1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

აუხსნელი უზრდელობა

with 4 comments

დღეს საინტერესო სცენას შევესწარი და გადავწყვიტე ჩემთვის ჩამენიშნა. მერე, დავფიქრდი და ისიც გადავწყვიტე, რომ სხვებისთვის გამეზიარებინა და სადაც აქამდე მივედი, იმასაც მივხვდი, რომ ამ ამბის მოყოლამდე წინა დღის ინციდენტზეც უნდა გიამბოთ, რატომღაც ასე ვთვლი. ყოველთვის მეკითხებოდნენ, როგორ მომდიოდა მუდამ ასეთი უცნაური შემთხვევები საზოგადოებრივ ტრანსპორტში… ამაზე პასუხს ვერ გავცემ, რადგან არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირად საინტერესო რამეს წავაწყდები ხოლმე ან მე ვარ ზედმეტად დაკვირვებული ან უბრალოდ, ვიზიდავ მსგავს სიტუაციებს.

ამბავი, რომელიც გუშინ შემემთხვა, პირწმინდად ჩემი ბრალია, ამას ბევრი ფიქრი და ანალიზი არ სჭირდება. საინტერესო ხალხი ვართ, ერთის მხრივ შეიძლება რამე და ვინმე დავიცვათ და მეორეს მხრივ, სწორედ იმ რამეს ან ვინმეს შევუტიოთ. ეს ,პროტივზე დადგომის’ თეორიის შემადგენელი ნაწილია და ამ თეორიაზე ვრცლად ახლა ნუ ვისაუბრებთ. ყოველთვის ვიცავდი ავტობუსებში ბილეთების სისტემის შემოღებას(ოღონდ ის მაგნიტი და მასზე მიწეპებული ხურდები აღარ დამენახა), სახლში, მეგობრებთან… ხშირად მომსვლია ჩხუბი ამ საკითხზე და სერიოზული ჩხუბიც. თუმცა… იმავე დღეს, როცა შეიძლება ეს კამათი მომსვლოდა ვინმესთან, თავისუფლად შემეძლო შემეტია მაგალითად კონტროლიორისთვის, რომლის დანახვაზეც, რატომაღაც, შინაგანად ჩნდება გაურკვეველი წარმომავლობის პროტესტის გრძნობა. ხომ ვამბობ, უცნაური ხალხი ვართ.

ბევრჯერ მიჩხუბია იმაზე, რომ მოქალაქეებმა უნდა აიღონ ბილეთი და შემდეგ, ზოგჯერ თავად არ ამიღია. ბევრჯერ უბრალოდ, თვალში არ მომსვლია და ამითვალწუნებია კონტროლიორი და ამის გამო, ,გამიწვალებია’ იგი. ერთი სიტყვით, ტრანსპორტში უამრავი საინტერესო თავგადასავალი მქონია, გუშინდელზე ბევრად და მართლა საინტერესო, მაგრამ ამას სხვა დროს მოვყვები.

ოთხშაბათი, ეს იყო დღე, როდესაც ვისვენებდი სამსახურისგან და გადავწყვიტე სხვადასხვა წვრილმანი საქმეებისთვის მიმეხედა. რამდენიმე ადგილზე გავლის შემდეგ, მივაშურე ,სთეიშენ ოფ სთეიშენ სქუეარს’. იქ ვიყიდე საჭირო რაღაც-რაღაცეები და როდესაც ჩემთვის დასაშვებ სიმძიმეს გვარიანად ასცდა ნაყიდი ნივთების წონა, მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი. ჩავჯექი ავტობუსში, ბილეთი ასვლისთანავე ავიღე და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივდიოდი, ცოტა კი დავიღალე.

არის დღეები, როცა გარეგნულად, პრინციპში შინაგანადაც და მთლიანობაში მშვიდად ხარ, მაგრამ სადღაც რაღაც პატარა გღრღნის და არ იცი რატომ, რა გინდა, რა გააკეთო ან რა გააფუჭო… ჩემს გაჩერებაზე მიახლოებისას კონტროლიორი დავინახე. სამი პარკი მეჭირა და იმავე ხელში ბილეთი, რომელიც უკვე დაკუჭული იყო. როცა ბილეთს დავხედე, უცებ მომივიდა რაღაც იდეა, ოღონდ არ ვიცოდი რა, აი რაღაცამ დამარტყა თავში, ქვეცნობიერად რაღაც გადაწყდა. ჩავედი, კონტროლიორმაც არ დაახანა და ზედმეტად სერიოზული სახით განაცხადა – ბილეთები წარმოვადგინოთო. თითქოს ზუსტად ამას ველოდი(დამრჩა შთაბეჭდილება, არაფერი რომ არ ეთქვა. როგორც იქცევიან კიდეც ზოგჯერ, არც არაფერი მოხდებოდა), ხელი გამოვინთავისუფლე და დაკუჭული ბილეთი ვაჩვენე. ბევრი კონტროლიორი ამ შემთხვევაში მომთხოვდა ბილეთს, გაშლიდა და შეამოწმებდა. ეს ასე არ მოქცეულა, თავი დააქნია იმის ნიშნად, რომ უფლება მქონდა წავსულიყავი, მაგრამ ამანაც ვერ ,უშველა’. ჩემს ქვეცნობიერს რაღაც აუხსნელი უკვე გადაწყვეტილო ჰქონდა, ის რაღაც არ მასვენებდა და ეს დაკუჭული ბილეთი შეიძლება ითქვას სახეში ვესროლე, ოღონდ არა ისე, რომ მოხვედროდა. ჩვენს შორის ორი თუ სამი ქალი იდგა, ბილეთმა გადაიფრინა და ზუსტად მისი ფეხების წინ დაეცა. შესაშური სიზუსტის ტყორცნა იყო, ბილეთისგან გაკეთებულმა ბურთმა ზუსტად ისეთი ტრაექტორია მოხაზა, როგორიც ქვეცნობიერს უნდოდა.

როგორც კი ეს გავაკეთე იმ წამსვე ვინანე. იმიტომ არა, რომ რამის შემეშინდა, პირიქით… უბრალოდ ვიცოდი, რომ არასწორად მოვიქეცი, ხოლო როცა მტყუანი ვარ  ბოლოს ამას ყოველთვის ვაღიარებ და თავს უხერხულ მდგომარეობაში ვიგდებ, რადგან ჩემებური სამართალი მაქვს და ,ჩემიანია ესე იგი უნდა დავიცვა მტყუანიც რო იყოს’ მიდგომის მაღიარებელი და მიმდევარი არ გახლავართ. გარდა ამისა, აქ ორმაგი დანაშაული ჩავიდინე, მეორე ჩემი აზრით, კიდევ უფრო ცუდი – ნაგვის ძირს დაგდება. ვერ ვიტან როცა ასე იქცევიან მგზავრები, რატომღაც განსაკუთრებიტ არ მიყვარს როცა ქალები აკეთებენ ამას. თუმცა ამჯერად, ბირეთს შოუ ითხოვდა, ეს მთავარი ნიუანსი იყო.

იმ პატარა მღრღნელმა გაიმარჯვა, ბილეთი მასროლინა და ცოტა ხნით მომეშვა, თითქოს დავისვენე. თუმცა ახლა ახალი წურბელა შემიჩნდა სინდისის სახით. ერთადერთი, რითაც იმ კონტროლიორმა გამაღიზიანა, მისი ზედმეტად სერიოზული და რაღაცნაირად გამაღიზიანებელი გამომეტყველება გახლდათ. ცოტა თმებგაცვენილი, ქარისგან თმააწეწილი კაცი იყო 30-დან 40 წლამდე. საკმაოდ მაღალი და ფიზიკურად ჩემზე საგრძნობლად ძლიერი, მაგრამ ასეთ დროს არასდროს არ მეშინია არც ,მეტოქის’ ფიზიკური ძალის და არც რაოდენობის. თუ უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, უფრო თამამი და აგრესიული, გამომწვევი ვხდები(ოღონდ აქაც არის ერთი გარემოება, ეს ყველაფერი მაშინ, თუ უსიამოვნება ჩემი ,ატეხილია’). რა გაეწყობა, ყველას გვაქვს ჩვვნი მინუსი. ერთადერთი ვიცი და იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ თავში არ უნდა მომხვდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება, ეს კი ჩხუბისას ცოტა არ იყოს დამაბრკოლებელი მომენტია, მაგრამ როცა გახურდები და აი ,იმ’ მომენტში ესეც არ გახსოვს.

გაჩერებაზე დგას სპეციალური ,ჯიხური’, მგზავრების დასაჯდომად და ამ ჯიხურებს პატარა ხვრელები აქვთ. მე დასაჯდომებს მარცხნიდან შემოვუარე და სწორედ ამ ხვრელიდან დავინახე, რომ კონტროლიორი შემორუნდა და მარცხნიდან მოდიოდა, სახეზე ეწერა, რომ მისმა ქვეცნობიერმაც რარაც გადაწყვიტა, ზსუტად ჩემსავით. ბუნებრივია, რამდენიმე წამში ერთმანეთი ნორმალურად დავინახეთ, მე მიწისქვეშასკენ მივდიოდი. თამაში დაწყებული იყო, ამიტომ, ასე უბრალოდ ყველაფერი ვერ დამთავრდებოდა და პატარა მღრღნელმაც გაიღვიძა. როცა თვალი გამისწორა, უხერხული მოძრაობით ,ჩესტი ავუღე’ და ხელით ვანიშნე წადიმეთქი. აი ისე, ვიღაცას ხელს რომ უხეშად აუქნევ წადი დროზეო.

-მოდი აქ. – მითხრა მშვიდი ტონით. წარმოდგენა არ მაქვს რას აპირებდა და არც მაინტერესებდა.
-აბა ჰე.
-მოდი აქ! – ტონს აუწია.
-მოდი აქ კი არა… – აგრესიულად შევუძახე და თან სანახევროდ შევტრიალდი და სვლა გავაგრძელე, თან რაღაცეები ჩავილაპარაკე მე მგონი ასე – დავაი აქედან სანამ დროა.
-შე ნაბოზვარო – ლაკონურად და გამოთქმით მომაძახა კონტროლიორმა.

ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა მისი მდედრობითი სქესის მშობელისადმი გარკვეული ქმედებების ჩადენის დაპირება. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები… ყველაზე სასაცილო ინციდენტები რაც კი ხდება, არის სწორედ სიტყვების გამო. არა თქვენ ვერ გამიგეთ, სიტყვა ძალიან ძლიერი რამ არის და მის გამო უნდა ხდებოდეს კიდეც ბევრი რამ, მაგრამ უზრდელური და უხამსი სიტყვების გამო მომხდარი ჩხუბი, ძალიან სასაცილოა და საქართველოში ეს განსაკურეით მტკივნეული თემაა. თუმცა ადვილია ლაპარაკი და ფაქტი მეორე, რომ მაინც ხდება ეს ინციდენტები და ვისაც გვესმის, რომ სისულელეა ისინიც ბევრს ვერაფერს ვცვლით, ხოლო ის მასა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხშირად ვიღაც საოცდავი, განუვითარებელი ადამიანისგან ნათქვამი ,შენი დედა მოვტყან’ მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს არაფერს არ შეცვლის. ეს არის ქვეყანა, სადაც უმოწყალო და უსამართლო მკვლელი შეიძლება გაამართლონ, მაგრამ გინება არ გაპატიონ. ეს სასაცილო სტერეოტიპების და მიდგომების ქვეყანაა. შეიძლება ძალიანაც არ უნდოდეს ვინმე გელას რამე უსიამოვნება, მაგრამ თუ ვიღაცამ უთხრა, სამი არაფრისშემცველი და რეალურად არაფრისმთქმელ/მქმნელი სიტყვა, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ რამე არ იფიქროს მასზე, გელა თავს გაიგიჟებს, ხოლო როცა თავი მართლა გასაგიჟებელია, როცა მას ან მის გარემოცვას რეალურად ეხებიან, როცა პრობლემაა, როცა თავდაუზოგავი მუშაობა და საკუთარი თავის თუ გარშემომყოფების დაცვა ამ გზითაა საჭირო, მაშინ შეიძლება არც არაფერი ქნას. თუმცა ძალიან სხვაგან წავედი, ესეც აბსოლუტურად სხვა და გრძელი თემაა. დავბრუნდეთ გალაკტიონის ძეგლთან(ახლა როცა ამ ,სტრიქონს’ ვწერ, მისი დაბადებისდღეა), დავბრუნდეთ გაჩერებაზე… მეც ეს ქართველებისთვის საოცრად შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოვთქვი. საერთოდ არ მიფიქრია, როგორც კი გავიგე ,შე ნაბოზვარო’, ამას ჩემი მხრიდან მოვაყოლე ორმაგი გინება, გამოთქმით და გემრიელად.

-სადაც გნახავ გადაგხსნი შუაზე. – მითხრა ყვითლებში გამოწყობილმა ჩვენა მეგობარმა.
-ვერ მხედავ? ახლა რომ მოვბრუნდე რას იზამ? – მას შესაძლოა თავისი ფიზიკური ძალის იმედი ჰქონდა, მაგრამ მე როგორც ვთქვი, ეს სულ არ მაბრკოლებს. გარდა ამისა, რატომღაც დანა მედო ჯიბეში და ამიტომაც ვიცოდი, რომ არ უნდა მივბრუნებულიყავი. მთავარი მიზეზი კი რატომაც არ მივდიოდი უკან(არადა, ჩვენს შორის მაქსიმუმ 10 მეტრი იყო სხვაობა)ის გახლდათ, რომ ვიცოდი მტყუანი ვიყავი, არანაირი ქურდული, ქუჩური ან რაიმე სხვა გაგებით, არ მაინტერესებს ეს ყველაფრი. უბრალოდ, ჩემი გაგებით, ჩემი წესებით და მიდგომებით, ადამიანური თვალსაზრისით… აბსოლუტურად არაფერ შუაში მყოფი(შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც…) კონტროლიორი გამოვიყვანე წყობიდან და მივაყენე შეურაცხყოფა, რომელიც მას იმ მომენტში არ დაუმსახურებია. თუმცა როცა მღრღნელი შეგიჩნდება, ზოგჯერ უარესებიც ხდება, ალბათ დამეთანხმებით.

იქვე კიბეებთან ქალი გაჩნდა, რომელიც რა თქმა უნდა ჩემსკენ იყო. ქალი, რომელსაც ეიმედებოდა, რომ მალე ,ამათი დრო წავა’ და ეს ბოროტი კონტროლიორები ადამიანებს ავიწროვებენ, ქალი რომლის სახეც წამითაც არ დამინახავს, რადგან საერთოდ არ ვაკვირდებოდი, ეს კი უცნაურია იმის ფონზე, რომ საკმაოდ დაკვირვებული ვარ. ამ ქალმა მითხრა – შვილო არ მიაქციო ყურადღება, გამოწვევაზე არიან ეს მათხოვრები, ასე დაძრწიანო. არაფერი მიპასუხია და ალბათ იმიტომაც არ შევხედე, რომ ეს ქალი აზრზე არ იყო რა ხდებოდა, მას ეგონა, რომ ბილეთი არ მქონდა და უბრალოდ გავურბოდი კონტროლიორს, მის თვალსი მე ,კაი ბიჭი’ ვიყავი.

როგორც ქართულ ტრადიციებს შეეფერება, კიდევ რამდენიმე გინება გავცვალეთ. ორატორული ნიჭი გამოვავლინე, ,განსხვავებული’ გინებები შევთავაზე მსმენელს, ყანწით. ბოლო წვეთამდე დავიცალე და წამოვედი. ისიც თავის გზას გაუყვა ალბათ, მიწისქვეშაში ჩამოყოლა არც უფიქრია. წამის მეასედებში გამიელვა ბანალურმა აზრებმა – ,რა იცი როგორ უჭირს, ამ საქმეზე რო წავიდა ახალგაზრდა კაცი’. ისე თითქოს ამ პროფესიას გამართლება სჭირდებოდეს და ,გრეხი’ იყოს. ქართული საზომით არის კიდეც ,გრეხი’, მაგრამ არა ჩემთვის და კიდევ ერთხელ მაგრამ… მე არასდროს ვიმუშავებდი კონტროლიორად. აი ხომ ხედავთ, მეც ქათველი ვარ – ორმაგი სტანდარტები. თან ამაზე ვფიქრობდი, თან ვიგინებოდი, სახალისო იყო. მეც ჩემი მხრიდან, ვცდილობდი კიდევ უფრო მართალი გამომეყვანა ის და გამემტყუნებინა მე. ეს ერთის მხრივ სამართლიანიც იყო და მეორეს მხრივ, თავის მოტყუებაც და იმ პატარა მღრღნელის დამშვიდებაც, რომელსაც უნდოდა რომ მივბრუნებულიყავი. სხვათა შორის, უკვე გვირაბში იყო წამი, როცა რაღაც ბრაზნარევმა აზრმა დამკრა და კინაღამ მივბრუნდი, საბედნიეროდ გადამიარა. კიდევ კარგი ის ქალი სიახლოვეს აღარ იყო, თორემ რატომღაც მგონია, ყურში კიდევ რამე რომ ჩაეძახა, აუცილებლად მივბრუნდებოდი. ის ქალი ყველაზე მტყუანი და გამაღიზიანებელი იყო იმ მომენტში.

დღეს დანა სახლში დავტოვე და გარეთ ისე გავედი. ის კონტროლიორი რამდენჯერმე შემხვედრია და იყო ალბათობა, რომ დღესაც ვნახავდი, მას კი ჩემი დამახსოვრება არ გაუჭირდებოდა, რადგან გუშინ ერთობ გამორჩეული ქუდი მეხურა, იმავე ქუდითა და ქურთუკით გავედი დღესაც. ერთადერთი რაც ვიფიქრე, უკნიდან არ მომეპაროს და თავში არ წამომარტყასთქო ან როგორმე თავს არ შეეხოსთქო, თორემ მერე მართლა ცუდი მოხდებოდა რამე. სხვა მხრივ არ მიფიქრია რომ მენახა რა მოხდებოდა, რას ვეტყოდი და რას მეტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ მტყუანი ვიყავი ბოდიშის მოხდით რომ არ დავიწყებდი (ესეც ჩვენი კიდევ ერთი პრობლემა, ,გაპრავებული’ ტექსტით – გადაფურთხებული არ უნდა ალოკო)ეს კარგად ვიცოდი. სავარაუდოდ, მის ნაბიჯს დაველოდებოდი, თუ ჩაყლაპავდა შეერგოსთქო ვიტყოდი და მართლა არ ყოფილა მთლად ცუდი და შეუგნებელითქო. ახტებოდა და მაშინ არ ვიცი…

კონტროლიორების ჭაჭანება არ იყო, ისე ჩავედით პავლოვამდე(აღარ ჰქვია პავლოვი ხალხო არა), იქვე სისხლის გადასხმის ინსტიტუტთან ბევრი ხალხი ჩავიდა და ავტობუსმაც ცოტა ამოისუნთქა, დასაჯდომი სკამებიც კი გაჩნდა და მე როგორც უძინარი, მას მერე, რაც  მიმოვიხედე და დავრწმუნდი, რომ სხვა არავინ ჯდებოდა დავჯექი ფანჯრის მხარეს, მესიამოვნა კიდეც, ჯერ კიდევ მეძინებოდა. გვერდზე უმალვე ვიღაც პროვინციელი ბიჭი მომიჯდა, არ იკითხოთ რა იცოდი რომ პროვინციელი იყოო – ვიცოდი.

ცოტა ხანში გავიგე უხეშად ნთქვამი სიტყვები: ,ფეხი გაწიე’. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ როგორც კი მოვიხედე ყველაფერი ცხადი გახდა, როგორც ამბობენ, ეს იყო ,კლასიკა ჟანრა’ – ასაკოვანი ქალი ამოვიდა და არ ესიამოვნა, რომ ახალგარზდებმა და პირადად ჩემს გვერდზე მჯდომმა ბიჭმა არ დაუთმო ადგილი. ამ ბიჭის ოდნავ გვერდზე გაწეული ფეხიც თითქოს გამზადებული დახვდა იმ ქალბატონს და უცებვე გამოიყენა სურათის გამუქების მიზნით. ადგომა არც მიფიქრია, რადგან შეიძლება სხვებივით არა, მაგრამ არ მიყვარს, როცა ასეთი გონორით ,ითხოვენ’ ადგილის დათმობას, რეალურად ხომ ასაკი გადამწვყეტი არ არის. გარდა ამისა, ასეთ დროს მახსენდება თუ რამდენჯერ ვყოფილვარ ძალიან ცუდად, როცა ნაკერს შეუხსენებია თავი ან სხვა სახის პრობლემა მქონია და ზურგსუკან დაწყებულა განხილვა თუ როგორ გაფუჭდა ახალგაზრდობა და როგორ არ უთმობენ ადგილს უფროსებს. ასეთ დროს ვერც ახსნი რამეს და თან ცოტა ბრაზდები, გიგროვდება და ბუმერანგივით მსგავს სიტუაციებში გიბრუნდება.

მედლას ამ შემთხვევაშიც ორი მხარე აქვს, არც ის არის სწორი, რომ ჯინაზე არ დათმო არაფროთ ადგილი თუ შეგიძლია. თუმცა იმ ბიჭის მე აბსოლუტურად მესმის, უკვე პრინციპის საკითხი იყო. ყველაფერს ემატებოდა ამ სავარაუდოდ 60-ს გადაცილებული ქალბატონის ძალიან მკაცრი სახე, რომლიდანაც სიტყვების გარეშეც ,ყვიროდა გონორი’. იმ ქალბატონს ეცვა შარვალი, ცოტა გაქუცული ლურჯი ქურთუკი, ეხურა ქუდი, ეკეთა სათვალეები და ჰქონდა ძალიან დანაოჭებული სახე, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანდა, როცა რამეს ამბობდა. ეს ყველაფერი, თავისებური ტანსაცმელიც კი მართლაც ზედმეტად მკაცრ ელფერს სძენდა. თუმცა ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად სიმკაცრისა და რთული ხასიათისა, სამართლიანი ქალი გახლდათ. მთელი გზის მანძილზე ვცდილობდი მიმხვდარიყავი ,სტარაია დევა’ იყო თუ არა.

სიჩუმემ დაახლოებით 10 წამს გასტანა და შემდეგ იმ ჩემს გვერდით მჯდომმა ბიჭმა მცირე აქცენტით(ხომ ვამბობდი) ჩაილაპარაკა: ,მერე, მითხარით წესიერად ქალბატონო და გავწევ, არ უნდა მაგას ყვირილი’. ამის გაგონებაზე ქალბატონმა დაიწყო წიწინი, ძნელი სათქმელია, მაგრამ წიწინი ბოხი ხმით, რადგან ხმა ბოხი ჰქონდა, ხოლო წიწინი წვრილ ხმასთან ასოცირდება. ეს არ იყო, არც ხავილი, არც ბღავილი, არც ჯიჯღინი, ეს იყო წიწინი ბოხი ხმით, ტვინს რომ ხვრეტს ისეთი. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მართლაც ძალიან გამაღიზიანებელი. შემდგომმა მოვლენებმა ისეთი გავლენა მოახდინა, რომ ნამდვილად არ მახსოვს ზუსტად რას ამბობდა იქ ქალი, რას პასუხობდა პროვინციელს.

ერთი რაც დანამდვილებით მახსოვს, გაკეთდა მომაკვდინებელი პაუზა… აი, როდესაც ტვინი გეხვრიტება, თითქოს გკბენენ (ეს განსაკუთრებით კარგად ქალებს ეხერხებათ) უკვე ახლოს ხარ წყობიდან გამოსვლასთან და უცებ ჩერდება, რამდენიმეწამიანი პაუზა და ოცნებობ – ნეტა აღარაფერი თქვას, ნეტა გაჩერდეს, ნეტა ხმა აღარ ამოიღოს – უცებ კი რაღაცას ისევ ამატებს და ეს ბოლო წვეთია. ასე მოიქცა ის ქალიც, როცა გაჩუმდა თავმა დაისვენა, რაღაც მომენტში ადგილის დათმობის აზრმაც გამიელვა, მაგრამ ეს სპორტულმა ინტერესმა დაძლია – ვნახოთ რას იზამს, როცა არავინ დაუთმობს ადგილს. ამ დროს კი ისევ გონორით დაამატა რაღაც, თითქოს მისი ნათქვამი ყოფილიყო ჭეშმარიტება. გული მწყდება რომ არ მახსოვს რას ამბობდა, მაგრამ ამას აღარ აქვს გადამწყვეტი მნივნელობა.

მე მგონი ის პროვინციელი ბიჭი საერთოდ ხმის ამოღებას აღარ აპირებდა, თავის მობილურს ჩაკირკიტებდა და ბურდღუნებდა რაღაცას. ჩვენს უკან უკვე ავტობუსის ბოლო სკამები იყო, და სწორედ იქიდან, მარცხენა კუთხიდან გაისმა უცებ განსხვავებული ხმა, რომელმაც ის ხალხიც დააინტერესა, ვისაც აქამდე ეს ინციდენტი საერთოდ არ აღელვებდა.

-ხმას ნუ უწევ! – ეს სიტყვები მხოლოდ იმიტომ არ იყო გამაღიზიანებელი, რომ იმ ქალის დამღლელი ლაპარაკის შემდეგ, სიახლის ეფექტი ჰქონდა, თორემ ფრაზა, არანაკლები გონორით გახლდათ წარმოთქმული.
-რაა? – გაოცცებულმა იკითხა ქალმა, მაგრამ იმდენად მტკიცე ხასიათის ქალი ჩანდა, რომ მხოლოდ 2-3 სამი წამით თუ დაიბნა და დაამატა – შე უზრდელო!
-ტონს ნუ უწევმეთქი! – უკვე ლამის ყვირილით გაისმა ხმა და მეორედ მოსმენისას ეჭვი აღარ რჩებოდა, ბავშვის ხმა იყო.
-როგორ მელაპარაკები შე უზრდელო, შე გაუზრდელო, სად გაიზარდე… – აიჭრა ქალი და სუნთქვა შეეკრა აღელვებისგან, მაგრამ თითქოს თავადვე მიხვდა, რომ მისნაირ ,ძლიერ პიროვნებას’ ეს არ შეეფერებოდა და დაუბრუნდა კალაპოტს.
-როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები და წესიერად შენ ილაპარაკე – ამის გაგონებაზე აქა-იქ სიცილი ატყდა. ყველაზე მეტად ბავშვის ეს წინადადება იმ პროვინციელ ბიჭს გაუხარდა რომელმაც გულიანად ჩაიცინა, მაგრამ არ ვიცი ჩემს გარდა, მიაქცია თუ არა ამას ვინმემ ყურადღება, ყოველ შემთხვევაში იმ ქალს არ მიუქცევია.
-შენ კი არა თქვენ! არ გისწავლია რომ უფროსებს თქვენობით უნდა ელაპარაკო?
-მე როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები და ტონს დაუწიე. – თან ეს სიტყვა ,დაუწიე’ ისე გაცრა კბილებში ბავშვმა, როგორც დამწყებ ქუჩის ბიჭებს შეეფერებათ, საერთოდ ასეთი სტილის საუბარი ჰქონდა და ვერ ვიტყვი რომ მიუხედავად ასაკისა(დაახლოებით 11-13 წლის იქნებოდა) მისი ნათქვამი სასაცილოდ ჟღერდა, კი ცოტა ხმის წვრილი, ბავშვური ტემბრი ამ სიტყვებს კომიკურობას სძენდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბავშვს კარგად ნამეცადინები ჰქონდა საუბრის ამ სტილზე, ალბათ სარკის წინაც. ეს კი სასაცილოზე მეტად სატირალი უფრო გახლდათ.
-ხო ოჯახში, სკოლაში და არსად თუ არ გასწავლეს, რომ უფროსებს თქვენობით უნდა ელაპარკო, მაშინ მე გასწავლი. – აგრძელებდა იმავე გონორით მკაცრი ქალბატონი.
-შენ არავინ არ გეკითხება მე ვინ რა მასწავლა.
-პატრონი არ გყავს, ქუჩაში იზრდებოდი?
-ჩემ პატრონს თავი დაანებე და სად ვიზრდებოდი ეგ შენი საქმე არ არის.
-თუ ჭკვიანად არ მოიქცევი, ჩაგსვამ ბოლოს ავტობუსიდან.
-მიდი აბა ჩამსვი, მიდი. – გეგონებოდა სწორედ ამას ელოდებოდა ბავშვი.
-ჩაგსვამ. – თითქოს სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და პასუხისთვის უპასუხა ქალმა.
-ჩამსვი მიდი აბა, ჩამსვი და ვნახოთ. – დაიმუქრა ბავშვი.
-ვაი შე საცოდავო და უაპტრონო. სად გიზარდე მაინც ასეთი უზრდელი, ბებიის ტოლ ქალ ასე რომ ელაპარაკები… – ძველ სიმღერას დაუბრუნდა ქალბატონი.
-აუ ჩემი, ახლა ამას ვცემ… – ისე თქვა ეს სიტყვები ბავშვმა ვითომც არაფერი და პროვინციელი ბიჭი ისევ გამხიარულდა, ოღონდ ეს არ იყო ბოროტი სიცილი, უბრალოდ, შოკისგან გამოწვეული სიცილი იყო, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე ჩამეღიმა და თან ამომასხა, ძალიან გავბრაზდი, მომინდა რომ შევტრიალებულიყავი და ამ ბავშვისთვის ჩამერტყა ან ეს ბრაზიანი გამოხედვა მესროლა, თითქოს რამეს მიხვდებოდა და გაჩერდებოდა. არადა, ის ქალბატონი სულაც არ მეხატებოდა გულზე, პირველივე წამიდან არ მომეწონა, მაგრამ ამ მომენტში ძალიან შემეცოდა.

ამ შელაპარაკების დასაწყისში პირველად ის გავიფიქრე ერთად ხო არ არიან პროვინციელი ბიჭი და ეს ბავშვიმეთქი, მაგრამ ნათლად გამახსენდა, რომ ეს ბიჭი მარტო ამოვიდა, ხოლო უკანა ადგილები იქამდე უკვე დაკავებული იყო. მერე, მომინდა ამ ბავშვისთვის შემეხედა,რადგან მსგავს სიტუაციებში ყოველთვის მაინტერესებს როგორ გამოიყურებიან ასეთი ადამიანები, როგორი სახე აქვთ… რამდენჯერმე მივიხედე, ცოტა ნერვული სახე ჰქონდა ან უბრალოდ, სიტუაციის გამო, შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება, თორემ მე არ მიყვარს, ბრმად მსჯელობა და იარლიყების მიკერება – ყველა მკვლელს რომ რთული ბავშვობა ჰქონდა, ყველას ვინც ქალიშვილებზე საუბრობს ესე იგი აუცილებლად ვინმე არ აძლევს, ყველა ნერვიულ ბავშვს ოჯახში პრობლემები აქვს, მშობლები აუცილებლად გაშორებულები არიან და ასე შემდეგ – არ არის ასე, ხშირად ბევრად უბრალოდ არის ყველაფერი და ვერ ვიტან ამ სტერეორიპებს. თუმცა მაინც მომეჩვენა, რომ ბავშვი საკმაოდ ნერვიული ჩანდა, სგამხდარი იყო, სახე აწითლებული ჰქონდა და ერთადერთი რითაც გამოვარჩევდი ცოტა სქელი ტუჩებია. საერთო ჯამში, გამომწვევი გარეგნობა ჰქონდა, ქართველები ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – ,ტიპიური ნაბიჭვარი’ – ანუ ბოროტი, აგრესიული, ძალით მოძველბიჭო.

ბავშვმა რამდენჯერმე საკმაოდ ხმამაღლა(წესითა და რიგით იმ ქალსაც უნდა გაეგო, მაგრამ ალბათ უბრალოდ წაუყრუა) ჩაილაპარაკა თუ როგორ ცემდა, გაიგდებდა და გაუხეთქავდა თავს იმ ქალს და ამას პერიოდულად იმეორებდა. მეც პერიოდულად ვტრიალდებოდი, მაინტერესებდა რა სახის გამომეტყველება ჰქონდა ხოლმე. პროვინციელი ბიჭი ხალისობდა. ზოგი შოკში იყო, მათ შორის ასევე პროვინციელი გოგონების სამეული, ხითხითებდნენ და დაბნეული სახეებით იყურებოდნენ აქეთ. ბავშვის გვერდზე ქალი იჯდა, ისეთი ,ტიპშა’ იყო მუდმივად სიმშვიდეს რომ ინარჩუნებენ, ძალიან კეთილები რომ არიან, სახეზე სულ ღიმილი რომ გადაჰკრავთ და მათი ქმრები ყოველთვის ყველაფერში მართლები რომ არიან. სამწუხაროდ, მოულოდნელობის ეფექტმა ჩემზეც ცოტა ზედმეტად იმქომედა და ყველა ნიუანსსა და ფრაზას ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ ორივე მხარე უკანდაუხევად აგრძელებდა შელაპარაკებას.

-შე ნაგავო – ვეღარ მოთოკა ნერვები ქალმა.
-აუ ამას მოვკლავ ეხლა – ჩაილაპარაკა ბავშვმა.

ზუსტად ამ დროს, თითქოს ჯინაზე, გაჩერებასთან მივედით, ავტობუსის კარებებიც გაიღო და ბავშვმა ისტერიულად დაიწყო მიწოლა: ,აი ხო გავჩერდით, ხო ამბობდი ჩაგსვამო, მიდი ჩამსვი აბა, ჩამსვი’. ქალი დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა და რა ექნა, უკვე ნათქვამი სიტყვები და უზრდელო გაუმეორეა. ბავშვი კი არ ჩერდებოდა და ,ჩამსვი აბა, ჩამსვი’ ეკერა პირზე და იმდენად ისტერიულად იმეორებდა, რომ აქ მეორე შეტევასთან გამკლავება მომიხდა, ისევ ამასხა და მომინდა მე ჩამეყვანა, არა ჩამეთრია! და გემრიელად მეცემა, რომ იქნებ ცოტა ჭკუაზე მოსულიყო, მაგრამ მაინც არ მოვიდოდა. ამ დროს კი სცენაზე შემოვიდა 40-ს გადაცილებული მამაკაცი, რომელმაც ბავშვს მიმართა: ,გაჩერდი ეხლა, რა დაგემართა, არა გრცხვენია?’. ქალმა შვებით ამოისუნთქა და არც დაამთავრებინა ლაპარაკი იმ კაცს ჩაერთი: ,გამოჩნდით ერთი კაცი რა, არავინ ხართ? ამოიღეთ ხმა ვინმემ, ეს ხომ თქვენი შვილიშვილის ხელაა’.

გამიკვირდა რომ ბავშმა ხმა არ ამოიღო, მაგრამ მცირეხნიანი პაუზა ისევ ბავშმა დაარღვია და რაღაცა ჩაიბურდღუნა, ერთხელ, მეორედ, მესამედ… უცებ, მთელი შელაპარაკების დროს ჩუმად მყოფმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც გვერდზდე ეჯდა იმ ბავშვს ხმა ამოიღო და დაწყნარდიო უთხრა. წყობიდან გამოსულ მკაცრ ქალბატონსაც მეტი რაღა უნდოდა?

-ქალბატონო თქვენია ეს ბავშვი? – მიმართა მკაცრმა კეთილს.
-არა, ჩემი არ არის. -თბილი ღიმილითდა ცოტა დაბნეულად უპასუხა იმ ქალმა, ისე რომ ეჭვი გაგიჩნებოდა, თითქოს დის ან ვინმე ახლობლის შვილი ყოფილიყოს ის ბავშვი. ახლა ამაზე დავიწყე ფიქრი და ძალიან დავინტერესდი, ნუთუ მართლაც ვინმეა ეს ბავში ამ ქალის და ამდენი ხანი ჩუმად იჯდა?
-ხო ეტყობა რომ უპატრონოა. – კმაყოფილებით მიუგო ბრაზიანმა ქალმა. ძალიან გამიკვირდა, რომ ამას ბავშვის პასუხი არ მოჰყვა.

ამ დროს ადგილი განთავისუფლდა კეთილი ქალბატონის გვერდით და ბრაზიანი ქალბატონი ბოლო ბოლო დაჯდა. თითქოს ბავშვი ამით გაღიზიანდა, რომ ის ქალი მაინც დაჯდა სკამზე და რაღაც ისევ ჩაილაპარაკა. პასუხმაც არ დაახანა.

-ხო, არ გაჩერდე ახლა არ გაჩერდე, 80 წლის ბებერივით, ბოლო სიტყვა შენი უნდა იყოს.
-შენი საქმე არ არის როდის გავჩერდები და როდის არა.
-შენი არა, თქვენი! თქვენი! – შეყვირა ქალმა.
-შენი, შენნაირ უზრდელებს თქვენობით არ ველაპარაკები.
-ვინ არის უზრდელი ეტყობა, ამ ხნის ქალს როგორ მელაპარაკები, შე მართლა უზრდელო.
-აუ ჩემი… რატო ვარ უზრდელი, რო დაიწყე აქ ჭკუის დარიგება – ჩაილაპარაკა ბავშვმა და შეყვირებით, ისტერიულად, დაამატა სიტყვები, რომელმაც ეს დაძაბული ფონი აბსოლუტურად განმუხტა – ახსენი აბა ჩემი უზრდელობა! ახსენი აბა!

ამაზე მეც კი გამეცინა, ოღონდ გამეცინა ბრაზის გარეშე, შეუძლებელი იყო აქ გაბრაზება, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათი გახლდათ. ისეთი კომიკური იყო ამ პატარა ბავშვის ძალით მოძველბიჭო ,რაზბორკული’ წამოყვირება, რომ თავის შეკავება მართლა შეუძლებელი გამოდგა. ის პროვინციელი ბიჭი ხომ საერთოდ უბედნიერეს ადამიანად იქცა, თან ჩემი მისამართით ფრაზა ისროლა – ამ ქალის ოჯახში შევიდა ჩემი მტერი, ხომ წარმოგიდგენია როგორი სიდედრი იქნებაო. მე რასაკვირველია არ ვუპასუხე, სად მეცალა, თან არც მესიმპათიურებოდა ეს ბიჭი. როგორც ჩანს, არც უფიქრია, რომ ის ქალი შეიძლებოდა მარტოხელა ყოფილიყო. ავტობუსში ჟრიამულმა დაისადგურა, ვიღაცეები იმეორებდნენ: ,ახსენი აბა ჩემი უზრდელობა’. ამ ხმაურში არც ვიცი ქალმა უპასუხა თუ არა რამე, ვერ გავიგე. ერთადერთი დავინახე როგორ გააქნია თავი იმ კაცმა, აი ნამდვილი ძველი თბილისელი კაცი იყო, არც იქით და არც აქეთ, რო მოსულა ,კაჩაობა’ ოღონდ მთავარია ქალს არ უთხრა არაფერი და ზურგსუკან თუ გინდა ქალზეც თქვი, კაცს და ბიჭს კი უნდა უთხრა აბა რა უნდა ქნა. მთავარი ხო ამათთვის ცრუ ეტიკეტი, ცრუ ,წესები’ და ცრუ გაგებაა. გულწრფელად აღშფოთებული ჩანდა ბავშვის საქციელით.

ადგილები ნელნელა განთავისუფლდა. დასხდნენ ის გოგოენბიც, დაჯდა ეს კაციც. მკაცრმა ქალბატონმა მიუთითა ძალიან ასაკოვან ბებიას, რომ ადგილი გაცარიელდა და დაბრძანდითო(იქამდე არც დამინახავს თუ ფეხზე იდგა ის ბებია). კეთილმა ქალბატონმა კიდევ ერთი სიკეთის ჩადენა მოასწრო და იმავე ბებოს მიასწავლა, რომ აქ უნდა ჩასულიყო და 30 ნომერს გაჰყოლოდა. პროვინციელი ბიჭი ჩავიდა.

ამასობაში კი გოგოენბში დაიწყო განხილვა, უნდა ასწავლონ თუ არა ბავშვს სახლში რომ უფროსებს თქვენობით ელაპრაკოს და არ ეუზრდელოს.
-კი მაგრამ არ უნდა იცოდეს ბავშმა რომ უფროსებს ასე არ უნდა ელაპარაკოს? – რიტორიკულად იკითხა პირველმა.
-ოჯახში არ უნდა ასწავლონ? – დაამატა მეორემ.
-კოშმარია, გავგიჟდი. – დაასკვნა მესამემ. არცერთი არ ვარგოდა შესახედავად.

ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის იყო, რომ ეს გოგონები ისევ და ისევ პრობლემის კოსმეტიკური მოგვარებისკენ მიდიოდნენ, რაც ქართველებისთვის ასე ახლოსაა. თითქოს თუ რამეს არ იტყვი, ის არ მომხდარა და პრობლემა არ არსებობს, ჩვენ ხო სიგიჟემდე გვიყვარს ყველაფრის დამალვა, მათ შორის კარგისაც – ყველას უნდა გააგებინო, რომ ბინა იყიდე? – რა თქმა უნდა არა, უნდა დამალო. ეკას ჯანმრთელობა აწუებს? ეს არსად არ უნდა თქვა, ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკო. მთავარია ჩემთან იყოს კარგი და სხვასთან როგორი იქნება რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის არაფერი დაუშავებია – აი ამ მიდგომის ხალხი ვართ. ვიჯექი და ამაზე ვფიქრობდი. იმ გოგოებისთვის მთავარი ის კი არ იყო, თუ რატომაა ბავშვი ასეთი აგრესიული, რა პრობლემა აქვს ან ასე რატომაა გაზრდილი(აქ შეიძლება მშობელი არაფერ შუაშია, ხშირად მშობლების მცდელობა არაფერს ცვლის და საქმე სხვა რამეშია), მათთვის მთავარი პრობლემა იმაში გახლდათ, რომ ამ ლაწირაკმა ამ ხნის ქალს(ეს სიტყვები ,ამ ხნის ქალს’ განსაკუთრებულად უნდა გამოთქვა თან)სიტყვა შეუბრუნა და თქვენობით არ მიმართა. თითქოს, თქვენობით რომ დალაპარაკებოდა და ისევ ეს ჩვენი საყვარელი პირფერული და ცრუ ეტიკეტი გამოეჩინა, პრობლემა მოგვადებოდა. რამდენი აგრესიული ბიჭი არსებობს, რომელიც ოჯახში მშვენივრად იქცევა და გარეთ ბოროტების და სისულელეის მეტს არაფერს აკეთებს, მაგრამ რადგან ,გურჯულ ეტიკეტს’ იცავს ესე იგი მოსულა, ესე იგი მშობლებმა უნდა დაიცვან, ყველაფერი აპატიონ და თავზე ხელი გადაუსვან, ის ხომ მათიშვილია. ისევ შორსმიმავალ თემებსა და პრობლემებში გავიჭერით… და მოდი, აღარ გვინდა.

თითქოს ჰაერსაც, აურასაც დაეტყო, რომ დაძაბულობის პიკმა გადაიარა. ყველა დამშვიდებული ჩანდა. ბავშვი წამოდგა და ჩავთვალე, რომ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა – ჩემს მშობლებს შეურაცხყოფას აყენებს და რატო არ ელაპარაკება თქვენობითო, ვერ რიან ესენი – და ეს ბოლო სიტყვები იმ ბავშვური სიალალითა და სისუფთავით წარმოთქვა, რომელიც მცირე დოზით, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა. ცოტა კი მესიამოვნა, მაგრამ მდგომარეობა მაინც უიმედო მეჩვენა, ეს იყო ტიპიური, ცუდი გაგებით ქუჩის ბიჭი, ჩვენი მომავალი თუ ,მომავალი’. გამახსენდა 90-იანი წლები, როგორც თანამედროვე საქართველოში ამბობენ – დავიგრუზე. ყველაზე მეტად ბოლო დროს სწორედ ასეთი ტიპაჟების ნახვა მგრუზავს ამ ასაკის ბავშვებში და ასევე ვერ ვიტან მოდერნიზირებულ ძველ ბიჭებს, ყველაზე უშნო ჯიშია.

ბავშვი გაძვრა კარებთან და ვიღაცას უთხრა ,უკაცრავადო’. ამ სიტყვამ ძალიან გამამხიარულა, მისი წინა გამოსვლების გათვალისწინებით. ბრაზიანი ქალი კი ზიზღიანი თვალებით უყურებდა ბავშვს და რასაც ვერ ვიტან იმას აკეთებდა, ფეხსაცმლიდან იწყებდა იმის თვალიერებას თუ როგორ ეცვა მას, სხვათა შორის, ბავშვი საკმაოდ ნორმალურად იყო ჩაცმული. არ ვიცი იმ ქალს თავში რა უტრიალებდა, მაგრამ მე მგონი, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სიტყვამ მოიტანა და იმასაც ვერ გადაეჩვივნენ, რომ ,კარგი ოჯახის შვილი’ კარგ ჩაცმულთან არ უნდა ასოცრიდებოდეს და რომც ასოცირდებოდეს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კარგი ოჯახის შვილი, კარგ ადამიანს არანაირად არ ნიშნავს და საერთოდ რა არის კარგი ოჯახის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმი?

ბავშვი ჩავიდა. ვიღაცეები ისევ განხილვაში იყვნენ, ერთმა უპასუხა მეორეს: ,ხო, თავიდანვე შენობით მიმართა’. იქამდე აბსოლუტურად ჩრდილში მყოფმა ქალმა უცებ ირონიულად ჩაიცინა და ამ ბრაზიან ქალბატონს გამოხედა.

-ეს ჩვენი უბედურებაა ქალბატონო, ჩვენი. სადამდე მივედით. – ჩაილაპარაკა მკაცრმა ქალმა და უცებ კეთილ ქალს მოუტრიალდა – გარდა იმისა, რომ უზრდელი იყო, ეს ბავშვი აბსოლუტური ნევრასტენიკია. ხომ ნახეთ არა? წარმოგიდგენიათ, რა გარემოში და რა პირობებში იზრდება?

და იქნებ სულაც ძალიან მშვენიერ პირობებში იზრდება, ზედმეტად მშვენიერშიც კი. იქნებ სწორედ ეს ან სულ სხვა რამეა პრობლემა, რაც თქვენ სტერეორიპულ აზროვნებაში ვერ ჯდება, ჩუმად ვსვამდი შეკითხვებს მე, მაგრამ ხმის ამოღებას ნამდვილად არ ვაპირებდი. კონტროლიორები არ შეგვხვედრიან. პავლოვზე ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მკაცრი ქალბატონი, მე და პროვინციელ გოგონათა სამეული ერთად ჩავედით. მხოლოდ მაშინ დავინახე, რომ ამ ქალს დიდი ჩანთაც ჰქონია, რატომღაც დამაინტერესა რა იდო შიგნით, რაღაც არასტანდარტული, ძველი ჩანთა იყო. გოგომები ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ: ,აუ ბავშვმა რა იკაჩავა’. – ამბობდა ერთერთი. უცებ ვიფიქრე, რომ მივსულიყავი იმ ქალთან და მეკითხა, დაოჯახებული ბრძანდებით თუ არათქო(ისე არცერთხელ არ უხსენებია, ჩემი შვილიშვილის ტოლი ხარო), მაგრამ წამშივე მივხვდი, რომ ძალიან სულელური აზრი იყო, უფრო სწორად, უფრო არასწორი, ვიდრე სულელური. ცოტა გამოვფხიზლდი, ჩემი საქმეც გამახსენდა და არქივის შენობისკენ დავიძარი.

Written by 1myway1

November 17, 2011 at 6:27 pm

Posted in Uncategorized

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. დოსტოევსკის გავლენა იგრძნობა

    Natia Bandzeladze

    November 21, 2011 at 9:06 pm

  2. ნიჭიერი კაცი ხარ შენ : ))

    Ika Khmaladze

    January 10, 2012 at 6:48 pm

  3. დიდი მადლობა😉

    1myway1

    January 16, 2012 at 3:38 pm

  4. კონტროლიორი უნდა მოსულიყო და ძალიან მაგრად ეცემე!; – თავი დამნაშავედ რომ იგრძენი კარგია, მაგრამ ბოდიში უნდა მოგეხადა და ეს ხმამაღლა გეთქვა, მით უმეტეს, შენს ნაცვლად იმ კაცზე ლაპარაკობდა უარყოფითად ვიღაც ,,სუშოვკა” ქალი; – მაგათ ხომ ტვინი წაიღეს, ბილეთის მოთხოვნაზე ამდენს ბღავიან და წარმომიდგენია, ტ…ის მიცემა რომ მოსთხოვო რას იზავენ, . . .🙂 დაიქოქებიან და აღარ ჩაიგდებენ ხოლმე გესლიან ენებს; – მთავრობა კი არა, კაციშვილი რომ აღარ ,,უშვებათ”, ამიტომ აქვთ ნერვები ასეთ დღეში!, . . .🙂
    მეორე ამბავი ძალიან კარგი იყო, მომეწონა, . . .🙂 ის ქალი მაინც შემეცოდა, . . .

    ლუსი@

    May 12, 2013 at 6:55 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: