1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მე მიყვარს ბარნოვა

with one comment

ეს არის პოსტი, რომელიც ლიტ.ჯიზე ჩემი ბლოგისთვის დავწერე. შესაძლოა, ძალიან ხანმოკლე  იყოს ჩვენი ურთიერთობა, რადგან რაღაც მურამი არ მაქვს და თითქოს საჩემო არაა ეს ფორმატი, მაგრამ პოსტი გემრიელია და ზერელედ არაფრის კეთება არ მიყვარს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გირჩევთ თვალი მიადევნოთ http://blog.lit.ge/ -ს ბევრ საინტერესო და სასიამოვნო პოსტს აღმოაჩენთ, თან ჯერ ახალი დაქოქილია.

ესეც ჩემი პოსტის ლინკი და შემდეგ, თავად პოსტი(იქ კომენტარები რატომღაც დახურულია):
http://blog.lit.ge/giorgi-kakabadze-blog/

მე მიყვარს ბარნოვა

მე მიყვარს ბარნოვა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, არჩილას კლასელი. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ალბათ 12-13-ის, როცა არჩილ კობახიძე გავიცანი. მე ძველბიჭობისკენ მიმავალი გზა ნებით თუ უნებლიედ მივატოვე, მაგრამ მცირე, სასაცილო ელემენტები, ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა. არჩილა კლასელებზე ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ბარნოვა იყო.

საინტერესოდ გავიცანი. ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდით, ბარნოვზე (ჩემთვის დღემდე ასეა). არჩილას უშველებელ კორპუსში ლიფტი იმ დღესაც არ მუშაობდა, მაგრამ შუქი მაინც არ იყო და მერვე სართულზე ასვლა-ჩასვლა ფეხით გვიწევდა. გაციებული ვიყავი. თუმცა ფეხბურთის თამაშზე უარს რა მათქმევინებდა. გავიგე, რომ  ბოლო-ბოლო ჩვენთან ერთად წამოსვლა ბარნოვასაც გადაუწყვეტია. აღვფრთოვანდი, იქამდე რაღაც ისტორიები მქონდა მასზე მოსმენილი, კლასის ჩხუბები, შელაპარაკებები… მაშინ ეს მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხვდებოდით თუ რა იდიოტობაა ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად იმ ისტორიამ მომხიბლა, როდესაც ბარნოვას მზერა მერხზე, რომელიღაც მელნის ვირტუოზის მიერ დახატულ ასოზე, გაუჩერდა. ამ დროს კი მათმა ერთმა ძალითმოძველბიჭო და ენაკვიმატმა კლასელმა ჩამოიარა და იკითხა – ვა, ბარნოვ სარკეში იყურები?

მოკლედ, არჩილამ სახლში ბარნოვას უხმო და აღარ მახოვს, როგორ, მაგრამ გავიგეთ, რომ უკვე სადარბაზოში იყო. რაღაც ძალიან უშნო, ვიღაცის ნახმარი ქურთუკი მეცვა, ქუდი ირიბად მეხურა, გაციებული ვიყავი, როგორც ყოველთვის ქრონიკული სურდო მაწყუხებდა და ჩემი განუყრელი ატრიბუტი ცხვირსახოცი თან მახლდა. სწრაფადვე გავვარდი სადარბაზოში, თავის გამოდება მინდოდა. არჩილა მიხვდა, რომ რაღაცას ვაპირებდი და გამომეკიდა. მაშინ სწრაფად დავრბოდი, სანამ თავადვე არჩილა მომტეხდა ფეხს ფეხბურთის თამაშისას, წლების მერე. კიბეებზე ცოტა შეშინებული იერის ბიჭს შევეჩეხე. ვერც კი მოვიფიქრე, რომ ცხვირსახოცი მომეშორებინა და ისე მელაპარაკა და პირდაპირ ვაჯახე: კაი კაცი ხარ? – ბარნოვა დაიბნა, დაახლოებით სამი წამის შემდეგ კი მკითხა: – კობახიძე მოდის?

მე გამეცინა. არჩილაც დამეწია, ისიც იცინოდა, ბოლო რამდენიმე საფეხურზე ჩამოხტა და ხელი მკრა, თავი დაანებეო. მერე სიცილით იხსენებდნენ, ცხვირსახოცით რომ გაიჩითე და საერთოდ რას ჰგავდი, რა გინდოდაო. თან ბარნოვამ თუ რამე ამოიჩემა, მთელი ცხოვრება გაიმეორებს და გაიხსენებს. ძალიან უცნაური, კირკიტა, კომპლექსიანი და რასაც ჰქვია რაღაცნაირია ბარნოვა. მას თავისი მიდგომები აქვს, მაგრამ ის ჩემი ახლო მეგობარია და როგორიც არის, აი ისე რაღაცნაირად მიყვარს მეც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვლანძღავ. ბარნოვას არასდროს არ დავუძახებ გასაჭირში, არასდროს არ ვთხოვ ფულის სესხებას იმიტომ, რომ ყოველთვის ბარნოვად დარჩეს ჩემთვის. აი იმ ბარნოვად კობახიძე მოდისო, რომ მკითხა.

2002 წლის მარტი იყო, ასე მახსოვს. სან სიროზე იუვენტუსი ინტერს ხვდებოდა და ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ. მთელი დღე ვნერვიულობდი… ასეთი თამაშების ყურება მარჩელო ლიპისა არ იყოს, ჩემთვის, მარტოს, მიყვარს. როცა ყველაფერს დეტალურად ამჩნევ. ლიპიც ასე იქცევა, ტელევიზორში უყურებს ხოლმე მატჩებს, როცა თავად არ უწევს მინდორზე ყოფნა, ხოლო თუ უწევს, მერე ხშირად ჩანაწერს უყურებს. მაშინ იუვენტუსის მწვრთნელი იყო და თავისი სიგარაც ხელში ეჭირა. მატჩის მნიშვნელობაზე საუბარიც არ ღირს.

ორივე გუნდში ცვლილებები იყო და ორივეს წარმატების იმედი ჰქონდა. იუვეში ბუფონი, ტურამი და სხვანი გამოჩნდნენ. ინტერში მატერაცი, ტოლდო… ეს ის ტოლდოა ჰოლანდიასა და მსაჯს ნახევარფინალი, რომ მოუგო და მერე დელ პიეროსთან ერთად ფინალი წააგო საფრანგეთთან. ისტერიული სიცილი მქონდა ბოლო წამზე გოლი, რომ გაიტანეს ფრანგებმა. მეორე უკვე დროის ამბავი იყო. იტალიის ხასიათი ხომ ზეპირად და გრძნობით ვიცი, იმ მოგებულ თამაშს ეგენი ვეღარ მოაბრუნებდნენ. ისე კი, როგორ ვთქვა და ინტერში, მალევე დამჭკნარი, ტოლდო შეიძლება ,თვით იმაზე’ ნიჭიერიც კი იყო, ვიმეორებ – შეიძლება.

ალესანდრო დელ პიერო კი ის კაცია, მილიონობით ადამიანს ფეხბურთი სიგიჟემდე რომ შეგვაყვარა. ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი, რომელიც შედგა, მაგრამ შეეძლო, ორჯერ მეტიც ყოფილიყო. იქამდე სხვები გავიცანი, იქამდე გავხდი გულშემატკივარი, მაგრამ დელ პიერომ ამ ყველაფრის გემო გამაგებინა და რაც მთავარია მისი წყალობით მივხვდი, თუ როგორ შეიძლება გრძნობდე ფეხბურთს და როგორ ცხოვრობდე მისი საშუალებით. უბრალოდ, ბარში ლუდისა და გინების თანხლებით კი არ უყურებდე გამორჩეულ მატჩებს, ძირითადად პრემიერლიგიდან. ფეხბურთზე სერიოზული კამათი და იმის თქმა, რომ ამით ცხოვრობ და როგორც გურჯებმა იციან ,ვიღაც გადამთიელების’ ქომაგი ხარ, კი არ გეთაკილებოდეს. არამედ, პირიქით, მთელი ამ პროცესით, პრინციპებით, თითოეული მატჩით ცხოვრობდე და ბოლომდე ჩართული იყო. სიამოვნება ერთი კონკრეტული მომენტისგან მიიღო და დაინახო განსხვავება რეალურ, ბუნებრივად, ნიჭიერსა და ცარიელ ფიზიკურ მომზადებას ან მონდომებას შორის.

დელ პიერო ხატავდა, ამიტომაც შეერქვა პინტურიკიო. ავოკატო ანიელიმ იხუმრა, არადა რამხელა სიმართლის მარცვალი იყო მის ხუმრობაში. მერე რა, რომ ბოლომდე რაფაელი ან უფრო დიდი თუ ვერ გახდა. მას ეს შეეძლო, დასანანია, რომ ვერ მოახერხა, მაგრამ რაც დახატა, ისიც საკმარისია. მოდით, ახლა მართლა ნუ მომაყოლებთ ვინ არის დელ პიერო. დღეს ბავშვებს პედრო ფეხბურთელი ჰგონიათ, არადა ჩემს ბავშვობაში პედრო რეზინა იყო, საღეჭი. დელ პიეროზე კი იცინიან, სამწუხაროდ ზოგიერთი უფროსიც, მაგრამ იმათმა ხომ, სწორედ ის არ იციან, რაც ჩვენ ვიცით. რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ფეხბურთით ვცხოვრობთ და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვგულშემატკივრობთ – ინგლისს, გერმანიას, იტალიას, ბრაზილიას, არგენტინას, ჰოლანდიას თუ სხვას. ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს და ფეხბურთი ვიცით, ფეხბურთი რომელიც დაარსების დღიდანავე არ იყო უბრალოდ სპორტი, გართობა და თამაში. ჩვენ, თუნდაც მცირე რაოდენობით, ყველა გუნდის თუ ნაკრების ,ბანაკში’ ვართ. ისინი კი ტოტის გააღმერთებენ; გაიკრავენ ჩავის, ხავის, შავის პოსტერს; ლუდს დალევენ; შეიგინებიან; საჯარიმოში მანჩესტერ სიტის თაჩებს, ჩარლი ადამების ქროსებს და დელივერებს დაითვლიან; ფენტეზიში შემადგენლობას დააყენებენ და მათი ფეხბურთიც ხომ ესაა.

პირველი ტაიმი იყო, ანგარიში თანაბარი. იუვენტუსს ძალიან სჭირდებოდა გოლი. საკუთარი ქომაგებითა და იუვეს სიძულვილით შეგულიანებული ინტერი აგრესიულად თამაშობდა. უცებ, მარჯვენა ფლანგზე ვიღაცამ ჩაირბინა, არ მახსოვს ვინ, დაბალი ბურთი გაჭრა და… ცოტა ხანი ვფიქრობდი თუ რა მოხდა. მერე, აი ის ყველასთვის ნაცნობი რამ დამემართა – ჟრუანტელმა დამიარა, გავბრუვდი, წამოვდექი, სიარული დავიწყე, რაღაც სიამოვნების მსგავსი გრძნობა მიღიტინებდა მუცელში, თან სევდანარევ თვალებს ვაცეცებდი. გონზე მოვედი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მართლა მოხდა. დელ პიერომ კიდევ ერთი სამუდამო შედევრი დახატა, რომელიც ჩემს გონებაში მარადჟამს საპატიო ადგილას იქნება გამოფენილი. მას ჰქონდა დრო და ცოტა სივრცე, მაგრამ პინტურიკიომ ქუსლით! დააკვირდით… ერთი შეხებით, ქუსლით, სცადა დაბალი(!) პასის მერე, ბურთის საოცრად კარგ ფორმაში მყოფი ტოლდოსთვის თავზე გადაგდება. რაც მთავარია, ეს ოსტატური დარტყმა გამოვიდა და კარშიც მიდიოდა, მაგრამ ტოლდო არ მოტყუვდა, წამით თითქოს წინ კი დაიძრა, ხელის შესაშლელად, მაგრამ მერე მიხვდა, დაინახა, თუ რა მოხდა არ ვიცი, ადგილზე დარჩა და ბურთი ხელებში დაიჭირა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს, რომელსაც პრაგმატულად მოაზროვნე უგრძნობი ადამიანები ვერასდროს მიიღებენ, მაგრამ რომელიც მათგან განსხვავებით სამუდამოდ იცოცხლებს. რუსმა კომენტატორმა თქვა, სხვანაირადაც შეიძლებოდა დარტყმა, მაგრამ… ,, но Дель Пьеро эстет, по другому не может’’. ამ სიტყვების მოსმენისას ბოლომდე დავთვერი. თითქოს, კონკრეტულად, წითელი ღვინით სავსე ყანწი დავლიე. აი რა მინუსი აქვს, მაესტრო მარჩელო, ჩვენს საყვარელ მარტო ყურებას, როცა გინდა რომ შიგნით მყოფი მღრღნელი გამოუშვა, как говорится – хочешь выпустить пар – მაგრამ არავინ არის გარშემო… პაუზა დავიჭირე თუ არა, რატომღაც ბარნოვასთვის დარეკვა გადავწყვიტე, ვიცოდი უყურებდა, მაგრამ რატომ ავირჩიე მაშინ ბარნოვა არ ვიცი.

– ნახე რა ქნა? ეგ გოლი რომ გასულიყო…
– ხო ბიჭო, მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეგ რატომ გააკეთა? დრო ხომ ჰქონდა, ბურთი რომ მიეღო და მერე დაერტყა, ხომ უეჭველი გოლი იყო?
მე ყურმილი დავკიდე.

Written by 1myway1

January 16, 2012 at 3:36 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. დღეს ბავშვებს პედრო ფეხბურთელი ჰგონიათ, არადა ჩემს ბავშვობაში პედრო რეზინა იყო, საღეჭი –😀

    პელე, რომელიც ყავაა😀

    lomski

    January 21, 2012 at 12:44 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: