1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უჩკუდუ (ანუ სამი ქურდობის ისტორია)

with 15 comments

უჩკუდუ

(ანუ სამი ქურდობის ისტორია)

ღრმა ბავშვობაში მუსიკით დიდად გატაცებული არ ვყოფილვარ. არც ის ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი სიმღერა – Учкудук три колодца. მეტიც, რომ მოვისმინე პირველი სიტყვა სხვანაირად მესმოდა, უჩკუდუკის მაგივრად, უბრალოდ – უჩკუდუს ვამბობდი. როცა წამოვიზარდე და ეს სიმღერა გამახსენდა, მცირე გამოძიების შემდეგ, რაც დავადგინე ეს გახლავთ – სიმღერას ასრულებს ჯგუფი Ялла. უჩკუდუკი კი ქალაქი ყოფილა უზბეკეთში, არც ეს ვიცოდი ბავშვობაში. რბილად რომ ვთქვათ, სიმღერა დიდად გადასარევი არ არის, მაგრამ ეს არც გახლავთ მთავარი, ის უბრალოდ ერთ ისტორიას მახსენებს და სწორედ ეს ისტორია მინდა მოგიყვეთ.

*********************************************************************

I (პირველი ქურდობა)

ხომ გსმენიათ ცნობილი ანდაზა აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო. როგორც ბევრი გამოთქმა ესეც საკამათოა. ქურდიცაა და ქურდიც, სიტუაციასაც ხომ გააჩნია. რასაც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეწოდოს ქურდობა, ასეთი რამ სამჯერ ჩამიდენია. სადმე ფანქრის და ასანთის აღებას არ ვგულისხმობ. აი შედარებით ღირებულ ნივთს ან ფულს რომ მოიპარავ, მოდი ამას დავარქვათ ქურდობა. თორემ გამყიდველის თვალწინ და მის ზურგსუკან ვაშლი და ატამი რამდენჯერ ამიღია ბავშვობაში, ამას ვინ მოთვლის, ეს პატარა სიცელქეა და არა დანაშაული, მე ასე მგონია. ხოლო ის რასაც ქურდობას ვეძახი, მხოლოდ ერთხელ შემრჩა. ეს ისტორია ბომჟს ეხება, რომელსაც უჩკუდუს ვეძახდით. თუმცა სანამ იქამდე მივალთ, უნდა გიამბოთ სხვა ქურდობებზეც და არამარტო ჩემს ქურდობებზე.

ვაკის პარკში ბევრი გასართობი არაფერი ყოფილა, მაგრამ იმ არეულ პერიოდში ანუ 1990-იან წლებში ნებისმიერი პატარა თამაში მსოფლიოს ყველაზე კარგ თამაშად გეჩვენებოდა. ასეთი იყო რაღაც გაურკვეველი წარმომავლობისა და სახელის თამაშიც, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარდა. მაგიდაზე მრავალი ჩაღრმავებული ადგილი იყო, სადაც ჩოგბურთის ბურთები გორდებოდა, ყველა ორმოს თავისი შესაბამისი ქულა ჰქონდა და რა ქულების ქომბინაციასაც დააგროვებდი შესაბმისი იყო ჯილდოც. იქ თუ რამეს ვიგებდი ნებისმიერი საჩუქარი მიხაროდა, მაგრამ განსაკუთრებით ერთს ვუმიზნებდი _ პოლიციელის აღჭურვილობას _ რომელშიც შერიფის ნიშანი, პატარა იარაღი, ხელჯოხი, დანა და რაც მთავარია ხელბორკილები შედიოდა. რატომღაც ხელბორკილების ვინმეზე ჩამოცმის იდეა მხიბლავდა ძალიან.

პარადოქსია, ეზოში ახალი ჩასული ვიყავი, ისეთ წრეში ვტრიალებდი, პოლიცილების ლანძღვის მეტი არაფერი მესმოდა და შესაბამისად, არც მე ვგიჟდებოდი ,ძაღლებზე’, მაგრამ ეს აღჭურვილობა ისე მიზიდავდა, რომ ზოგჯერ სიზმარშიც კი ვხედავდი. წარმოვიდგენდი როგორ ვადებდი ხელბორკილს რომელიმე ნაცნობს და ძალიან მახარებდა ეს. ალბათ ფილმების ზეგავლენა იყო, ან ქვეცნობიერად ვინმეზე ბატონობა მსურდა.

ფაქტი კი ის გახლდათ, რომ იმ მაგიდაზე ამ კომპლექტის მოგება შეუძლებელი იყო, თითქმის წარმოუდგენლად უნდა გაგეგორებინა ჩოგბურთის ბურთები, ერთხელ ძალიან ახლოს ვიყავი მიზანთან და მას მერე სულ დავდიოდი და დავდიოდი იმ ჩამონგრეულ და გახუნებულ შენობაში, სახელითაც მიცნობდნენ და ალბათ ქილიკობდნენ კიდეც ჩემზე, მაგრამ მათთვის მთავარი ის იყო, რომ ჩემი სახით მუდმივი კლიენტი ჰყავდათ და ფულსაც აკეთებდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.

ჯიუტად გადავწყვიტე მეყიდა ეს კომპლექტი და ამისთვის რაც არ უნდა გამხდარიყო საჭირო თითქმის ყველაფრისთვის მზად ვიყავი. პრობლემა კი ის გახლდათ, რომ იმდროინდელი ფასებით ეს კომპლექტი ძალიან ძვირი ღირდა, მით უმეტეს. როცა ხშირად ცარიელ პურზე და ხახვზე გიწევდა ყოფნა.

ცოტ-ცოტა ფულის გადადებას მაინც ვახერხებდი. ხან ვიღაც მჩუქნიდა, ხან ბაბუაჩემი შემოივლიდა თვეში ერთხელ და ცოტა ფულს დატოვებდა. ბევრმა გაიგო ჩემი პატარა ოცნების შესახებ, მაგრამ იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, რომ თითქმის ვერავინ გაიმეტებდა ბავშვის სულელური ამოჩემებისთვის თანხას.

ამას ემატებოდა ისიც, რომ გადადებულ თანხას ხშირად ვაკლებდი ან სულ ვხარჯავდი, რადგან ხარჯვას მივეჩვიე, მიყვარდა როცა ვინმეს ვპატიჟებდი რამეზე. გარშემო რამდენიმე მაშინდელი საზომით მეგობარი მეხვია და კონკრეტულად მათში ყოჩი ვიყავი, ვცდილობდით ცოტა უფროსებისთვის და ადგილობრივი ავტორიტებებისთვის თავი მოგვეწონებინა, რომლებთანაც ურთიერთობა და მათთვის თავის გაყადრება საბოლოოდ ძვირად დამიჯდა, მააგრამ ეს სულ სხვა და არანაკლებ საინტერსო ისტორიაა, რომელსაც სხვა დროს მოგიყვებით თუ კიდევ შევხვდებით, რა თქმა უნდა.

ჰოდა, ამ რამდენიმე მეგობარში, რომლებშიც ყოჩი ვიყავი, თავის გამოჩენა მიყვარდა და ხან რაზე ვპატიჟებდი და ხან რაზე, ამას მარტო თავის გამოჩენის მიზნით არ ვაკეთებდი, სიკეთის კეთებაც მსიამოვნებდა. შესაძლოა იმათ ჩემზე მეტი არ აკლდათ, მაგრამ მაინც მეცოდებოდნენ. ბავშვობიდანვე ასეთი ვიყავი, შესაძლოა შინ არაფერი სასარგებლო არ გამეკეთებინა, გარეთ კი პირიქით. ჩემი თავიც ხშირად მეორე პლანზე იყო. მე მგონი თავის ქებაში ან პირიქით კრიტიკაზე გადავედი, ამიტომ ისტორიას დავუბრუნდეთ…

განსაკუთრებით, ვაკის პარკის შესასვლელში რომ სანაყინე იყო ის გვიყვარდა. ძველებურ ყაიდაზე, ვერცხლისფერ ჯამებში მოჰქონდათ ბურთულებით ნაყინი და შოკოლადსაც აყრიდნენ. არაფერი არ გვერჩივნა იმ წითელი სოკოს წითელ სკამებზე დაჯდომას და ნაყინის შეკვეთას, თავისუფლად შეიძლებოდა მთელი ფული ერთ საათში ამ ნაყინში დაგვეხარჯა.

ასე მოხდა ერთ დღესაც, ნაყინი ვჭამეთ, კიდევ შოკოლადი და ,კევები’ ვიყიდეთ. შედეგად, მთელი ფული გავანიავე. მერე კი ცუდ ხასიათზე დავდექი, რადგან მივხვდი, რომ პოლიციელის კომპლექტამდე კიდევ ძალიან შორი იყო.

რამდენიმე დღეში დედაჩემი მკითხავთან მიდიოდა და თან წამიყვანა. ყავაზე მკითხაობის პროცესს იქამდეც ნაზიარები ვიყავი და ამ ამბავში საინტერესო ჩემთვის აღარაფერი იყო. ამიტომ იმ დღის ძირითადი ნაწილი იტალიური სახლის ეზოში გავატარე. ბევრი ვუტრიალე რომელიღაც მეზობლის ძველ ,მოსკვიჩს’ და შევნიშნე, რომ ერთი ფანჯარა ცოტა ჩაწეული გახლდათ. დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია რომ ბოლომდე ჩამეწია, რადგან ფანჯარა გაფუჭებული გამოდგა.

სანამ დედაჩემი და მკითხავი ყავის ნალექში ეძებდნენ სიმათლესა და მომავალს, მე უკვე ვიღაცის მანქანაში ვიყავი მოკალათებული და საჭეს ვეჭიდავებოდი. მალევე ,ბარდაჩოკის’ გახსნის იდეა მომივიდა და.. იქ ფული დამხვდა, ჩემთვის საკმაოდ ბევრი, არც დამითვლია, ვხვდებოდი, რომ ბევრი იყო და რაღაც მცირე ნაწილი ავიღე. გავიფიქრე, ამას ბევრი ფული ჰქონია და რა მოხდა ცოტას თუ ავიღებმეთქი.

მიმოვიხედე, არავინ იყო, ავიღე ფული, ჩავიდე ჯიბეში, გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევბრუნდი, სადაც დედაჩემს დავუწყე წუწუნი ჩქარა წავიდეთთქო, თითქოს მეშინოდა ვინმემ დამინახამეთქი ან იმის მეშინოდა, რომ სინდისი შემჭამდა ბოლომდე, ფულს დავაბრუნებდი და ჯიბეგაფხეკილი მივბრუნდებოდი სახლში.

ფულთან კი მქონდა შეხება და ჭკუასაც არ ვუჩიოდი, მაგრამ ბავშვური აზარტი ან რამე მსგავსი მაინც თავისას შრვებოდა და ფულის შენახვას, ისევ დახარჯვა ვარჩიე. თან გადავწყვიტე, კომპლექტს იმ თამაშში მოვიგებმეთქი და სულ წავაგე. რაღაც სულელური სათამაშოები შემრჩა იმ კომბინაციებიდან რაც დავაგროვე და კიდევ ერთი მამალო.

ცხელ გულზე ჯავრი ერთ მეზობელ ბიჭზე ვიყარე. არ მომწონდა ის ბიჭი, მაშინ ზედმეტად მოდებილოდ მეჩვენებოდა და თან სულ ჭყლიპინებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ შედარებით შეძლებული ოჯახიდან გახლდათ და თან დიდი წუწურაქი ვინმე იყო. მე კი ისეთ გარემოცვაში ვიყავი, თავი პერიოდულად მაინც უნდა გამოგეჩინა ვიღაცის ჩაგვრით, თორემ სახელი გიფუჭდებოდა.

ჰოდა ეს ბიჭი გამწარებული გარბოდა სადღაც, როცა ფეხი გავუწიე და ძალიან მწარედ დაეცა. საშინელი ღეიალი მორთო და ცოტა კი ვინანე, მაგრამ გარშემომყოფთა აღფრთოვანების შემხედვარემ თავი დავაჯერე, რომ სწორად მოვიქეცი და გარეგნულად არ ვიმჩნევდი შინაგან სინანულს. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეგნებულ-გააზრებული ბოროტება რაც ცხოვრებაში ჩამიდენია. თუმცა ის ბიჭი არც მერე მესიმპათიურებოდა.

ცოდვებმა მალე მიწიეს. საღამოს სახლში ასულს მკაცრი სახეებით რომ დამხვდნენ ჩემები და დიდ ოთახში მიხმეს, მივხვდი რაღაც კარგად ვერ იყო, მაგრამ რაც მელოდა ვერც კი წარმოვიდგენდი. ჯერ გემრიელად მომხვდა, მერე კი დაიწყო დაკითხვა თუ საიდან მქონდა ფული. ჩემი მცდელობები ტყუილის თქმისა, რომ არანაირი ფული არ მქონია, წარუმატებელი გამოდგა და ბოლო ბოლო გამოვტყდი.

როგორც გაირკვა, ბებიაჩემი წასულა იმ სათამაშო შენობაში და კატეგორიულად აუკრძალავს ჩემი იქ შეშვება, რაზეც უარი მიუღია – ათასი ვინმე შემოდის და აბა როგორ გავარჩიოთ ბავშვები და არ შემოვუშვათო. თუმცა საერთო ენა ვიღაცასთან მაინც გამოუნახავს ან ახლობელი ჰყავდა ვინმე და იმ ვიღაცას უცნობებია ჩემი იმდღევანდელი გმირობებისა და ფულის ტრიალის ამებები. ჩემებსაც გაუკვირდათ, მაგრამ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ საიდან მქონდა ის ფული.

ატყდა ისტერიკა, დედაჩემი წიოდა და კიოდა, ბებიაჩემი კი მეკითხებოდა _ ამისთვის გაგზარდე? ეს გასწავლე? _ დედაჩემმა სიბრაზისგან ისე დასცხო ხელი მაგიდას, რომ მშვენიერი მაგიდა შუაში ჩაიშალა, იმ დროს გაშლილი იყო და ვერ გაუძლო, სწორედ მას მერე აღარ იშლება, არადა სამჯერ უფრო დიდად იშლებოდა და მერე სულ ვნანობდი ამ ინციდენტს, რადგან სახლში როცა პინგ პონგის თამაში მომინდებოდა მაგიდას ვერ ვშლიდი და სულ ის მახსენდებოდა თუ რატომ გაფუჭდა იგი.
კარგი გატყეპვის გარდა, დამიწესეს სხვადასხვა სახის სასჯელი. ამიკრძალეს ეზოში ჩასვლა, რაც მალევე დაირღვა, ისევე როგორც ადრე დაძინების პროექტი ჩაეშალათ. აი მთავარი კი გახლდათ ფულის დაბრუნების ცერემონიალი, რომლის ჩატარებაც მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა მაინც გადაწყვიტეს.

პრობლემა კი ის იყო, რომ არცერთს არ სურდა ჩემი საქციელის გამხელა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვის სისულელე იყო, და ძალიან ბევრი გაცილებით უარესს სჩადის ხოლმე, ბუნებრივია, მათ მაინც ეთაკილებოდათ. მეორე მომენტიც მოქმედებდა, როგორ უნდა დაებრუნებინათ აბსოლუტურად უცნობი კაცისთვის ფული? რა უნდა ეთქვათ მისთვის? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჯერ იმ მკითხავთან უნდა დაეწყო დედაჩემს ბოდიშობა და ახსნა განმარტებები. ამიტომ, მოიფიქრეს მაშინ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი გეგმა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არც ახლა მესმის, ეგებ თქვენ გაიგოთ…

ერთი სიტყვით, ბოლო წამებამდე ორჭოფობდა დედაჩემი, ეთქვა თუ  არა ამ ყველაფრის შესახებ მკითხავისთვის, მოეხადა თუ არა ბოდიშები და შემდეგ როგორმე იმ კაცისთვის დაეუბრუებინათ თუ არა ფული. საბოლოოდ, მაინც ვერ გაბედა და ასეთი რამ გააკეთა _ შემდეგ წასვლაზე, როცა მკითხავი ოთახიდან გავიდა, ტახტსა და კედელს შორის ჩააცურა ფული და მერე ამ თემაზე არასდროს უსაუბრია იმ ქალთან.

ეს საქციელი ვერ გავიგე და როგორც მახსოვს, ვერც დედამ ამიხსნა კარგად. მან უბრალოდ სინდისის დაწყნარებისა და გულზე მცირე თანხის სახით დაკიდებული ლოდის მოხსნის უცნაური გზა იპოვნა. ფული რომელიც მე მოვიპარე გასცა, ოღონდ არა იმაზე, ვისაც მოვპარე…
მოკლედ, როგორც გითხარით, ბოლომდე კარგად ვერ გავიგე და არც ჩავეძიე. ასეთი იყო, ჩემი პირველი ქურდობის ისტორია და ამ მასშტაბის ,ძარცვა’ მეტჯერ აღარ ჩამიდენია, მაგრამ თუ აქლემის ქურდიც და ნემსის ქურდიც ქურდია… ნელნელა მოგიყვებით სხვა ამბებსაც.

II (ივანე მრისხანე)

მაშინ, როცა ჯერ კიდევ ეზოში არ მიშვებდნენ და მეც დიდი სურვილი არ მქონდა და ბავშვისთვის ძალიან ნაადრევ წიგნებსა თუ სხვა მოგონილ გასართობებს ვიყავი გადამკვდარი, სულ რამდენიმე რამე იქცევდა ჩემს ყურადღებას, რაც ქუჩასა და ეზოს შეეხებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო რუსული წარმოშობის უსახლკარო ან გნებავთ ბომჟი დავუძახოთ, რომელიც ხშირად სვამდა და რომ დათვრებოდა მღეროდა _ Учкудук три колодцааа… _ ასე შეერქვა მას უჩკუდუ, რადგან ბოლოს კ ასოს ვერც მე ვარჩევდი და ვერც სხვანი.

უჩკუდუ არავის უყვარდა და უმეტესობას სინანულიც კი ენანებოდა მისთვის. ამაში თავად გახლდათ დამნაშავე, რადგან მყრალი და უჟმური კაცი იყო, მხოლოდ ხანდახან თუ ნახავდი შედარებით კარგ ხასიათზე მყოფს. ხშირად ჩხუბობდა და ჯუჯღუნებდა, ხანდახან ბოროტებებსაც სჩადიოდა. თუმცა ხშირად სხვებიც აბოროტებდნენ, მათ შორის მეც, არადა თავისი გაჭირვებაც ეყოფოდა საწყალს.

ეს ბომჟი ზუსტად ჩემი სახლის პირდაპირ, ქუჩის იქითა მხარეს ცხოვრობდა. მისი ,სახლი’ ძველი სარდაფის მაგვარი რამ იყო. თუმცა ბევრს ასეთი ჭერიც მოენატრებოდა, რადგან ეს საწყობი თუ არ ვიცი რა დავარქვა, ზუსტად პირველ სართულზე გახლდათ, თან ფართიც ასე თუ ისე ნორმალური იყო. ზოგს კი მიწი ან ღია ცისქვეშ უწევს ცხოვრება და ისიც უხარია. ასე რომ, უჩკუდუს გაუმართლა, მაგრამ ამას ვერ იყენებდა, რადგან მის ,სახლში’ არნახული სიბინძურე სუფევდა, ეს შორიდანაც ჩანდა, ჯერ კიდევ სანამ ახლოდან ვნახავდი…

უჩკუდუ საკმაოდ მაღალი იყო, ან მე რომ ვიყავი პატარა იმიტომ მახსოვს ასე. არც ისე გამხდარი და 50 წელს ნამდვილად გადაცილებული. სლავური წარმოშობა სახეზეც ეტყობოდა და ლაპარაკითაც რუსულად ლაპარაკობდა. მხოლოდ ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს, თუ იტყოდა ქართულად ერთი-ორ სიტყვას, ისიც საშინელი აქცენტით. წვერი მუდამ გასაპარსი ჰქონდა და ძირითადად სულ პიჯაკი ეცვა. ჩემი დაკვირვებით მას ორი პიჯაკი ჰქონდა, გახუნებული და გაქუცული კი იყო ორივე, მაგრამ მთავარია პიჯაკი ერქვა და ერთი შეხედვით, თუ ძალიან არ დააკვირდებოდი ვერც შეამჩნევდი ბევრს ვერაფერს.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ბომჟი და მათხოვარი ნამდვილად არ გახლდათ. მეტიც, ხშირად საკმაო რაოდენობის ფოლიც ჰქონდა და მეეჭვება ამდენი ფული მხოლოდ მათხოვრობით ეშოვნა ხოლმე. მეორეს მხრივ აბა საიდან უნდა აეღო? მუშაობით არ მუშაობდა, ქურდობითაც ნაკლებად სავარაუდოა, ეგებ რაიმე ნივთები ჰქონდა შემორჩენილი და ჰყიდდა? დღემდე მაინტერესებს ეს ამბავი.

არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, ყოველ შემთხვევაში ვინმემ თუ იცოდა, ჩვენი ქუჩის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ნამდვილად არ შედიოდა ის ვინმე და რომც სცოდნოდა, დიდი ეჭვი მაქვს ჩემს ყურამდეც მოაღწევდა ეს ამბავი, მით უმეტეს რომ დაინტერესებული ვიყავი.
არც ის ვიცოდით თუ საიდან მოვიდა თბილისში და კონკრეტულად ჩვენს პატარა ქუჩაზე. ვინ შეუშვა იმ სარდაფში, რატომ არავინ ითხოვდა მის გაგდებას და ასე შემდეგ. ყოველივე ეს ბურუსით იყო მოცული, უჩკუდუს მთელი ცხოვრების ისტორიის დარად.

ჩემს ფანტაზიებში უამრავი ამბავი შემითხზავს უჩკუდუს ცხოვრების შესახებ. ხან წარმოვიდგენდი როგორ მოკლა ვიღაც და გაიქცა ქვეყნიდან. ხან ციხიდან გაქცეულად ვნათლავდი, ხანაც მოგზაურად, რომელსაც ფული გაუთავდა. თუმცა ყველაზე მეტად მიყვარდა იმის წარმოდგენა, რომ უჩკუდუს ერთ დროს ვიღაც ქალი უყვარდა, რომელიც გათხოვდა(დიდ ხანს ვფიქრობდი გათხოვდა ის ქალი თუ მოკვდა, მაგრამ საბოლოოდ პირველი ვარიანტი ვარჩიე), ხოლო უჩკუდუმ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია და საქართველოში ჩამოვიდა, თან გალოთდა და მათხოვრობა დაიწყო.

დიდი შანისა, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად და კლასიკურად ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ისტორია უფრო მხიბლავდა და მეც თავს ვიტყუებდი ან იქნებ არც ვიტყუებდი. ერთი რამ რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ ის არის, რომ უჩკუდუ ერთ დროს ისეთივე ჩვეულებრივი მაცხოვებელი იყო, როგორიც თითოეული ჩვენთაგანი, მას ალბათ სახლიც ჰქონდა, სამსახურიც და ყველაფერი, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და… სწორედ ამ რაღაცის გაგებას ვლამობდი.

სხვათა შორის, გარეგნულად უკეთ რომ წარმოიდგინოთ უჩკუდუ, ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად ზუსტად ისე, როგორც ჩემს მეხსიერებაში დარჩა, გირჩევთ გაიხსენოთ ერთი კარგი რუსული ფილმი – ,ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას’. ძალიან ვამსგავსებდი მას ამ ფილმში ივანე მრისხანეს როლის შემსრულებელ მსახიობს და ბავშვობაში, როცა ფილმის სახელი არ ვიცოდი ზეპირად, მას უბრალოდ უჩკუდუს ფილმს ვეძახდი.

სახეზე მართლაც გვარიანად წააგავდა იმ მსახიობს. თან ივანე მრისხანესავით ბრაზიანი იყო, სმა მასზე მეტად უყვარდა და თითქოს ისიც სხვა დროიდან და სხვა ცხოვრებიდან იყო მოსული.
ამ მონაყოლის შემდეგ, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ როცა ეზოში ჩავედი, ერთ-ერთი პირველი ადგილი საითაც გულმა გამიწია უჩკუდუს სარდაფი იყო. თუმცა ეს ადვილი საქმე სულაც არ გახლდათ, რადგან თავიდან ბებია სულ მაკონტროლებდა და კატეგორიულად მიკრძალავდა სარდაფთან მიკარებას, რომელიც როგორც გითხარით, ჩვენი ფანჯრების წინ იყო, და ამიტომ მუდამ ვექცეოდი მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩემს ამოცანას ართულებდა ისიც, რომ სარდაფში, რომელიც სიმბოლურად იკეტებოდა ხოლმე და ისიც ყოველთვის არა, მაშინ მინდოდა შესვლა, როცა უჩკუდუ სიახლოვეს არ იქნებოდა, რადგან ბომჟის ქცევების შორიდან შემხედვარე, ვერ იტყოდი რომ მას სტუმრები უყვარდა. თანაც მე პირველ რიგში უშუალოდ სარდაფი მიზიდავდა და ის ყველაფერი რაც შიგნით იყო.

ერთ დღესაც… ვიცოდი, რომ ჩემები დაბადებისდღეზე მიდიოდნენ და ჩემს წაყვანასაც აპირებდნენ. ცოტა ფიქრის შემდეგ, ერთ მეგობარს შევუთანხმდი, რომ მოგვეწყო ჩემპიონატი მაგიდის ჰოკეიში, რომელიც მას სახლში ჰქონდა და ხშირად ვთამაშობდით ხოლმე. ბუნებრივია, დედამისი ამ იდეას აღტაცებით არ შეხვდა, მაგრამ უარიც არ უთქვამს. უფრო დიდი დრო დასჭირდა ჩემების დარწმუნებას, მაგრამ გაჭირვებით ესეც მოხერხდა და მეგობართან დამტოვეს, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა.

5-6 ბავშვი ვიყავით შეკრებილნი და სპეციალურად ისე ვხმაურობდით, რომ ზედმეტი თხოვნა არ დაგვჭირვებია, ეზოში უპრობლემოდ ჩაგვიშვეს. შესაბამისად გეგმის პირველი ნაწილი განხორციელებული იყო, და რჩებოდა მთავარი და ყველაზე ძნელი.

ვატყობდი დანარჩენებს ჩემი იდეა დიდად არ ხიბლავდათ, მათ ძალიან ეშინოდათ, მაგრამ მე იმდენად არ მეშინოდა. შესაძლოა იმ გრძნობას შიში სულაც არც ერქვა, რადგან პირიქით, უფრო მიზიდავდა იმ სარდაფისკენ. თუმცა შიშის გარეშეც რომ არ იყო საქმე, მალევე დადასტურდა, როცა იქ მისულმა არ ვიცოდი დამხვდებოდა თუ არა შიგნით უჩკუდუ, კარი ნელნელა გამოვაღე და ხმაური რომ არ შემომესმა თავიც შევყავი, ეს იყო და ჩაბნელებულ კუთხეში, იატაკზე ბოთლით ხელში მჯდომი უჩკუდუ დავინახე და კისრისტეხით, გულაჩქარებული გამოვიქეცი მეზობელი სადარბაზოსკენ, სადაც დანარჩენებიც მელოდებოდნენ. გზად კი უჩკუდუს სიტყვები ჩამესმა _ уходи мальчик! საერთოდ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა გახლდათ.

სხვებს მგონი ჩემზე მეტად შეეშინდათ და გაიკრიფნენ, მხოლოდ ერთი დარჩა და ისიც დავარწმუნე, რომ კიდევ უნდა გვეცადა იქ შესვლა. თან მესმოდა, რომ მეტი შანსი დიდი ხანი შეიძლება აღარ მქონოდა. გამოვიდა ისე, რომ მიზნის მიღწევაში თავად უჩკუდუც დამეხმარა. დაახლოებით ერთი საათის მერე, იგი სარდაფიდან გამოვიდა და ეტყობოდა, რომ ძალიან მთვრალი იყო, ჩვენ კი იქვე, შორიახლოს ვტრიალებდით.

უჩკუდუ ბარბაც-ბარბაცით კიბეებისკენ დაიძრა და რის ვაი-ვაგლახით ჭავჭავაძის ქუჩაზე ავიდა. სხვა დროს შეიძლება გავყოლოდი და მენახა სად მიდიოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა საქმე მქონდა და სირბილით გამოვიქეცი უკან, დრო საკმარისზე მეტი იყო.

ჩამობნელებული გახლდათ, მაშინ სინათლე თუ მოდიოდა მხოლოდ 2 საათით და ის ორი საათი იმ პერიოდს არ უწევდა. თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავდით, რადგან რაც კი ცეცხლს უკავშირდებოდა თითქმის ყველაფერი საკმაოდ დიდი დოზით გვქონდა მომარაგებული ეზოში. თუმცა უშუალოდ იმ წუთს 2 სანთებელა გვქონდა თან და ესეც საკმარისი იყო.

კარი ისეთი რიდით შევაღე, თითქოს კიდევ ვინმეს ველოდი შიგნით. პირველი რაც დავაფიქსირე, საშინელი, სპეციფიური სუნი გახლდათ. ალკოჰოლის, სიბინძურის, საჭმლის, კვამლის… ყველაფრის ერთად, შარდისაც კი. მერე კი თვალში ნელნელა, სადაც სანთებელას სინათლე სწვდებოდა, ხდვებოდა საშინელი არეულობა. ყველაფერი ერთმანეთში იყო ამთხვლეული და ერთადერთი, ოთახის ცენტრში იყო ოდნავი წესრიგი.

შუაში მაგიდის მსგავსი რამ იდგა. იქვე საკმაოდ კარგი, მაგრამ ჭუჭყიანი ტახტი იყო. მაგიდაზე ეყარა ერთი-ორი კოვზი, ჩანგალი, ძველი ყაიდის ჯამი, ,კრუშკა’, თეფში და პარკები. მაგიდაზევე იდო გატეხილ ჭიქაში ჩარჭობილი სანთელი, და პატარა, შუშაჩამოტეხილი, გაჭვარტლული ლამფა.

მთელს ოთახში მიმოფანტული იყო სხვადასხვა ბოთლები. მეორე კუთხეში, დამტვრეული ,ლეჟანკა’ ეგდო და ზედ ჭუჭყიანი და გახეული ტანსაცმელი ეყარა. ერთი სკამიც შევნიშნეთ და ძველი ჩემოდანიც. მეგობარმა დანასაც მოჰკრა თვალი და აღება გადაწყვიტა, მაგრამ დავუშალე. ვინ იცის, პირველს მე რომ დამენახა, ეგებ ამეღო კიდეც. ასეა თუ ისე, მხოლოდ ამის ათვისება მოახერხეს ჩვენმა თვალებმა იმ მომენტში, თან ცოტა მაინც ვჩქარობდით და მალევე გამოვედით, არაფერი არ აგვიღია. ცნობისმოყვარეობის დიდი ნაწილი კი დავიკმაყოფილეთ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ კიდევ შევიდოდი და უფრო საფუძვლიანად მინდოდა ყველაფრის დათვალიერება.

ამ ყველაფრის მერე, უჩკუდუთი კიდევ უფრო დავიტერესდი, რადგან დადასტურდა ჩემი ეჭვი, რომ ერთ დროს უჩკუდუც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ხოლო მერე რაღაც მოხდა და ამის გამო გალოთდა და გამათხოვრდა. უფრო მეტად მომინდა ამ ყველაფრის გარკვევა და იმ დღეს დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, იმ ქალზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, უჩკუდუს რომ უყვარდა, რომელიც მერე გათხოვდა.

როგორც გაირკვა, საჩქარო ბევრი არაფერი იყო, რადგან უჩკუდუ საკმაოდ გვიან დაბრუნდა. ხელში რაღაც პარკი ეჭირა და უფრო დამაჯერებლად მოაბიჯებდა, ვიდრე წასვლისას მიაბიჯებდა. ვუყურე როგორ შევიდა სარდაფში, თავად ყურადღება არ მოუქცევია, შესაძლოა ვერც გაიაზრა მაშინ რომ მე შევიხედე მის სამფლობელოში. ბუნებრივია იმ არეულობაში ვერაფერს შენიშნავდა, სულ რომ ათი კაცი შესულიყო მის სახლში. მე კი სარდაფის მონახულებით შედარებით ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულს, ახლა უკვე ის მაინტერესებდა სად იყო ამდენი ხანი უჩკუდუ და რა ედო პარკში.

ჩემებიც მალე მოვიდნენ და ქუჩაში რომ დავხვდი ძალიან კი მეჩხუბნენ, მაგრამ რას გახდებოდნენ. სახლში ასულს ის თქვენთვისაც ნაცნობი გრძნობა მღრღნიდა… რამე შენთვის კარგი რომ მოხდება ან რაც გინდა იმას რომ იზამ, რისი სხვისთვის გამხელა საშიშია ან არასასურველი, მაგრამ მაინც ერთი სული რომ გაქვს როდის მოყვები და გამოუშვებ შიგნიდან. ძალიან კი ვიწვალე, მაგრამ იმ დღეს მაინც მოვითმინე, რადგან ვიაზრებდი, ცუდი რეაქცია მოჰყვებოდა ამ ყველაფერს და დავისჯებოდი. თუმცა დიდი ხანიც არ გამომივიდა საიდუმლოს შენახვა.

III (კოკა კოლას ბოთლი)

ჯერ კიდევ 9 წლის ვიყავი, როცა პირველად დავლიე კოკა კოლა. ამ დღემ ჩემი ცხოვრება მართლაც მნიშვნელოვნად შეცვალა…

ეზოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოუშვეს რაღაც ახალი სასმელი, რომელსაც კოკა კოლა ერქვა. როცა ვიკითხე რა არის, როგორი გემო აქვსმეთქი, ცოტა გაუგებარი პასუხი მივიღე – იგივე პეპსი კოლააო.

სასწრაფოდ სახლისკენ გავემართე და კატეგორიულად მოვითხოვე მოეცათ ფული, რათა გამესინჯა ეს ახალი სასმელი. ბოლო ბოლო ფული მომცეს და სულ რამდენიმე წუთში გავჩნდი მეცხრე საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე გასტრონომში, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა. სანამ დავლევდი, ბოთლმა აღმაფრთოვანა, ასეთი ლამაზი ბოთლი იქამდე ნამდვილად არ მენახა, თან როგორი მყარი შუშა იყო, ბროლისააო მომახსენეს.

მალევე ჩემზე ბედნიერი ცოტა თუ იქნებოდა ვინმე. ასეთი გემრიელიც იქამდე არაფერი დამელია და ცარიელ ბოთლს ვიყავი მიშტერებული, რომელ;იც ლამაზად ირეკლავდა მზის სხივს და ბრწყინავდა. ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავი, ბოთლი უფრო მომეწონა თუ მასში მყოფი სითხე.

სახლში ასულს დიდი ხანი ენა არ გამიჩერებია, იმდენი ვილაპარაკე კოკა კოლაზე და მის ბოთლს დიდი სიამაყით ვიქნევდი აქეთ-იქით. თან ისიც ვუთხარი ბებიაჩემს, რომ გამყიდველმა მითხრა კოკა კოლას ბოთლებს ვიბარებთ და თუ მოიტან კარგი ბიჭი იქნებიო. იმდენს ვლაპარაკობდი, რომ დიდ ყურადღებას აღარც მაქცევდნენ და მეც მალე ეზოში დავბრუნდი.

კოკა კოლას ბოთლის ჩაბარების იდეამ ძალიან მომხიბლა, რადგან იმ დღესვე გავარკვიე, რომ ამ ბოთლს თავიდან ძალიან აფასებდნენ და ორი ცალით ერთი ახალი კოკა კოლა მომდიონდა. მეც მეტი რა მინდოდა, როგორც კი დავინახავდი ბოთლს, ვიღებდი და იქვე სასადილოში ჩამქონდა. ბოთლს ბევრი ტოვებდა, იმ პერიოდში, ჩვენი ქუჩა საჰამბურგეროების ერთ-ერთ მთავარ წერტილად იყო ქცეული და მომსვლელებიც მრავლად იყვნენ.

ზოგიერთი ბავშვი ამყვა კიდეც და შეიძლება ითქვას, წყლის მაგივრად კოკა კოლას ვსვამდით, რითაც ძალიან ბედნიერები ვიყავით და ეს ჩვეულებრივ უწყინარ საქმიანობად იქცა. კოკა კოლაც დღითი-დღე უფრო მიყვარდებოდა.

ფართო ბაზარზე კოკა კოლას ასეთი შემოსვლა და მისი საოცარი ფორმისა და სილამაზის ბოთლი, ჩემი აზრით, გახდა კიდეც ტალღა ქვეყანაში ატეხილი ბოთლების ჩაბარების ისტერიისა. უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ბევრს სხვა გზა არც რჩებოდა. ზოგი მშობლისთვის კი გამოსავალი იყო, როცა შვილი ჯიბის ფულს მოსთხოვდა _ აგერ ბოთლები, ჩააბარე და გექნება ფული _ მოჰყვებოდა პასუხი.

ნელნელა ეს საქმე აითვისა ბებიამაც. ერთ-ერთი ურთულესი, ძალიან კრიზისული პერიოდი გვქონდა და სახლში რაც კი რამე ბოთლი ნახა, ყველა ჩააბარა. მერე ასე გააგრძელა და საკმაო ხანი, ეს ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი გახდა. მით უმეტეს, რომ გაიხსნა უამრავი პუნქტი, სადაც ყველა სახის ბოთლს იბარებდნენ.

ბებიაჩემი ისე გაერთო ამით, რომ შემდგომ, როცა დრო გავიდა და უკვე ვუშლიდი ამის გაკეთებას, სერიოზული ძალისხმევა დამჭირდა, რომ გადაჩვეულიყო და ვერც გაამტყუნებდი, მყისვე გაგახსენებდა ნიშნის მოგებით _ დაგავიწყდა? სწორედ ამ ბოთლებით გადარჩი ბევრჯერ.

,საქმეში ჩართვა’ მოინდომა უჩკუდუმაც, მაგრამ შორეულ პუნქტებში ის არ დადიოდა, ბოთლების ტარება ეზარებოდა. ხოლო იქვე მის ბოთლებს არ იღებდნენ, რადგან ძალიან ჭუჭყიანი ბოთლები მოჰქონდა და თან ისედაც არ იღებდნენ მათხოვრის ბოთლებს, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ჩაბარებულ ბოთლებში ხელახლა ისხმებოდა სამელი და თავს იტყუებდნენ, რომ სხვისი ჭუჭყიანი ბოთლი საშიში არ იყო, ხოლო მათხოვრისა ინფექციის წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო. ერთი ბებიაჩემი იკლავდა მგონი თავს ბოთლების რეცხვით, ისე აპრიალებდა, ორჯერ მეტ ფულს სარეცხ საშუალებებს ახარჯავდა მგონი.

უჩკუდუ ამან ძალიან გააღიზიანა და განსაკუთრებით მე დამიპირისპირდა. ამის ნიადაგზე შედგა ჩვენი პირველი გასაუბრებაც. მე ვაჯავრებდი, ის კი მიყვიროდა და მუშტს მიღერებდა. გადაწყვიტა ბოთლები მოეგროვებინა ხოლმე და თავის ოთახში შეენახა. არავის არ აძლევდა და მალე ლამის სულ ბოთლებით ამოავსო სარდაფი. ავმა ძაღლმა არც თავად ჭამა და არც სხვას აჭამაო.

ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ზოგჯერ შევძვრებოდით მის სარდაფში და კოკა კოლაზე რომ გვეყოფოდა იმდენ ბოთლს მაინც გამოვიტანდით ხოლმე, იქვე, ეზოში გადავრეცხავდით და ვაბარებდით. თან ნელნელა უჩკუდუსაც გავუთამამდით, ყოველდღე რამდენიმე სიტყვას მაინც ვცვლიდით ერთმანეთში, თუნდაც უზრდელურს.

ერთხელ მთვრალი იყო, კარგ ხასიათზე Учкудук три колодца-საც მღეროდა და მთელი პარკი ბოთლები გამოგვატანა. მაშინ ვცადე დააწვრილებით გამომეკითხა, რა ერქვა, აქ საიდან აღმოჩნდა და სხვა დანარჩენი, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაუგებრად აკვეტებდა სიტყვებს. მუშაობდითქო რომ ვკითხე, ერთი-ორჯერ დაიძახა работа работа-ო და გააგრძელა სიმღერა. მერე, Я любил-ო წამოყვირა და აქ ყურები ვცქვიტე, ჩემი თეორია გაამყარა უცებ. თუმცა ჩემთვის გაუგებარი სიტყვები მოაყოლა და მალევე გამოვედი. ფხიზელი საერთოდ არ ლაპარაკობდა თავის თავზე და ვერც ვახერხებდი იმ ასაკში გასაღები მეპოვნა მისი ისტორიისკენ, ბევრი ცდით თავიც არ მომიკლავს, მიუხედავად დიდი ინტერესისა.

ცოტა ხანში, კოკა კოლას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, ყალბი ლიმონათის სახით. მეგობრის ოჯახმა ეზოში ლიმონათების ჩამოსხმა დაიწყო. თუ კი რამეში დახმარება სჭირდებოდათ ბავშვები იქვე ვიყავით და ნაირნაირი გემოს ლიმონათიც საკმაო რაოდენობით გვქონდა. სახლში წასაღებადაც გვატანდნენ ხოლმე.

მაშინ, ასეთი რამეები ძალიან მაინტერესებდა და დეტალურად ვაკვირდებოდი სხვადასხვა ფერის სიროფებს. ცუდი შთაბეჭდილება მხოლოდ დიდი აბაზანის ხილვამ დატოვა, რომელშიც ლიმონათის ცარიალი, ნახმარი ბოთლები ეყარა და წყლით იყო დაფარული. მერე ამით ვსვამთ და საშიში არ არისმემეთქი? _ ვიკითხე, დამარწმუნეს კარგად ირეცხება და რაღაც სპეციალურ სითხეს ვურევთ წყალში, რომელიც დეზინფექციას უკეთებსო.

მალე კოკა კოლას ბოთლზე ფასმა დაიწია და ამ საკითხმა ცოტა აქტუალურობა დაკარგა. მეორეს მხრივ კი როცა სხვა გზა არ იყო და ბოთლების ჩაბარება მიწევდა თუნდაც ჯიბის ფულისთვის, ორმაგად უნდა მეწველა უკვე და ორჯერ მეტი ბოთლი მომეგროვებინა. შესაბამისად, ასეთ დღეებში იქვე ვდგებოდი ხოლმე და ველოდებოდი როდის დადებდნენ ბოთლებს, რათა სხვა ბევრ მსურველს არ დაესწრო და მე ამეღო. რასაც იქ მოსული, ძირითადად მოძველბიჭო ტიპები ხედავდნენ და მიუხედავად იმისა, რომ არავისთვის არაფერი მითხოვია, ზოგჯერ ფულსაც მჩუქნიდნენ, რაზეც დავიმორცხვებოდი ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ უარს არ ვეუბნებოდი და ისინიც დიდი დაჟIნებით მაძლევდნენ.

რამდენიმე დღეში კოკა კოლის ბოთლებს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია დაუკავშირდა. სკოლაში პირველი 4-5 კლასის მერე ძალიან ავურიე, ქუჩამ და იქაურმა ისტორიებმა განაპირობეს. მთავარი უსიამოვნება რატომღაც ბოტანიკის მასწავლებელთან მქონდა ხოლმე. 50-ს მიტანებული ქალი იყო, და ჩემთვის გაუგებრად მიზანში ამომიღო.

ერთ დღეს როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, ორი თანაკლასელი მახლდა და ზუსტად უჩკუდუს სარდაფთან კოკა კოლას ბოთლები შევნიშნე. სასწრაფოდ ვსტაცე ხელი და იქცე სასადილოში ჩავარბენინე. მალევე ფულით ხელში ამოვედი, რაც ერთ-ერთ კლასელს ძალიან გაუკვირდა. არც მეორე შეხვედრია მომზადებული, მაგრამ იმისთვის უცხო არ იყო მსგავსი ამბავი. პირველი კი საკმაო ხანი გაოცებული მიყურებდა და მისმენდა სანამ ავუხსნიდი რაში იყო საქმე. მაგრამ ცოტათი მაინც გაუგებრობაში დარჩა.

მეორე დღეს ბოტანიკის გაკვეთილზე კლასელ გოგოს ველაპარაკებოდი, რომელიც მომწონდა, მასწავლებელმა რომ მიყვირა _ რა არის ისე იქცევი, თითქოს უკვე დიდი კაცი იყო, სამსახური გქონდეს და ოჯახს არჩენდეო. ეს ქალი ისედაც არ მეხატებოდა გულზე, ტყუილა რომ მერჩოდა იმიტომ და უცებ რაღაც დატრიალდა ჩემში, დიდი ამბით წამოვდექი და ომახიანად წარმოვთვქი – დიახაც, ოჯახს მე ვარჩენმეთქი. იმ მომენტში ის ქალი ვერც კი წარმოიდგენდა რაოდენ სიმართლესთან ახლოს მყოფი იყო ჩემი სიტყვები და ცხადია, ცინიკური ტონით შემეკითხა _ მართლა? საინტერესოა ერთი როგორ _ და გაიღიმა კიდეც. ამ დროს ის კლასელი წამოდგა, გაოგნებული დარჩათქო რომ გითხარით და მეორეს ხმამაღლა გადასძახა, მულტფილმებში და ფილმებში რომ არის ისე – ოო, მე მგონი ჩვენ ვიცით როგორც არჩენსო.

სიმართლე გითხრათ, მასწავლებლის სიტყვებზე, აბა ერთი ჩვენც გვითხარით რა იცითო, ნამდვილად არ მახსოვს თუ და რა უპასუხეს კლასელებმა, მაგრამ ეს იმ დროს არც იყო მთავარი. მართალია ისეთი ამაყიც აღარ ვიყავი, მაგრამ არც სირცხვილის ან სინანულის ნატამალი შემპარვია. გული კი მოვიფხანე და ამით დავკმაყოფილდი.

IV (პურის რიგები)

1990-იანი წლების დასაწყისსა და შუაში პატიოსანი ადამიანი თუ იყავი და თავზე ხელს არ იღებდი, პურის შოვნაც ჭირდა, ზოგი თავზე ხელსაც იღებდა და იმასაც კი უჭირდა თავისუფლად პურის შოვნა. სწორედ მაშინ იყო ის განთქმული ,პურის რიგები’. პურისა, რომელშიც ხან ტარაკანა შეგხვდებოდა, ხან წიწაკის ყუნწი და ათასი რამ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მთავარი საკვები მაშინ სწორეს პური გახლდათ, ჩვენი არსობისა.

პურს ქუჩის დასაწყისში შემორჩენილ გასტრონომთან ვყიდულობდით, მაგრამ დადგა პერიოდი, როცა იქ  თითქმის შეუძლებელი გახდა ყიდვა, რადგან იმხელა რიგი და ისეთი ჩხუბები იყო, რომ კაცი ქალს აღარ ინდობდა და დიდი პატარას. ჩემებს ბევრი სერიოზული ჩხუბი გადახდათ იქ.
ამის გამო, პურის მთავარმა ,ბირჟამ’ ცოტა მოშორებით გადაინაცვლა. მზიურის გვერდზე იყო ასეთი საკონდიტრო ,ფრანცია’, მის უკან კი პურის საცხობი გახლდათ მოკალათებული, სადაც იმ პერიოდში ვაკის მოსახლეობის საკმაო ნაწილი ყიდულობდა პურს.

ის საცხობი ძირითადად ღამის 2-3 საათზე უშვებდა ისე გასაყიდ პარტიას. იქაც კარგი დიდი რიგი იყო, მაგრამ პურიც მეტი იყიდებოდა და ამიტომ მცირე იყო იმის შანსი, დროულად თუ მიხვიდოდი ხელცარიელი დარჩენილიყავი. თუმცა პურის შეძენა იქაც გვარიანი ჯიკავ-ჯიკავის, ნერვების, აურზაურისა და ჩხუბის ფასად ხდებოდა. ვაი და ძალიან ბევრი გეყიდა, აგიჯანყდებოდნენ. ზოგი ათას ტყუილს იგონებდა, რათა ურიგოდ გამძვრალიყო და ერთი სიტყვით დომხალი ტრიალებდა.
მიუხედავად ამისა, უშუალოდ იმ საცხობის პურის რიგები მაინც ტკბილად მახსენდება, რადგან მთელი რიტუალი იყო იქ წასვლა, რიგში დოგმა და რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, უკანა გზაზე თბილი პურის გემრიელად ჭამა. არაფერი სჯობდა მაშინ ამას.

ჩემთვის ბევრი პლუსი ჰქონდა იმ რიგებს. მთავარი ის გახლდათ, რომ ადრე არ ვიძინებდი, რადგან სახლში მარტო არ უნდოდათ ჩემი დატოვება და ერთად მივდიოდით დარაზმულები, თან რაც მეტი წახვიდოდი მით მეტი პურის შეძენის შანსი იყო. ბავშვობიდან ჭირივით მძულდა ადრე დაძინება და როგორც გითხარით, პურის საყიდლად განკუთვნილი ღამის მსვლელობა პირველ რიგში სწორედ ამიტომ მახარებდა.

გარდა ამისა, რამდენიმე მეზობელ ოჯახთან ვიყავით შეთანხმებული, ზოგს სახლის გარდა პური სასადილოსთვის მოჰქონდა და შესაბამისად, ბევრნი მოდიოდნენ, ეს კი ნიშნავდა, რომ ძალიან ვერთობოდი, როგორც უბრალო ლაპარაკით, ასევე სხვადასხვა თამაშებით. პლუს ხანდახან ველოსიპედს ჩავიგდებდი ხოლმე ხელში და უფლებას მაძლევდნენ ველოსიპედით წავსულ-წამოვსულიყავი, რაც ასევე დიდი სიამოვნება გახლდათ, შუაღამეს, როცა მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ.

ერთადერთი ცუდი იმ ასახვევთან მიახლოვება იყო, სადაც საცხობისკენ გზა ადიოდა, რადგან არაყიშვილის ასახვევთან მუდამ რეიდს ატარებდნენ და არაერთი ნიღბიანი, ზოგი უნიღბოც, ავტომატებითა და სხვადასხვა სახის იარაღებით აღჭურვილი მამაკაცი უნდა გაგევლო, როგორც მისვლისას, ისევე წამოსვლისას.

ჩვეულებრივ გამვლელებს ისინი თითქმის არასდროს აჩერებდნენ ან რა უფლება ჰქონდათო არ იკითხოთ, რადგან მაშინ უფლებებზე საუბარი ძალიან სასაცილო იყო. სხვადასხვა დაჯგუფებების წევრები იყვნენ და თვლიდნენ, რომ წესრიგს ამყარებდნენ და ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ისინი მანქანებს ამოწმებდნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არასასიამოვნო გარემო იყო, თუ გნებავთ ცუდი აურა დაარქვით ან რაიმე სხვა. ყოველ შემთხვევაში, იქ ჩავლისას ყოველთვის შეიბოჭებოდი, ცოტა ხნით ცუდ ხასიათზე დგებოდი და რაღაც შიშნარევი პროტესტის გრძნობა გიჩნდებოდა, სულ რომ ღიმილით შეგხვედროდა ყველა იქ მდგომი შეიარაღებული ადამიანი, მაინც. ის ტერიოტია და ის რეიდები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახე იყო ყველაფერი იმისა რაც იმ დროს მთლიანად ქვეყანაში ხდებოდა.

სწორედ იქ მოჰკრა თვალი ბებიაჩემმა მისი მეგობრის ნათესავსა და ასევე მის კარგ ნაცნობს, რომელსაც ავტომატი გადაეკიდა და რეიდისას საკმაოდ აქტიურობდა კიდეც. ბებიაჩემისთვის ეს შოკი იყო, რადგან იქ მდგომი იარაღიანი ხალხი უმეტესობას არ უყვარდა, მათ მხედრიონის წევრებად მიიჩნევდნენ, მხედრიონში კი ბევრი კარგი ადამიანიც გახლდათ გაწევრიანებული, მაგრამ მერე, თუ კი ვინმე ნარკომანი, მკვლელი ან უსაქმური მოიძებნა, თითქმის ყველა ამ დაჯგუფებას შეუერთდა და ხალხის დიდ ნაწილში მხედრიონმა ცუდი სახელი მიიღო, ისე რომ არც არჩევდნენ ვინ კარგი იყო, და ვინ ცუდი. ერთი სიტყვით, როგორც ხდება ხოლმე, როცა ერთი მხარე ერთ უკიდურესობაში ვარდება, მეორე კი მეორეში…

მოკლედ, ითვლებოდა რომ რეიდს მხედრიონისა და სხვა დაჯგუფების წევრები ატარებდნენ და ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს ისინი დამნაშავეებად მიაჩნდა. მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებად მოიაზრებოდნენ. საერთოდ, რამდენიც არ უნდა მოგიყვეთ ამ თემაზე, ვინც კარგად არ შეესწრო ამ ყველაფერს, მაინც ვერაფრით გაიგებს და ვერ შეიგრძნობს იმ ყველაფერს რაც მაშინ ხდებოდა. რას ნიშნავდა ზვიადისტობა, შევარდნაძისტობა, ,პუტჩისტობა’ და ასე შემდეგ. ვინც იმდროინდელ მიტინგზე არ ყოფილა და ზოგადად მიტინგებზე, ვისაც ის რეიდები არ გაუვლია, ვისაც უბნის ,პერესტრელკაში’ ტყვიებს შორის არ გაურბენია, ვინც პოიტიკაზე აბსოლუტურად უაზრო კამათიდან ხელჩართულ ჩხუბში არ გადასულა და ასე შემდეგ. კარგად მაინც ვერ გაიაზრებს ამ ყოველივეს.

იმ ჩვენ ნაცნობს არც ნიღაბი ეკეთა და არაფერი. პირიქით, თვლიდა რომ სწორ მხარეს იდგა, სწორად იქცეოდა და ეამაყებოდა კიდეც თავისი საქციელი, მარტოც არ იყო, თანამოაზრეებიც არ აკლდა. ბებიაჩემმა კი სულ არაკაცი ეძახა და გამოლანძღა, ამის გამო, სერიოზული ჩხუბი მოუვიდა იმ მეგობრის ოჯახთან და საკმაო ხანი მათთან ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდა, რადგან ისინი სულ სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე იყვნენ, მაშინ კი პოლიტიკა ნომერ პირველი თემა იყო, და ან ვინმეს მეგობარი იყავი ან მტერი, განსხვავებულ აზრის მქონე ხალხი, ვერანაირად ვერ იქნებოდა ერთად. აი იმ კაცისთვის კი, რომელიც რეიდზე იყო, აღარასოდეს გაუცია ხმა.

ერთ დღეს, როცა ღამე პურზე უნდა წავსულიყავით, სახლიდან ნაადრევად გავედით და ასევე აქტიური ზვიადისტების სახლს მივაშურეთ, რომლებიც იქვე, აბაშიძეზე ან თუ გნებავთ ბარნოვზე ცხოვრობდნენ. ორი მეგობარი ლექტორი კაცი, მათი მეზობელი და ბებიაჩემის მეგობარი უკეთილესი ქალბატონი და ჩვენ, აი ასეთი იყო შემადგენლობა. სანამ უფროსები ჩემთვის მაინცდამაინც საინტერესო თემებზე არ ლაპარაკობდნენ ანუ მათი საუბარი ძირითადად პოლიტიკაზე იყო, რაც იმ პერიოდში დიდად არ მიზიდავდა, სხვა გასართობების ძებნა დავიწყე.

სახლი საკმაოდ დიდი და მოვლილი გახლდათ. თუმცა ყველა ოთახში შესვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ როცა აურზაურით სხვები შევაწუხე გვერდზე ოთახებში გასვლის ნება დამრთეს და პირობა ჩამომართვეს, რომ არაფერს გავაფუჭებდი.

ჩემი რეიდი სამზარეულოთი დაიწყო, სადაც მაშინ პოპულარულ კუსტარულ ღუმელს წავეთამაშე. მერე სასტუმრო ოთახში შევედი და დიდ ხალიჩაზე სხვადასხვა ილეთები ვაკეთე. როცა დავიღალე და ესეც მომბეზრდა, პატარა, კაბინეტის მაგვარ ოთახს მივაშურე. იქ წიგნები, სამუშაო მაგიდა და სხვადასხვა ნივთები იყო მოთავსებული. ძირითადად სულ ჩაბნელებული გახლდათ და გვერდზე ოთახიდან გამოსული სინათლე თუ ეცემოდა.

სამუშაოდ სხვა კაბინეტიც ჰქონდათ, ამიტომ ამ პატარა ოთახში ყოველთვის ისეთი წესრიგი იყო მუზეუმში გამოსაფენად გამზადებული მოგეჩვენებოდათ ყველაფერი. მეც იქაურობის თვალიერება არ მბეზრდებოდა და თან მაგიდაზე ყოველთვის მელოდებოდა რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა. ეს გახლდათ ლამაზ ქაღალდში გახვეული შაქრის ნატეხი…

შაქარზე მეტად ცოტა რამ მიყვარდა ბავშვობაში. თან ტკბილეულით არეულობის წლებში განებივრებული ვეღარ ვიყავი და შაქარი იყო ჩემთვის მთავარი სიტკბოს წყარო. ხან კოვზზე ვყრიდი და ცეცხლზე ვწვადი, ხან კი სხვადასხვა ფხვნილებს მოყოლილ სპეციალურ ძირში გახვრეტილ კოვზში ვყრიდი, ის კოვზები შაქარს არ ფანტავდა, მაგრამ სამაგიეროდ, წყალს რომ დაასხამდი და ქვემოდან გამოწრუპავდი, ტკბილი წყალი თავისუფლად გამოდიოდა, მერე კი დასველებულ შაქარსაც მიაყოლებდი და ერთი სიამოვნება გახდლათ მოკლედ, ოსტატი ვიყავი ამ საქმეში.

პრობლემა იმაში იყო, რომ არც შაქარი მქონდა თავისუფლად, რადგან როგორც ყველაფერზე, ცხადია, შაქარზეც ეკონომია კეთდებოდა მაშინ და ზოგჯერ სულ არ გვქონდა. ამიტომ იშვიათად და ძირითადად უჩუმრად თუ ჩავიგდებდი ხელში, უფროსწორად კოვზში, შაქარს. აი იმ მაგიდაზე კი თითქმის სულ მელოდა შაქრის ნატეხი, თან ნატეხები კიდევ უფრო მიყვარდა. სულ სხვა გექმო ჰქონდა შაქრის ნატეხს რომ ჩაიდებდი და აკნატუნებდი, უფრო გემრიელიც იყო, და უფრო სასიამოვნოც, ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენებოდა. გარდა ამისა, ის ნატეხი უცხოური წარმოების გახლდათ და სულ ლამაზ ქაღალდში გახვეული მხვდებოდა.

არც დამიმალავს რამდენჯერმე მაგიდიდან რომ ავიღე ის ნატეხი და ერთხელ ბებიაჩემს ვუთხარი. მეჩხუბა ძალიან და მეტი არ ქნაო მითხრა. გავიგე რომ სპეციალური დანიშნულება ჰქონია იმ ნატეხს, ერთ-ერთი მასპინძელი დიაბეტით ყოფილა დაავადებული და უცებ ცუდად რომ გამხდარიყო შაქრის ნატეხს იქვე ინახავდნენ.

დიაბეტის არსსა და იმ ნატეხის მნიშვნელობას ბოლომდე ცხადია ვერ ვიაზრებდი, თან მრავალი კითხვის დასმის შემდეგ დავადგინე, რომ ძია კარლო ცუდად რომ გამხდარიყო ნებისმიერი შაქრის ნატეხი ან კოვზი შეუმსუბუქებდა მდგომარეობას და ჩემთვის გადავწყვიტე, რომ უშუალოდ იმ მაგიდაზე მოთავსებული ნატეხი, არც ისე მნიშვნელოვანი იყო, და ხანდახან შემეძლო შემეჭამა კიდეც.

ასე მოხდა იმ დღესაც, ისე მიმზიდველად იდო ლამაზ წითელ შეფუთვაში, რომ თავი ვერ ევიკავე და პირში ვიტაცე. მოდით ამ პატარა ცელქობას ქურდობას ნუ დავარქმევთ, რადგან არ ჰქვია… იქვე, თაროზე, ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა ნივთმა მიიქცია. არ ვიცი იქამდე რატომ არ მიმიზიდა, მაგრამ ამჯერად ძალიან მომეწონა მინიატურული ზარი, რომლით გართობაც გადავწყვიტე. ვერცხლისფერი ზარი იყო და მშვენიერ ხმასაც უშვებდა. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკაზე საუბრის მოსმენით ყურების ამოვსებას იმ ზარის ჟღარუნი ნამდვილად მერჩივნა და გვერდზე ოთახშიც შევბრუნდი.

დიდ ხალიჩაზე კიდევ ბევრი ვიკოტრიალე, ზარით სხვადასხვა გასართიობი მოვიგონე, მაგრამ როცა ფანტაზია ამომეწურა, ჟღარუნის ხმა მომბეზრდა და დავიღალე, ის ზარი ჯიბეში ჩავიდე და აქეთ გამოვედი სახლში წასვლის მოთხოვნით.

მართლაც მალე წავედით და ცოტა ხანში ჯიბეში ხელი რომ ჩავიდე და ხელში რაღაც მომხვა უცებვე მივხვდი ზარი გამომყვა. ჯერ კიდევ ახლოს ვიყავით და შემეძლო უკან გავქცეულიყავი, მაგრამ  ცოტა ხანი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ამ ზარის დაბრუნება ბევრს არაფერს შეცვლიდა, თან თაროზე სხვა სხვადასხვა ზომის ზარებიც იდო და ეს ერთი მეც რომ დამრჩენოდა ამით არაფერი დაშავდებოდა. აი სწორედ იქ ჩავიდინე ფიქრში ქურდობა, თორემ ზარი ნამდვილად შემთხვევით გამომყვა და ვინ იცის, მერე მომბეზრებოდა და დამებრუნებინა, მაგრამ ფაქტია აზრით კი ვიქურდე.

ზარი არხეინად ამოვიღე და გზაშივე ავაჟღარუნე. ბებიას კითხვაზე თუ საიდან მქონდა, რაღაც აბსურდული ტყუილი მოვიგონე, მაგრამ ცხადია ამან არ გაჭრა. ერთი რომ მიხვდა ყველაფერს და პლუს ზარიც იცნო. ამის გამო მომხვდა და თან შევთანხმდით, რომ ჩემი ხელით დავაბრუნებდი თავის ადგილას.

როგორც გაირკვა, ზარი სულაც არ იყო უბრალო. მეორე დღეს ბებიაჩემის მეგობრების სახლში სინდისის ზარი გაისმა, ბებიამ ტელეფონით აუხსნა, რომ მე შემთხვევით გამომყვა პატარა ზარი და თუ აღმოაჩენენ რომ ადგილზე არ დევს არ ინერვულონ. არ ვიცი იმათმა რა იფიქრეს და რამდენად დაიჯერეს რომ მართლა შემთხვევით წამოვიღე, მაგრამ საყვედური არავის უთქვამს და არც დამოკიდებულება შეუცვლიათ ჩემს მიმართ, როგორც ადრე მექცეოდნენ, ისევე მეპყრობოდნენ ამის მერეც. საერთოდ იმ სახლში ბევრი კარგი დრო მაქვს ნატარები და არაერთი სახალისო თუ საინტერსო ისტორია გადამხდენია, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიებია, მე კი ამჯერად ჩემი მეორე ქურდობის ამბავი მოგიყევით.

V (პოლიციელის კომპლექტი)

დრო გადიოდა პოლიციელის აღჭურვილობის შეძენას კი ისევ ვერ ვახერხებდი და ძალიან მაღიზიანებდა ეს. საინტერესო ის გახლდათ, რომ შესაძლოა თავად კომპლექტი იმდენად აღარ მინდოდა, მაგრამ პრინციპის საქმე იყო, მაშინ ალბათ ამას ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ნამდვილად ასე იყო.

ძალიან მინდოდა ეს ამოჩემება ამესრულებინა საკუთარი თავისთვის და უკვე მართლა ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ერთ დილას ვიღაცის მანქანის გაწმენდაც გადავწყვიტე, ფულს მომცემს და ვიყიდი ბოლო ბოლო იმ კომპლექტსთქო. თან საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული ჯიბის ფული აღარ მქონია და მეგობრებთან ერთად გვინდოდა გართობა.

ქვეყანაში და უშუალოდ ჩემს ქუჩაზეც ბევრი მათხოვარი იყო, და მათ შორის ერთი არაქართული წარმოშობის ბიჭიც გახლდათ, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო მანქანების შუშების ვითომდა გაწმენდის საქმეში. დაიჭერდა ჭუჭყიან ტილოს და უსვამდა შუშებს, ვითომ წმენდდა და ფულს ელოდებოდა. ზოგიერთო მოძველბიჭო ელემენტი წინასწარ შეეხვეწებოდა, ოღონდ მანქანა არ დამისვარო და არ მიეკარო და ისე მოგცემ ფულსო.

ასე იყო თუ ისე, ეს ბიჭი საკმაო ფულს შოულობდა და გადავწყვიტეთ მიგვებაძა. სულ რაღაც ერთი-ორჯერ სანამ კომპლექტისა და ცოტა სახარჯ ფულს მოვაგროვებდი.

სახლში ვიპოვე ძველი ტილოს ნაგლეჯი, ჩუმად გამოვიხურე კარი და ერთ-ერთ საჰამბურგეროსთან მივედი. ძალიან ადრე იყო, მაგრამ ერთი მანქნა უკვე მოსული გახლდათ და პატრონი ქვემოთ შეკვეთას აძლევდა. ამასობაში, მე მანქანასთან მივედი და ჩემი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი 2 წუთი გავატარე.

ჯერ ერთი რომ არ ვიცოდი როგორ უნდა გამეწმინდა მანქანა. მერე მეორე, საშინლად მრცხვენოდა იმის რასაც ვაკეთებდი. თან მეშინოდა ვინმე ნაცნობმა არ დამინახოსთქო, არადა გარშემო სულ ნაცნობები იყვნენ. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, ჩემებს რომ გამოეხედათ შემთხვევით. რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ფანჯრის გამოღების ხმა გავიგე და შიშისგან მუცელში ისე გამკრა რაღაცამ ეს გრძნობა დიდი ხანი ვეღარ მოვიშორე. ჩემი აივნისა და ფანჯრებისკენ გავიხედე და იქ სიწყნარე იყო, თითქოს ნაცნობიც არავინ იხედებოდა. ხელები და ის ტილო ზურგს უკან მოვაქციე, მანქანის შუშას მივეყუდე და ასე ვეხახუნებოდი, რომ ჩემს ჭკუაში ვერავის დაენახა.

მანქანის პატრონი დაახლოებით ერთი წუთი კიდევ ქვემოთ იყო და ამ მტანჯველი პროცესი დიდი ნაწილი ვერ ნახა. მე კი ასე ხახუნით ცოტა მტვერი კი მოვაშორე იმ საკმაოდ ჭუჭყიანი ავტომობილის შუშებს და კიბეებზე ამოსულ პატრონსაც შევეგებე. ცხელი ხაჭაპური და კოკა კოლა ეჭირა ხელში, იქაური ხაჭაპურის სუნი ძალიან მიყვარდა და მომშივდა კიდეც. თუმცა იმ კაცს რომ შევხედე აქეთ შემეცოდა, ისეთი სახე მიიღო, მივხვდი ფულის მომცემი არ იყო. რაღაც ჩაიბურდღუნა _ დიდი ბოდიში ბიჭი, ამ წუთას დავხარჯე ბოლო ფოლიო _ თუ რაღაც ასეთი და მართლა ისეთი შეწუხებული სახე მიიღო, რომ დავიჯერე და წამითაც არ გავბრაზებულვარ. პირიქით, რატომრაც გავხალისდი და დაძაბულობაც მომეხსნა. ტილო იქვე ნაგვისყუთში ჩავაგდე და მეტჯერ მსგავსი იდეა აღარასდროს მომსვლია თავში.

იმ დღესვე არანაკლები გმირობა ჩავიდინეთ, მაგრამ ნახევრად ხურმობით. საერთოდ, უცნაური დღე იყო, რაღაც აღზნებულები ვიყავით, მაშინ ხშირად დგებოდა ასეთი არეული დღეები, დროც ასეთი იყო.

ძალიან მოგვინდა ნაყინი და ფულის შოვნის ყველანაირი იმედი რომ გადაგვეწურა, გადავწყვიტეთ ცოტა ხანი გვემათხოვრა, მაგრამ ამაზე სიცილ-სიცილით შევთანხმდით და მერე, უკან დახევა ყველას გვეხამუშა. ამიტომ, მართლაც ავედით ტაბიძის ძეგლთან და იქვე გადავწყვიტეთ მათხოვრობა დაგვეწყო. ოღონდ, ამას ისე ვაკეთებდით ხალხს უფრო გაეცინებოდა ჩვენზე, ვიდრე შევეცოდებოდით.

სამ ნაწილად ვიყავი დაგრეხილი, თავი მუხლებში მქონდა ჩარგული, ერთი ხელი თავზე შემოხვეული, რომ სახე არ გამომჩენოდა, თან მეცინებოდა და მეორე ხელი გაშვერილი მქონდა ხურდის მოლოდინში. დაახლოებით ასეთ პოზაში იყვნენ სხვებიც და პერიოდულად ისტერიული სიცილი გვიტყდებოდა. თან სირცხვილისგან ჭარხალივით წითლები ვიყავით. ბუნებრივია, არავის არაფერი მოუცია და ერთ 10 წუთში მივხვდით ცუდი იდეა იყო, და შევეშვით.

გართობის, ნაწყინის, შოკოლადის, ,ჟუვაჩკების’, კოკა კოლასა და ცხელი ხაჭაპურის სურვილი გვკლავდა. ფული ვერ ვიშოვეთ და გავბოროტდით…

ტაბიძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელთან ერთი ჯიხური იდგა, ეგრეთ წოდებული ,ბუტკა’. მაშინ, ,ბუტკები’ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, ძალიან ბევრი ხსნიდა და ამ ჯიხურებით აჭრელებული იყო ქალაქი.

იმ ჯიხურში მჯდომი გამყიდველი ქალი ძალიან არ გვიყვარდა, რადგან ცუდად იყო ჩვენს მიმართ განწყობილი. მავნებლებს და ბოროტებს გვეძახდა. არც ,ნისიად’ გვაძლევდა რამეს, რადგან იცოდა არ მივუტანდით და ჩვენი მშობლები ეჩხუბებოდნენ. მოკლედ, ცუდი ურთიერთობა გვქონდა იმ ქალთან და ხშირად ვაწვალებდით.

მივედით და საღეჭი რეზინები ვთხოვეთ, რაც ყველაზე იაფი ღირდა. ფულს ხვალ მოგიტანთთქო ვუთხარით, მაგრამ იუარა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იმ დღესაც გაგვემწარებინა და ჩვეულ საქმიანობას შევუდექით.

ჯიხურებს მაშინ წინიდან ბევრი რამ ჰქონდა ჩამოკიდებული, სხვადასხვა საჭმელი თუ სასმელი, მაგრამ სულ რომ არაფერი ჰქონოდათ გარეთ გამოკიდებული, ყველა ჯიხურს ჰქონდა გარედან სიგარეტის ცარიელი ყუთები ან ბლოკები მიკრული, რაც თავისთავად რეკლამას წარმოადგენდა და თან ბევრ გახუნებულ და დაჟანგულ ჯიხურს ფუთავდა. ასეთი იყო ეს ჯიხურიც. ჰოდა ჩვენც ჩაცუცქულები მივიპარებოდით, და ვხსნიდით ამ ,კარდონებს’, თავს წამოვყოფდით და ღია ფანჯარაში შევუყრიდით ხოლმე ამ ქალს.

ასე მოვიქეცით იმ დღესაც. მინიმუმ ერთი ათჯერ გავაკეთეთ ერთი და იგივე. შევყრიდით, გავიქცეოდით, ცოტა ხანში ის ქალი გამოვიდოდა, ხელახლა მიაკრავდა, ჩვენ ისევ მივეპარებოდით, ჩამოვხსნიდით, შევყრიდით და ასე შემდეგ…

ქალი იმდენად მიჩვეული იყო, რომ ზოგჯერ დაგვინახავდა და წინასწარ წამოდგებოდა ხოლმე და ხელებს გვახვედრებდა პატარა ფანჯარასთან, თან მოგვაწყევლიდა ხოლმე და ხან რითი გვემუქრებოდა და ხან რითი. გარეთ კი სანამ არ მოვცილდებოდით არ გამოდიოდა, ალბათ ეშინოდა.

რამდენიმე საათი რომ გავიდა ამ ჭიდაობაში, დავიღალეთ, თან ჯიხურის გამყიდველი დაგვემუქრა, ახლავე წამოვალ თქვენს მშობლებთან და მილიციასაც გამოვუძახებო, ძალიან გაბრაზებული ჩანდა და შეგვეშინდა, მართლა მილიციისთვის არ დაერეკა, ამიტომ მოვეშვით და ქუჩაზე დავბრუნდით, სადაც პატარა სიურპრიზი გველოდა.

ორი საჰამბურგერო ერთმანეთის გვერდზე იყო გახსნილი. ერთის უფროსებს და გამყიდველს კარგად არ ვიცნობდით. მეორისას კი პირიქით. ამ მეორე საჰამბურგეროს გამყიდველები ზოგჯერ ჰამბურგერზე მპატიჟებდნენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემთან და ჩემებსაც პატივს სცემდნენ. თუმცა ბავშვებს უმეტეს წილად, ასე ვთქვათ, გაუსაღებელი საქონლით გვიმასპინძლდებოდნენ. თუმცა ჩვენთვის ესეც ზეიმი გახლდათ, ძველისა იმ საჭმელს არაფერი ეტყობოდა ხოლმე და სიამოვნებით მივირთმევდით. განსაკუთრებით ვნატრულობდით, რომ ბევრი ნამცხვარი არ გაჰყიდვოდათ ხოლმე და ჩვენთვისაც დარჩენილიყო.

იმ დღეს ეკლერები ჰქონდათ დარჩენილი, თან ბლომად მოგვცეს, რადგან ცოტა სიმჟავე ჰქონდა შეპარული. სიამოვნებით შევჭამეთ, პირადად მე ეკლერი ძალიან მიყვარდა. ცოტა დაგვრჩა კიდეც და უცნაურად გამოვიყენეთ… როგორც გითხარით, უშნოდ ატეხილები და იმ ეკლერებივით აჭრილები ვიყავით იმ დღეს… ჰოდა მორიგი ბოროტული ,გმირობა’ ჩავიდინეთ. როცა უჩკუდუ გამოვიდა თავისი სარდაფიდან ბურდღუნით, ამან გაგვაღიზიანა და შორიდან დავუშინეთ ეს ნამცხვრები. გვალნძა და გვლანძღა საწყალმა, არც ჩვენ დავაკელით და მას მერე რაც ერთი ნასროლი ეკლერი იმავე საჰამბურგეროს შესასვლელში შევარდა, სწრაფად გავიქეცით ეზოში.

ასეთი არეული დღე თუ კარგად დასრულდებოდა ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ არასდროს იცი რა გელოდება და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ეს ყველაზე კარგად ვისწავლე იმ წლებში. სახლში ასულმა გავარკვიე, რომ ბაბუაჩემმა შემოიარა და რაღაც ფული დაგვიტოვა, თან ბებიაჩემს მორიგი ნივთი გაეყიდა და გადაწყდა _ პოლიციელის კომპლექტს მჩუქნიდნენ _ უბედნიერესი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა მეორე დღე.

თითქმის მთელი ღამე თეთრად გავათენე, რადგან ნერვიულობისა და მოლოდინისგან არ მეძინებოდა. წესიერად გათენებულიც არ იყო ჩემები რომ გავაღვიძე და ბაზარში წავედით, სადაც უნდა გვეყიდა კიდეც ის კომპლექტი. ფაქტობრივად პირველივე ვაყიდინე სადაც შეგვხვდა. ვიცოდი უფრო უკეთესებიც და უფრო ძვირიანებიც არსებობდა, მაგრამ ვეღარ ვითმენდი და ისეთიც მაკმაყოფილებდა. აღჭურვილობაში შედიოდა: შერიფის ნიშანი, დანა, ბორკილები თავისი პატარა გასაღებით, პისტოლეტი და ხელჯოხი.

უახლოესი დღეების მანძილზე დამავიწყდა ყველა სხვა სათამაშო რაც მქონდა, ყველა გასართობი და ყველა თამაში. მხოლოდ ამ კომპლექტით ვიყავი გატაცებული და ყველაზე მეტად ბორკილებით ვერთობოდი. ხან დედაჩემს შევუკრავდი ხელებს, ხან ბებიაჩემს, ხან მეგობრებს, ხანაც საკუთარ თავს მივიჯაჭვავდი კარზე, სკამზე, ან ძველ რადიატორზე.

ეზოში უფრო დიდი პოპულარობით დანა და პისტოლეტი სარგებლობდა. სულ სხვა ეშხი ჰქონდა ომობანას იმ პისტოელტით. სწორედ ამ კომპლექტის წყალობით გავიგე პირველად სიტყვა ,დამიადე’-ს შესახებ.

ერთი ბიჭი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, ცოტა მოშორებით ცხოვრობდა და შედარებით უფროსი იყო. იმან მკითხა ამ პისტოლეტს ვერ დამიადებო? რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, ცუდი ვერაფერი დავინახე და კიმეთქი ვუთხარი. თუმცა ცოტა ხანში პისტოლეტი რომ აიღო და წავიდა, გავეკიდე რას აკეთებმეთქი. ხომ მითხრი დაგიადეო? – მკითხა. პირდაპირ ვუითხარი კი დაგიადე, მაგრამ ვერ გაჩუქებმეთქი. გაეცინა, აბა რაღას მეუბნებოდი, დაგიადებ ეგ იგივე ჩუქებააო, დამიბრუნა და წავიდა.

როგორც ხდება ხოლმე, საწყისმა ეიფორიამ მალე ჩაიარა და მეც მომბეზრდა ამ კომპლექტით თამაში. თუმცა მთლად ადვილად მაინც ვერ გადავიტანე ის ამბავი, როცა ერთ დღეს სახლში ასულს აბსულუტურად ყველაფერი, პისტოლეტის გარდა, პატარ-პატარა ნაკუწებად დამხვდა ქცეული. ამ კომპლექტს კარადის თავზე ვინახავდი, მაგრამ დედაჩემის დაქალის პატარა შვილს, მაინც მოუხერხებია იქ აძრომა და ლამაზ ნაკუწებად დაუტეხავს თითქმის ყველაფერი. ყველაზე მეტად ბორკილებზე დამწყდა გული და წამიერად ცრემლი მომადგა, ერთი პირობა იმ ბავშვის მწარედ გალახვა მომინდა, თან რომ გამახსენდა, რამდენი ხანი ველოდე ამ აღჭურვილობას და რამდენი რამე გადამხდა თავს ამის გამო. თუმცა მერე გადამიარა და მეორე დღეს წესიერად არც მახსოვდა ეს ყველაფერი. მაშინ, უკვე ნამდვილი დანებითა და მსგავსი სათამაშოებით ვიყავი გატაცებული, რაც ეზოში ცოტა არ იყო, და ნელნელა მაზიარებდნენ.

VI (სიგარეტი, სასმელი და სექსი)

დედაჩემს ბიოდენები ჰქონდა და მეუბნებოდნენ შენც გაქვსო. რაღაცეებში მართლაც მტკიცდებოდა რომ მქონდა. თანაც კოვზებსა და ჩანგლებს ვიკრავდი ხელზე. თუმცა დედაჩემი რაღაც პერიოდი უფრო გატაცებული იყო ამ ამბით და რამდენიმე მეგობარიც ჰყავდა ამ წრიდან. ერთი ხანობა, რაღაც კლინიკის მაგვარიც ჰქონდათ.

სწორედ ამ სფეროს თანამშრომლებმა შეკრება გადაწყვიტეს და შეხვედრის ადგილად ჩვენი სახლი აირჩიეს, ყველასათვის მეტ-ნაკლებად მისაღები მდებარეობისა და შედარებით დიდი ფართის გამო.

საღამოს ყველა სტუმარმა ერთდროულად გადაწყვიტა წასვლა და ჩემებიც გასაცილებლად წამოიშალნენ. მე კი სასტუმრო ოთახში შევიპარე და მაგიდას დავესხი თავს. მთავარი სამიზნე, კონიაკის ბოთლი იყო. უკვე ის პერიოდი მედგა, სასმელის გასინჯვა ძალიან რომ მინდოდა. კარგი, ერთი ორი ,რიუმკა’ კონიაკი დაეტოვებინათ, ხელი ვსტაცე და ლოჯში გავედი, ფარადს ამოვეფარე, თითქოს ვინმე მომსდევდა, ღრმად ჩავისუნთე და გადავკარი… მახსოვს, როგორ მეწვოდა ცოტა ხნით შიგნიდან ყველაფერი, როგორ ვყარე ნაპერწკლები თვალებიდან და როგორ ვიჯღანებოდი. თუმცა რამდენიმე წამის მერე, მივხვდი, რომ მაინც მომეწონა ეს უცნაური სითხე და დამალევინეთ ხოლმეთქო ვითხოვე. ისე ეცინებოდათ, წესიერად ვერც გამიბრაზდნენ, მთვრალი ხარ და დაიძინეო მითხრეს.

შესაძლოა იმ მოგონებისა და დადებითი ეფექტის გამო შემიყვარდა მოგვიანებით სასმელი და კონიაკი ჩემს ყველაზე საყვარელ სასმელად იქცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინ, სიგარეტი ბევრად უფრო მიტაცებდა ვიდრე სასმელი.

სიგარეტის მოწევა კარგ ტონად ითვლებოდა და ოდნავ რომ წამოიზრდებოდი, უკვე სავალდებულოც იყო, ამით ხაზს უსვამდი, რომ კაცი იყავი. თან უფროსები პათოლოგიურად გიკრძალავდნენ და აკრძალული ხილისადმი ყოველთვუს დიდი ინტერესია. ზოგჯერ უფოსების ზედმეტი სიმკაცრე დამღუპველიც კი არის, რადგან ჯინაზე შეიძლება მართლა რამე ცუდს მიეჩვიო.

მიმზიდველი გახლდათ ისიც, როცა სხვას უყურებდი როგორ ,კერავდა როჟებს’ და ნერვიულად ექაჩებოდა სიგარეტს, ძალიან გინდებოდა შენც იგივეს გამეორება და საკუთარ თავს წარმოიდგენდი, საკუთარი მიმიკებითა და წიკებით.

ერთ დღეს კიდევ ერთი ჩვეული გასართობით ვიყავით დაკავებული, კერძოდ წინა სადარბაზოში ლიფტს ვჭედავდით შუა სართულზე, ვაღებდით კაბინას და იქიდან ვხტებოდით. სინათლე რატომღაც უჩვეულოდ ადრე მოვიდა და დროის დაკარგვა არ გვსურდა. ლიფტების ყველაფერი ვიცოდით მაშინ, თვალდახუჭულებს შეგვეძლო გაღება.

ვერც ვიაზრებდით, რამდენი საფრთხე გვემუქრებოდა ამ უაზრო გართობის ჟამს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ცუდად დახტომა, ფეხის დაცდენა და პირდაპირ შახტაში ეშვებოდი. თუმცა ამას ვინ აქცევდა ყურადღებას. არც სახლის გაბრაზებული მაცხოვრებლების საყვედურებსა და მუქარებს ვიღებდით ყურად.

მორიგი რეისის დასრულების შემდეგ, როცა პირველ სართულზე დავეშვით. იქ ერთი ,პატარა ყოჩი’ ბიჭი დამხვდა, რომელზეც ქვემოთ კიდევ გიამბობთ. პირდაპირ მითხრა, მოდი უნდა მოგაწევინოო. შემოთავაზებაზე უარი არ ვთქვი და იქვე მომიკიდა სიგარეტზე. მყისვე ხველება ამიტყდა, იმან კი სიცილი ატეხა. თუმცა ნელნელა შევეგუე და ასტრას ღერის ბოლოს უკვე აღარც მახველებდა. ასეთ ადრეულ ასაკში მოვწიე პირველი ღერი და იმავე დღეს კიდევ ორი მივაყოლე.

ლიფტს მალე მოვციდლდით, რადგან სინათლე როგორ მოულოდნელადაც მოვიდა, ისევე მალე წავიდა. თან იმ მიზეზით, რომ ჩვენი ტრანსფორმატორი გადაიწვა. ეს სიტყვა მაშინ ყველას გვეზიზღებოდა. ისევე როგორც ტერმინი ,ფაზის დაკარგვა’, რადგან ეს ყველაფერი ხშირად ხდებოდა და ისედაც უსინათლო პერიოდს კიდევ უფრო უკუნეთს ხდიდა.

საკუთარი პატარა სადგურის ტრანსფორმატორის ფული თავად ხალხს უნდა აეგროვებინა მაშინ, რადგან სხვა მიმხედავი არავინ იყო, და იწყებოდა სიარული კარდაკარ, ფულის ასაგროვებლად.

იმ წუთას ეს ნაკლებად მაწუხებდა, რადგან მხოლოდ ჩემი სიგარეტის მოწევის ახლადდაწყებულ კარიერაზე ვფიქრობდი. ამ ამბის სახარებლად, ერთ ოჯახში გავიქეცი, რომელთანაც რაღაც პერიოდი საკმაოდ ვახლობლობდი. ოთხი დანი იყვნენ, აქედან უმცროსები 12 და 13 წლისები და მათთან ვმეგობრობდი. ხშირად ვერთობოდით ერთად და უმცროსი მომწონდა კიდეც. საერთოდ, იმ ოჯახში კარგ დროს ვატარებდი. ვიდეომაგნიტოფონი და ვიდეოკამერა ჰქონდათ და ეს დიდი ამბავი იყო მაშინ. ათას რამეს ვიგონებდით.

იქ მისულს მეორე დის ასაკით უფროსი შეყვარებული და ეს უმცროსი და დამხვდნენ. ეს გოგო ძალიან აქტიური ბავშვი იყო, და ცნობისმოყვარეც. იმენად ცნობისმოყვარე, რომ იმ დღეს მისი დის შეყვარებულს პირდაპირ უთხრა _ აბა შენი ჭუჭუ მაჩვენე, რამხელა გაქვს ასეთიო. დიდი შოკი არ მიმიღია, რადგან მსგავსი რამ იქამდე უკვე გადამხდა. ერთმა მეზობელმა გოგონამ, დაახლოებით იგივე წინადადება მითხრა და არამარტო მაჩვენებინა, შეეხო კიდეც… იმ პერიოდში, თითქოს ასეთი არანორმალური, მაგრამ რეალურად უწყინარი და ბავშვური სექსუალური ონავრობები ხდებოდა ხოლმე და ვინძლო, არამარტო იმ პერიოდში.

მიუხედავად ჩემი ამ საქმში ,გამოცდილებისა’, მაინც შევცბი. ასეთ რამეს არ ველოდი. მე ოთახიდან გამიძახეს და იმ ბიჭმაც, არაფერი დამალა. წამებშივე დამიძახეს. გოგო ჩემზე გაწითლებული და შერცხვენილი იყო, თან ეცინებოდა, ისევე როგორც ბიჭს. დიდ ხანს აღარ მიფიქრია ამ საკითხე, პირდაპირ ჩემი ახალი ამბავის შესახებ მოვყევი და მართალია, დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია ამას, მაგრამ არც დაუწუნებიათ საქციელი. ერთი კი მითხრეს, ხომ იცი, ბებიაშენმა რომ გაიგოს მოგკლავსო.

პირველად მაშინ გავიფიქრე მართლაც რა მოხდებოდა ბებიაჩემს რომ გაეგო და ეს აზრები არ მომეწონა. ამიტომ, მალე გავფანტე და სიგარეტი მოვითხოვე. მხოლოდ ,80’ აღმოაჩნდათ. 80 სახელიდან გამომდინარეც მიანიშნებდა, რომ ჩვეულებრივზე უფრო გრძელი სიგარეტი იყო. თანაც მყრალი და უფილტრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლომდე მოვწიე და ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ აშკარად გამაბრუა, ცოტა გულისრეის შეგრძნებაც მქონდა და საუკეთესო გამოსავლას დაწოლაში მივაგენი. დაახლოებით 2 საათი მძინებია, იმ 80-თ გაბრუებულს. ამასობაში, ბებიაჩემიც მოსულა და კი უეჭვია რაღაც, რა დაემართაო უკითხავს. თუმცა როგორც იმ გოგომ მითხრა, კარგად ,დაუბოლებიათ’ მთელი დღე ფეხბურთს თამაშობდა, ძალიან დაიღალა და დაწვაო.

ამიერიდან ჩუმ-ჩუმად ვეწეოდი. ძირითადად ასტრას, რადგან სიახლოვეს, როგორც წესი, მხოლოდ მასზე მიმიწვდებოდა ხოლმე ხელი. ერთხელ როცა ეჭვი აიღეს, სახლში ფანჯარასთანაც აღარ ვეწეოდი, აივანზე გავიპარებოდი ხოლმე და იქ ვაბოლებდი. სიგარეტსაც ასანთითურთ აგურებში ვმალავდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა გახლდათ, რადგან ჭორიკნები იმაზე მეტი იყვნენ, ვიდრე მეგონა. თან ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს, როცა კარგი საქმის გაკეთება სურდათ. გაირკვა, რომ ვიღაცამ, ვისი ვინაობაც ვერაფრით გავიგე მერე, ჩემებს დაურეკა და მოახსენა თუ რას ვსაქმიანობდი ხოლმე აივანზე. ეს უკვე მეტისმეტი იყო ბებიაჩემისთვის და ასე გავილახე ქამრით. ის დღე ისე მწარედ მახსოვს, რომ სიგარეტის მოწევა რაღაც პერიოდი მართლაც შევწყვიტე, სხვებს ვატყუებდი მახველებს და სანამ არ მოვრჩები არ შეიძლებათქო.

ახლო მომავალში, როცა უმცროსი და 13-ს გახდა, ხოლო მეორე 14-ს, ორივე მათგანი გათხოვდა. თუ უფროსის გაქცევა პროგნოზირებადი იყო, რადგან დიდი ხანი ჰყავდა შეყვარებული, უმცროსის გათხოვებას ცოტა თუ ელოდა.

VII (ნეკროლოგები)

როგორც გითხარით, ჩემი სახლის პირდაპირ ორი საჰამბურგერო იყო. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, გვერდზე მესამის გახსნაც გადაწყვიტეს. მაშინ ნებისმიერი სახის სასადილოს, პირველ რიგში ჰამბურგერს აწერდნენ და საჰამბურგეროდ მოიხსენიებდნენ, რადგან უცხოურად ჟღერდა და ხალხზე ჭრიდა. ჰამბურგერების ნამდვილი ბუმი გახლდათ ქალაქში.

სხვათა შორის, იმ ახალ საჰამბურგეროს ქუჩაში ნაპოვნი ფულით ნაყიდი ,კურტკა’ შეეწირა. იმ პერიოდში ძირითადად სულ სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი მეცვა, რაც ზომაში მომდიოდა ხოლმე, მაშინ ბევრი იყო ასე. ერთი ქურთუკი კი ქუჩაში ჩემს მიერ ნაპოვნი ფულით მიყიდეს(გრძელი ისოტიაა), მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ვერ შევნიშნე რომ ახალი საჰამბურგეროს კედლები გადაღებვის მერე ჯერ არ გამშრალიყო და ის ,კურტკა’ მოვსპე. ჩემებს ძალიან გული დაწყდათ, თან გაბრაზდნენ, თან იტირეს, მაგრამ მალევე დამშვიდნენ, რა გაეწყობოდა.

ახალი საჰამბურგეროდან კი გახსნიდან მეორე დღეს ,მიწვევა მივიღე’. ერთმა გამყიდველმა ქალბატონმა მითხრა, შენ მაინც სულ აქ ტრიალებ, ბევრ ხალხს იცნობ და მოსმვლელ კლიენტებთანაც გაქვს შეხება, ჰოდა ყველას უთხარი ხოლმე, რომ ჩვენ გემრიელ და კარგ რაღაცეებს ვაკეთებთ და ჩვენთან მოვიდნენ იმათთან კი არაო. დღის ბოლოს კი მოდი და ხელს რასაც დაადებ, ლობიანი იქნება, ხაჭაპური თუ ჰამბურგერი, უფასოდ გაგიმასპინძლდებითო.

ბავშვობიდან მოყოლებული ერთი ჩვევა მქონდა, როცა ვინმეს რატომრაც ეგონა რომ ჭკუაში გჯობდა და შენი თავდაჭერილობა ან სიმორცხვე სიდებილედ მიაჩნდა და ცდილობდა ,დაებოლებინე’ და თავზე დაგჯდომობა, თუ ძალიან არ გადაამეტებდა, არასოდეს არ ვაგრძნობინებდი იმას, რომ მესმოდა ეს ყველაფერი და თავის ადგილს არ მივუჩენდი ხოლმე. უბრალოდ, ვცდილობდი თავი ამერიდებინა და ის ადამიანი გადახაზული ხდებოდა ჩემთვის.

ეს ჩვევა, ალბათ სამწუხაროდ, მერეც გამომყვა და ერთადერთი იმით ვამართლებ თავს, რომ ასეთი დონის ადამიანთან აზრი არ აქვს ლაპარაკს, მაინც ვერ გააგებინებ, რომ იმაზე ბევრად მაღლა დგახარ ყველაფრით. თუმცა ასეთი მიდგომით ზოგჯერ სწორედ ასეთი მდაბიო ფასეულობების მქონე ადამიანები გჩაგრავენ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ჯობია მოითმინო, ვიდრე შენც მათ დაემსგავსო. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩემი თავის მართლება, აზრი და ბუნება.

მოკლედ, ეს ამბავი ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ჩუმად თავი დავუქნიე და გამოვედი. იქ არაფერი მითქვამს, ჩემთვის კი გადავწყვიტე მაქსიმალურად ამერიდებინა თავი იმ ახალი საჰამბურგეროსთვის. თუმცა იმავე დღის ბოლოს იმ გამყიდველმა ქალმა დიდი ამბით დამიძახა და ლობიანი თუ ხაჭაპური მომცა, კარგი ბიჭი ხარო. არც ახსნა დამცალდა რამის და არც ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა და რა. ის საჭმელი სახლში ავიტანე და მოვყევი საიდანაც მქონდა. თან ისიც ვთქვი, მე არავისთვის არაფერი მითქვამს და ძალით შემაჩეჩა იმ ქალმამეთქი. ჩემებმაც ასე მითხრეს _ კარგი ბიჭი ხარო _ და დაამატეს, სიახლოევს არ გაეკარო მაგათ და თუ რამეს მოგაწვდიან, ხელი არ წაგცდეს და არ გამოართვაო. სიახლოვეს ძალაუნებურად მაინც ვეკარებოდი იქაურობას, აი გამორთმევით კი აღარაფერი გამომირთმევია.

ცნობით მართლა ბევრს ვიცნობდი მაშინ, აქტიური ბავშვი ვიყავი და რაღაც ქარიზმაც მქონდა, ქუჩაზე ყველა მიცნობდა და უცხო მოსულებთანაც მალე ვპოულობდი საერთო ენას, ახლა რომ მახსენდება ბავშვობის ის პერიოდი, მგონია, რომ სხვა ადამიანის ხასიათსა და ცხოვრებას ვიხსენებ.

ვინ აღარ მეკონტაქტებოდა და რა საკითხზე არა… ერთი მოზრდილი ლამაზი ბიჭი იყო, მახსოვს ცოტა დიდი გოგოები გიჟდებოდნენ მასზე, ქერა თმები ჰქონდა და ცისფერი თვალები, მოზარდ ქენქერა გოგოებსაც მეტი რაღა უნდოდათ. ამ ბიჭს მანერებიც დახვეწილი ჰქონდა, ბილწსიტყვაობასაც ერიდებოდა ხალხში და შორიდან დადებითად განაწყობდა ყველას, მაგრამ სხვა მხრივ კარგი შავბნელი ვინმე იყო. დაკვირვება უნდოდა. ერთხელ მოვიდა და გიო რეებს ჩალიჩობ ტო. რამე სერიოზული არ გინდაო? _ მითხრა. ,პაკრიშკები’ მოიპარე მანქანების ან აკუმულატორები, კაი ფულს იშოვნიო. ისიც დაამატა, თუ რამე გაგიჭირდეს ან დაგჭირდეს ჩემთან მოდიო. მარადმწვანე მშენებარე სახლთან ცხოვრობდა და იმ დაუმთავრებელი სახლის სართულებზე ხშირად დავძვრებოდით, იქვე მდგარი ,ამწეკრანის’ კენწეროშიც კი ვარ აცოცებული, მაგრამ იმ ბიჭის რჩევების გათვალისწინება და მის სახლში შევლა არასდროს მომდომებია. მერე, უცებ გაქრა, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგო სად წავიდა ან რა მოუვიდა. მართლა უცნაური ვინმე იყო.

პარალელურად, ახალ საჰამბურგეროზე გაბრაზებული, ძირითადად მაინც ძველებთან ვტრიალებდი და ბოთლებს ვაგროვებდი, რადგან ისევ ზედმეტად კრიზისული პერიოდი გვედგა. ჰოდა, როგორც უკვე ვახსენე, უცნობი ბიჭები მეძახდნენ პერიოდულად და ფულსაც მჩუქნიდნენ, ზოგი ძალიან დამიმეგობრდა კიდეც.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთხელ იმ ბიჭმა, მანქანებს წმენნდათქო რომ გითხარით, სერიოზულად დამიშალა, დაანებე ამ ბოთლების გროვებას თავი, შენ რომ აქ ტრიალებ, მე აღარ მაძლევენ ფულს და ხელს მიშლი საქმეშიო. გამეცინა და უცებ მოვუგვარე ყველაფერი, საერთოდ მესიმპათიურებოდა ის ბიჭი, არ ჰქონდა ცუდი ხასიათი, მაგრამ ასეთი გამოხტომები ახასიათებდა ხოლმე. ერთ დღესაც ისიც მოულოდნელად უკვალოდ გაქრა.

რაც შეეხება საჰამბურგეროებში მოსულ უცნობ პირებს, როცა ვცდილობ გავიხსენო მათი სახელები, სულ ერთმანეთში მერევა, რადგან ბევრს ერთნაირი სახელიც ჰქონდა და გვარებიც არ მახსოვს. სამაგიეროდ მაშინ ბევრის ზეპირად ვიცოდი და სად ცხოვრობდნენ ისიც კი ვიცოდი. სახეზეც მახსოვს რამდენიმე. აი ყველაზე მკაფიოდ კი, ერთ-ერთი დაჯგუფების ჩაცმულობა ჩამრჩა გონებაში. მუქი BMW ჰყავდათ, რომლითაც ძირითადად მოძრაობდნენ და თითქმის ყველანი ადიდასის სპორტულებში იყვნენ ხოლმე გამოწყობილნი. ერთი-ორი იმასაც ამბობდა, სპორტსმენები ვართო, მაგრამ იარაღიც ახლდათ ხოლმე თან. მაშინ სულ სროლა და ურთიერთგარჩევები იყო.

სწორედ, ამ ადიდასის შარვლებითა და ზედებით აღჭურვილებმა მაჩუქეს ერთხელ საკმაოდ სოლიდური თანხა. ამდენი სხვას არავის უჩუქებია. ეს ,სასტავი’ კი ძალიან დამიახლოვდა, კარგი ბიჭი ხარო, კარგად სწავლა უნდა გააგრძელო და ჭკვიანად მოიქცეო. ბევრ კითხვას მისვამდნენ, მამასთან რატომ არ გაქვს კონტაქტიო, შენები რას საქმიანობენო, ბაბუაშენი ვინ არისო და ასე შემდეგ. მეც პირდაპირ ვპასუხობდი ყველაფერს და არც თავად ვერიდებოდი კითხვების დასმას. საჭმელსაც ყიდულობდნენ და სასმელსაც, საკმაოდ ხშირად მოდიოდნენ.

ამ ბიჭების ნაჩუქარი ფული სახლში ავიტანე და ჩემებს მივეცი. ბებია კი შეცბა, მაგრამ ფული ძალიან გვჭირდებოდა მაშინ, ღმერთი გაახარებთო თქვა და შეინახა.

არ ვიცი სინამდვილეში ვინ იყვნენ და რას წამოადგენდნე. ეგებ ყაჩაღები იყვნენ ან იმ დროის გამო ,იძულებით გაყაჩაღებულნი’  და ჩემთვის სიკეთის კეთებითა და პირჯვრის გადაწერით სხვა ჩადენილ ბოროტებას გამოისყიდნენ ეგონათ, მაგრამ ფაქტია მე ძალიან კარგად მექცეოდნენ და ის ,ადიდასიანების’ სამეგობრო განსაკუთრებით მიყვარდა. სხვებსაც გაუკეთებიათ ჩემთვის კარგი საქმე, მაგრამ იმათ ყველაფერზე ეტყობოდათ, რომ მობანდიტო ელემენტები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გასაგები მიზეზების გამო, ასეთი რაღაცეები მიზიდავდა კიდეც, ის სხვა ტიპები მაინც გამაღიზიანებლები იყვნენ თავიანთი ქცევით.

ერთი-ორი გაზეთი სულ გვქონდა სახლში და ერთ-ერთ მათგანში ნეკროლოგები იბეჭდებოდა, ბევრი გვერდი ეთმობოდა ნეკროლოგებს. სამწუხაროდ, მაშინ ძალიან ბევრი ხალხი იხოცებოდა, ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ასაკოვნები. მეც უსაქმობის ჟამს დავიწყებდი ამ გაზეთის ფურცვლას და ხშირად თითოეულ ნეკროლოგს ცალ-ცალკე გადავხედავდი ხოლმე. თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ვეძებდი. საკმაო ხნის მანძილზე რიტუალივით მქონდა ეს ამბავი.

იმ გაზეთში აღმოვაჩინე, ერთი-ორი იმ მოძველბიჭო ელემენტის ნეკროლოგი, რომელსაც ფული უჩუქებია ჩემთვის. სახეზე შემეშალათქო ვიფიქრებდი, მაგრამ სახელები და გავრებიც დაემთხვა, რაც სახლშიც მქონდა ნათქვამი და ისე დამწყდა გული, თითქოს ოჯახის წევრი დამეკარგოს. ის ბიჭები დიდად არ მეხატებოდნენ გულზე, თავიანთი ბოროტული ლაპარაკითა და გეგმებით, რაც მომისმენია, მაგრამ ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ, პირიქით, კარგის გაკეთებას ცდილობდნენ და ცხადია, მეცოდებოდნენ.

იმის მერე, როცა გაზეთი ჩამივარდებოდა ხელში გამწარებული ვფურცლავდი, რადგან ის ,ადიდასიანთა სასტავი’ დიდი ხანი არ ჩანდა ჩვენს ქუჩაზე და მეშინოდა, მათაც რამე ხო მარ მოუვიდათთქო. ერთ დღესაც ერთ-ერთი მათგანი გამოჩნდა, ოღონდ მარტო იყო, და სპორტულებიც აღარ ეცვა. მომიკითხა, გამიმასპინძლდა და მელაპარაკა, ქალაქში არ ვიყავითო მითხრა, ეჩქარებოდა და მალე წავიდა.

ამ ბიჭს დათო ერქვა და რამდენიმე დღეში მისი ნეკროლოგი ვნახე გაზეთში, 31 წლის იყო. ძალიან გული დამწყდა, ატირებაც ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, ბებიაჩემი გასკდა ტირლით როცა ვუთხარი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ რა მოხდა არ ვიცოდი, არადა ძალიან მაინტერესებდა. აღარც ,ადიდასიანთა’ სხვა ბიჭები გამოჩენილან ოდესმე.

VIII (მრგვალი მაგიდა)

ერთ წვიმიან დილას, უცნაური სურათის მომსწრე გავხდი. დედაჩემმა და ბებიაჩემა დიდი სისწრაფით გაახვიეს რაღაც წიგნები გაზეთებში, მერე პარკებში ჩადეს, კარგად გაკვანძეს და ახლა დავიცადოთ როდის დაბნელდებაო თქვეს. რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა რა ხდებოდა და იმდენი ვიწუწუნე, სანამ არ მითხრეს არ მოვისვენე, ოღონდ პდამაფიცეს, რომ საიდუმლოდ შევინახავდი ამ ამბავს.

როგორც გაირკვა, ის გახვეული წიგნები საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წიგნები გახლდათ. ამიხსნეს, რომ ზვიადისტების დევნა დაიწყეს და ვისზეც ეჭვი აქვთ, სახლებში შედიან და თუ ზვიადის წიგნები უპოვნეს ცუდად ექცევიანო. ამიტომ კრინტი არ დაძრა არსადო. ცოტა შემეშინდა კიდეც.

ასეთი ფაქტები მართლაც მომხდარა და შესაძლოა ცოტა გადამეტებული, მაგრამ პანიკა მაინც გაჩნდა ხალხში და შიშმა დაისადგურა. იმ პერიოდში ადვილი იყო ხალხის დაშინება.

საღამოს, როცა უკვე ჩამობნელდა, ბებიაჩემი და დედაჩემი ეზოში ჩავიდნენ და ჩვენს შენჯღრეულ გარაჟსა და მეზობლის გარაჟს შორის ღრიჭოში შეტენეს პარკებში გახვეული წიგნები, თან გრძელი ჯოხით შორს შეაჩოჩეს ისინი. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი.

ჩვენს ეზოში ქლიავის, ტყემლის, თუთის, კარალიოკის, ბალისა და ლეღვის ხეები იყო. ასევე, ჩვენი ეზოს გარაჟიდან გადაწვდებოდი მეზობელ ეზოს, სადაც ბროწეული და კიდევ რაღაცეები ხარობდა. მჟავე ყურძენსაც უპრობლემოდ შეხვდებოდით. ასე რომ, ეზოსა და გარაჟის სახურავებს მუდამ მრავალი სტუმარი ჰყავდა, მარტო ბავშვები კი არა, კარგი მოზრდილი ბიჭებიც შემოიპარებოდნენ და თუნდაც ჯერაც დაუმწიფებელ ხილს შეექცეოდნენ. ხან ბებიაჩემი, ხან სხვა მეზობლები გადმოიხედავდნენ და იყო ჩხუბი და წივილ-კივილი. თუმცა ამის მიუხედავად, გარაჟებს შორის წიგნების დამალვა კარგ იდეად ჩანდა, რადგან ჯერ ერთი ისეთი სივიწროვე იყო, იქ შეხედვა აზრად არავის მოუვიდოდა და მეორე, ვერც დაინახავდა ვერაფერს და ვერც მიწვდებოდა ჯოხის გარეშე.

ის ადგილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. იქვე ადრე შტაბი მქონდა ხოლმე მოწყობილი და ზოგჯერ ბავშვები სათამაშოდ კიდევ შემოდიოდნენ. მე კი სიხარულითა და უცნაური სიამაყის გრძნობით ვუყურებდი, როგორ ვერ ამჩნევდნენ ვერაფერს და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იქ, სადღაც ღრიჭოში, იმალება წიგნები, რომლებსაც ვიღაცეები დასდევენ. იმ წიგნების შინაარსი სულერთი იყო ჩემთვის და ცხადია, ბევრი არაფერი მესმოდა მაშინ, მაგრამ ოქროს ფასი კი ჰქონდა, განძივით ვყარაულობდი ხოლმე.

მაგალითად, ჩვენი ოჯახის ერთ მეგობარ ქალბატონს, უფრო რისკიანი და ეშმაკურად თამამი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. მას ერთი ცნობილი პოლიტიკოსის მოზრდილი სურათი ჰქონდა, რომელიც ბებიაჩემისა და მისი კურსელი გახლდათ და იმ პერიოდში უფრო შევარდნაძის მთავრობასთან ასოცირდებოდა, ყოველ შემთხვევაში არანაირი კარგი კავშირი არ ჰქონდა გამსახურდიას მთავრობასთან.

ჰოდა, იმ ქალბატონს ამ პოლიტიკოსის, გვარად ვთქვათ, ჯუმბერიშვილის სურათის უკან ჰქონდა გამსახურდიას წიგნები დამალული, ვინმე რომ შემოვიდეს ჯუმბერიშვილის სურათს დაინახავს და იფიქრებს ზვიადისტი არ ვარო, თან მისი სურათის უკანაც არ დაიწყებს ძებნასო. ეს იდეა და იმდროინდელი იდუმალებაც მხიბლავდა, ჩემთვის სულ სხვა სახე და ინტერესი ჰქონდა ამ ყველაფერს და სიტუაციის სერიოზულობას ბუნებრივია დიდებივით ვერ აღვიქვამდი.

რაც შეეხება ჯუმბერიშვილს, მას კიდევ ერთი სახალისო ისტორია უკავშირდება. აი იმ სახლში, საიდანაც მე ზარი წამოვიღე, მეორე სართულზე ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ბებიაჩემისა და მისი მეგობრებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა და ერთხელ ძალიან წაეკამათა ბებიას. კამათისას ასეთი სიტყვებიც წამოსცდა _ რა იყო, ჯუმბერიშვილმა ძვალი გადმოგიგდო და იმიტომ იცავო. _ აქ ისე განრისხდა ბებიაჩემი, ძლივს გადარჩა ის ქალი ცოცხალი და მას მერე, რასაკვირველია, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. სამაგიეროდ, მე თუ მინდოდა ბებიას გაბრაზება, წამოვაძახებდი ხოლმე _ რა იყო, ჯუმბერიშვილმა ძვალი გადმოგიგდო?

მოგეხსენებათ, გამსახურდიას პარტიას ,მრგავლი მაგიდა’ ერქვა და იყო პერიოდი, როცა ზვიადისტებს, ზვიადის წიგნებზე ბევრად სერიოზულად დევნიდნენ.

ეგრეთ წოდებული ზვიადისტები იმთავითვე გაიყვნენ სხვადასხვა დაჯგუფებებად, მაგრამ მაშინ, მაინც ბევრად უფრო შეკრული წრე იყო, და ასე თუ ისე ერთიანობას ინარჩუნებდნენ, ვიდრე მოგვიანებით. მათი ერთ-ერთი აქტივისტი კი ბებიაჩემის კიდევ ერთი ახლო მეგობარი ქალბატონი გახლდათ.

მრგავლი მაგიდის წევრებს შეკრებაც უჭირდათ, რადგან რაიმე დაწესებულებებსა და გამოსაჩენ ადგილებში ეს შეუძლებელი იყო, მყისვე დაარბევდნენ ან დაიჭერდნენ მათ. ამიტომ, ზვიადისტები ჩუმად იკრიბებოდნენ ძირითადად სხვადასხვა სახლებში, სადაც მასპინძლები შიშს დაძლევდნენ და მათ მიღებას დაყაბულდებოდნენ.

თავადაც მიხვდებოდით რა მოხდა მერე, ბებიაჩემმა თავის მეგობარ ქალბატონს მრგავლი ამგიდის სხდომების ჩასატარებლად ჩვენი სახლი შესთავაზა. რასაკვირველია, ის ქალბატონი სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას. მე კი კიდევ ერთი ახალი და დიდი საიდუმლო გამიჩნდა.
პრობლემა ის იყო, რომ ხშირად მაინც ვერ შეიკრიბებოდნენ, რადგან არავის ნდობა არ შეიძლებოდა და რომელიმე მეზობელს, ხშირად ბევრი ხალხი რომ დაენახა ჩვენთან მოსული, შესაძლოა რამე ეეჭვა და…

მოკლედ, საფრთხე და ხიფათი ისედაც საკმაოდ დიდი გახლდათ და ზედმეტად გარისკვა არცერთ მხარეს არ სურდა. ულაპარაკოდ გადაწყვიტეს, რომ შეკრებების დროს, მე და დედაჩემი უსაფრთხოების მიზნით სახლიდან უნდა წავსულიყავით. ეს იდეა სულაც არ მომწონდა, რადგან ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა რაზე უნდა ელაპარაკათ ჩვენს სტუმრებს და საერთოდ, მათი ნახვა მინდოდა.

პირველივე სხდომაზე გამიმართლა და ამაში ბუნების ძალები დამეხმარნენ. მრგვალი მაგიდის შეკრების დღეს, ორი საათით ადრე, დედაჩემს სტუმრად უნდა წავეყვანე, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე და პირობა დავდე ეზოში ვიქნები, სახლში არ ავალთქო. დიდი ბრძოლის შემდეგ, მიზანს მივაღწიე, სხვა გზა არც ჰქონდათ და ეზოში გამიშვეს. შორიდან დიდი ხანი ვუყურე, რამხელა პაუზებით და როგორ რიგრიგობით შედიოდნენ ჩვენს სადარბაზოში ადამიანები, მაგრამ ასვლით მართლა არ ავსულვარ სახლში, რადგან ვიცოდი ძალიან გამიბრაზდებოდნენ.

მოპირდაპირე სახლის ეზოში შევედი და თამაში დავიწყე. მერე, ვაკის პარკში წასვლა გადავწყვიტეთ და წავედით კიდეც. მალევე კოკისპირული წვიმა დაიწყო, ასეთი წვიმა სულ რამდენიმე მახსოვს ცხოვრებაში. ხეებს შევეფარეთ, მაგრამ ესეც არ შველოდა საქმეს. წვიმას სეტყვა მოჰყვა, თან ისეთი მსხვილი ნატეხები ცვიოდა, თავში რომ მოგხვედროდა შეიძლება რამე დაგმართოდა კიდეც. სხვა გზა აღარ რჩებოდა, მიზეზიც კარგი მქონდა და სირბილით წამოვედი სახლში. სეტყვის თავში მოხვედრას გადავურჩი, თან ხელები მქონდა დაფარებული, მაგრამ აბსოლუტურად ამოლუმპული მივედი შინ.

კარი იმ ქალბატონმა გამიღო და თვალები გაუბრწყინდა რომ დამინახა. ბებიაჩემს დაუძახა, ნახე ვინ მოვიდაო. ბებია მოთქმით ტიროდა და გულში ისე ჩამიკრა კინაღამ სეტყვამ რაც დამაკლო, ის დამიმატა. თურმე შეშინებია და ეზოში ჩასულა, მაგრამ რომ ვერ ვუპოვნივარ უფიქრია რამე ხომ არ დაემართაო და ატირებულა.

მე კი სასწრაფოდ გავიმშრალე ყველაფერი და ლოჯში გავიქეცი, საიდანაც ჩემი ჭკუით ჩუმად ვადევნებდი თვალყურს სასტუმრო ოთახში როგორ იყო შემომსხდარი ჩვენს ოთხკუთდედ მაგიდას მრგვალი მაგიდა. დიახ, სწორედ იმ მაგიდას დედაჩემმა რომ ჩატეხა მაშინ. სკამები მაგიდის ცოტა მოშორებით იდგა, რადგან უშუალოდ მაგიდასთან ყველა ვერ დაეტეოდა. თან ეს სკამები რგოლს ქმნიდნენ. მახსოვს, რამდენიმე კაცი განსაკუთრებით მომეწონა, დამაჯერებელ და ომახიან წინადადებებს ამბობდნენ.

შემდეგი შეკრების ჯერი რომ მოვიდა, დედამ ვაკის პარკში წამიყვანა და იქ ძალიან სახალისო სიტუაციას გადავეყარეთ. ჩვენს გვერდზე ორი ინტელიგენტური გარეგნობის, სოლიდური მამაკაცი მისეირნობდა და უცებ ასეთ საუბარს მოვკარით ყური _ დაბადებისდღეზე 4 საათზე დაგვპატიჟეს არა? _ ჰკითხა ერთმა მეორეს. _ ხო, 15 წუთი დარჩა _ უაპსუხა მეორემ, საათზე დახედვის შემდეგ. ორივეს ერთდროულად გაგვეცინა, მივხვდით, რომ ჩვენთან მოდიოდნენ და მაინც უჩუმრად უკან გავყევით. რა თქმა უნდა, ჩვენს სადარბაზოში შევიდნენ და ბევრი ვიცინეთ მათ დაშიფრულ საუბარსა და ნერვიულობაზე.

ასე იკრიბებოდა მრგვალი მაგიდა საკმაო ხნის მანძილზე ჩვენს სახლში. საერთოდ, პოლიტიკაში და ზვიადისტობა, არაზვიადისტობაში მაშინ მეც ძალაუნებურად გარეული ვიყავი. თურმე 9 აპრილის ტრაგედიეს ჟამსაც შემთხვევით გადავრჩით რომ იქ არ ვიყავით. წინა დღეს ვყოფილვართ და მერე, ავად გავმხდარვარ. ძველი მიტინგების ბუნდოვანი კადრები მახსენდებოდა კიდეც. ყველაზე ნათლად ტანკი ჩამებეჭდა გომებაში, რომელიც საკმაოდ ახლოდან ვნახე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, სულ პატარა ვიყავი მაშინ.

უფრო მოზრდილს სხვა სახალისო ამბავიც გადამხდა. ვაკის პარკში გამსახურდიას მხარდასაჭერი მიტინგი იმართებოდა და დილიდანვე წავიდა ბებიაჩემი და ცოტა ხნით მეც წამიყვანა. მერე, როცა მომწყინდა ეზოში სათამაშოდ წამოვედი, მოგვიანებით კი დედამ და ბებიამ გამომიარეს და სტუმრად წავედით. სახლში ღამე დავბრუნდით და კარი მოხურული დაგვხვდა, ოდნავ რომ მივაწექით შეიღო. რასაკვირველია შეგვეშინდა, არ ვიცოდით რა გვექნა. შიგნით შესვლა ვერ გავბედეთ და მეზობლისგან მილიცა გამოიძახეს.

საკმაო ხნის მერე, მილიცია მოვიდა, რამდენიმე ავტომატით შეიარაღებული მილიციელი ჩვენს კარებთან ამოვიდა და სხვადასხვა კითხვები დასვეს. უცებ კი ერთმა ირონიანარევი ტონით ბებიაჩემს უთხრა _ ტყუილა ნერვიულობთ ქალბატონო, ახლავე შევამოწმებთ, მაგრამ შიგნით არავინ იქნება, ახლა გამახსენდა, დღეს ვაკის პარკში ზვიადისტების მიტინგზე გნახეთ და ალბათ ისე მიგეჩქარებოდათ იქ, რომ კარების დაკეტვაც კი დაგავიწყდათო. _ ძალიან კი არ უნდოდა ბებიაჩემს დათანხმება, მაგრამ არც ეჩხუბა იმ კაცს, რადგან მიხვდა რომ მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ერია.

მილიციელებმა ყველა კუთხე შეამოწმეს. ბუნებრივია, სახლში არავინ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ვინმე თავგადასავლის მაძიებელსაც არ ჩამოუვლია და არ შეუმჩნევია რომ კარი დაკეტილი არ იყო, რადგან ყველა ნივთი ადგილზე დაგვხვდა. წასაღები ფაქტობრივად არაფერი გახლდათ, მაგრამ მაინც. იღბლიანი ხუმრობით გახარებულმა მილიციელმა კი კმაყოფილი სახით დაგვტოვა.

ზვიადისტების დევნის პერიოდშივე, ოდნავ ადრე, კიდევ ერთი საინტერესო ისტორიის მომსწრე გავხდი. მორიგ ,ჯვარედინ მიტინგზე’, რომელზეც ორივე მხარის ხალხი იკრიბებოდა, ოღონდ ცოტა სხვადასხვა ადგილას, ჩემებმა თან წამიყვანეს. ბებიაჩემი კიდევ ერთი მეგობარიც გვახლდა.
რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე დიდი აურზაური იყო. ხალხმრავლობა, კარვები, ლოზუნგები, დაძაბულობა… გაბრუებული დავდიოდი და ინტერესით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით. უკვე წამოსასვლელად რომ ვემზადებოდით, ბებიაჩემის მეგობარს ვიღაც სამმა ქალმა დაუძახა. იმ ქალბატონების ჩაცმულობა არასდროს დამავიწყდება. ლამაზი შუბები ეცვათ, ლამაზი ჩექმები და კარგი მაკიაჟიც ეკეთათ.

თავიდან ერთმანეთი მოიკითხეს, მალევე გადავიდნენ პოლიტიკაზე და უცებ, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ სხვადასხვა ბანაკში იყვნენ. იმდროინდელი პოლიტიკური ფსიქოზის დროს კი, როგორც გითხარით, ურთიერთის აზრის გათვალისწინება და შუალედური ვარიანტი არ არსებობდა. იმ ქალებიდან ერთ-ერთმა უცებ დაიწყო ლაპარაკი _ მოიცა მოიცა… ქვენ ზვიადისტების მიტინგზე იყავით? ვაი თქვე უბედურებო, თქვე კარვის ქალებო, წადით თქვენს ქვეშაფსია პრეზიდენტს პამპერსები გამუცვალეთ. _ ამ მონოლოგს, ბებიაჩემი უფრო ირონიით შეხვდა და თავი მაქსიმალურად შეიკავა, მისი მეგობარი კი მაინც გამოვიდა ცოტა წყობიდან, რამდენიმე ტკბილი სიტყვა მანაც უთხრა იმ ქალებს და ასე დავიშალეთ. მე კი გულიანად ვიცინე, სიტყვა ქვეშაფსიას გაგონებაზე, იმ მომენტში ეს იყო ჩემთვის მთავარი.

მერე, როცა გავიაზრე მივხვდი, რომ ვინმეს ვინც იქ არ იყო და არ იცოდა რა ხდებოდა, შეიძლება მართლა ყველა ერთ ქვაბში მოეხარშა და დაეჯერებინა, რომ ეგრეთ წოდებული კარვის ქალი იყო ყველა ვინც იქ მიდიოდა, მართლა რამე ხდებოდა და ასე შემდეგ. ასეთი საშინელი რამეა ჭორი…

IX (გაქურდული საჰამბურგერო)

იმ პერიოდშო ზედმეტად მოდაში იყო ძველბიჭობა, რეკეტი და ქურდობა. ჩვენი ქუჩა კი ამ მონაცემებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე გახლდათ და დიდ პოტენციალს ავლენდა. რასაკვირველია, მეც ინტერესში ვიყავი ჩავარდნილი და მცირე პატარა შავბნელი საქმეები მიზიდავდა და მაინტერესებდა.

ნელნელა დავუახლოვდი ერთ ადგილობრივ ავარდნილ ბიჭს, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, და იმ საქმეში დიდ მომავალს უწინასარმეტყველებდნენ. მარაქაში მეც გავერიე და საწყისი საფეხური საკმაოდ დამაჯერებლად გავიარე. სამომავლო პოტენციალი ჩემშიც დაინახეს როგორც ჩანს და ბევრი რამე შეიცვალა ჩემს გარშემო.

ამას პირველად მაშინ მივხვდი, როცა გაცილებით უფროსებმა, თანასწოროივით დამიწყეს ლაპარაკი, დიდი ამბებითა და ტკბილი სიტყვებით მემშვიდობებოდნენ როცა მიდოდნენ და ასეთივე რიტუალებით მხვდებოდნენ. მეც თავში ამივარდა და ენაც გატლეკილი მქონდა, უპრობლემოდ შემეძლო მეუზრდელა უფროს ბიჭთან და ის ამას გაატარებდა. ამით მოვიხიბლე და ვცდილობდი ყველანაირად გამომეჩინა თავი. ალბათ იმ ხსენებულმა ბიჭმა კონკურენტიც დაინახა ჩემში. ამაზე მაშინ მე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ ასე გამოდის და საბოლოოდ, ყველაფერი საკმაოდ ცუდად დასრულდა, მაგრამ ეგებ პირიქით კარგადაც, შეიძლება ძალიან ძვირ ფასად, მაგრამ მედლის ერთი მხარე ღირდა ალბათ მეორის საფასურად. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა და ვინ იცის, თუ კიდევ შევხვდებით ამ და დანარჩენ დაპირებულ ისტორიებსაც გიამბობთ…

იქამდე კი დავუბრუნდეთ იმას, რომ პატარებში გარკვეული მოპოვებული ავტორიტეტი და დიდების პატივისცემა ძალიან მეამა და გავთამამდი. შეიძლება ითქვას, ნელნელა სულ მივდიოდი ხელიდან, სახლში თითქმის ვეღარ მაკონტროლებდნენ. მთელი დღე ეზოში ვიყავი და შინ გვიან ვბრუნდებოდი. ყირაზე რომ დამდგარიყვნენ ჩემები, სახლში არაფრის დიდებით არ მივყვებოდი, სანამ მე არ გადავწყვეტდი ასვლას.

ერთი ეს იყო, იქამდე ღამე არასდროს გამეთენებინა და დადგა ის დღეც, როცა მითხრეს, დღეს ვათენებთ და მოემზადეო. რა მიზეზით ხდებოდა გათენება არ ვიცოდი, მაგრამ იდეა უკვე არ მომეწონა, რადგან ვხვდებოდი, რაც არ უნდა სიჯიუტე გამომეჩინა, აქ უკვე შანსი არ მქონდა, არ გამიშვებდნენ სახლიდან. ბიჭმუჭებთან შერცხვენა დავძლიე, გავბედე და პირდაპირ ვთქვი, არ გამომიშვებენთქო. გაეცინათ და მითხრეს, ჩვენ მოვაგვარებთ მაგ ამბავსო.

არ მეგონა თუ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა, მაგრამ ვცდებოდი. ორი უფროსი ბიჭი ამოვიდა ჩემთან სახლში და დიდი ხვეწნითა და მუდარით დაიყოლიეს ჩემები, რომ მოპირდაპირე სახლის ეზოში, სადაც იყო ხოლმე კიდეც ძირითადი შეკრებები, გავათევდი ღამეს. მიზეზად ქეიფი დაასახელეს და თავდებადაც დადგნენ, რომ არაფერი ცუდი არ მომივიდოდა. იმდენი და ისე დამაჯერებლად ილაპარაკეს და მეც ისე მონდომებული ვიყავი, რომ ჩემები დათანხმდნენ. თან იქამდე ერთ-ორ ბიჭთან კონფლიქტი მქონდა და ალბათ იფიქრეს, კარგიც არის საბოლოოდ თუ შერიგდებიანო.

როგორც ყოველთვის, როცა რამეს ელოდები, დღე ძალიან გაიწელა. ათასი რამით გავირთე თავი. დაცემული უჩკუდუსაც კი მივეხმარე წამოდგომაში და სულ хороший мальчик მეძახა. საერთოდ, იმ პერიოდში უკვე დამთბარი ურთიერთობა მქონდა უჩკუდუსთან, ხშირად ვსტუმრობდი მის სარდაფსაც და რაღაცეებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ დიდ ხანს არ ვჩერდებოდი ხოლმე იქ, თან ჩემებიც მიშლიდნენ.

ბოლო ბოლო მოსაღამოვდა და დიდი ჯგუფი შევიკრიბეთ ეზოში, დიდი ხმაურიც იყო. რა აღარ ვითამაშეთ, ,ქურდი ზონაში’-ს ჩათვლით. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ,წითელი, ყვითელი, შავი’ თუ რაღაც მსგავსი თამაში გახლდათ. ამ პრიმიტიულ თამაშს, კიდევ უფრო პრიმიტიული, ჩვენებური წესებით ვთამაშობდით. როგორც მახსოვს, ერთი ფერი კოცნა იყო, მეორე გარტყმა, მესამე კი შეკითხვის დასმა. მე ყველაზე მეტად კოცნა მაინტერესებდა, რადგან ჩვენთან ერთად თამაშობდა იმ ეზოში მცხოვრები ჩემზე ერთი 5-6 წლით უფროსი გოგო, რომელიც ჩემ მაშინდელ ბავშვურ გატაცებას წარმოადგენდა. მისი გრძელი ფეხებისა და სწორი, შავი თმების დანახვა გულს ერთიორად მიჩქარებდა და მაწითლებდა. უმეტესობამ იცოდა ეს ამბავი და უწყინარად გამეხუმრებოდნენ ხოლმე კიდეც, მე კი ძალიან დავიმორცხვებდი და ვბრაზდებოდი ამაზე.

თამაშისას დაახლოებით 17-18 ბავშვი ვიყავით და წამყვანი საათის ისრის მიმართულებით მიჰყვებოდა სიას. სწრაფად გადავთვალე, რომ ის გოგო ჩემს მერე მე-15 იყო, და მეგონა ვერავინ მიხვდებოდა ვერაფერს. ყოველ ჯერზე არა, არას ვპასუხობდი სანამ მეთხუთმეტეს რიგი არ მოვიდა და აქ ის ფერი დავასახელე, რომელიც კოცნას ნიშნავდა. როგორც კი თავი წამოვყავი, რამდენიმე უფროსმა ბიჭმა ერთხმად წამოიძახა _ ნახე, ნახე გადათვალა, საღოლ, ჯიგარი ხარ… სირცხვილისგან მართლა არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მაგრამ  თან ბედნიერიც ვიყავი, რადგან იმ გოგომ ღიმილით მაკოცა და მერე, როგორც პატარა ბავშვს თავზე ხელი რომ გადამისვა უკვე აღარ მომეწონა. ბიჭების სიცილსაც ვეღარ გავუძელი და წამოვხტი, კოცონთან უფრო ახლოს მივედი. ცეცხლი სულ გვენთო ეზოში, ოდნავი სიცივეც თუ იყო. დიდი კასრი გვქონდა და ან იმაში ვანთებდით კოცონს ანაც პირდაპირ მიწაზე. მლიანად იმ ეზოს ყველა კუთხე ჩვენს გემოზე გვქონდა მოწყობილი და ზედმეტ სიტყვასაც ვერავინ ბედავდა, სულ რომ თავზე დაგვემხო იქაურობა.

ვითომ ფიჩხებს ვაგროვებდი და ცეცხლთან მიმქონდა, თან კი იმ გოგოს ვაპარებდი მზერას. უცებ სხვა ბიჭებიც წამოდგნენ და ხიდან წვრილი ტოტების დამტვრევა დაიწყეს. მეუცნაურა, რა ხდებამეთქი რომ ვიკითხე, მწვადი უნდა შევწვათო მითხრეს. მწვადი ვიცოდი რაც იყო, მაგრამ იქამდე, რაც თავი მახსოვდა არასდროს მეჭამა და არც ის ვიცოდი როგორ მზადდებოდა. სიტყვა შამფურზე კი სულ სხვა ასოციაცია მიჩნდებოდა, ყოველ შემთხვევაში არა წვრილი და გათლილი ხის ტოტისა.

საკმაო ხანს ვუყურებდი როგორ არჩევდნენ ტოტებს და ეს კარგია ეს კარგიაო ამბობდნენ. თან ვფიქრობდი, ნეტა ხორცი საიდან უნდა მოიტანონთქო. სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ერთ-ერთი ბიჭი, ახალგაზრდა თაობის ყოჩი გახლდათთქო რომ გითხარით, გიჟივით გაიქცა და ჩამდინარე წყლის ჩასასვლელი ორმები რომ არის, იმ ორმოს ფეხი დაადგა. ახლოს რომ მივედი მივხვდი რაც მოხდა, მოზრდილ ვირთხას გაჰკიდებია და ბოლო წამს კუდით დაუჭერია. ფეხი კუდზე ჰქონდა დაბიჯებული, ვირთხის დანარჩენი სხეული ქვემოთ იყო, და ეს ბიჭი გაიძახოდა, რამე გრძელი ჯოხი მომიტანეთო.

იმ პერიოდში ვირთხები ჩევნი განუყოფელი მაცხოვრებლები იყვნენ და ეს განსაკუთრებით იმ ეზოს ეხებოდა, რადგან სახლის შიდა ბუნკერი ფუნქციონირებდა და ხალხი პირდაპირ იქ ყრიდა ნაგავს. დასუფთავების სამსახური როგორც წესი დიდი ხნით იგვიანებდა, ამიტომ საშინელი ანტისანიტარია გახლდათ ხოლმე და დასუქებულ ვირთხებსაც თავი სამოთხეში ეგონათ. ერთის მხრივ კარგი გასართობიც იყო, ხან ქვებით დავსდევდით ამ ვირთხებს, ხან დიდი ჯოხებით, ხანაც კისტის თოფებით.

დავინახე როგორ ფართხალებდა ვირთხა და რაღაც მომენტში შემეცოდა კიდეც, მაგრამ ის რაც მოხდა რამდენიმე წამში, ჩემთვის შოკი იყო. მეორე ბიჭს თავმომწვარი გრძელი ფიცარი მოჰქონდა, გაღვივებული ნაკვერჩხლით და ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩააწვავდნენ ამ ვირთხას, თან იცინოდნენ და ყოჩი მეორეს ეძახდა, ჩქარა ჩქარა, არ გამისხლტესო. უცებ ეს ვირთხა როგორღაც თავის კუდს ჩაეჭიდა და სულ ცოტა ხანში მოიჭამა კიდეც იგი. პირდაღებული ვუყურებდი ამ ყველაფერს.

იმ ბიჭს კუდიღა შერჩა, მეორემ ფიცრის მოტანა დააგვიანა. ძირს ჩამხტარი ვირთხა კი ელვის სისწრაფით გაუჩინარდა. ერთადერთი რაც მოიფიქრეს, მიაგინეს, ეს რა ქნა, კუდი მოიჭამა ტოო.
იქამდე, გაგონილი მქონდა ვირთხა ისეთი ელასტიურია, ძალიან წვრილ ნახვრეტშიც შეუძლია გაძრომაო, მაგრამ ამისი არ მჯეროდა და რაც ვნახე, იმან სულ გამაოცა.
ჯერ ამ ისტორიიდან არ ვიყავი ბოლომდე გამოსული, რომ ახალი სიურპრიზი მელოდა. უცებ, რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ცოტა ხანი აშკარად თვალს აკლდნენ, საჰამბურგეროს უკანა გამოსასვლელიდან გამოძვრნენ, ზოგიც სადარბაზოდან შემოვიდა და ბევრი რაღაცეებიც ეჭირათ ხელში.

ვინც არ ვიცოდით, წამშივე მივხვდით რაც მოხდა, ერთ-ერთი საჰამბურგერო გაქურდეს და იქიდან თითქმის ყველაფერი გამოზიდეს. ცოტა კი შევცბი, მაგრამ ხმა არ ამომიღია და მალე ისეთი ღრიანცელი ატყდა სულ გადამავიწყდა ეს ძარცვა.
დამცავი რკინა გაუღუნიათ და ვინ ყველაზე წვრილები იყვნენ საჰამბურგეროში შემძვრალან, მერე მეორე მხრიდანაც იპოვნეს საჭირო ნახვრეტი და პირწმინდად გაასუფთავეს იქაურობა. იმ ღამეს ყველაფერი გვქონდა _ ყველი, კიტრი, პომიდორი, ,ვიჩინა’, კატლეტი, სამწვადე ხორცი, ლიმონათი, ღვინო…

მთელი ღამის მანძილზე დიდი აურზაური იყო. რამდენიმე ბიჭი ისე გაბრუვდა, ეჭვი მაქვს მხოლოდ სასმელში არ იყო საქმე, მაგრამ მაშინ ისეთ რაღაცეებში კარგად ვერ ვერკვეოდი და ყველაფერი ღვინოსა და არრაყს დავაბრალე. ცოტ-ცოტა მეც მოვწრუპე, მაგრამ ძირითადად ლიმონათსა და კოკა კოლას ვსვამდი. ჭამითაც ბევრი არ მიჭამია, სიტუაცია მახარებდა და ამ გართობისგან ვიღებდი სიამოვნებას. თან ეს გახლდათ პირველი გათენებული ღამე, ღამე რომელიც ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა.

აი ერთადერთი რისი გემოც არასდროს დამავიწყდება, იმღამინდელი მწვადია, ამაზე გემრიელი მწვადი აღარასდროს მიჭამია. არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ ეს პირველი იყო ან იმიტომ, რომ მოპარულს ჰქონდა ასეთი გემო და რისკისა და საფრთხის ფაქტორმა იმქომედა, მაგრამ ფაქტია, ის გემო დღემდე არ დამვიწყებია, მას მერეც კი, როცა ყველაფერი გავიაზრე.

დაახლოებით გარიჟრაჟჟე დავიშალეთ. ზოგი სხვადასხვა ადგილებში გაიფანტა, მე და რამდენიმე ბავშვი კი სახლში მივბრუნდით. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე და რამდენიმე უფროსი, რადგან ჩემი ხნის იქ არავინ გახლდათ, ყველაზე პატარა ვიყავი, რაც კიდევ ერთხელ სიამაყის გრძნობით მავსებდა და წამოსვლისას ორი უფროსის ძველი წყენის გამო მოხდილმა ბოდიშებმა და პირფერობამ ისე დამაჭერინა თავი, თითქოს მე ვიყავი დიდი და ორჯერ უმცროს ლაწირაკებს ველაპარაკებოდი და ვტუქსავდი.

მეორე დღეს, ქუჩაზე მცირე ქაოსი ატყდა. გაქურდული საჰამბურგეროს უფროსებიც მოვიდნენ, შემოიარა მილიციამაც. თუმცა ყველაფერი ძველებურად იყო, ისე, როგორც ხდებოდა ხოლმე… არავის არაფერი დაუნახავს და არავინ არაფერი იცოდა. არადა, დანახვისა არ ვიცი და ცოდნით ყველამ ნამდვილად ყველაფერი იცოდა, მათ შორის, საჰამბურგეროს მფლობელებმაც.
როგორც ჩანს, ისინი ბიჭებს რაღაცაზე ვერ შეუთანხმდნენ. წილზე უთხრეს უარი ან ნისიაზე ან რაიმე მსგავსი და ამის გამო დაისაჯნენ. ვერც ვერაფერს დაამტკიცებდნენ და თან შიშიც თავისას შრვებოდა. იმის შემდეგ, ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდა.

X (ჩორნა)

მორიგი ისეთი დღე დადგა, როცა რამდენიმე ბავშვი გაბოროტებული და აღზნებული ვიყავით. ამის მიზეზი საფეხბურთო მატჩი გახლდათ, რომელიც იმ დღეს გველოდა. ჩვენი ქუჩის სტუმრებიდან ორი ბიჭი არ მომწონდა ყველაზე მეტად. ერთი ვერა-რეჩკაზე მაცხოვრებელი ქურთი იყო, რომელიც მათხოვრობდა და თან ქურდობა. გარეგნულადაც უშნო, უარყოფითი იერი ჰქონდა და თან ბოროტი გახლდათ. დიდი ხნის მანძილზე სულ ჩხუბი მქონდა მასთან და ძირითადად ვერეოდი, მაგრამ ერთი-ორჯერ იმანაც გამლახა.

იმ დღეს კაი გემრიელად ჩამარტყა სახეში, მაგრამ ქვის დახმარებით მაინც ვაჯობე და გავაგდე. ვუშლიდი ჩვენს ქუჩაზე მოსვლას, სხვა ტერიტორიაზე თუ შევხვდებოდი მის ამფსონებთან ერთად მე ვიყავი შარში და ასე…

მეორე კი რომელიც არ მომწონდა, ლტოლვილი ბიჭი იყო. ტრაბახი, ტყუილები და ბაქი-ბუქი უყვარდა. ეს ძალიან მაღიზიანებდა და სულ ვექიშპებოდი. საფეხბურთო მატჩიც სწორედ მის გუნდთან გველოდა და ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდით ამ ამბავს. წაგება მძიმე დარტყმა იქნებოდა ჩვენთვის. ამიტომ, დილიდანვე მომართულები და აგრესიულები ვიყავით, რაც ხშირად დადებითადაც კი მოქმედებს ასეთ დროს.

ფეხბურთს სულ პატარაობიდნავე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. რა პერიოდიც არ უნდა ყოფილიყო და რითაც არ უნდა ვყოფილიყავი გატაცებული, ფონად ყოველთვის ყველაფერს ფეხბურთი გასდევდა.

სავარაუდოდ, ამაში სისხლიც იყო დამნაშავე, გენმა იყივლა ალბათ ამ შემთხვევაში. საქმე ის არის, რომ დედის მხრიდან წინაპრები სულ ფეხბურთის დიდი მოყვარულები და ცნობილი ჟურნალისტები მყავდა. მეც ბავშვობიდან მიტაცებდა ფეხბურთის გარდა წერაც და რაღაცეებს ვჯღაბნიდი.

ბაბუაჩემს მესამე ცოლი ჰყავდა, ბებიაჩემი მისი პირველი მეუღლე იყო. ასეა თუ ისე, ჩვენ ყველაზე ნაკლებ ყურადღებას გვაქცევდა და ტკბილი სიტყვებით ხშირად სულაც არ ამკობდნენ ჩემები. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც ხდება ხოლმე, სახლში არავის დაუძალებია შენც წინაპრების კვალს უნდა გაჰყვე და ისა და ეს უნდა ქნაო. თუმცა დიდ ბაბუაზე, რომელსაც ვერ მოვესწარი, ყოველთვის დიდი პატივისცემით კი საუბრობდნენ. მოკლედ, ჩემს მისწრაფებებში აშკარად გენები გახლდათ ,დამნაშავე’ და არა რაიმე სხვა ფაქტორი.

ვხედავდი, ასეთი რაღაცეები, წიგნები და სხვადასხვა საკითხები არ აინტერესებდათ იმათ, ვის წრეშიც მაშინ ვტრიალებდი და ხშირად თავს უცხოდაც ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ რეალურად იქაურობას არ ვეკუთვნოდი. თუმცა ეს ყველაფერი უცებ გადამივლიდა ხოლმე და იმდენად მოწამლული ვიყავი გარემოცვით, რომ  ისევ უპრობლემოდ ავითქვიფებოდი მათში. მეტიც, ნელნელა უფრო მათკენ მივდიოდი და ვიცვლებოდი. ერთადერთი სიკეთე მქონდა შემორჩენილი, ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა ვინმესთვის რამე კეთილ საქმეს გავაკეთებდი და ალბათ ამანაც მიშველა. თუმცა ხშირად, ბოროტების ჩადენაც მიწევდა, რადგან იქ სხვაგავარად შეუძლებელი იყო, და აკი გითხრაით, რამე მავნებლობით თავი რომ არ გამოგეჩინა სხვა თვალით შეგხედავდნენმეთქი. ეს კი რაღაც დაღს აუცილებლად დაგასვამდა ადამიანს. ცუდი ის გახლდათ, რომ ჰქონდა ამ გარემოს იმ ასაკისთვის რაღაც მიმზიდველი და გამომწვევი, რასაც არეული პერიოდი გვარიანად უწყობდა ხელს.

დავუბრუნდეთ ფეხბურთს… მაშინ არც სტადიონები იყო, და არაფერი. ორ აგურს ან ქვას დავდებდით და ეს გახლდათ კარი. ბურთიც ცუდი გვქონდა როგორც წესი, მაგრამ ვინ ჩიოდა. ჩემი სახლის წინ საუკეთესო ,მოედანი’ ბუდობდა. მაშინ, ქუჩა ორად იყო გაყოფილ-გადაკეტილი და მანქანები ჩვეულებრივად ვერ მოძრაობდნენ. შესაბამისად, ხელსაც ნაკლებად გვიშლიდნენ. თითქოს დაკვეთით, ხეები და სინათლის ბოძები ისე იყო განლაგებული, რომ კარებებათ გამოდგებოდა, ქუჩის აქეთა მხარეს, ცოტა დიდი კარები გამოდიოდა და ჩვენც თავს ვიწონებდით ხოლმე, აქეთა კარი ჩვენი იქნება, მაინც მოგიგებთთქო ვეუბნებოდით მეტოქეებს.

მაშინ, ძალიან მონდომებულნი ვიყავით და ბურთსაც ურიგოდ არ ვაგორებდით. ჩვენ ტოლებში და ცოტა მოზრდილებში ყველას ვუგებდით. ზუსტად მახსოვს, იმ ლტოლვილების გუნდს, 5:1 მოვუგეთ და 2-2 გოლი მე და ერთმა, კარგად მოთამაშე უმცროსმა ბიჭმა გავიტანეთ. მთავარმა ლტოლვილმა კი 5:1-ზე თქვა თამაში აღარ მინდა, ჩემი ნამდვილი გუნდი სხვა დროს შეიკრიბება და მოგიგებთო. ცხადია, დავცინეთ და კინაღამ მეორე ჩხუბი მომივიდა იმ დღეს, მაგრამ საბოლოოდ მშვიდობით დავიშალეთ. სულით პროვინციელი ბიჭი იყო და არაფერი ეშველებოდა. თან იმ ქურთზე მეტად მაინც არ მეზიზრებოდა და ნაკლებად აგრესიული ვიყავი. მის მიმართ

ჩვენთვის დიდი ტრიუმფის დღე იყო, და აღარ ვიცოდით სიხარულისგან რა გვექნა. ჯილდო თავისით მოვიდა… ცოტა ხანში კუთხის სახლთან მანქანა გაჩერდა, რომლიდანაც მეზობელმა ქალმა დამიძახა. მეორე სახლში ცხოვრობდა და აქეთ იშვიათად მოდიოდა.

დაგინახე და დაგიძახე, ძალიან მომენატრეო. გამომკითხა ამბები და მითხრა ნაყინი უნდა გიყიდოო. მარტო არ ვარმეთქი, სიტყვა გადავუკარი, მაგრამ დანანებით შემომხედა, ამდენი ფული არ მაქვსო. მე კიდევ უფრო საცოდავი სახით შევხედე და ცოტა ხანში, ჩემს გარდა, ოთხი ბიჭი შეექცეოდა ნაყინს. კერძოდ კი ,ესკიმოს’. მაშინ ეს სიტყვა იყო ,ხოდში’. ნაყინის უშნო ყუთებში დამტარებელი ციგნები ახალი შემოსულები იყვნენ და ,მაროჟნი’-სთან ერთად ძირითადად ესკიმოსა და პლომბირს გაიძახოდნენ.

სიხარულისგან და იმდღევანდელი დაძაბულობისგან უაზროდ მოზღვავებული ენერგია აღარ ვიცოდით სად წაგვეღო და ახალი საკბილოს ძიებაში ეზოში შევედით. საკბილოც იქვე დაგვხვდა, მას ,ჩორნა’ ერქვა.

ჩორნა ბომჟი ქალი იყო, რომელიც ამავე დროს გიჟი გახლდათ. არ ლაპარაკობდა და ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა. ნაგავში იქექებოდა ხოლმე, რაღაცეებს აგროვებდა და თავისი ჭუჭყიანი პარკით დაჰქონდა. როცა იმ დიდ ეზოს სტუმრობდა, ბუნკერთან ახლოს ეძინა ხოლმე.

ბავშვები ხშირად აბრაზებდნენ მას, მაგრამ ჩორნა ძირითადად ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენც ხომ არ ჩამოვრჩებოდით ვინმეს და მყისვე მივეჭერით. განსაკუთრებით მე გამოვიდე თავი. ძალიან ახლოს მივედი და ისტერიულად ვუმეორებდი _ ჩორნა, ჩორნა, ჩორნა… დიდად არ სიამოვნებდა, როცა ამ შერქმეულ მეტსახელს ეძახდნენ. პერიოდულად სხვა სიტყვებსაც ჩავურთავდი ხოლმე, ერთი-ორჯერ ამიქნია ხელი, მაგრამ არ მოვეშვი. ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ასე _ ჩორნა, ჩორნა, ჩორნა… და უცებ, ჩორნამ არანორმალური ხმა ამოუშვა, ეს იყო ყმუილში გადასული ღრიალი. ამ ხმის გაგონებაზე კინაღამ გული ამომივარდა და ჩემსკენ რომ გამოიქცა, საერთოდ ფეხები მომეკვეთა, მაგრამ რამდენიმე წამში გონზე მოვეგე და გავიქეცი.

სხვები სხვა მიმართულებით გაიფანტნენ, მაგრამ ჩორნა მე მომზდევდა, მთელი ცხოვრების ჯავრი თითქმის ჩემზე იყარა. წავბორძიკდი და მივხვდი მალე დამეწეოდა, იქვე მიწაზე ხის მოზრდილი ტოტი დავინახე, ავიღე და ქნევა დავიწყე. ჩორნა ჩემს წინ გაჩერდა და ჩაწითლებული თვალებით მომაშტერდა, თითქოს ცეცხლი ენთო შიგნით. თან ისე ქშინავდა, ვეღარ იტყოდი ადამიანიაო.

ვფიქრობ, ჩემს თვალებში ის სინანულიც დაინახა და ის შიშიც, რომელსაც ვგრძნობდი, ძალიან, ძალიან შემეცოდა. ცოტა ხანში შედარებით დამშვიდდა, გატრიალდა და წავიდა. შვებით ამოვისუნთქე და დანარჩენებისკენ წავედი, თან იხტიბარიც არ გავიტეხე და გავიცინე, რაღაც რეპლიკაც ვისროლე. თითქოს სულ არ შემშინებოდა. იმ დღის მერე, ჩორნა, მის გაუჩინარებამდე, აღარასოდეს შემიწუხებია.

გაირკვა რომ ის დღე მარტო ჩვენთვის არ იყო დაძაბული და არეული. ჯერ გივი ვნახეთ. გივი კიდევ ერთი ადგილობრივი გიჟი გახლდათ. თუმცა შედარებით მოწესრიგებული, რომელსაც სახლიც ჰქონდა და კარიც. თავის დროზე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი იყო და ნიჭიერიც. მაგრამ მათემატიკოსი გახლდათ და ბოლოს გააგიჟა ამ საქმემ. ქუჩაში რომ მოდიოდა თავისთვის ლაპარაკობა ხოლმე. ზოგი კი ჰკითხავდა _ როგორ ხარ გივი? 5X5? _ და ის პასუხობდა. მერე ისევ კითხავდნენ _ 7X5? _ და გივი ისევ უპასუხებდა, რა ციფრებიც არ უნდა გეთქვა. გარეგნობაც სასცილო ჰქონდა ბოლოს, შავგვრემანი და ხუჭუჭა იყო, თმები მოეშვა და გრძელ ულვაშებსაც ატარებდა. ისე, გივი იმ დღიდან მალევე გარდაიცვალა, ჩემებმა დიდი გულისტკივილით გამოიტირეს, ყველას ეცდოებოდა, მეც გული დამწყდა.

ეზოში მიბრუნებულებს კი სერიოზული სკანდალი დაგვხვდა. იმ დიდ ეზოში, ერთი პროვინციელი გოგო ცხოვრობდა. მარტო იყო და ბიჭები მეგობრობდნენ მასთან. ერთს ვითომ უყვარდა კიდეც. ის ბიჭიც პროვინციიდან იყო ჩამოსული და თითქოს კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ბოლოს ალბათ სხვა გზა აღარ დარჩა… თუმცა მის საქციელს მაინც არანაირი გამართლება არ აქვს.

საქმე ის არის, რომ წინა ღამეს დაულევიათ. ეს ბიჭი იმ გოგოსთან ასულა და სექსიც ჰქონიათ, მაგრამ მერე ოთახში ნელნელა სხვა ბიჭები შესულან და ეს გოგო რამდენიმეს რიგრიგობით გაუუპატიურებია. თუმცა გაუპატიურება შეიძლება გადამეტებული ნათქვამია, რადგან იმ დროს მგონი გოგო თითქმის გათიშული იყო, და დიდი წინააღმდეგობაც არ გაუწევია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აზრები მაშინ კარგად ვერ დავალაგე, რადგან ბევრიც არაფერი მესმოდა ამ საქმის. უბრალოდ, დაახლოებით მივხვდი რა მოხდა და გავიაზრე, რომ ცუდი რამ მოხდა.

ახლაც ნათლად ჩამესმის იმ გოგოს წიწინი და მოთქმა. პირდაპირ ბირჟაზე მიეჭრა ბიჭებს, არც მალავდა არაფერს და ხმამაღლა კიოდა. იმ პროვინციალ ბიჭს ეუბნებოდა, ყველაფერი შენი ბრალია შე არაკაცოო და თან მუშტებს ურტყამდა მკერდზე. ის კი დინჯად პასუხობდა _ გადი გოგო იქეთ, მე რა შუაში ვარო, თან კი ეტყობოდა რომ შეწუხებული იყო, მაგრამ მეტს ვერაფერს ამბობდა. დანარჩენი ბიჭები ირონიულად და ბოროტულად იცინოდნენ. განსაკუთრებით ერთი, ზემოთ მრავლადნახსენები ყოჩი, თან პერიოდულად შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც ეუბენბოდა.

მოშორებით ვიდექი და ვუყურებდი ამ სიტუაციას, რომელიც დიდ ხანს გაგრძელდა. ეს გოგო ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ მე უძლური ვიყავი, იმ მომენტში ისიც არ ვიცოდი წესიერად, თუ რა მოხდა. ბოლოს სადარბაზოდან ვიღაც ქალი გამოვიდა და  ეს ისტერიკაში მყოფი გოგო დიდი გაჭირვებით შიგნით შეიყვანა. ბიჭებიც გაერიდნენ. ვინ იცის იმ გოგოს საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის რამე აეტეხა, მაგრამ ვიღაცამ ალბათ როგორღაც დაამშვიდა.

მე კი თავი იმით დავიმშვიდე და მოვიტყუე, რომ არც ეს გოგო იყო მთლად ანგელოზი. სხვათა შორის, მალე გაქრა იმ ეზოდან. ისევე როგორც ის პროვინციელი ბიჭი და მისი თანამეოთახე მეგობარი ბიჭი. სხვა გამოხმაურება ამ ამბავს არ მოჰყოლია.

XI (უჩკუდუ)

ხანდახან მიწისქვეშა გასასვლელის კიბეებთან მოვკალათდებოდით ხოლმე და გამვლელ ქალებზე ვსაუბროდით. ლამაზ გოგოებს ველოდებოდით და ჩვენთვის სხვადასხვა, მათ შორის უხამს კომენტარებსაც ვუკეთებდით. ვულკანიზაციაში პატარა დაღმართი ჩადიოდა და იქ ერთ-ერთი საუკეთესო ჩასაჯდომი ადგილი იყო. ასე უწყინარად დაიწყო მორიგი, თითქოს ჩვეულებრივი დღეც.

დაახლოებით ნახევარ საათში, როცა უკვე ვფიქრობდით, იქვე ამოსული უცნაური მცენარე მოგვეწყვიტა და იმის წვენით დაგვესვარა ერთმანეთი, შპრიცებით გვეწუწავა თუ ასანთის თავები ჩაგვეფლო ასფალტში, სპეციალური ლურსმანი დაგვეცო და აგური გვესროლა ზემოდან, პატარა აფთქების მოსაწყობად, აქეთ გავიგეთ დიდი აფეთქების ხმის მაგვარი, რასაც ცოტა გაურკვეველი, თითქოს იარაღის გასროლის და თითქოს რაღაცის სიმაღლიდან დაცემის ხმა მოჰყვა.

თავიდან კი დავინტერესდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ სერიოზული არაფერი იყო, და გეგმების დაწყობა განვაგძრეთ. აი როცა ხმაური ატყდა და ხალხი დაიძრა ვაკის პარკისკენ, მივხვდით, რომ რაღაც მართლა მოხდა და სულ ტყუილად წავუყრუეთ.

იქ მისულები ახლოს აღარ მიგვიშვეს და შორიდანღა დავინახეთ უცნობი მამაკაცის გვამი. სისხლიც საკმაო რაოდენობით იყო. უარყოფითი, მაგრამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა და დატოვა ამ სურათმა.

არ ვიცი რომელი, ჩვენთვის უცნობი და უცნაური ხმის მქონე იარაღიდან გაისროლეს, მაგრამ ფაქტია, იმ კაცს რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და თავის მანქანასთან, ადგილზევე იყო მოკლული. როგორც გაირკვა, იქვე, საბავშვო ბაღში შვილის გამოსაყვანად მიდიოდა, მაგრამ…

მკვლელობები და განსაკუთრებით, სროლა, დაჭრა, დანის ტრიალი და გარჩევები ჩვენთვის უცხო ხილი ნამდვილად არ გახლდათ. პირიქით, უკვე ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული. თუმცა წესით, ყველაფერს ჰქონდა პრეისტორია და მიზეზები. აი ეს ამბავი კი სრულიად ამოვარდნილი და გაურკვეველი გამოდგა. ფაქტია, ადგილობრივ გარჩევებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა და ასე ითქვა.

ხალხი შეშფოთებული იყო, და რა გასაკვირია, რომ დღის თემად ეს მკვლელობა იქცა. ვინც კი ვნახე ყველას დაველაპარაკე ამ ამბავზე და ბოლოს უჩკუდუსთან შევლაც გადავწყვიტე.

უჩკუდუ ისევ მთვრალი და უხასიათოდ დამხვდა. ჩხუბი და ლანძღვა დაიწყო. უკვე გამოსვლას რომ ვაპირებდი, თვალში მომხვდა კართან ახლოს რუსული ფულის დაგდებული შეკვრა, დაბალი კუპიურებით, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ნოყიერი თანხა ჩანდა. მაგიდაზე უფრო მსხვილი კუპიურები იყო მიმოფანტული, გავიფიქრე ნეტა საიდან აქვსთქო, თან რუსული ფული როგორ შემორჩამეთქი. ამ აზრებმა მალევე დამტოვეს და ისევ იმ შეკვრას დავაშტერდი, თითქოს ჩემთვის იყო გამზადებული.

დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი რამე გადავხარშე. წარმოვიდგინე როგორ მჭირდებოდა იმ მომენტში ფული. იმედი, მქონდა რომ ამ ფულს გადავახურდავებდი. თან უჩკუდუს კიდევ რჩებოდა და ისედაც, მას უაზროდ უნდა დაეხარჯა, მე კი უფრო აზრიანად და საჭიროდ გამოვიყენებდი. ფეხბურთზე ვიყავი შესული და ყოველთვიური გადასახდი ყველას დაფარული ჰქონდა ჩემს გარდა, უფულოდ კი აღარ მიმიღებდნენ. პლუს დღის განმავლობაში აუცილებლად შევიდოდა ვინმე, სხვა ბომჟი ან ჩვეულებრივი ადამიანი და ეს ფული მას დარჩებოდა, ჰოდა, რაღა მას, მე ავიღებმეთქი.

მოკლედ, ყველანაირად შევიმზადე თავი, ფულის შეკვრას ჯერ ფეხი დავადგი, მერე დავიხარე, თან  უჩკუდუს ვუყურებდი, ის ისევ ბურდღუნებდა, ფული უცებ ავიღე, ვითომ თასმას ვიკრავდი, ჯიბეში ჩავიდე და გამოვედი.

ადრეც უწუწუნია უჩკუდუს ხან ფული მომპარესო, ხან ის და ხან ესო. როგორც ჩანს, ვიღაც ან ვიღაცეები პერიოდულად მართლა სარგებლობდნენ მისი სიმთვრალით და ძარცვავდნენ კიდეც, როცა რამე ჰქონდა გასაძრაცვი. ჰოდა, ამჯერად მე დავასწარი, თავი დავირწმუნე, რომ არაფერი განსაკუთრებულად ცუდი არ ჩამიდენია და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ სად შემეძლო ფულის გადახურდავება.

სხვათა შორის, არ დამიმალავს, რამდენიმე ადამიანს ვუთხარი კიდეც საიდან ავიღე ფული და ავუხსენი სიტუაცია. ცხადია, ყველასთვის არ გამიმხელია. თავად უჩკუდუ, მეორე დღეს მძიმედ გამოიყურებოდა. ახლომახლოს ჩავუარე და არაფერი უთქვამს.

მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე, მისთვის თვალი აღარ მომიკრავს. გავიგე ავად არისო. დაახლოებით ერთ კვირაში კი მოულოდნელად მის სარდაფთან ხალხის მცირე ჯგუფი დავინახე. მოვუახლოვდი და რომ გავიგე რამდენჯერმე როგორ გაიმეორეს, ვაი ეს უბედურიაო, მივხვდი, საქმე კარგად არ იყო.

სარდაფიდან საშინელი სუნი გამოდიოდა, როგორც ჩანს, ვინმე სწორედ ამ სუნმა შეაწუხა და ალბათ ასე აღმოაჩინეს გარდაცვლილი უჩკუდუ. შიგნით შევიხედე _ ტახტზე იჯდა, შარვალი ჩაწეული ჰქონდა და განავალი გაპარვოდა. თავი მაგიდაზე დაედო, იქვე კარტოფილი, დანა, და სხვადსხვა ნივთები იყო.

მიუხედავად, საშინელი სუნისა და მძიმე სურათისა, რაღაც პერიოდი ვერ მოვცილდი იქაურობას. გამახსენდა, მისი სახე, ღიმილი, ჯუჯღუნი, სიმღერა… უფრო ისეთი რამეები, რაც დადებითად ჩამრჩა უჩკუდუზე. ძალიან შემეცოდა, ლამის ცრემლიც წამომივიდა, მაგრამ ეს აღელვება უმალვე გადაფარა იმ დღის გახსენებამ, როცა მის პატარა ოთახში, რუსული ფულის შეკვრა ავიღე. მაპატიე უჩკუდუ… ჩავილაპარაკე გონებაში და სევდანარევმა ღიმილმა გამკრა. ეს იყო ჩემი მესამე და უკანასკნელი ქურდობა.

*********************************************************************
დიახ, ძვირფასო მკითხველო, ამ ისტორიის უდიდესი ნაწილი მართლაც რომ მოხდა, თითქმის ყველაფერი. არ ვაპირებდი მოყოლას, რადგან ჩემი მძიმე და ალაგ-ალაგ სახალისო, მაგრამ რაც მთავარია, საინტერესო ბავშვობისა და ცხოვრების გარკვეული ნაწილის შესახებ, მომავალში მინდოდა მომეთხრო უფრო ვრცლად, დაწვრილებითა და საინტერესოდ. ეს კი მხოლოდ ერთი მსუბუქი მონაკვეთი იყო, თანაც გამოყოფილი, განვრცობებისა და ბევრი დეტალის გარეშე, რაც ჩემს სამომავლო ჩანაფიქრს, შესაძლოა ეშხის რაღაც ნაწილს ართმევდეს კიდეც. არ მსურდა ასე ნაწილ-ნაწილ მეამბო ისტორიები, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ,ივან ვასილის ძე იცვლის პოფესიას’ ვნახე, უნებურად უჩკუდუც გამახსენდა, სხვა ისტორიებიც, მომეძალა… და ამ მოთხრობის დაწერაც გადავწყვიტე. ისე, ვაკის პარკში ის გემრიელი სანაყინე დიდი ხანია აღარ არსებობს, არც ის უცნაური თამაშია შემორჩენილი, ჩოგბურთის ბურთებით. ხოლო სარდაფში სადაც უჩკუდუ ცხოვრობდა, ახლა ხილბოსტნეულის პატარა მაღაზიაა.

Written by 1myway1

October 6, 2010 at 3:56 pm

Posted in Uncategorized

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მართალია სუპერზეაღმატებულად დიდი პოსტი იყო, მაგრამ აქვე ძალიან საინტერესოც.. :))
    ამდენი დეტალი როგორ დაიმახსოვრე?!

    “პალიცეესკი ნაბორი” მეც ძალიან მიყვარდა, გამიმართლა და დაბ’დღეზე მაჩუქეს..😀

    ika

    October 6, 2010 at 4:41 pm

  2. რომელი იკა ხარ შენ?😀
    პოსტი არ იყო იდეაში და იმიტომა გრძელი😀 არადა ბევრად გრძელი უნდა იყოს, ზარმაცი რომ არ ვიყო🙂 მარტო ამ მცირე მონაკვეთით შეიძლება ბევრად ვრცლად მოთხრობა ამ ყველაფერის.

    რაც შეეხება მახსოვრობას, კიდევ იმდენი რამე მახსოვს რომ იცოდე…😀 უფრო იმაზე ვწუხვარ, რაც აღარ მახსოვს და ვერ ვიხსენებ

    1myway1

    October 6, 2010 at 5:05 pm

    • იკა ხმალაძე (Coldplayin’)😛

      ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს და იუვე და რამე ხო, მარა ისედაც ბევრ საერთოს ვიჭერ ხოლმე ჩემ თავთან, აი ცვეტში ძალიან ვიწრო საკითხებშიც😀

      კაი ბლოგია, ტაკ ძერჟაწ..😉

      ika

      October 6, 2010 at 7:56 pm

      • გაიხარე🙂
        ეგრეც ვიფიქრე, Fეისბუქზე შევხედე, მაგრამ იქ სხვა ავატარი გიყენია და ვიკითხე😀

        1myway1

        October 6, 2010 at 8:10 pm

  3. გესმის საგანი :yes:

    meore

    October 6, 2010 at 5:32 pm

  4. მადლობა მეორევ

    1myway1

    October 6, 2010 at 5:58 pm

  5. ძალიან გრძელი პოსტია უდავოდ, მაგრამ როგორც წესი შენს პოსტებს ვერ ვწყდები და ბოლომდე ვკითხულობ ხოლმე სიამოვნებით, მომწონს შენი ნაწერები, რაღაც ერთ ამოსუნთქვასავით იკითხება

    mylpi

    October 6, 2010 at 6:08 pm

  6. დიდად გმადლობთ ქალიშვილო )))
    სასიამოვნო მოსასმენია

    პოსტი არ არის, მოთხრობასავითაა და უბრალოდ, ბლოგზეც დავაგდე😀
    როგორც დააგდო, უაბზაცებოდ და რამე

    1myway1

    October 6, 2010 at 6:15 pm

  7. ჰოლდენ კოლფილდს რომ თბილისში ეცხოვრა, ალბათ ასეთი მოთხრობა გამოუვიდოდა სელინჯერსაც
    ძაან მომეწონა

    andria

    October 7, 2010 at 4:45 pm

  8. მადლობა😀🙂

    ჰოლდენა კიდე სხვა ჩუვაკია, რომ წავიკითხე მსგასვი რაღაცეები დავიჭირე, ოღონდ უკვე სადღაც 15-16 წლის ასაკში რომ ვიყავი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და უმაგრესი ნაწამრმოებია, არის რაღაცეები რაც მაღიზიანებს ჰოლდენის😀

    1myway1

    October 7, 2010 at 5:12 pm

  9. goodman chemi tanti xar😀

    pulpbubble

    October 7, 2010 at 7:53 pm

  10. ნაღდი ამბავია?

    ალექსი სიუკაევი

    December 7, 2010 at 11:09 pm

  11. ki

    1myway1

    December 8, 2010 at 12:12 am

  12. Gudmen ver movcydi dzaan kai iyo,saxlshi davicye kitxva da sakmeze ro gavedi mere mobilurit vkitxulobdi ise damainteresa.tan chemi tavic amovicani faqtiurad am motxrobashi,radgan mec zustad es periodi gamoviare da yvelaferi is vnaxe da gamovcade rac shen agcere.

    Marco

    July 12, 2012 at 12:23 pm

  13. გაიხარე🙂
    რაღაც პონტში ნოსტალგია შემოგაწვება ხოლმე კაცს )))

    1myway1

    July 12, 2012 at 12:33 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: