ის ქალბატონი კიდევ საკმაო ხანი არ გამოჩენილა, მაგრამ ხსენებულ ადგილებში ხშირად ნახავდა კაცი.

მე და ბებია კი ამ ადგილებში ძალიან ხშირად დავდიოდით და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. ძირითადად ბებიაჩემის მეგობრებთან დავდიოდით ტელევიზორის საყურებლად, რადგან ტელევიზორი, მაცივარი და მსგავსი რაღაცეები მაშინ კი არა, კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ გვქონდა, ყველაფერი გაფუჭებული იყო.

ერთ-ერთი ასეთი მიმოსვლისას, ის ქალბატონი, რომელიც ბათურას ეჩხუბებოდა მეცხრე საავადმყოფოს(მაშინ ,კრუგს’ უფრო ეძახდნენ იმ ადგილს) მოპირდაპირე მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელის  ბორდიურზე იჯდა, გვერდზე პური და სხვა წვრილმანი ნივთები ეწყო და ჰყიდდა. მაშინ, არ მივსულვართ და არც ერთამენთისთვის გვითქვამს რამე, მხოლოდ გავხედეთ იმ ქალს და გავაგრძელეთ სიარული. თან ფრიად სერიოზული საქმით ვიყავით დაკავებულნი, როცა უკან ვბრუნდებოდით უკვე დაღამებული იყო ხოლმე ტრადიციულად, არაყიშვილთან მუდამ რეიდი უნდა გაგევლო, კავსაძეზე გაგერბინა, რომ ტყვია არ მოგხვედროდა და ასე შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარდა ეს ღამის რეისები და რაღაც პერიოდი ასეთი გასართობი მოვიგონე: ბებიაჩემს ხელს ჩავკიდებდი და მკაცრად ვაფრთხილებდი, რომ ისე ექნა, როგორც ვეტყოდი, არ იზამდა და მერე გენახათ ჩემი ისტერიკები, ისიც როგორც წესი მიჯერებდა. მოკლედ, ხელს ჩავკიდებდი და თვალებს ვხუჭავდი, მიზანი კი ის იყო, რომ ჩვეულებრივი ნაბიჯებით უნდა გაგვეგრძელებინა სვლა, მაგრამ როცა გადასასვლელი მოახლოვდებოდა, დალის(ეს ბებიას სახელია) არ უნდა ეთქვა ეს ამბავი, შესაბამისად ერთ-ერთი ნაბიჯის გადადგმისას ფეხი ჩამივარდებოდა და ამ მოულოდნელი პატარა ხიფათისგან გამოწვეული გრძნობით ვირთობდი ხოლმე თავს. კარგად მახსოვს, მაშინ მშვენივრად ვერთობოდი, ბებიაჩემი კი წვალდებოდა და თან ნერვიულობდა რამე არ მოუვიდესო, მაგრამ რამეს რომ ავიხირებდი, როგროც წესი ჩემი გამქონდა, მით უმეტეს ასეთ შედარებით წვრილმან საკითხებში.

ჰოდა, ამ საქმით დაკავებულებს, ცხადია, უცნობი ქალბატონის განსახილველად არ გვეცალა. ზუსტად მახსოვს, ისევ როგორ დავხუჭე თვალები კავსაძის გადასახვევს რომ მივუახლოვდით, მაგრამ ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ზუსტად ბორდიურის კიდეზე დადგამდი ფეხს, ისე, რომ ხვდებოდი ახლა არის გადასასვლელიო და მთელი სიამოვნებაც იკარგებოდა, მაშინაც ასე მოხდა.

3
რა მომენტში გადავწყვიტე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დღეს იმ უცნობ ქალს გოსე მაყანა შევარქვი. ასეთი ჩვევა მქონდა, უცნაურ სახელებს და სიტყვებს ვიგონებდი. ვინმესთვის რამე მეტსახელი რომ არ შემერქმია, თითქმის გამორიცხული იყო, ყველაზე მეტი მეტსახელი ბებიაჩემს აქვს მაგალითად, გაგიკვირდებათ და ამჟამად გუგას ან გუბაზის ვეძახი. ბოლო შემთხვევაში პოლიტიკოსი ან ,ეს ისეთი მამის შვილია’-ს სერიიდან ნაცნობი გუბაზ სანიკიძე იყო ჩემი შთაგონების წყარო. წავუმავნებლებდი მოკლედ, ერთხელ ბანაობა მეზარებოდა და დედაჩემმა მითხრა დაიბანე თორემ სუნი აგივა და ცუდი ბიჭი იქნებიო, მე ვუპასუხე, შენ გაქვს სუნი თუ კარგიათქო და იმის მერე, სუნას ვეძახდი, თან სხვების თანდასწრებითაც. სად მქონდა მაშინ ჭკუა, ეგებ არც ახლა მაქვს, მაგრამ მგონი მაქვს.

მაყანათი – გამოვხატე ის, რომ ეს ქალი ძალიან ბევრს ლაქლაქებდა, არა უფრო სწორი სიტყვა იქნება – ჯუჯღუნებდა. თან აქცენტი ჰქონდა, აქაური არ იყო, და რაღაც სიტყვა მაყანა მოვარგე. მაყანა მისი გვარი იყო ჩემს წარმოსახვაში.

რაც შეეხება გოსეს, არ ვიცი, ეს სიტყვათაშეთანხმება თავისით მოვიდა, ამგვარ რაღაცეებზე არ ვფიქრობ ხოლმე, უცებ მოდის და მორჩა. ალბათ რაღაც ასოციაციები გამიჩნდა და იმ ქალის ვიზუალური შეფასების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ გოსე უნდა რქმეოდა.

მეცხრე საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს ერთი გასტრონომი იყო, რომელშიდაც კოკა კოლის ყიდვა განსაკუთრებულად მიყვარდა. ამის გარეშეც, ხშირად მივდიოდი იქით და ერთხელაც, გადავწყვიტე იმ, ჯერ კიდევ უცნობი ქალის გაბრაზება დამეწყო. მივიდოდი ახლოს და ვეძახდი – გოსე მაყანა, გოსე მაყანა, გოსე გოსე… სულაც აღარ იწყევლებოდა: რა გინდა ბიჭო, წადი თავი დამანებე, რას მერჩი, რა დაგიშავეს… აი დაახლოებით ასეთი და ამ შინაარსის პასუხები ჰქონდა გოსე მაყანას.

ამასობაში, ბებიაჩემი ნელნელა დაახლოებულა გოსესთან და ბევრი რამ გაურკვევია მისი ცხოვრებიდან. ეს დეტალები ახლა მე კი არა, ალბათ თავად დალისაც არ ახსოვს კარგად, არადა მერწმუნეთ, საინტერესო იყო. თუ არ ვცდები გაგრიდან არის დევნილი, ცხადია, კარგი სახლკარი ჰქონდა და დარჩა ასე… გოსეს სინამდვილეში ვენერა რქმევია, გვარი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ თუ გავიხსენე აუცილებლად გეტყვით.

თავიდან, ბებიაჩემს გაეცინა ვენერას გოსე მაყანა რომ შევარქვი და საიდან მოიტანეო მითხრა. მეჩხუბებოდა, ნუ ეძახი, ამხელა ქალია და უხერხულიაო. თუმცა გავიდა ხანი და ხანდახან თავადაც დაუწყო ასე მიმართვა – გოსე როგორ ხარ გოსე? – და თან იღიმოდა, მე კი ეს ძალიან მიხაროდა. უკვე აღარც გოსეს ჰქონდა რაიმე საწინააღმდეგო.

ნამდვილად არ გვილხინდა, მაგრამ დალი სულ ცდილობდა, როგორმე დახმარებოდა, თუნდაც მცირე ყურადღება გამოეჩინა და რამდენიმე კანფეტი მიერთმია. ზოგჯერ პური გვქონდა, მაგრამ მაინც ყიდულობდა ვენერასგან და ძირითადად სწორედ მისგან ყიდულობდა კიდეც, იმ უცნაურ პურს. არადა იმ ფულით, რომელიც თავად სადგურზე ბოთლების ჩაბარებით აეღო.

ყოველი გასვლა-გამოსვლა, ვენერასთან შეჩერებით და გასაუბრების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ზოგჯერ ისე შეუყვებოდნენ ლაპარაკს, რომ ნერვები მეშლებოდა და წავედით ჩქარათქო ვეუბნებოდი.
გოსე სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ალბათ ახლაც იქ ძინავს. პატარა ოთახი მაქვსო წუხდა.

მახსოვს, ერთხელ ვიღაც კაცი გადაეკიდა და აწუხებდა, ამაზეც ჩვენ შემოგვჩივლა, გამიწყალა გული, რა უნდა ვერ გავიგეო. ბებიაჩემმა უთხრა, დამანახე რომელია და მაგას ვაჩვენებ სეირსო, მაგრამ ის კაცი უცებ გაქრა. სამაგიეროდ სხვა ყველაფერი ძველებურად იყო. ღამე ჩამოვივლიდით და გოსე ამოიკნავლებდა – პურიიი, ახალი პურიიი, პური არ გინდა გოგოო? და დალიც იყიდდა ხოლმე თუ საშუალება ჰქონდა.

4
ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. მე და ბებიაჩემი სახლში ვბრუნდებოდით და როგორც კი კარგად ნაცნობ მიწისქვეშა გადასასვლელს მივუახლოვდით, შევამჩნიეთ ვენერას ფერი არ ედო და ტიროდა. ცხადია, სასწრაფოდ გამოველაპარაკეთ და ცუდი ამბავიც გავიგეთ. თურმე ფულს აგროვებდა, ბინის ყიდვა მინდოდაო… მართალია ბინამდე ჯერ შორი იყო, მაგრამ საკმაოდ სოლიდური თანხა დაასახელა, რომელიც დაზოგილი ჰქონია და სადღაც თავის დასაძინებელთან ახლოს მალავდა. ჰოდა, იმ დღეს ის ფული საერთოდ აღარ დახვედრია. ძალიან ცუდად იყო, გული დაგვეწვა და საკმაო ხანს სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდით.

გოსე ამბობდა, იმან არ გაიხაროს ვინც ეს გააკეთა, სიმწრით შეგროვებული ფული მომპარა და ნულზე დამტოვაო. ეჭვიც ჰქონდა ერთ-ორ ადამიანზე, მაგრამ არც ის ფული დაბრუნებულა და არც ქურდი გამოაშკარავებულა. გოსემ ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო მაშინ, მაგრამ მაინც ცდილობდა რაღაცნაირად გამკლავებოდა გასაჭირს.

გავიდა წლები, ისე მოხდა, რომ აღარც ბებია დადიოდა უკვე ხშირად სტუმრად და როცა დადიოდა მე აღარ დავყვებოდი. ჩემით კი თითქმის ყოველდღიურად მიწევდა იმ ტერიტორიებზე ჩავლა, მაგრამ გოსე მაყანას ძალიან იშვიათად ვხედავდი. გავიგე, უავადმყოფია კიდეც და კარგა ხანს არ სჩანდაო, მაგრამ მარტო ამის ბრალი არ იყო, ისედაც აშკარად იშვიათად ვხედავდი რატომღაც. ხოლო როცა ვხედავდი, სხვა, ,უცნაურ’ ადგილებში, სადაც წესით არ უნდა შემხვედროდა.

პირველად, როცა უკვე მათხოვრად ქცეული ვენერა ვნახე ძალიან მეუცხოვა და შემეცოდა. იმდენი წლის მანძილზე არ უმათხოვრია, სულ რაღაცას წვალობდა, მაგრამ წლებმა და ცხოვრებამ მაინც გატეხა. თან ისეთი მობერებული და გამხდარი იყო, რომ გული შემეკუმშა, ასე შეუმჩნევლად როგორ შეიცვალა ეს ქალითქო.

ვხვდებოდი ვერ მცნობდა უკვე. ისეთი საწყალი ხმით მომაძახებდა ხოლმე დამეხმარეთო, რომ არ ვიცოდი რა მექნა, როგორც წესი დასახმარებელი ხურდებიც მიჭირდა იმ პერიოდში.
ერთ დღესაც, ბებიაჩემს მის მეგობართან მივაცილებდი. დალიც მობერდა ცოტა, ისე ჯანზე ვეღარ არის და მეც ვაცილებდი. ცხადია, ვენერასთანაც აღმოვჩნდით. იჯდა და გამვლელებს თან ფულს სთხოვდა და თან რაღაც წვრილმანები ეწყო გასაყიდად. როგორც ჩანს, ცოტა ფულს რომ მოაგროვებს რაღაცეებს ყიდულობს და მოაქვს, მაგრამ ბოლო დროს ძირითადად სულ მათხოვრობს, მერე იქვე კავსაძეზე 40 ან 50 თეთრიან ღვეძელს ყიდულობს და ცხოვრობს ასე… ბებიაჩემმა სინანულით ამოიოხრა და ჰკითხა:
– როგორ ხარ ვენერა?
– ეჰ, რა ვიცი…
– გახსოვს გიორგი – და მე გავიღიმე
– უი, ეს არის შენი ბიჭი, ვეღარც ვიცნობდი, რამხელა გაზრდილა, რა კარგი ბიჭია.
– კი კარგი ბიჭია, მაგრამ ათასი პრობლემა აქვს ახლა…
– მუშაობს?
– არა, წელიწადზე მეტია უმუშევარია, იმდენი ვალები გვაქვს ჩემო ვენერა, რომ ნუ მკითხავ.
– ხო, რა მშვენიერი ბიჭია, სულ პატარა მახსოვს. ახლა კარგი სამსახური უნდა და გამოსწორდება ყველაფერი. რა, ამაზე უკეთესები მუშაობენ?
– ეჰ, იმედია ჩემო ვენერა, იმედია… აბა შენ იცი – უპასუხა ბებიაჩემმა და გამოვცდით კიდეც იმ ადგილს. მე მხოლოდ გავიღიმე, ხმა არ ამომიღია. საერთოდ მრავალი წელი იყო უკვე გოსესთვის სიტყა არ მეთქვა.

5
ერთ დღესაც, ყველაზე ნაკლები ვალი სადაც მაქვს იმ ბანკში პროცენტის გადახდის ბოლო დღე იყო. სულ რაღაც 27 ლარი უნდა გადამეხადა, მე 10 მქონდა და ვფიქრობდი კიდევ 17 სად მეშოვნა. ამ და სხვა ფიქრებში წასული მივუყვებოდი ქუჩას და უცებ გაუაზრებლად ნაცნობი სახეც შემეფეთა და ხმაც ჩამესმა – დამეხმარეთ. იქვე ჯიხურში მივბრუნდი და ათლარიანი მივაწოდე, დამიხურდავეთმეთქი. რასაკვირველია, ხურდა არ გვაქვსო მიპასუხეს. მერე, სახაჭაპურეს მივადექი და ანალოგიური პასუხი მივიღე. ისევ ჯიხურს მივუტრიალდი და რომელიღაც გაზეთი ავიღე, ეს მომეცითმეთქი, გამყიდველს არც შერცხვა ისე გამომართვა ის ათლარიანი და სულ ლარიანები და ორლარიანები მომცა. არა მგონია, ეს იმიტომ ექნა, რომ ხურდა ვთხოვე და ცოტა კეთილი საქმე მაინც ექნა, ალბათ სხვა ფული უბრალოდ არ ჰქონდა.

მივედი და ვენერას ორლარიანი მივეცი, ძალიან გაუხარდა, დიდი მადლობაო. თუმცა ისე მითხრა როგორც უცნობს, რითაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ისევ ვერ მიცნო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მნახა და გარკვეულ წილად გამიხრადა კიდეც, ასე სჯობდა. მერე, მიწისქვეშაში ჩავედი, იქ ადრე არავინ იყო ხოლმე, ახლა კი ორი ქალი მათხოვრობს და ვერასდროს ვერ ვეხმარები. ერთი საწყალი ხმით თხოულობს ხოლმე ფულს, მეორე კი უფრო ომახიანად – დაგვეხმარეთო – გეუბნება, ვიღაც იფიქრებს გავალდებულებსო. ლარიანები მივეცი ორივეს. საერთოდ იმდენ მათხოვარს ვხედავ ხოლმე, რომ ძალიან მიჭირს გავლა, მით უმეტეს, მცირე ხურდებითაც რომ ვერ ვეხმარები და სულ ასე მინდება, როცა მაქვს, დავახურდავო ათი ან ოცლარიანი და ჩამოვარიგო ხოლმე.

შემდეგ, უკან ამოვედი და ისევ გზას გავუყევი, თან რაღაც ფიქრებში გავერთე და ბავშვობის რამდენიმე ამბავი ამომიტივტივდა, რაც იმ ტერიტორიას უკავშირდებოდა. ცოტა ხანში კი იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რას ემსახურებოდა ჩემი საქციელი. იქნებ ეს ეგოიზმის გამოვლინება იყო? რომ მე, რომელსაც ახლა ასეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობა მაქვს, ბოლო ფულს ვხარჯავ და სხვებს ვაძლევ და აი, რა კაი ტიპი ვარ. თუ იქნებ თავის მოტყუების ერთგვარი ხერხი იყო, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იქნება…

ამასობაში, კედელთან აწურული ხელჯოხიანი ბებერი კაცი დავინახე და ისევ ჯიბეზე ვიტაცე ხელი, მასაც ლარიანი მივეცი. საერთოდ ძალიან მიმძიმს, როცა გამათხოვრებულ ასაკოვან კაცს ვხედავ. ქალი კიდევ სხვაა და კაცი, რომ ამაზე მიდის, ესე იგი, უმეტეს შემთხვევაში სხვა გზა არ აქვს და ძალიან ცუდად აქვს საქმე, თან რამხელა დარტყმას აყენებს საკუთარ პატივმოყვარეობას. ეს ნორმალურ კაცს ვგულისხმობ და არა ლოთს(არადა, თავადაც ლოთი ვარ, ოღონდ ცოტა სხვანაირი), ასეთებს არც ვეხმარები, არც ციგნებს და არც იმათ ერთი და იგივე ტექსტებით მოტყუებას რომ ცდილობენ. იმედია, კაცისა და ქალის თანასწორობის წინააღმდეგობაში არ დამდებით ბრალს. უბრალოდ, პირადად მე გამათხოვრებული კაცის, თან ასაკოვანის, ყურება ძალიან მიჭირს. ბევრად მეტად, ვიდრე ქალის.

მერე, შეიძლება გადამეტებულმა სენტიმენტალიზმა შემომიტია, გამახსენდა ჩემი წინდაუხედავი ქმედებები, გასაჭირის დროს ვალის ვალზე დამატება. სხვადასხვა თამაშებში წაგებული თანხა და მსგავსები. მაქსიმუმი ერთ ჯერზე 150 დოლარი წამიგია, ვიღაცისთვის ეს სასაცილო თანხაა, ვიღაცისთვის ორი კოქტეილის ფული, ჩემთვის კი ბევრია, იმ დროს კიდევ უფრო ბევრი იყო და გავიფიქრე, საკუთარ თავს რომ შევეშვა, რამდენ მათხოვარს დაეხმარებოდა ეს ფული თუნდაც მცირედითთქო. თუმცა ცხოვრებაში ასეთ მომენტებს ვერ გაექცევი, ხან აზარტი აგიყოლიებს, ხან წინდაუხედავად მოიქცევი, ხან ის და ხან ეს, ხანდახან მცირე ეგოიზმიც საჭირო თუ არა, გარდაუვალია. მთავარია სიკეთის კეთება არ დაგავიწყდეს, თუნდაც მცირედის…

ამ ფიქრებით თავი დავარწმუნე, რომ ჩემი საქციელი არც თავის მოტყუების მცდელობა იყო, და არც ეგოიზმის გამოვლინება. უბრალოდ, მცირე კარგი საქმე ჩავიდინე და  ბოლოს ყველაფერი მაინც კარგად იქნება. რამდენიმე ადამიანს, იმედის ერთი ბეწო ნაპერწკალი გავუჩინე, რომელსაც ზოგჯერ, ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ხოლო რატო მივეცი, გოსე მაყანას ორი ლარი და დანარჩენებს ერთი, ამას ვერ გეტყვით – ასე მომინდა.

რიგის ქუჩის ბოლოსაც მივუახლოვდი და სანამ ბარნოვზე ავიდოდი გამახსენდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც მრავალი მრავალი წლის წინ მოხდა, დაახლოებით მაშინ, დალიზე ხელჩაკიდებული და თვალდახუჭული რომ დავდიოდი და გოსე მაყანა იმ უცნაურ პურს ჰყიდაა. სწორედ აქ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ბარნოვიდან ჩამოვდიოდით რიგის ქუჩაზე 20 დოლარი ვიპოვე, 20 დოლარი კი მაშინ კარგი ფული იყო. ტრადიციულად, ღამე სახლში ვბრუნდებოდით და რომელიღაც მანქანამ რომ მოუხვია ჩვენს წინ, ტრასაზე რაღაც დავინახე, ავიღე და 20 დოლარი შემრჩა ხელში. ბებიაჩემს ყალბი ეგონა, მაგრამ მერე გადავამოწმეთ და ნამდვილი აღმოჩნდა.

დალის მეგობრის ნათესავი დუბაიში დადიოდა და ის 20 დოლარი გავატანეთ, რაღაც კურტკა და ფეხსაცმელები ჩამომიტანა, ჩემები უფრო არ იყვნენ სიხარულისგან ჭკუაზე, ვიდრე მე. მე ის კალკულატორი უფრო მიხაროდა, რომელიც მაშინ ხურდაში დარჩენილი ფულით მიყიდეს და რომელიც მრავალი წელი ერთგულად მემსახურა ტოტალიზატორის კოეფიციენტების გამოთვლაში. თან გამახსენდა, რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინ, მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანი გახლდათ.

დარჩენილი 4 ლარი და რაღაც ხურდები საფულეში ჩავაბრუნე და გზა განვაგრძე. უცებ საშინლად მომინდა გამეგო და დამენახა ის, ვინც მაშინ გოსე მაყანას ფული მოპარა.

Written by 1myway1

May 31, 2010 at 6:58 am

Posted in Uncategorized

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მომეწონა🙂 რა კარგი მოყოლის მანერა გაქვს.

    mariefille

    June 1, 2010 at 7:18 pm

  2. დიდად გმადლობ🙂

    1myway1

    June 1, 2010 at 8:41 pm

  3. აუ, კარგი იყო🙂

    ჩემი ბავშვობის და სკოლის პერიოდის ამბეი გამახსენა, ჩემი ქალაქიც გამახსენა და საერთოდ, ნოსტალგია შემომაწვა😀

    მათხოვრებზე რომ გეწერა, ჩემი თავი მეგონა წერდა (კაცებთან დაკავშირებით)😀 თუმცა ერთი განსხვავებით – მე ძალიან, ძალიან იშვიათდ ვაძლევ ფულს და როცა ვაძლევ არ ვიცი რატომ, უცებ დამარტყამს და…

    blumgardt

    June 1, 2010 at 9:51 pm

  4. 🙂
    მე თვითონაც ბევრი რამე გამახსენა
    გუშინ ერთმა მათხოვარმა ისე შემომტირა კინაღამ ცუდად გავხდი

    1myway1

    June 2, 2010 at 8:02 am

  5. მიყვარს რიგის ქუჩა🙂

    ikadoriano

    June 2, 2010 at 8:10 pm

  6. მე საშუალოდ ვარ განწყობილი ამ ქუჩისადმი😀

    1myway1

    June 2, 2010 at 9:48 pm

  7. sagol dzmao. dzaan magari iyo😀 me magrad momecona. erTi siamovneba iyo kiTxva da bolos ar mindoda damtavrebuliyo. gaagrZele es sakme kargad gamogdis🙂

    atila

    June 3, 2010 at 8:23 pm

  8. გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა🙂

    1myway1

    June 3, 2010 at 8:53 pm

  9. ბიჭოს!
    ნაწერის ზომის გამო რამდენჯერმე გადავდე წაკითხვა🙂
    ახლა დრო მქონდა და წავიკითხე…კარგი რამეა ბატონო კოკი, აი კარგი რამე!

    პ.ს. ველით პოეზიასაც:)

    lomski

    June 4, 2010 at 10:39 am

  10. დიდად გმადლობ პატივცემულო ))

    1myway1

    June 4, 2010 at 11:50 am

  11. რა თბილი პოსტია, ბავშვობა გამახსენა. ხო ასეთი მძიმე ბავშვობა გვქონდა, მაგრამ მაინც მომენატრებახოლმე, ახლაც არ გვაკლია პრობლემები ალბათ და მაგიტომ :

    cini

    June 22, 2012 at 8:53 am

  12. კარგია.. მართლაც და რა დრო გავიარეთ.. გუშინწინ ლექცია მქონდა პირველი სტუდენტებთან და შიდა არეულობებზე ვსაუბრობდით.. 92-91იანები არიან ძირითადად და არ ახსოვთ ის საქართველო , თბილისი ბუნებრივია და მაშნდელი ამბებიც.. არადა ყველას დიდი დაღი დაგვასვა “ჩვენ” პირდაპირ თუ ირიბად! ყველას რარაც თავის ისორია აქვს..

    Giorgi Antadze

    September 16, 2012 at 5:01 pm

  13. კარგია🙂 მომწონს რა შენი სტილი , კარგი სთორი თელერი ხარ როგორც იტყვიან : ))))))

    MIke

    September 16, 2012 at 5:34 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: