1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ტრენტინიანი

with 6 comments

ჟან-ლუი ტრენტინიანი, სერჯო კორბუჩის ფილმში The Great Silence

ჟან-ლუი ტრენტინიანი, სერჯო კორბუჩის ფილმში The Great Silence

2003 წელს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მეც ამ სევდიანი ისტორიის მოყოლა მსურს, რამდენიმე დღის წინ ძალიან მომინდა და აი დავიწყოთ, დავიწყოთ პატარა წინასიტყვაობით და მერე – სულ თავიდან🙂

მართალია ბავშვები ყოველთვის ზედმეტად ფაქიზები, პატარები და სათუთები გვგონია, მაგრამ ადამიანი სწორედ ბავშვობაში ირჩევს იმ მიმართულებას, რომელსაც შემდგომ ძალიან იშვიათად ღალატობს. იშვიათად იცვლის გეზს, გემოვნებას, აზრს ამა თუ იმ საკითხზე და ასე შემდეგ. პირადად მე ყოველთვის არასწორი მგონია ფრაზები – გაიზრდება და ისწავლის, რომ გაიზრდება მიხვდება – და მსგავსები. არაფერსაც არ მიხვდება, რომ გაიზრდება უფრო მეტად გაჰყვება ბავშვობაში არჩეულ გზას, როცა ,ენას უჩლექდნენ’, ადრე აძინებდნენ, სიგარეტს არ აწევინებდნენ, სასმელს არ ასმევდნენ, ,უხამსობებს’ არ აყურებინებდნენ, ძალიან ანებივრებდნენ(რაც დამღუპველია) ან ძალიან მკაცრად ექცეოდნენ(რაც ასევე დამღუპველია, მაგრამ პირადად ჩემი აზრით არა ისე, როგორც პირველი, თუმცა ყველაფერი შედარებითია და სიტუაციას გააჩნია).

ბავშვობაში ირჩევ საყვარელ სპორტსმენს, გუნდს, საჭმელს, წიგნს, ფილმს, ქალის/კაცის ტიპს რომელიც მოგწონს, ჩაცმულობის სასურველ სტილს(წარმოდგენით მაინც), სასურველ მანქანას, მეგობრებს… აბსოლუტუირად ყველაფერს. ეს კი მარტივ რამეზეა აგებული – რაიმე დადებითი ან უარყოფითი ემოცია და მორჩა – არჩევანი გაკეთებულია🙂 ერთადერთი რასაც ბოლომდე ვეთანხმები ბაშვებთან მიმართებაში ისაა, რომ ბავშვი ფაქიზია, ყველაფერს კარგად აღიქვამს, გულთან ახლოს მიაქვს და ადვილად ექცევა რაღაც კონკრეტული ისტორიის, ვიზუალური ეფექტის, განცდის, ტრაგედიის, გარემოების… ზეგავლენის ქვეშ. ხოლო როცა რაიმეზე წარმოდგენას შეიქმნის 100-დან  90 შემთხვევაში თუ მეტში არა, აღარც შეიცვლის.

სწორედ ბავშვობაში, როცა ჯერ არაფერი მესმოდა და არც კინომოყვარული ვიყავი, ვერც ვიქნებოდი, რატომღაც თავიდანვე დადებითად განვეწყვე ერთი გვარის გაგონებაზე, ეს იყო – ტრენტინიანი. მომწონდა ,უცნაური’ გვარები, ქეცბაია, ტრენტინიანი, აზნაური… ჩემი საყვარელი სახსენებელი გვარები იყო. გარდა ამისა, გადავწყვიტე, რომ ჯინა ლოლობრიჯიდაზე უკეთ გაირითმებოდა – ჯინა ლოლობრიჯინა – და მიკვირდა თუ რატომ არ ,დაარქვეს’ ამ ქალბატონს მშობლებმა გვარად ლოლობრიჯინა, განა ეს ასეთი ძნელი გასაკეთებელი/მისახვედრი იყო? მაშინ 6-7 წლის ვიქნებოდი. ამიხსნეს კარგად ყველაფერი, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლოლობრიჯინა უკეთესი იქნებოდა. ტრენტინიანი კი არასოდეს მენახა, მხოლოდ ყური მოვკარი და თავიდანვე მომეწონა ეს გვარი, სახელიც სხვათა შორის – ჟან ლუი ტრენტინიანი…

დიდი შანსია, ამ ბაშვური ,სტერეოტიპისა’ და დადებითი განწყობის ბრალი იყო ის, რომ ტრენტინიანი პირველივე სერიოზული ნახვისასვე ძალიან მომეწონა და დავაფასე ეს მსახიობი. თუმცა განწყობის გარდა, აქ ობიექტური მიზეზებიც არის. ჩემი აზრით, ჟან ლუი ტრენტინიანი ერთ- ერთი ყველაზე სახასიათო და გამორჩეული მსახიობია, თან ძალიან ლამაზი, რა ალენ დელონი… თუმცა ამაზე ნუ ვიკამათებთ, ყველას თავისი გემოვნება აქვს და თან მე მამაკაცი, მამაკაცის სილამაზეს სხვანაირად აღვიქვამ ცხადია, ხოლო ქალებს თავიანთი სამყარო და ხედვა აქვთ.

მორის ტრენტინიანი

ჟან-ლუი ტრენტინიანი 1930 წლის 11 დეკემბერს საფრანგეთში, კერძოდ პიოლენკში დაიბადა. ტრენტინიანი საკმაოდ შეძლებული და ცნობილი ოჯახიდან იყო. მისი ერთ-ერთი ბიძა ლუი ტრენტინიანი 1933 წელს ტრასაზე საკუთარი ბუგატით პრაქტიკისას დაიღუპა. მრბოლელი იყო მეორე ბიძა, ლუის ძმა მორის ტრენტინიანიც, თანაც არა უბრალოდ მრბოლელი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო 1950-იან წლებში და მას ორჯერ მონაკოს გრანპრიც აქვს მოგებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ პატარა ჟან-ლუი თავიდან ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა.

უაღრესად მორცხვ ბავშვად დახასიათებული ჟან-ლუი პოეზიამ გაიტაცა და მის საყვარელ პოეტებად გიიომ აპოლინერი, ჟაკ პრევერი და ლუი არაგონი იქცნენ. 12 წლის ასაკში ის დრამატურგიის შესასწავლად პარიზში გადაბარგდა. მოგვიანებით, ცოტა მოულოდნელად ის სამართლის შესწავლას იწყებს, მაგრამ ოცნებას მსახიობობაზე გულის სიღრმეში იტოვებს. 1949 წელს კი ტრენტინიანის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება – მას იწვევენ მოლიერის სპექტაკლში ,L’Avare ou l’École du mensonge'(ძუნწი). 19 წლის ჟან-ლუი სიამოვნებით თანხმდება შემოთავაზებას, თავს ანებებს სამართლის შესწავლას და თეატრალურზე გადადის, ის გაკვეთილებს ტანია ბალაშოვასა და შარლ დიულენისგან იღებს. თან ცდილობს, როგორმე დაძლიოს საკუთარი ზღვარგადასული სიმორცხვე.

ჟაკლინ სასარი, ჟან-ლუი ტრენტინიანი და მისი პირველი ცოლი სტეფან ოდრანი


მალევე ტრენტინიანმა ასევე მსახიობი სტეფან ოდრანი მოიყვანა ცოლად. თუმცა მათი სიყვარული და ქორწინება, არც ისეთი წარმატებული და ხანგრძლივი გამოდგა. გაშორების შემდეგ სტეფანი ცოლად რეჟისორ კლოდ შაბროლს გაჰყვა. ჟან-ლუის თეატრალური კარიერა კი წარმატებულად გრძელდება… ის ტრიალებს ჟერარ ფილიპის, ბრიჯიდ ბარდოს, ჟან მოროს და სხვების გარემოცვაში.

ტრენტინიანი და ბრიჯიდ ბარდო(BB) ფილმში – …And God Created Woman


ტრენტინიანის ყველა კარიერულ ნაბიჯზე აღარ შევჩერდეთ. უბრალოდ გეტყვით, რომ მისი პირველი ფილმი იყო 1956 წლის ,If All the Guys in the World…’, რომელიც კრისტიან ჟაკმა გადაიღო. იმავე წელს როჟე ვადიმმა გადაიღო საკულტო ფილმი ,…და ღმერთმა შექმნა ქალი’. მთავარ როლში ბრიჯიდ ბარდო გვევლინება, რომლის პერსონაჟიც მხოლოდ გართობასა და კაცებზე ფიქრობს. ხოლო ჟან-ლუიმ ახალგაზრდა და თავდავიწყებით შეყვარებული ქმრის როლი ბრწყინვალედ შეასრულა. სხვათა შორის, ბარდო მაშინ სწორედ როჟე ვადიმის ცოლი იყო, ტრენტინიანმა კი მასთან რომანი გააბა. ამ ამბავმა დიდი ხმაური გამოიწვია და საბოლოოდ, ყველაფერი ვადიმისა და ბარდოს განქორწინებით დასრულდა.

ბრიჯიდ ბარდო

მოულოდნელად, ტრენტინიანი დაახლოებით 3 წლით ტოვებს ,ელიტას’, რადგან ჯარში სამსახური უწევს. ამ პერიოდში ის ალჟირსა და გერმანიაში მსახურობდა. ამასობაში, ბარდოსთან ურთიერთობაც ქრება, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ბრიჯიდი მუსიკოს ჟილბერ ბეკოსთან ახლო ურთიერთობაში შედის.

ანუკ ემე და ჟან-ლუი ტრენტინიანი

ჯარიდან დაბრუნებულმა ტრენტინიანმა სამსახიობო კარიერა გააგრძელა და ის მრავალ ფილმში ათამაშეს. თუმცა ჩვენ 1966 წლის კარგად დაპიარებული და ცნობილი ფილმი ,ქალი და მამაკაცი’ უნდა გამოვარჩიოთ(20 წლის მერე წარუმატებელი გაგრძელებაც გადაიღეს). სწორედ ამ პიარის გამო, ეს ალბათ ჟან-ლუის ყველაზე ცნობილი როლია, მაგრამ არა საუკეთესო. ამ ფილმმა მიიღო ორი ოსკარი(საუკეთესო უცხოური ფილმი და ორიგინალური სცენარი) და კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო. მთავარი პერსონაჟი ავტომრბოლელია, შესაბამისად, ჟალ-ლუის ოჯახიდან და გავრიდან გამომდინარე, რეჟისორ კლოდ ლელუშს ბევრი არ უფიქრია იმაზე, თუ ვინ უნდა მოეწვია მამაკაცის როლის შესასრულებლად. რაც შეეხება ქალს. ეს უკვე ლელუშმა ტრენტინიანის რჩევით გააკეთა და ფილმში ანუკ ემე ათამაშა, რომელიც ჟან-ლუის ახლო მეგობარი გახლდათ და ტრენტინიამა რეკომენდაცია გაუწია.

ნადინ მარკანი/ტრენტინიანი

არ გამოგვრჩეს, რომ იმავე პერიოდში(1960 წელს) ტრენტინიანი თავის რომანს მსახიობ, სცენარისტ და რეჟისორ ნადინ მარკანთან ქორწინებით ასრულებს(და მოგვიანებით ეს ქორწინებაც გაყრით მთავრდება – 1976 წელს). მათ სამი შვილი შეეძინათ – ვენსანი, პოლინა და მარი, მაგრამ პოლინა დაბადებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა (1969 წელს). ვენსანი დღესაც ცოცხალია, რაც შეეხება მარის…

კლაუს კინსკი და ჟან-ლუი ტრენტინიანი – The Great Silence

1968 წელს, ტრენტინიანმა მიიღო ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ალენ რობ-გრიიეს ფილმში ,L’Homme qui ment'(კაცი რომელიც იტყუება). იმავე წელს გამოვიდა სერჯო კორბუჩის შესანიშნავი ვესტერნი(პირადად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი ჟანრში) ,The Great Silence’. იტალიელებს მაინც სხვანაირად შეუძლიათ ხელოვნება…🙂 სპაგეტი-ვესტერნიც და სხვა ყველაფერიც. ფილმში ტრენტინიანი საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ არც არის საჭირო ))) ასევე ბრწყინვალედ გამოიყურება ნიკოლაუს კარლ გიუნტერ ნაკშინსკი ანუ უბრალოდ კლაუს კინსკი, ნასტასია კინსკის მამა.

ჟან-ლუი ტრენტინიანი და ვიტორიო გასმანი

საერთოდ, ჟან-ლუი ტრენტინიანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში და მან იმუშავა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ბერნარდო ბერტოლუჩი, ეტორე სკოლა, დინო რიზი, ვალერიო ძურლინი… ითამაშა ვიტორიო გასმანთან ერთად.

1969 წელს, მან მოიპოვა ყველაზე დიდი აღიარება კარიერაში, მიიღო რა კანის კინოფესტივალის ჯილდო, ბერძენი რეჟისორის კოსტა-გავრასის ბრწყინვალე ფილმში ,Z’ შესრულებული როლისთვის, რომელშიც ასევე ძალიან საინტერესო და დიდი პირვონება ივ მონტანიც თამაშობს. 1972 წელს მიიღო ,დავიდ დი დონატელოს’ სპეციალური ჯილდო და ასევე 4-ჯერ იყო ნიმინირებული ,სეზარ’-ზე.

ჟან-ლუი ტრენტინიანი ფილმში – Z

სხვათა შორის, ტრენტინიანისა და ლოლობრიჯიდას გზებს მარტო ჩემს ბავშვურ ფანტაზიებში არ გადაუკვეთავთ ერთმანეთი. მათ ერთად იმუშავეს ფილმში Death Laid an Egg (1968). მოგვიანებით, ჟან-ლუიმ ჯინასადმი კრიტიკა არ დაინანა. მან ლოლბრიჯიდა უპასუსხიმგებლობაში, მედიდურობასა და ჭირვეულობაში დაადანაშაულა და თან სულელიც უწოდა. სამაგიროდ, აქო და ადიდა კოსტა-გავრასი, ხოლო ანუკ ემეზე თქვა, რომ ისეთი მსახიობი ვერ არის, როგორც ბრიჯიდ ბარდო, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთივე ექსტრაორდინალურია, როგორც გარი კუპერი იყო მაგალითადო. ბარემ ვთქვათ ისიც, რომ ტენტინიანის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი მარჩელო მასტროიანი გახლდათ.

ტრენტინიანი და სტეფანია სანდრელი – The Conformist

1970 წელს მან ითამაშა ბერნარდო ბერტოლუჩის შესანიშნავ ფილმში ,კონფორმისტი’. სწორედ ეს არის ჩემი საყვარელი როლი და ფილმი ჟან-ლუი ტრენტინიანისა.

კშიშტოფ კიშლოვსკი, ჟან-ლუი ტრენტინიანი და ირენ ჟაკობი

პარალელურად, ბავშვობის ოცნება ნაწილობრივ აისრულა და ავტორალიში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა. 50 წლის ასაკში კი ავინიონთან ახლოს, თავის სახლში განმარტოვდა და განაცხადა, რომ კინოსამყაროსგან დაიღალა. 1990-იან წლებში მაინც ითამაშა რამდენიმე როლი, ძირითადად მიზანტროპების ან ცინიკოსების. პირადად მე ამის გამო უფრო შემიყვარდა. ითამაშა კშიშტოფ კიშლოვსკის ბოლო ფილმში ,წითელი’. მთლიანად ფილმია შედევრი და ტრენტინიანი განსაკუთრებით უხდება, ბრწყინვალე წყვილს ქმნის ჩემთვის არანორმალურად მიმზიდველ ირენ ჟაკობთან. ასევე ფრანსუა ტრიუფოს ბოლო ფილმში აქვს ნათამაშები, ფანი არდანთან ერთად. აგრეთვე, შეგვიძლია მოკლედ ვახსენოთ მისი მშვენიერი როლები რომი შნაიდერთან, მონიკა ვიტისთან და სხვა ლამაზმანებთან ერთად… ძალიან ბევრია ასეთი და ცხადია არამარტო ქალებთან, არამედ ასევე კარგ მსახიობ მამაკაცებთანაც.

1996 წელს კიდევ ერთ რამეში მიბაძა ბიძამისს მორისს(რომელიც 2005 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა) და გადაწყვიტა მევენახეობა დაეწყო, შეიძინა კიდეც დიდი ტერიტორია, რომელსაც სახელი Children of Paradise-ში არლეტის(ნამდვილი სახელი – ლეონი ბატია – ფრანგი მსახიობი, მომღერალი და მოდელი)პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვა. თუმცა ეს წამოწყება წარმატებული არ გამოდგა.

2003 წელს ტრენტინიანი მის ქალიშვილთან ერთად კითხულობდა თავისი საყვარელი პოეტის გიიომ აპოლინერის ,Поэмы к Лу’-ს. იმავე წელს ჟან-ლუი ტრენტინიანის ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია მოხდა…

მარი, ჟან-ლუი და ნადინ ტრენტინიანები

მარი ტრენტინიანი 1962 წლის 21 იანვარს დაიბადა. ბუნებრივია შეძლებულ და პოპულარულ ოჯახში მას ბავშვობიდანვე ანებივრებდნენ. დედამისმა ნადინმა 4 წლის ასაკში უკვე საკუთარ ფილმშიც(My Love, My Love) ათამაშა. მარი 8 წლის იყო, როცა მისი პატარა და პოლინა გარდაიცვალა და ამან მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, საკმაო ხანი საკუთარ თავში ჩაკეტილიც გახლდათ. მასზე არც მშობლების დაშორებამ იმოქმედა კარგად, მაგრამ შემდგომ, ორივესთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა. მსახიობობაზე ცოტა ხანი აღარ ფიქრობდა და იმდენად უყვარდა ცხოველები, რომ ვეტერინარობა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა ოჯახმა, გარემომ, გენმა, გარემოცვამ და ყველაფერმა ერთად თავისი მაინც გაიტანა…

17 წლის ასაკში მარიმ მამამისთან ერთად, ფილმში ,La terrazza’ ითამაშა(ეტორე სკოლას ფილმი ,ტერასა’) და აქედან დაიწყო მისი საკმაოდ წარმატებული კარიერა. შესაძლოა არა ისეთი წარმატებული, როგორც ჟან-ლუის ტრენტინიანის, მაგრამ მაინც. მარი 5-ჯერ იყო ნომინირებული ,სეზარ’-ზე და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

მარი ტრენტინიანი, გარდა გვარისა და ნიჭისა, სილამაზითაც გამოირჩეოდა და სასიყვარულო ურთიერთობებიც არ აკლდა. გატაცებული გახლდათ მუსიკითაც. მან ოთხი ვაჟიშვილი გააჩინა – დრამერ რიშარ კოლინკასგან რომანი(და არა რომენი) ეყოლა. მსახიობ ფრანსუა კლიუზესგან პოლი შეეძინა. მატიას ჟირართან ურთიერთობა კიდევ ერთი ვაჟის ლეონის დაბადებით დასრულდა. მეოთხე ბიჭი ჟიული კი ბოლო ქმრისგან სამუელ ბენშეტრესგან გააჩინა.


2003 წელს მარიმ ფრანგ ფოლკმომღერალ თომას ფრესენთან დუეტი ჩაწერა. იმავე წლის ივლისში კი ნადინ მარკანი/ტრენტინიანი ფრანგ მსახიობ ქალბატონზე კოლეტზე ფილმს იღებდა, რომლის გადაღებებიც ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარეობდა და კოლეტის როლი სწორდ მარის უნდა შეესრულებინა. მარის თან ახლდა ბოიფრენდი ბერტრან კანტა, რომელთანაც 18-თვიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

ბერტრან კანტა

ბერტნარ ლუსიენ ბრუნო კანტა 1964 წლის 5 მარტს ფლოტის თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა ლე ავრში გაატარა, შემდეგ კი ოჯახმა ბორდოში გადასვლა გადაწყვიტა. მან სწორედ იქ გაიცნო დენი ბარტი, ჟან-პოლ რუა და სერჟ ტისო-გე, რომლებთან ერთადაც მალევე როკჯგუფი ,ნუარ დეზირი'(Noir Désir – შავი სურვილი) დაარსა. კანტა ჯგუფის სოლისტი გახლდათ. 1981 წლის მარტში, პირველი კონცერტის ბოლოს, 16 წლის კანტა ხალხის მასაში გადაეშვა და ამის გამო თავის ტრავმა მიიღო.

ჯგუფი Noir Désir

Noir Désir-ს საუკთესო წლები 1990-იან წლებში ედგა და კანტაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაც გახლდათ, მემარცხენე შეხედულებების მქონე კანტას ხალხის საკმაო მასაზე შეეძლო გავლენის მოხდენა. იგი საინტერესო და ნიჭიერი პიროვნება იყო. თუმცა სიგარეტსა და ალკოჰოლზე არანორმალური დამოკიდებულობის გამო, ჯანმრთელობა ხშირად აწუხებდა. 1991 წელს მას ხშირად უბნელდებოდა თვალებში. 1993 წელს ხმის იოგებთან შეექმნა პრობლემები და საოპერაციო გახდა, რის მერეც სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა.

სამუელ ბენშეტრისა და მარი ტრენტინიანის ქორწილი. 1997 წელი

1997 წელს კანტამ უნგრული ფესვების მქონე  კრისტინა რადი მოიყვანა ცოლად(იმავე წელს გათხოვდა მარი სამუელ ბენშეტრიზე) და იმავე წელს შეეძინა პირველი შვილი მილო, ხოლო 2003 წელს ქალიშვილი ალისა. მიუხედავად კრისტინ რადისთან ურთიერთობისა, პარალელურად კანტას მარი ტრენტინიანთან ჰქონდა რომანი, რომელიც 2001 წელს დაიწყო. ასევე უკვე ისიც გითხარით, რომ იგი თან ახლდა მარის ვილნიუსში.

როგორც შემდგომში გაირკვა, კანტასა და მარის შელაპარაკება მოუვიდათ. ამის მიზეზი მესიჯი იყო, რომელიც მარიმ მისი ყოფილი(ბოლო) ქმრისგან სამუელისგან მიიღო. ეჭვიანობით წყობიდან გამოსულმა კანტამ მარი ტრენტინიანი უმოწყალოდ სცემა. ექიმების დასკვნით, მარის სახეში მინიმუმ 19-ჯერ ჰქონდა დარტყმული, ამან თავის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ძნელი სათქმელია რა დგომარეობაში იმყოფებოდა იმ მომენტში ბერტნარ კანტა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამ ,დაბინდვისა’ და აფექტის მერე, მან სასწრაფოს არ გამოუძახა, თუ რატომ, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ სასწრაფო 7 საათის მერე გამოჩნდა, როდესაც მარი უკვე უაღრესად მძიმე მდგომარეობაში და კომაში იმყოფებოდა.

მარი ტრენტინიანის საფლავი

31 ივლისს მარი ტრენტინიანი პარიზის სიახლოვეს, ნეიიში ჰარტმანის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღის შემდეგ, გარდაიცვალა კიდეც. 41 წლის მარი 6 აგვისტოს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს…

ამის მერე, საფრანგეთი ორ ნაწილად დაიყო – პროკანტისტები და ანტიკანტისტები. ხალხის ნაწილი კანტას მხარს უჭერდა და მისთვის მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელის მომხრე იყო, ნაწილი კი პირიქით. არ მინდა ბერტრან კანტა გავამართლო, არც იმ კუთხით, რომ აფექტში ყველაფერი მოსულა და საერთოდ არ უნდა აგო პასუხი… მით უმეტეს, არა იმ კუთხით და დემაგოგიით – იმას, რომ დაიჭერენ, მერე მშობლებს რა? გაცოცხლდება შვილი? და იმ უბედურს ცხოვრება რაღატო უნდა დაუნგრიონ, თავისი გაჭირვებაც ეყოფა – ეს მარაზმია. მაგრამ… ყველაფერში არის სიმართლის პატარა მარცვალი, თან სიტუაციას გააჩნია.

ბერტრან კანტა

ჩემთვის, როგორც სამწუხაროდ პათოლოგიურად ეჭვიანი ადამიანისთვის, ძალიან მარტივად გასაგებია, თუ როგორ შეიძლება გამოგიყვანოს ადამიანმა წყობიდან, თუ ამას ფონად პრობლემები, ნერვიულობა და მსგავსები სდევს, ხომ მით უმეტეს. თან საყვარელ ადამიანს კიდევ უფრო შეუძლია ამის გაკეთება, თან ძალიან მარტივად, როცა ნებისმიერ დეტალზე ეჭვიანობ. რატომ არ ესმის ხალხს, რომ ყველაზე უმოწყალოდ შეიძლება სწორედ საყვარელ ქალს(ამ შემთხვევაში) მოექცე, რადგან ის გიყვარს, მის ყველა ნაბიჯზე ეჭვიანობ და რომც არ იყო ეჭვიანი, მისგან უფრო გწყინს, მისგან უფრო გიხარია… აბა ვინც არ გაინტერესებს ან არ გიყვარს, იმას შეიძლება ყველაფერი გაუტარო, ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან ყველაფერს სხვანაირად იღებ, გაათკეცებული ემოციითა და გრძნობით.

ისიც გაითვალისწინეთ, თუ რა აუტანლად იქცევიან ზოგჯერ ქალები, კაცებიც ცხადია, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ქალებს უფრო შეუძლიათ ნერვებზე თამაში. სათქმელია ისიც, რომ მარის ჰქონდა ბევრი რომანი და არ უჭირდა გაშორება ერთ დროს საყვარელ მამაკაცთან. ზოგჯერ კი, როგორც ქალების დიდმა ნაწილმა, ალბათ თავადაც არ იცოდა რა უნდოდა. იმ კანტასთვის გამაღიზიანებელი შინაარსის მესიჯმა, გამოიწვია კონფლიქტი, მარიმაც ალბათ რაღაც ისეთი და ისე თქვა… არ გაუჭირდებოდა, მამამისის შვილს ენაც უჭრიდა და უთქვამს კიდეც მწარე ,რაღაც-რაღაცეები’ ცხოვრების მანძილზე(ეს კიდევ ცალკე თემაა). ცხადია, ამიტომ უნდა მიხვიდე და 19-ჯერ ჩაარტყა ქალს რომელიც გიყვარს ან სულაც არ გიყვარს, მაგრამ გატაცებული ხარ, სწორი არცერთ შემთხვევაში არ არის. ოღონდ, ეს ცხოვრების რომ არაფერი გაეგებათ ისეთი ხალხის გასარჩევი არაა, მარტო წესების მიხედვით რომ ცხოვრობენ ერთი შეხედვით, ხოლო როცა თავად აწყობთ, თავის სასარგებლოდ ურევენ და ,არღვევენ’ კიდეც. ყველაფერი ხდება, მათ შორის ასეთი რაღაცეებიც და ვისაც გრძნობა არ აქვს, იმან ხმაც არ ამოიღოს.

ბერტრან კანტა

ერთ მხარეს გვყავს გათამამებული, გაზულუქებული გოგო, რომელსაც აქვს მიდრეკილება სირთულეებისკენ. თან რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კომფორტთან და გათამამებასთან ერთად, პრობლემებიც ბევრი შეხვდა. პოპულარულია, ლამაზია, ჯიუტია… მეორე მხარეს, კაცი, რომელსაც ისეთი პირობები არ ჰქონდა, გზა ძირითადადა თავად გაიკვლია, ასე თუ ისე გაჭირვება გამოუვლია,  ადრეულ ასაკში შეეჩვია დამოუკიდებლობას, რაც უნდოდა თითქმის ყოველთვის აღწევდა, იმპულსურია, ფეთქებადი და ალკოჰოლზე დამოკიდებული(ვინ იცის, ალბათ ნარკოტიკებზეც, სამწუხაროდ). ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მოეწონათ, საკმაო ხანი ერთად იყვნენ, პრობლემებიც ჰქონდათ, კარგი დღეებიც და უცებ… ხდება სამწუხაროდ ასე და ვერ გავექცევით. კი საშინელი საქციელია, მაგრამ დამიჯერეთ, გულის ამოგლეჯვამდე შეუძლია ქალს კაცის წყობიდან გამოყვანა და თავსაც იღუპავს და იმასაც ღუპავს. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, არ უარვყოფ პატივმოყვარეობის გამოც ხდება ხოლმე ეს, ზედმეტი ეჭვიანობაც საშინელი დაავადებაა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, მაგრამ მთავარი მიზეზი სიყვარულია. რომ არ ჰყვარებოდა კანტას მარი, ისე წყობიდან ვერ გამოვიდოდა, გამორიცხულია🙂 და კიდევ ერთხელ, უბრალოდ, ვცდილობ ცოტა განვმარტო და ,პროფესორების’ ყურებამდე მივუშვა. თორემ ამით არ მინდა მისი გამართლება, თან უაღრესად დამამძიმებელი გარემოების გამო – არ აქვს მნიშვნელობა მთვრალი იყო მაშინ, კაიფში იყო, თუ რა ჭირდა, როცა იმ სიგიჟემ, ნერვულმა დარტყმამ, ბრაზისა და გულისტკენის(ასეთი გამოხტომები გულისტკენის დროს ხდება სწორედ, გამოცდილი მაქვს, როცა ძალიან გატკენს გულს საყვარელი ადამიანი, არ არის აუცილებელი შეყვარებული იყოს. როცა უსამართლობის გრძნობა გიჩნდება ან რამეს გაბრალებენ, როცა მართალი ხარ… თუ ნერვები მწყობრში არ გაქვს და იმპულსური ხარ, უცებ თავში გირტყამს და საშინელებას აკეთებ, მერე კი ცხადია ყველაფერი შენ გბრალდება) შეგრძნებამ და შემოტევამ გადაუარა, მან სასწრაფოში არ დარეკა და ბოლომდე გაიმეტა რა მინუსებიც არ უნდა ჰქონოდა, მაინც მშვენიერი არსება, ეს კი უპატიებელია. გაქცევა და მსგავსები არ უცდია, როგორც ამბობენ. უბრალოდ, ასე მოხდა და კანტამაც მიიღო ეს ამბავი. როგორც ირკვევა, ის მთვრალი იყო, და ეს სიტუაციაც რა ნაცნობია… მთვრალზე ყველაფერიში გამტყუნებენ, არადა ძალიან ხშირად საერთოდ არ ხარ დამნაშავე. ხოლო როცა ხარ, ერთს დალევ, ერთი ფეხი დაგიცდება და შეიძლება განადგურდე, არადა რატო, ერთი სისუსტის, ცუდი დამთხვევის გამო… თან ეს შეიძლება აბსოლუტურად ნებისმიერს მოუვიდეს და ხალხს სწორედ ეს არ ესმის, სწორხაზოვნად მსჯელობენ – არ უნდა მოუვიდეს. ეგრე არ ხდება ცხოვრებაში მეგობრებო.

მაპატიეთ, აზრი გამიწყდა, შემაწყვეტინეს და ეს სუბიექტური გადახვევა მთლად გასაგები ვერ გამომივიდა ალბათ, მაგრამ გამგებნი მაინც გაიგებთ და ახლა ამბავს დავუბრუნდეთ.

ნადინი და მარი

იმავე, ტრენტინიანებისთვის წყეულ 2003 წელს ნადინ ტრენტინიანმა გამოსცა წიგნი ,ჩემი ქალიშვილი მარი’, რომელშიც თავისთავად ბერტრან კანტას ადანაშაულებდა მარის მკვლელობაში. რასაკვირველია ქალბატონი ნადინი უმძიმეს სასჯელს ითხოვდა კანტასთვის. 11 სექტემბერს ლანდებში დაიწვა კანტას სახლი, რა თქმა უნდა, ეჭვი გაჩნდა, რომ ეს მარი ტრენტინიანის მკვლელობით გაგულისებულმა ხალხმა გააკეთა, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და საქმე გაუხსნელი დარჩა. გააქტიურდნენ ფემინისტებიც, რომლებიც ასევე კანტას უმკაცრეს დასჯას ითხოვდნენ. თუმცა როგორც გითხარით, მისი მომხრეებიც ბევრნი იყვნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ მუსიკოსი მარიმ მიიყვანა ამ ზომამდე. მათ შორის, ცხადია, ჯგუფის წევრები, ისინი ამბობდნენ, რომ კანტას ნამდვილად არ სურდა მარისთვის ზიანის მიყენება და იმ მომენტში უბრალოდ, წყობიდან გამოსული და გაგიჟებული იყო.

კანტა

კანტას გასამართლება 2004 წლის 16 მარტს დაიწყო. განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. პროცესისას, მაშინ 40 წლის მუსიკოსი ცრემლებად დაიღვარა და განაცხადა – ,,მარიმ კონტროლი დაკარგა, მეც დავკარგე კონტროლი…”. პროცესი ღიად მიმდინარეობდა, მას დაახლოებით 200 ჟურნალისტი აშუქებდა (ძირითადად ფრანგები). ოჯახების მოთხოვნა, რომ პროცესი დახურული ყოფილიყო, რათა მარისა და ბერტრანის შვილებს დამატებითი ტრავმა არ მიეღოთ, სხვადასხვა სახის ჭორები არ მოესმინათ და არ გაეგოთ გაზეთებიდან, ვილნიუსმა ,ბოდიშის მოხდით’ არ დააკმაყოფილა. სასამართლოში ნადინ ტრენტინიანი მთლიანად შავებში გამოწყობილი მივიდა. ახლოსვე ისხდნენ, კანტას დედა, მამა და როკჯგუფის წევრები. იქ იყო მისი მეუღლეც.

კანტამ განაცხადა, რომ მარის მხოლოდ ოთხჯერ დაარტყა. მე კი შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ექსპერტიზა 19 დარტყმაზე საუბრობდა. ასევე თქვა, რომ მთვრალი იყო. მას იცავდნენ მეგობრებიც.

,,რასაკცირველია, უბრალოდ უნდა წავსულიყავი. ეს არასდროს არ უნდა გამეკეთებინა. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე” – ამბობდა აცრემლებული კანტა.

,,ჩემი შთაბეჭდილება მცდარი გამოდგა. მე მეგონა ის ჯენტლმენი იყო” – თქვა ნადინ ტრენტინიამა კანტაზე.

ეს კი ისევ ბერტრან კანტას სიტყვები: ,,ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არცერთი წამით, არცერთი წამით არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. ეს ხელი არასდროს არ უნდა ამეწია. მე მიყვარს მარის შვილები, ეს ინციდენტი საერთოდ ამოვარდნილია ჩვენი ურთიერთობიდან. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ მარი სიძულვილის ნიადაგზე არ მომკვდარა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ისტორია სხვა ხალხსაც ეხება, ჩემ ცოლს, ჩემ შვილებს…”.

ნადინ ტრენტინიანი

2004 წლის 29 მარტს, ბერტრან კანტას განაჩენი გამოუტანეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს არაგამიზნულ მკვლელობაში. რასაკვირველია, მარის ოჯახი უკმაყოფილო დარჩა და ტრენტინიანებმა განაჩენი გაასაჩივრეს, ისინი სასჯელის დამძიმებას ითხოვდნენ. სხვათა შორის, განაჩენი კანტამაც გაასაჩივრა და პირიქით, სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. თუმცა საბოლოოდ, აპელაცია ორივე მხარემ გამოიტანა და ძალაში პირველადი გადაწყვეტილება დარჩა.

კანტა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ციხე ლუკიშკსკაიაში მოათავსეს. იქ მას 2004 წლის 11 აგვისტოს კონცერტი ჰქონდა პატიმრებისა და ციხის ადმინისტრაციისთვის. ადვოკატების მოთხოვნამ გაჭრა და უკვე 28 სექტემბერს კანტა საფრანგეთში, მიურესთან ახლოს მდებარე ციხეში გადაიყვანეს. 2007 წლის 16 ოქტომბერს კი, სასჯელის სანახევროდ მოხდის შემდეგ ის ციხიდან კარგად მოქცევისთვის გაანთავისუფლეს.

ჟან-ლუი ტრენტინიანი და ბერტრან კანტა

ბუნებრივია, ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ანტიკანტისტებში. ფემინისტებმა გამოხატეს პროსტესტი, ხოლო ნადინ ტრენტინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მიმართა და ეცადა მის დარწმუნებას იმაში, რომ პრეზიდენტს არ უნდა მიეცა კანტას ნაადრევი განთავისუფლების უფლება. ნადინმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძლიერი პიროვნებაა და ბოლომდე იბრძოდა. თუმცა სარკოზი სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ არ აღუდგა და ნადინის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კი ბატონო, გეთანხმებით, ბერტრან კანტა ძალიან ადვილად გამოძვრა ამ სიტუაციიდან, მხოლოდ 4 წელი. თან მაშინ, როცა ხშირად უდანაშაულო ხალხს იჭერენ ან მართლა გასაშვებებს არ უშვებენ და არ იწყალებენ. კავშირებმაც თავისი გაიტანა. განვმეორდები – მე განსაკუთრებით მაღიზიანებს ის, რომ სასწრაფო მხოლოდ 7 საათის მერე მივიდა და იქამდე არ გამოუძახა არავის. 7 საათი უბრალოდ ძალიან დიდი დროა… აფექტიც გადაგივლის, სიმთვრალეც და ყველაფერი, არა მგონია გათიშული ყოფილიყო მთელი ამ ხნის მანძილზე. ისიც სხვაა თუ გადაწყვეტილებას მიიღებ და მოკლავ ვინმეს და იტყვი მოვკალიო, ღირსი იყოო, მაიძულაო ან რამე. თუ შემთხვევით შემოგაკვდება და იმ წუთასვე იმოქმედებ, აღიარებ(უღირს შემთხვევაში გაიქცევი), გამოხვალ წყობიდან, ცემ ვინმეს და აფექტგადასული იმ წუთას დახმარებას ეცდები… მაგრამ ეს რაღაც სხვა, გაუგებარი მომენტია, რაც ძალიან არ მსიამოვნებს, ისედაც ამ ტრაგიკულ და სევდიან ისტორიაში. ცხოვრება მარტივად რთული რამეა და მით უმეტეს ასეთი ურთიერთობები, ყველაფერი შემიძლია გავამართლო სიტუაციის მიხედვით, მაგრამ ეს ძალიან ძნელია გასაგებია.

კანტას ცოლი კრისტინა და მარი

თავის მხრივ, კანტაც რასაც ჰქვია უბედური პრივონებაა. ამის კიდევ ერთ დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა კრისტინა რადიმ 2010 წლის 10 იანვარს თავი ჩამოიხრჩო, იმ მომენტში კანტაც იმ სახლში იყო, და ეძინა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კანტას ჰქონდა რამდენიმე გამოღვიძების მსგავსი პერიოდი მუსიკალურ კარიერაში. 2010 წლის ოქტომბერში შვიდწლიანი პაუზის მერე, მან ბორდოში კონცერტი გამართა და ძალიან დადებითი გამოხმაურებებიც მიიღო. თუმცა ცხადია, ხალხის ნაწილი მას ზიზიღით უყურებს და ამ კონცერტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ფემინისტებსა და მსხვერპლთა დაცვის ორგანიზაციებში. ცოტა ხანში, კერძოდ იმავე წლის 30 ნოემბერს კი საბოლოოდ გამოცხადდა ჯგუფ Noir Désir-ის დაშლის შესახებ. 2011 წლის დასაწყისში იყო შემთხვევა როცა მისმა მეგობარმა ვაჯდი მუავადმა იგი მონრეალში მიიწვია, მაგრამ მცირე დებატების შემდეგ გადაწყდა, რომ კანტას კანადაში არ შეუშვებდნენ და ის მუავადის მოწყობილ ღონისძიებაზე ვერ იმღერებდა.

ნადინ მარკანი/ტრენტინიანი დღესაც უკმაყოფილოა კანტას ასე მსუბუქად დასჯით. ნიცაში დაბადებული ქალბატონი, რომლის ძმა კრისტიან მარკანი ასევე მსახიობი და რეჟისორია, 11 ნოემბერს 77 წლის გახდება.

ჟან-ლუი ტრენტინიანი 2007 წელს

ახლა კი ჟან-ლუი ტრენტინიანს დავუბრუნდეთ ))
2005 წელს მან ავინიონის ფესტივალზე წარადგინა საკუთარი(მარისთან ერთად მომზადებული) სპექტაკლი ,ჟან ლუი ტრენტინიანი კითხულობს გიიომ აპოლინერს’ და ის ქალიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
2007 წელს მოუვიდა უსიამოვნო ინციდენტი, რომლის დეტალებიც უცნობია. მოტოციკლეტმა ფეხი დაუზიანა და რაღაც პერიოდი საავადმყოფოში გაატარა.
ახლა ჟან-ლუი ტრენტინიანი 80 წლისაა და 2012 წელს გამოჩნდება მიხაელ ჰანეკეს ახალ ფილმში .Amour’🙂

აი ასე, როგორც ბევრს ჰგონია, პოპულარული ადამიანების, ვარსკვლავების… ცხოვრება არც ისეთი ადვილია. პირიქით, ხშირად პრობლემები და რთული ცხოვრება სწორედ მათ აქვთ, თანც ისეთი, რომ ბევრს არც დაესიზმრება. თუმცა ცხადია, ყველაფერი შედარებითია.

ქალი და მამაკაცი

ჟან-ლუი ტრენტინიანს თითქოს ყველაფერი ჰქონდა, ნიჭი, გარეგნობა, საყვარელი საქმე, კარგი ოჯახი, ჰყავდა მშვენიერი ქალები, შვილები, წარმატება, ფული… თუმცა მას უამრავი ტრაგედიის გადატანა მოუხდა. მართლაც ფორმულა ერთის პილოტივით სწრაფად, სახიფათოდ, მძაფრი შეგრძნებებით, მტკივნეულად და სასიამოვნოდ გაიარა თავისი ცხოვრება. განვმეორდები – ეს ყველაფერი, სიყვარული, სიძულვილი და კარიერა არც ისეთი მარტივია როგორც ბევრს ჰგონია, შორიდან მსჯელობა ყოველთვის ადვილია, ვინმეს გამტყუნება ან გამართლებაც ძალიან ადვილია. არადა, ცხოვრება რთული და თან მარტივად მშვენიერი რამ არის, თავისი უბედურებით და ბედნიერებით. მაქსიმალური სიამოვნების მიღება უნდა ვიცოდეთ, ოღონდ არა სხვისთვის ცუდის გაკეთებით. ოცნებებში გავიჭერი…

ისტორიის მოყოლის პარალელურად შეიძლება ეს ჩემი ჩანართები და გადახვევები სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ არც როგორც ასეთი ,სტატიის’ სახე მინდოდა ჰქონოდა ამ ნაწერს. ეგ სხვაგან და სხვა დროს ))  გადაღლილმა მაინც ვერ გადმოგეცით კარგად რისი თქმაც მინდოდა და როგორ ვაკეთებ ხოლმე ასეთ დროს, ამისთვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ აზრს დაახლოები გაიგებდით.

“The best actors in the world are those who feel the most and show the least” – ჟან-ლუი ტრენტინიანი.

თარგმანში კარგად არ გამოვიდოდა… დიახ, გრძნობა… ეს მთავარია და ჩვენ ყველანი გარკვეულ წილად მსახიობები ვართ🙂

ჟან-ლუი ტრენტინიანი, ანუკ ემე, პიერ ბარუ(კომპოზიტორი) და კლოდ ლელუში

ტრენტინიანი და ანუკ ემე – ქალი და მამაკაცი

კონფორმისტი


Written by 1myway1

September 28, 2011 at 11:37 pm

Posted in Uncategorized

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგია : ) შენი სუბიექტური ჩართვებიც და ფაქტებიც : )

    ’ქალი და მამაკაცი’ ჩემი გამორჩეულად საყვარელი ფილმია.

    anabell

    September 29, 2011 at 6:07 am

  2. კარგი პოსტია. ვისიამოვნე..
    ერთ კითხვა მაქვს: კლაუს კინსკი შემთხვევით ის ხომ არ არის, ვინც For a few Dollars more – ში თამაშობს?

    აი ესა: http://www.reocities.com/Hollywood/club/4297/pics/perqualchedollaroinpiu05.jpg

    ?

    borgez

    September 29, 2011 at 6:50 am

  3. Welcome back!

    I

    September 29, 2011 at 7:19 am

  4. ზოგან სუბიექტური, ზოგან ობიექტური😛 ქალების სინსილა…😀😀
    გეყვარება ქალი და მამაკაცი, ანუკი ხარ და😀

    კი ბორგეზე ეგაა, მხეცი ))

    მადლობა ინგა

    1myway1

    September 29, 2011 at 8:01 am

  5. მიყვარს ტრენტინიანი და ახლა ამ წერილის გამო ისევ მომინდა მისი ფილმების ნახვა. ამ დღეებში მივუბრუნდები🙂

    მარის შემთხვევაში მიმაჩნია, რომ 4 წელი სასჯელი მართლა უსამართლობაა. წესით კი, შინაგანად განადგურებული უნდა იყოს ეს კაცი, რადგან ამდენი ადამიანი გააუბედურა, ცოლმა თავი მოიკლა, ბავშვებსაც მძიმე ბავშვობა ერგოთ… ალბათ ეს არის მისი მთავარი სასჯელიც.

    Keti

    September 29, 2011 at 8:53 am

  6. მეც მომინდა ალიან ფილმები, თან გამორჩეული ფილმებიდანაც არ მაქვს ყველა ნანახი.
    ქალი და მამაკაცი საერთოდ საუკუნე აარ მინახავს

    კანტას რაც შეეხება, საქციელებითაც და გარეგნულადაც თეს… ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამით მსჯელობა არასწორია. ძნელი სათქმელია, ფაქტია, რომ უბედური ტიპია.
    სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთი ამბების მერე ოდნავადაც არ წუხდებიან და კიდევ გააკეთებენ რო რამე. იმედია, კანტა ასეთი არ არის

    სასჯელი კი ნამდვილად ცოტაა, მაგრამ მე ანტიკანტისტი არ ვარ, ნუ არც პრო )))

    1myway1

    September 29, 2011 at 9:10 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: