1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for თებერვალი 2012

რა? სად? როდის? – როგორც ასეთი

with 36 comments

გადავწყვიტე ყველას გაგაცნოთ ოდნავ დაწვრილებით თუ რა არის სინამდვილეში რა? სად? როდის? და ვინც კარგად იცით, იმათ უბრალოდ გაგამხიარულებთ. მე მგონი გამომივა…

ხალხის უმეტესობისთვის, რსრ(რა? სად? როდის?) ასოცირდება 6 ბანტიან კაცთან(და შიგადაშიგ, უბანტო ქალბატონებთან). ამ ხალხის უმეტესობაში კი ასევე უმეტესობას, ვერც კი წარმოუდგენია, რომ იმ ადგილის გარდა, ეს ადამიანები(და მით უმეტეს სხვებიც, რომლებიც არ ჩანან) კიდევ სადმე იკრიბებიან და თამაშობენ. როცა იგებენ რომ რსრ–ს თამაშობ, გისვამენ სამ სტანდარტულ კითხვას, რომლებსაც შემდეგ მოჰყვება ეგრეთ წოდებული ,პრიკუპები’, გაგრძელებები. ჩვენც ავიღოთ ეს სამკითხვიანი პაკეტი(ასე ეძახიან რსრ–შნიკები კითხვათა ერთობლიობას, რამდენიმე კითხვას ერთად – პაკეტი ))) ) და მივყვეთ.

1). ტელევიზორში როდის იქნები? – შემთხვევების 90 პროცენტში პირველი კითხვა არის ეს. როდესაც პასუხობ, რომ სატელევიზიოში არ ხარ, იბნევიან. ჰგონიათ რომ ატყუებ და არაფერსაც არ თამაშობ. შენ უხსნი, რომ სატელევიზიო არის შოუ, გუნდებიც ,სხვანაირად’ იკრიბება და საერთოდ, ბევრად უფრო საინტერესოა სპორტულის თამაში… აი აქ, აწყდები მეორე პრობლემას, მოსაუბრეს ჰგონია, რომ მიხვდა რაშიც არის საქმე(თან მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში)… ზოგი არც გეკითხება და თავისთვის აკეთებს დასკვნას(ამ დროს თუ ხვდები, თავად უნმარტავ), ზოგი კი გეკითხება – ააა, სპორტზეა კითხვები ხო? – შენ პასუხობ რომ არა და ამ დროს კიდევ უფრო იბნევა, ვიდრე იქამდე იყო დაბნეული. მერე უხსნი, რომ უბრალოდ სპორტული ჰქვია სტილს, თორემ ისე კითხვები სხვადასხვა თემატიკიდან არის(სამწუხაროდ ყველაზე ნაკლები სწორედ სპორტიდან). მერე ზოგი გეკითხება – 6–მდეა? შენ უხსნი, რომ იქ სხვა სისტემაა, ბევრი გუნდი ჯდება ერთ დიდ დარბაზში და თითოეულ გამოცნობილ კითხვაზე, ჩვეულებრივად თითო ქულას იღებს, ხოლო საბოლოოდ ვინც მეტს აგროვებს, ის იგებს. იმართება ჩემპიონატები, რამდენიმე ტურად და ასე შემდეგ. აქ არის კიდევ ერთი განშტოება, ზოგს უკვირს, რომ ყველა გუნდი ერთი და იგივე კითხვებზე თამაშობს, მაგრამ ეს მალე დაძლევადი ბარიერია.

მოსაუბრე საბოლოოდ მაინც გაკვირვებული რჩება იმით, რომ ტელევიზორში არ გამოჩნდები და იწყება მეორე ეტაპი – თავისი აზრის გაცნობა, რომელიც ხშირად არ გაინტერესებს, რადგან სინამდვილეში რეალური წარმოდგენა მას შიდა სამზარეულოზე არ აქვს. გეუბნება რომ არ ევასება ბაქრაძე, რადგან ზედმეტად გაბღენძილია ან პირიქით, გეუბნება რომ მაგარი კაცია ბაქრაძე, ყველაფერი იცის. პროცენტულად პირველი გვარი რომელიც ფიგურირებს ბაქრაძეა. მერე გეტყვის, სხვებზე, გეტყვის, რომ სამი კითხვა გამოიცნო ან იმას, რომ იდიოტური შეკითხვებია, ასევე ხშირად ფიგურირებს მამა – მამაჩემმა იმათზე მეტი კითხვა გამოიცნო. ეთანხმები თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვადასხვა ენაზე საუბრობთ იმ მომენტში. ამიტომ, ცდილობ, ეს მონაკვეთი ყველაზე მალე გაიარო და საერთოდ მორჩეს ამ თემაზე ლაპარაკი.

პასუხი: ახლა კი ვცადოთ მოკლედ და შედაებით სერიოზულად ვუპასუხოთ ამ კითხვას. დიახ, მეგობრებო სატელევიზიოს გარდა არსებობს რსრ–ს სპორტული ვერსია, ჭეშმარიტი რსრ, როგორც შეიძლება ვუწოდოთ. ამ შემთხვევაშიც გუნდში 6 მოთამაშეა, რომელთაგან ერთ–ერთი კაპიტანია, არჩევს ვერსიებს და წერს საბოლოო პასუხს. დიდ დარბაზში სხდებიან გუნდები, წამკითხველი კითხულობს კითხვებს, გუნდს ეძლევა 1 წუთი. როცა რჩება ბოლო 10 წამი, წამკითხველი იწყებს ხმამაღლა ათვლას ათიდან ნულამდე. გუნდმა პასუხი უნდა დაწეროს ფურცელზე და ჩააბაროს ,ლასტოჩკას'(ამაზე მერე), დაგვიანებული პასუხი არ მიიღება. არის სპეციალური ,ორგკომიტეტი’, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფრის ჩატარებას.  წელიწადში ორჯერ იმართება თბილისის ჩემპიონატი, ამჟამად 4–ტურად. თითო ტურში ამჟამად 48 კითხვაა(რაოდენობა ხშირად იცვლება). არის სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, მეორე ლიგა და ასე შემდეგ. ამ ლიგებში ისმება სხვადასხვა კითხვები, ყველა ლიგას ჰყავს თავისი რედაქტორი(ადამიანი ვინც არჩევს და ზოგჯერ ადგენს კიდეც კითხვებს). იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რსრ–ს ბუმია, საქართველოში ოფიციალურად ყველაზე მეტი გუნდია დარეგისტრირებული. აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის და აბსოლუტურად ყველა თამაშობს, თუ როგორ თამაშობს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია რომ ბევრი ლიგა და ძალიან ბევრი გუნდია. სხვათა შორის, ეს არ არის ცუდი. ასევე წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით, იმართება ხოლმე საქართველოს ჩემპიონატი და ბათუმში ამიერკავკასიის ჩემპიონატი, სადაც ჩამოდიან აზერბაიჯანელები და სომხები. ამ ტურნირზე ჩვენ და ისინი ერთმანეთს ვეჯიბრებით რსრ–ში, ბრეინში, სვაიაკში, ფეხბურთშიც კი… ამ თქვენთვის უცნობ სიტყვებს მერე აგიხსნით, ქვემოთ. რაღაც მასპინძელივით კი ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში სტუმარი ვარ და რიგითი მოკვდავი გახლავართ, ამიტომ, სხვანაირად არ გაიგოთ. ისე კი კლუბში ბევრნი არიან ღმერთები, ნახევარღმერთები, უკვდავები… ეს ნახევრად ხუმრობით, თავისი სიმართლის მარცვლით. აქ არიან ადამიანები, ვისაც სასაცილოდ დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ჰგონიათ, რომ ,რაღაც ისეთების’ ცოდნა ძალიან ბევრს ნიშნავს და ბლაბლაბლა. თუმცა არიან ძალიან კარგი ადამიანებიც, ჩვეულებრივი მოკვდავებიც. ერთი სიტყვით სექტაა, ჯამში დადებითი და კარგი სექტა 🙂

2). რო მოიგებ რას გაძლევენ? – ეს ასევე ერთ–ერთი პოპულარული კითხვაა. პასუხობ რომ არაფერს… და ცოტა ხანი არის დუმილი. მოსაუბრეს უკვირს – ისე თამაშს რა აზრი/მუღამი აქვს? – ფიქრობს თავისთვის. მთავარი დეტალი ამ დროს არის, რომ პასუხობ – არაფერს – მაგრამ იმას აღარ ეუბნები, რომ ფულს აქეთ იხდი რათა ითამაშო, რადგან მოსაუბრე უბრალოდ და მარტივად ჩათვლის, რომ დებილი ხარ.  ამას მოჰყვება გარკვეული პროტესტი, უფრო სწორად ძნელია დაარქვა სახელი იმას, რასაც ფიქრობს და გრძნობს ის. იმ დღესვე თუ არა, მერე მაინც იგი აუცილებლად დაგისვამს რაღაც კითხვებს ან კროსვორდის შევსებისას ან უბრალდო ისე, ,გამოცდის’ მიზნით(აბა ერთი რა იცის, ჩემზე მეტი რა უნდა იცოდეს ამანო და ცხადია, კითხვა იქნება აბსოლუტურად არა რსრ–ს ფორმატის). ახლა კი იმ სისულელე ტრივიადორის ბუმია და ესეც დამატებითი მიზეზი და წყარო ,იმ კითხვების’ დასმისა. გეტყვის – აი ხო თამაშობ ,იმას’ და აბა მითხარი რომელი ქიმიური ელემენტი ბლაბლაბლა… შენ რა თქმა უნდა, ეტყვი, რომ არ იცი(აქ ჩემნაირ მოკვდავებზე მაქვს საუბარი, თორემ არის ხალხი ვინც ეტყვის, ეგრე სულაც არ არის აუცილებელი რსრ–ს სექტაში იყო, ეგ რომ იცოდე), შეიძლება ისიც აუხსნა, რომ საერთოდ არ გაინტერესებს ეგ თემა და კიდევ ბევრი თემა არ გაინტერესებს და არ იცი, ცოტა ხანში აუცილებლად გკითხავს, რა ჰქვია უგანდის დედაქალაქს, რამდენია ბიგ–ბენის სიმაღლე, ან რამე მსგავსს… შენ ისევ უპასუხებ, რომ არ იცი და ამას მოჰყვება მისი გულწრფელი აღშფოთება და გაბრაზება – აბა რა რა? სად? როდის?–სს თამაშობ ვერ გავიგე…

თუ ვსიოზნაიკა არ ხარ და ყველაფერზე ან უმეტესობაზე არ უპასუხე, თვლიან რომ არაფერი არ იცი(ზოგჯერ ეს მართალია, მაგრამ ყოველთვის და ამ შემთხვევაში არა ))) ). თუ გაგიმართლა და ,შენი თემატიკა’ მოვიდა და პასუხი გაეცი, უცებვე დაიჯერებენ საბოლოოდ, რომ თამაშობ და თან მაგარი ხარ.  გეკითხებიან რომელ ადგილზე ხარ, წააგე თუ მოიგე(მერე ხვდებიან, რომ მთლად სწორი ფორმულირება არ არის წააგე თუ მოიგე, მაგრამ ატარებენ ამას). თუმცა რაღაც აქაც რჩება – ნუთუ მართლა არაფერს არ აძლევენ გუნდს რომელიც იგებს?

პასუხი: მეგობრებო, მართლაც რომ არაფერს არ აძლევენ როგორც წესი მოთამაშეებს მოგების შემთხვევაში. თუ აძლევენ პირველ სამ გუნდს, ძირითადად წიგნებს, ესეც მხოლოდ ზოგიერთ ტურნირზე. გადასახადი ყველა ტურნირზე მერყეობს კაცზე 5–დან სადღაც 12 ლარამდე. სხვა პატარა გადასახადებია სვაიაკში, რომელიც ცალკე თემაა და ვრცლად არა, მაგრამ მოკლედ, როგორც შეგპირდით ქვემოთ გეტყვით. ბრეინი, როგორც ასეთი არ ტარდება, იშვიათად. მოკლედ, პატარა გადასახადი ყველგან არის. რაც შეეხება ჯილდოს, სულაც არ გახლავთ აუცილებელი რამის მოგება, მთავარი ჯილდო თამაშისგან მიღებული სიამოვნებაა და თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ხოლმე ზოგჯერ ეს სიამოვნება… მეც ვერ წარმომედგინა, სანამ დაახლოებით 3 წლის წინ შემთხვევით არ მოვხვდებოდი ამ თამაშში. ზოგჯერ ადრენალინის ზღვაა. მეც კი მისწორდება, რომელსაც თავმდაბლობის გარეშე მგონია რომ ჭკუა და აზროვნება არ მაკლია,  მაგრამ ფაქტობრივი ცოდნის დიდი ბაგაჟით ნამდვილად ვერ გამოვრიჩევი და კითხვების უმეტესობაში შანსი მცირე მაქვს(რადგან სამწუხაროდ, კარგი კითხვა დიდი რაოდენობით ჭირს და აქცენტი უფრო ცოდნაზე(+ჭკუა და აზროვნება) კეთდება და არა ჭკუაზე/აზროვნებაზე. თუმცა ვისთვის როგორ, მოკლედ დაახლოებით ასეა), მაგრამ ამ შემთხევაშიც კი, შეიძლება იყო სასარგებლო გუნდისთვის და თან სიამოვნება მიიღო, იმიტომაც არის გუნდური ეს თამაში.  სამაგიეროდ წარმომიდგენია, ვინც ამით ცხოვრობს, იმათთვის კიდევ რა სიამოვნება მოაქვს… დამიჯერეთ, ასეთები ბევრნი არიან. ამ ყველაფრის ძააალიან ზედმეტად სერიოზულად მიღება ცუდია თუ კარგი, ნუ ჩავეძიებით, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. თუმცა ფაქტია რომ ასეთები ბევრნი არიან და ჩვენც უნდა მივიღოთ ისინი, თავიანთი პატარა სამყაროთი. მეტის მოყოლას აზრი აღარ აქვს, რადგან შეიძლება ითამაშო რამდენჯერმე და ვერ მიხვდე ამ მუღამს(თუ მიხვდი ხომ მოაქვს და მოაქვს…), აი მოყოლით კი, მით უმეტეს ბევრს ვერაფერს გაიგებთ.

3). კავეენი გაქვს?/კავეენში რა ქენი? – ესეც მესამე და სამართალი. რატომღაც ხალხის დიდ ნაწილში ხდება რსრ–სა და კავეენის ერთმანეთში არევა. თან ბოლოს შეიძლება ხვდებოდეს კიდეც მოსაუბრე, მაგრამ აღარ გამოასწოროს და მაინც კავეენი იძახოს სულ. შენც ხვდები რომ აზრი  არ აქვს და პასუხობ: ,,ხო, ხო…”. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კავეენი არამარტო შედარებით მოზრდილი ხალხის მასაში შეინიშნება, არამედ საკმაოდ ახალგაზრდებშიც. როგორჩ ჩანს, რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია და კავშირია, უცებ თავისით აკეთებს ასოციაციას და აგდებს სიტყვა კავეენს, თან უფრო ადვილია და მერე სულ ერთმანეთში ერევათ. ოღონდ როცა მოსაუბრე გეუბნება ამ სიტყვას – კავეენი – როგორც წესი ეს ხდება ღიმილის თანხლებით და შეიმჩნევა რაღაც შორეული, არაგამაღიზიანებელი და არაშეურაცხმყოფელი, მაგრამ მაინც მცირე ირონია.

ამოჩემებაზე თუ მიდგა საქმე, რსრ–შიც არის ამოჩემებული თემები და ფაქტები… საერთოდ ამ თამაშში გამოცდილება ბევრს ნიშნავს, სხვადასხვა მუღამებსაც იჭერ მერე, ,გარე დამხმარე ფაქტორებს’  ჩაავლებ. ანგარიშს უწევ ვინ არის კითხვების ავტორი ან რედაქტორი, ამის მიხედვით ხვდები რომ აქტუალური შეიძლება იყოს რომი, საფრანგეთი, ბეგბედერი და ასე შემდეგ. მე მაგაზე არ ,ვმუშაობ’ ხოლმე, მაგრამ ,სერიოზული ხალხი’ ბევრს მუშაობს, მათ შორის ვარჯიშებზეც, რომელსაც ყველა ნორმალური გუნდი(ეჰ…) ატარებს. არის რამდენიმე აქსიომა, აი ერთ–ერთი მაგალითად: არ იცი პასუხი? დაწერე პუშკინი. აუცილებლად მოვა რომელიმე პაკეტში შრედინგერის კატა, ჰამელნი, აზიმოვი, ვარსკვლავური ომები და ასე შემდეგ. ახლა ეშხში თუ შევედი, შორს წავალ და ცოტა თემასაც გადავუხვევ. ამას ნელნელა აგროვებ და ეს გამოცდილება და ბაზა გეხმარება თამაშში, მერე უკვე ინსტინქტურად იღებ კითხვებს, თუ ძალიან მონდომებული ხარ მით უმეტეს. მე მასე სულ არ ვიყავი მონდომებული და ,მობიუსის(თუ ვიღაც ჩუვაკის) ლენტა’ ისე გამოვიცანი, რომ წესიერად არც ვიცოდი მაშინ რა იყო, იმიტომ რომ სხვა ტურნირზეც მოვიდა ამაზე კითხვა და ჩამრჩა, ხოლო მეორედ რო დაისვა, ამოტივტივდა. არის ხალხი, ვინც წიგნების სათაურებს და მოკლე შინაარს იზეპირებს და ბევრი სახეობაა მოკლედ 😀 წლებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მე მაგალითად წლები კარგად არასდროს მამახსოვრდებოდა, არადა თამაშში ძალიან გადგება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გიხარია ლოგიკურად გამოცნობილი კითხვა(არა შენი თემატიკიდან, სხვა თითქოს უცნობი თემატიკიდან აღებული უფრო გიხარია), ლამაზი კითხვის აღება, რთული კითხვის აღება… თუ ისეთია, რომ მარტო შენ გამოიცანი(რაც არც ისე ხშირად ხდება და გაკვირვებანარევი სიამაყით ვიტყვი, რომ ერთხელ თუ ორჯერ მეც შემემთხვა), ხომ საერთოდ ორგაზმნარევი შეგრძნებაა.

ახლა კი დავუბრუნდეთ თემას და… ამავდროულად, თანამედროვე პერიოდში პოპულარულია გედევან ფოფხაძე – ბატონი გედი(ღადაობაა რა). მაგალითად, ჩემს სამსახურში(ტელეკომპანია GMG) უფროსობა ხშირად გვეკითხება ხოლმე მე და ჩემს მეგობარსა და კოლეგას ტატო ბაციკაძეს, რომელიც ასევე არის რსრ–ში, თუ როდის გვიწევს თამაში, რადგან კომენტატორებისა და რეპორტაჟების განრიგის შედგენისას გრაფიკი გაითვალისწინონ. კითხვა ასე ჟღერს ხოლმე – როდის გაქვთ გედევან ფოფხაძეობა? გედევან ფოფხაძესთან მიდიხართ? ესენი ბატონ გედისთან მიდიან – და ასე შემდეგ. ამის დასტურად გთავაზობთ, ძალიან სახალისო სურათს, ეს არის დაფაზე გამოკრული განრიგი, რომელმაც საბოლოოდ მიბიძგა კიდეც ამ პოსტის დაწერისკენ. ყურადღება მინაწერს უნდა მიაქციოთ ))))

,,გიორგი ბაქანიძე წავიდა, ტატოს და გირგის კვირას გედევანობა აქვთ. თვალიას ბავშვის კონცერტი, გიგას კი დინამოს მატჩი”.

პ.ს.

მოკლედ – ამ სექტაში ბევრი გრძნობაა, ბევრი ემოცია, ბევრი ქვედა დინება, სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, ერთგულება, ღალატი, შური, მტრობა და ის ყველაფერი, რაც ზოგადად ყველგან, ცხოვრებაში. თუმცა ჯობია არ დავწვრილმანდეთ და დაე დარჩეს ასე უცნაურად მიმზიდველი, ბუნდოვანი და დამაინტრიგებელი ,სპორტული რა? სად? როდის?’. ბევრს წარმოუდგენია, რომ რაღაც განსაკუთრებული გარემოა, ფრაკები, ბანტები და სხვა დანარჩენი, სინამდვილეში კი ყველაფერი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ხოლო რთული და ჩახლართული ისეთი რამეებია, რასაც ზუსტად რომ არ ფიქრობთ და ვერც წარმოიდგენთ. მოკლედ, ეს არის და ეს. ბუნებრივია, ნახევრად ხუმრობით და ყველას არც ეხებოდა აქ მოყვანილი მაგალითები, ზოგადი ,ფოტორობოტი’ დავხატე.

ბოლოს კი, გაგაცნობთ ელემენტარულ ტერმინოლოგიას, რადგან თუ შემთხვევით ამ სექტის ცოტა ისეთ წევრებთან მოხვდით, ზემოდან ყურების, დაცინვის და მარიაჟობის საშუალება არ მისცეთ, თავი დაძაბულად არ იგრძნოთ და მომზადებულნი იყოთ. ესეც მცირე ლექსიკონი:

რსრ – როგორც ხვდებით და როგორც გითხარით, ეს უბრალოდ აბრევიატურაა – რა? სად? როდის?

კლუბი – ასე ეძახიან მთელ ამ კომუნას. ინტელექტკლუბიდან ძირითადად მარტო კლუბი რჩება.

პაკეტი – კითხვების ერთობლიობა, რომელიმე ტურნირისთვის, ერთი ტურისთვის. მაგალითად ტურში არის 48 კითხვა და ამ 48 კითხვას ერთად ჰქვია კიდეც – პაკეტი.

სვეჩკა – ეს ერთ–ერთი პირველია რაც უნდა იცოდეთ, როცა კლუბში მიდიხართ. ხშირია რუსული სიტყვები, ისევე როგორც მანქანის ნაწილებში მაგალითად. სანთელს როგორც წესი არავინ იტყვის. სვეჩკა ნიშნავს ისეთ კითხვას(ან კითხვაში გამოყენებულ  ფაქტს), რომელიც უკვე სხვა ტურნირზე დაისვა(ან ის ფაქტი იყო გამოყენებული), კითხვის ფორმულირებაც დაახლოებით იგივეა და მოთამაშეთა გარკვეულმა რაოდენობამ იცის მასზე პასუხი. ასეთი კითხვები შეცდომით და უყურადღებობით ხვდება პაკეტში, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინ არის, რადგან იმდენი კითხვაა დასმული განსაკუთრებით რუსულენოვან რსრ–ში, რომ შეიძლება ავტორს ან რედაქტორს კითხვის შექმნის მერე, შემოწმებისას გამოეპაროს.

ვაპროსნიკი – ესეც მარტივია ანუ თარგმანში – მეკითხვე. ადამიანი, რომელიც კითხვებს ადგენს. მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, მაგრამ რთული საქმეა 😀 თან ისეთი კითხვის დაწერა რომ მუდმივად უკმაყოფლო პუბლიკას მოაწონო. ტელევიზიასავით არის, დაახლოებით 30%–ს  თუ მოეწონა ესე იგი მაგარია 😀 თუმცა კარგი კითხვის დაწერა ნამდვილად სიამოვნებაა(ხშირად ტამაშზე არანაკლები) და იმის ყურებაც, როგორ თამაშობენ შენს კითხვაზე.

რედაქტორი – ადამიანი, რომელიც ვინმეს მიერ დაწერილ კითხვას საბოლოოდ აყალიბებს და უფრო დახვეწილი სახით წარმოაჩენს, რამე ფაქტს უმატებს ან აკლებს და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში რედაქტორი თავადაც არის მეკითხვე, მაგრამ ყოველთვის არა. ამჟამად კითხვების უმეტესობა რუსულიდან ითარგმნება. ჩვენთან ვაპროსნიკები ჭირს, უფრო სწორად ბევრი კარგი კითხვა ჭირს, რადგან თუნდაც ერთი სეზონისთვის ძალიან ბევრი კითხვაა საჭირო.

ლასტოჩკები/მერცხლები – უფრო იხმარება რუსულად – ლასტოჩკა, ლასტოჩკები. აი თუ ქართულად იტყვის ვინმე 99% მარტო მრავლობითში – მერცხლები – მერცხალს არავინ იტყვის. ესენი არიან ადამიანები(უფრო ხშირად გოგონები), რომლებიც თამაშის დროს გუნდების მიერ დაწერილ პასუხებს აგროვებენ და მიაქვთ ,ჟიურისთან’. ხშირად თავად მოთამაშეები(რომლებიც იმ ლიგაში არ თამაშობენ) ლასტოჩკობენ, მაგრამ არსებობენ ,პროფესიონალი ლასტოჩკების’ 😀
რო იცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ხალხია.

დასარიგებელი მასალა/რაზდატკა – ანუ ფურცელი, რომელსა თამაშის დროს მოგიტანენ. შეიძლება იყოს სურათი, წარწერა, ბანერი ან რამე მსგავსი, შეიძლება მასზე რამე იყოს წაშლილი ან არც იყოს. შემდეგ ამაზე აეწყობა კითხვა, შენ კი გუნდელებთან ერთად უყურებ, ფიქრობ და უნდა გამოიცნო.

სვაიაკი – ეგრეთ წოდებული ,სვაია იგრა’. თამაში რომელსაც სხვა პრინციპი აქვს. ძალიან შორს წავალთ დეტალურად რომ ავხსნა, ძნელი არაფერია, მაგრამ ახლა არ გვინდა. მოკლედ გეტყვით, რომ თამაშობს სამი ადამიანი, მოსაფიქრებლად არის დაახლოებით 3 წამი კითხვის დასმის მერე(თუმცა დარტყმა ანუ პასუხის უფლების მოპოვება ნებისმიერ წამს შეგიძლია, სანამ კითხვა დამთავრებულია მანამდეც თუ მიხვდები პასუხს) და არის დასწრებაზე. ყველა კითხვას აქვს თავისი ქულა (5 ნომინალია თითო თემაში), თუ სწორად პასუხობ იმდენ ქულას იწერ რამდენიანი კითხვაც არის, ხოლო თუ არასწორად, პირიქით იმდენი მინუსი გეწერება. თამაში კიდევ უფრო დიდ ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს, რადგან აქ რსრ–სგან განსხვავებით სწორედ ამაზეა აგებული ყველაფერი, კონკრეტულად უნდა იცოდე რაღაც. გამოგიტყდებით და მუღამიანი რამეა, მაგრამ ჯობია არ მოიწამლოთ, მოარიდეთ ბავშვები ამ თამაშს 😀 იმიტომ, რომ აგიჟებს ადამიანებს, რყვნის 😀 ზოგს აფუჭებს კიდეც, მე რამდენიმე ადამიანზე ცოტა აზრი შემაცვლევინა 😀 და ძალიან იცის ჩათრევა, იწვევს ნარკოტიკივით დამოკიდებულობას და ლომკას. მოკლედ აპასნი რამეა. თან სპეციფიური, მოითხოვს სხარტ აზროვნებას და თამაშის ცოდნას(სტატეგიულად, რაც რთულია). შეიძლება რაღაცეები იცოდე და უბრალოდ ვერ ასწრებდე, არ იყო ამ სტილის და ასე შემდეგ. ასევე ბოლოს ისმება ეგრეთ წოდებული სვაიაკის კითხვა რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, უნდა გათვალო აღებულიდან რამდენი ქულა დადო და შეიძლება ვინმეს ჩამორჩებოდე გვარიანად ქულებით და იმ ერთი კითხვის აღებით(ხო რო იცოდეთ, კითხვა გამოვიცანის ხმარობენ იშვიათად – კითხვას იღებ :D) გაასწრო ან პირიქით.

ბრეინი – ბრეინ რინგის შესახებაც მოგეხსენებათ ალბათ. არანაკლებ მუღამიანი თამაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვაიაკისა და რსრ–ს ნაზავია. მოსაფიქრებლად უფრო მეტი დრო გაქვს ვიდრე სვაიაკში და უფრო ნაკლები ვიდრე რსრ–ში. სვაიაკისგან განსხვავებით, სანამ კითხვა არ დასრულდება პასუხის უფლება არ გაქვს, როგორც კი წამკითხველი დაასრულებს კითხვას და იტყვის დროს, გაისმება რაღაცნაირი ხმა და მისი დამთავრებისთანავე უნდა დააჭირო ღილაკს(იქ კნოპკას ეძახიან), თუ ადრე დააჭირე ფალსტარტია ანუ ვეღარ უპასუხებ და მეორე გუნდს 20 წამი ეძლევა მშვიდად მოსაფიქრებლად. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მინუსი არ გეწერება. ამ თამაშში ორი ასევე ექვსკაციანი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. კითხვებიც შესაბამისად ნაჯვარია, ცოდნაზეც და სააზროვნოც. თუ რსრ და სვაიაკი აქტიურად ტარდება საქართველოში და თან არამარტო ქართულად, რუსულადაც კი, ბრეინი სერიოზული პრობლემაა სამწუხაროდ. მარტო აპარატურა(თითის დასაჭერი) არ არის პრობლემა, სხვა რამეებიც, რაც ბრეინს ეხება(მაგალითად სათანადო კითხვები).

წამკითხველი – ქეით უინსლეტი არაფერ შუაშია. წამკითხველი არის ადამიანი ვინც კითხულობს კითხვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წამკითხველი წესითა და რიგით კარგად უნდა მეტყველებდეს, თან სწორ ადგილებზე აკეთებდეს აქცენტს, არც ზედმეტად სწრაფად კითხულობდეს და არც ზედმეტად ნელა და ასე შემდეგ. ბოლო დროს აქტუალური და მტკივნეული გახდა კარგი წამკითხველი. ხო, ცოტა სხვაა წამკითხველი სვაიაკში, იქ ოღონდ იპოვონ(რადგან იქ არაერთი, არამდედ ბევრი წამკითხველია საჭირო) და არც მეტყველებას ექცევა ყურადღება და არც არაფერს, მეტიც შეიძლება სხვადასხვა ,ქრთამები’ შემოგთავაზონ, ოღონდ პაკეტი წაიკითხო, რაც რასაკვირველია ნორმალურ ადამიანს ეზარება.

ვადამდელი – ანუ კითხვა რომელსაც მის დასრულებამდე ან დასრულებისთანავე იღებ/იცნობ.

პასი – პასი არის მინიშნების მაგავარი ან რაიმე, ისე ნათქვამი(წესი N1 აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ვერსია უნდა თქვა რაც განხილვის დროს თავში მოგდის, იმიტომ, რომ რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოს, შეიძლება ეს მაინც სასარგებლო გამოდგეს), რაც შენს გუნდელს კითხვის ბოლომდე გახსნაში და აღებაში დაეხმარება. გუნდში მინიმუმ ერთი კარგი მეპასე ხშირად გამომცნობზე საჭირო და მნიშვნელოვანია.

დუალი – დუალი არის როცა კითხვას აქვს მეორე პასუხიც, რომელიც თავისუფლად ჯდება კითხვის კონტექსტიდან გამომდინარე და ასეთ შემთხვევაში ითხოვ პასუხის ჩათვლას, რასაც გიკმაყოფილებენ თუ მართლა დუალია ან იქვე გიკმაყოფილებენ ან წერ აპელაციას, რომელსაც შემდეგ განიხილავს ჟიური და გუნდის დასაბუთებისა და თავისი შეხედულების მიხედვით გადაწყვეტს სამართლიანია თუ არა მოთხოვნა.

დუპლეტი – ეს არის კითხვა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი ანუ რეალურად გისვამენ ორ კითხვას ორივეს პასუხი რაღაცით დაკავშირებულია ერთმანეთთან და თითოეულზე საპასუხოდ გაქვს 30 წამი. ფურცელს აბარებ მხოლოდ ორივე კითხვის მოსმენის და სავარაუდო პასუხის დაწერის შემდეგ, ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ ერთი გამოიცნო და ამან მიგახვედროს მეორის პასუხი.

გრობი – გრობი არის კითხვა, რომელიც ვერავინ ვერ გამოიცნო, რომლის გამოცნობაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, არ ჰქონდა კარგი მინიშნება, არ იყო კარგად ფორმულირებული ან რამე მსგავსი. არის კითხვები რომელსაც ვთქვათ ერთი გუნდი იღებს, მაგრამ ზოგჯერ ასეთებიც გადის გრობთა კატეგორიაში თუ ის ყველაფერი თან ახლავს კითხვას რაზეც თავში ვისაუბრე(იმ ერთმა გუნდმაც გამოიცნო იმიტომ, რომ ზეპირად იცოდა ფაქტი ან უბრალოდ გაარტყა სიტყვაზე).

მამა–მარჩენალი – ასე მოიხსენიებენ გიორგი მოსიძეს. კლუბის მმართველსა და ,ბატონ წამყვანს’. ხშირად ეს პატივისცემით ან სიყვარულით არის ნათქვამი, ხშირად ქილიკით.

კიდევ არის რაღაც–რაღაცეები, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია 😀 მიუხედავად მინუსებისა, პლუსებიც ბევრია(სვაიაკი არ გეგონოთ). ასე რომ მე მიყვარს ეს სექტა და ეს თამაში…
ეს სწორი პასუხია! – ბატონო წამყვანო 🙂

Written by 1myway1

თებერვალი 24, 2012 at 4:02 PM

Posted in Uncategorized

მე-9 სართული

with 9 comments

რა სახის ბნელი, გოიმი და მეშჩანი არ მინახავს და ჩემს ერთ-ერთ მთავარ მიზნად თუ ჩვეულებად იქცა, მათთან ბრძოლა ან უბრალოდ, მათზე გაბრაზება და ტყუილა ნერვების მოშლა, იმის მიხვედრის მერე, რომ ძალიან შორს ვართ და დიდი ხანი არაფერი გვეშველება. თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ და მაინც გამოვდივარ ხოლმე წყობიდან.აი რამდენიმე დღის წინ კი ისეთ რამეს შევესწარი, რომ ულაპარაკოდ მოწინავე პოზიციებზე გადავიყვანე რეიტინგში. მოთხრობის დაწერა მინდოდა, კარგი მასალაა, მაგრამ ვერ მოვითმინე და უნდა გაგიზიაროთ, მოთხრობად შეიძლება მერე გადავაკეთო. მივყვეთ ეტაპობრივად, ოღონდ გთხოვთ, რომ კულმიაციასთან მისვლამდე სულ რომ არ დაგაინტერესოთ და დაგეზაროთ, მაინც ბოლომდე წაიკითხეთ, თორემ არნახულ სიამოვნებას გაუშვებთ ხელიდან.

1. ფსიქოლოგიური ფონი: აუცილებელია გითხრათ, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი, როცა ეს მოხდა. ვეცდები, მოკლედ მოგითხროთ. მას მერე რაც ამჟამინდელი ლინზებით ისე ვეღარ ვხედავდი და ჩავთვალე, რომ მხედველობა კიდევ უფრო გამიუარესდა, ჩვენში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკას მივაშურე. დამჭირდა, სამსაათნახევრიანი პროცედურები. განსაკუთრებული და ახალი ფაქტობრივად არაფერი უთქვამთ. ერთადერთი, ხანდახან ფეხბურთი ითამაშე მსუბუქად(თავით თამაშის გარეშე, დარტყმულის მოხვედრაზე საუბარიც ზედმეტია), აბა სულ ისე ხომ არ იქნებიო, თუ არ ისუნთქე რაღა გამოვიდაო. ოღონდ თავის ტრავმებს ერიდე, მკვეთრ მოძრაობებს, ხტუნაობას და ასე შემდეგო. არ შეიძლება, მოტოციკლეტი, ველოსიპედი(მხოლოდ ტრენაჟორი ან ტრეკზე, სწორ გზაზე), ცურვა კი ბატონოო, ოღონდ ყვინთვის გარეშე(ცურვა არ ვიცი კსტატი). კომპიუტერი შეზღუდე, ეცადე ფილმებს ტელევიზორში, შორიდან უყუროო. ალკოჰოლი მაქსიმალურად შეზღუდეო, არაყი განსაკუთრებითო(კიდევ ერთი მძიმე დარტყმა). თან ცხრა პარასკევი აქვთ, ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. თურმე ზომიერი ვისკი სასარგებლოც კი ყოფილა თვალებისთვის 🙂 გამიხარდა. მოკლედ, ალკჰოლი ცოტ-ცოტა და ასე თუ ისე ხშირადაც მოსულაო, მთავარია ბევრი არ იყოს და არაყს ერიდეო(მეორემ თქვა სულ თუ არ დალევ კაიაო). უპირველეს ყოვლისა, არ ინერვიულო და რაც მთავარია, სიმძიმე არ აწიოო, გამორციხეო, მაქსიმუმ 2 კილოო. რაც მთავარია, არანაირი ოპერაცია რაიმეს გასაუმჯობესებლად არ არის, ეს ბადურა, ყველაზე მარაზმი რამეა. უბრალოდ, უნდა მოუფრთხილდეო. კიდევ უფრო წვრილმანებზე აღარ გადავალ, თორემ ბევრი იყო. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მარჯკვენა თვალში -25 ყოფილა უკვე მარცხენაში -27 და ზემოთო 😀 სისცხლჩაქცევა მარცხნივ გაწოვილია, მაგრამ ნაკვალევი რჩება, რაც გამოსახულებას ბრიცავს, მოკლედ მარცხენა თვალში პოლნი პიზდეცია. კონტაქტური ლინზის მერკებითაც მომიმატა მინუსი ექიმმა, მარჯვენაში -14 და მარცხენაში -16. თან დამამშვიდა, კი არის -25 და მეტი, მაგრამ სამაგიეროდ კომპენსირებული გაქვს, ლინზით მაინც ხედავ ასე თუ ისე და ზოგს -10 აქვს და ვერაფერს ხედავსო. ჩვეულებისამებრ კინაღამ წამომცდა – მაგარი კომპენსირებულია შეჩემათქო – მაგრამ არ წამომცდა და უბრალოდ, გავიღიმე. ამ მომატებული ლინზებით, წესით რეპორტაჟების წაყვანა არ უნდა გაგიჭირდეს და ნომრები უნდა დაინახოო… ვნახოთ, ვნახოთ. ფაქტია, პროგრესირებს, უფრო ნელა, მაგრამ მაინც და როდის სადამდე წავა ვინ იცის. მეთქი, თუ არ გაჩერდება 40 წლამდე მაინც მაცალოსთქო და ეწყინათ, რა ხაზი გადაგვისვი, მე მგონი 40 წლიდან იწყება ცხოვრებაო, არადა მე ცოტა სხვა რამე ვიგულისხმე, მაგრამ მაინც ძალიან ისე მომივიდა, 50 უნდა მეთქვა )) ერთხელ ჩემი მეზობელი, თითქოს წერსიერი კაცი დათვრა და ვიღაც მესნი წწ-ს(ანუ ძველ ბიჭს) და წამლის მოყვარულს გაუჭედა – მე რომ 50 წელზე მეტი ვიცხოვრო მაინც გრეხიაო – ეგ ბაზარია რა. ისე გადაცდა უკვე 50-ს.

2. მარაზმის დასაწყისი: მოკლედ, ეს ყვერლაფერი კიდევ ერთხელ მოვისმინე და თვითირონიით გაჟღენთილი, არც ისე კარგ ხასიათზე ვზივარ, რათა ბოლოსწინა პროცედურაზე შევიდე. თავადაც იცით, რომ ადვილი არაა გაძლება სამსაათნახევრიდან ორსაათნახევარი ლოდინი რომ გიწევს, მით უმეტეს ჩემნაირი სულსწრაფი ადამიანისთვის. ყველა პრობლემა გავიწყდება და მთავარი სატანჯველი სწორედ ეს უაზრო ლოდინი ხდება. რიგი საკმაოდ დიდი იყო. მე თავს ვირთობდი პატარა საყვარელი კიკინიანი გოგონათი, რომელიც თვალებს მალავდა ექიმის ყოველ გამოჩენაზე და გაუჩერებლად ტიროდა. მერე დედამ თმები გაუშალა და სასწაულად საყვარელი პატარა ქალი იყო, ბოლოს პროტესტის ნიშნად სახლში არ მიყვებოდა დედამისს. თან დერეფანში შავგვრემანი უმა თურმანის მსგავსი ექიმი დადიოდა, გასაწკეპლი, სტერვა გამომეტყველებით და ვათვალიერებდი, ნეტა ამან ჩამიტაროს რამე პროცედურათქო. თან ,ტერმინატორის სათვალეები'(იხ. ჩემი სათვალე სურათზე, ეს კიდევ შეთხელებული შუშებითაა 😀 ) მეკეთა, აბა ლინზებით ყოფნა ამ კვლევების დროს არ გამოდის. ამ დროს დერეფანში გამოჩნდა ჩქარა და მტკიცე ნაბიჯებით მომავალი ქალი…

3. მშობელი – დედა: მოვიდა პროვინციელი ქალი, ჯერ იკითხა ქალბატონი რ ამ კაბინეტშიაო? დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კარი ეგრევე შეაღო. იქ უთხრეს ერთი წუთითო. ცოტა ხანში, ცეტი და ნერვიული ექთანი გამოვიდა და ქალბატონს უთხრა გისმენთო – ამან დაიწყო რაღაცის სწრაფად მოყოლა და აუხსნასავით, რომ ,დარეკილია’ და სასწრაფოდ უნდა მიიღონ ,ბავშვი’. იმიტომ, რომ ცუდად ხედავს და ურჩიეს რ რაც მთავარია დარეკილია. ექთანმა გასაგებიაო, ცოტა ხანი დაგვიცადეთო. მერე, ეს ექთანი სადღაც წავიდა და ეს ,დედა’ ხომ ხედავს, რომ გარშემო ამდენი ხალხი ვსხედვართ არა? მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს და დაახლოებით 3 წუთში მივიდა ისევ იმ კართან, შორს გასძახა შვილს – მოდი დედიკო აქ დავიცადოთო და შეაღო კარი… ნუ აი ჯერ, ცოტა რამის რიდი ან შეგნება ხო უნდა გქონდეს? შიგნით პაციენტი ხომ არის? ხო შეიხედე და ნახე რო ადგილი არც ისე დიდია თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ გითხრეს მოიცადეო? რატო არიან ეს დედანაქაჩები ასეთი ნაგლები ამიხსენით რა? და რატომ არ გამოდის სხვანაირად ამ ქვეყანაში? უცებ დერეფანში ექთანი გამოჩნდა და რასაც ჰქვია დაიჩხავლა, ქალბატონო ხომ გითხარით ცოტა ხანი დამიცადეთ არაო… უი, უი ბოდიში გენაცვალეო და გამობუნძულდა უკან. უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

4. ვახ სოფელო, რა შიგან გაქვს: სიტუაცია თავიდანვე არ მომეწონა, რადგან საკმაო ხანი მქონდა რაღაც საშინელება ჩაწვეთებული, თან მეჩქარებოდა და ვერ ვიტან როცა ვინმე ურიგოდ ცდილობს გაძრომას. თანაც როცა დარწმუნებულნი არიან რატომღაც, რომ მათ გარდა პრობლემა არავის არ აქვს და სხვებზე მაღლა დგანან და სხვებზე წინაც უნდა წავიდნენ. ძირითადად ეს ამბიციურ პროვინციალებს ახასიათებთ. ძვირფასმა დედამ დაიწყო რეკვა. ჯერ დაურეკა მეუღლეს, ააფორიაქა, არაფერი არ მომხდარა და უკვე პანიკას ტეხდა. ბოლოს მიაძახა, რამე რომ მოხდება დაგირეკავო, არაფერი არ გვინდა ყავა წამოიღე მარტოო. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა ეგრეთ წოდებული ბავშვი, მოჰყავდა, ვიღაც ბიჭს(როგორც შემდგომ გაირკვა ქმარს). მთელი დერეფანი ააწრიალა კვნესით და კუთვით – ვაიმე რა ცუდად ვარ, ვაიმე როგორ მტკივა, ვაიმე რა ვქნა, ვაიმე სახლში მინდა, ვაიმე თვალი, ვაიმე ვერაფერს ვხედავ. შემიძლია დავიფიცო, რომ მინიმუმ ნახევარი აქედან იყო გამუქებული, რადგან როცა უნდოდა ძალიან ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. დაჯდა ზუსტად ჩემს პირდაპირ და რასაც ჰქვია ყველა შეაწუხა, არცერთი წამით არ გაჩერებულა. თან რომ ატყობ ყალბ რეაქციებს და ნერვები უმაღლეს დონეზე გეშლება + ეგეთი ტიპაჟის გოგოების ატანა არ მაქვს. ქუდის ნერვიულად თამაში დავიწყე, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რამე არ წამომცდეს ჯობია წავიდეთქო, მაგრამ ამდენ ნაწვალებს წყალში ხომ არ გადავყრიდი.

5. გონორი: სწორედ ასეთ ხალხს აქვთ ყველაზე არანორმალურად გამაღიზიანებელი გონორი, აი ისეთი აბსოლუტურად წყნარად რო იყო, და ბოროტება არასდროს რომ არ გქონდეს ჩადენილი, რამეს გაგაკეთებინებენ. ვერ აღვწერ რამდენი იწუწუნა ამ გოგომ, ტვინი გახვირტა უმაღლეს დონეზე. ამას ისევ, იმ ასაკოვანი წყვილების მოსმენა მერჩივნა, რომლებიც საყვარლად განიხილავდნენ, რას ნიშნავს ლოთი – იმას, ვინც ხშირად სვამს თუ იმას, ვისაც აკანკალებს სასმელის გარეშე თუ ორივეს? ერთი ბებო ძალიან პრადვინუტი იყო სხვათა შორის და იცავდა ვიღაც ტიპს, რომელსაც თურმე დიდი ხელფასი აქვს და როგორ შეიძლება ლოთი დაუძახო, მართლა ლოთი რომ იყოს ვინ გააჩერებდა სამსახურში და ვინ მისცემდა ამხელა ხელფასსო, მე ის ტიპი შორიდან დიდად არ დამევასა, მაგრამ ამ ბებოს ვბალელშიკობდი. ჩვენ კი დავუბრუნდეთ ,ბავშვს’, რომელმაც ახლა უკვე თავად დაურეკა მამამისს და აცნობა, რომ ჯერ კიდევ ელოდებიან! მერე დაამატა, რომ 2 ლარი ჩაურიცხოს 593-ზე, თან არანორმალურად რბილი ლ-ებით მეტყველებდა და გული შემეკუმშა, ჰაერი აღარ მყოფნიდა.

6. ისტერიჩკა ექთანი: რა ვქნა, ცოტა ,ვულგარული’ მხარე გავუღე ჩემს ფანტაზიას და მომეჩვენა, რომ ამ ანერვიულებული ექთნის მთავარი პრობლემა სექსის უკამრისობა იყო. გამოვიდა თუ არა ოთახიდან, იმ წუთას ვკითხე აღარ დამადგება საშველითქო? ასე ,გოიმურად’ არასდროს ვიქცევი(და ხშირად ამის გამო ვიჩაგრები), მაგრამ ეს ახლა სპეციალურად გავაკეთე, ჯინაზე, იმათ გასაგონად. ხო უნდა გამოვიდეს პაციენტი, რომ შეხვიდეთო – ნერვიულად მიპასუხა ექთანმა, მერე კი მიუბრუნდა დედას და უთხრა, ცოტა ხანი უნდა დაიცადოთო. აი აქ ატყდა პანიკა… ,დედა’ ელაპარაკებოდა უცნობ დედა-შვილს ამ თავისი ,ბავშვის’ თ-ს პრობლემაზე(სახელი და გვარი დავიმახსოვრე ამ გოგოსი), უცებ ეს შენი ბავშვი გასტერვდა და მიახტა დედამისს – მოკეტე ეხლა, რო წაგიგდია ენა და ელაპარაკები მაგათ, ვითომ შენი დაქალი იყოსო, მოეთრიე აქ და დაჯექიო(ზუსტად ასე) – არანაირი პატივისცემა ან არანაირი მორიდება არავის მიმართ… მარტო თვითონ იყო იქ ვითომ, მარტო თვითონ ჰქონდა პრობლემა(იმ წუთას დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაბშე არაფერი სჭირდა, მაქსიმუმ -1 ან -2, დიდი შანსია ასეც იყოს, მაგრამ მერე, რაღაცეები გაირკვა). თან სწორად გამიგეთ, იმას კი არ ვამბობ, რომ – როგორ გაუბედა უფროსს – და მსგავს სისულელეებს, უბრალოდ, რატომ? რისი გულისთვის?

ბოლო ბოლო არ გრცხვენია შეჩემა? ორი შენხელა სათვალე მიკეთია. გვერდზე მოხუცია, საერთოდ ვერ იყურება თვალებიდან… კარგიი რა – ვფიქრობდი ჩემთვის და წარმოვიდგენდი, როგორ არ აწყენდა გემრიელი მიტყეპა ამ არსებას.

7. ,დარეკილიამ’ არ გაჭრა: გაგრძელდა რეკვები. დედასაც არ მოეწონა, რომ თურმე რაღაც ანკეტაა შესავშები და თან რიგის გარეშე არ იღებენ ,ბავშვს’. დაურეკა იმას, ვინც გამოუშვა აქ. იმას ეტყობოდა, რომ ესენი ასევე ვიღაცამ მიუგზავნა და უარი ვერ უთხრა, აქ კი იმხელა ვლასტი არ ჰქონდა, რომ ეგრევე მოეყომარებინა ყველაფერი და რაღაც გაუგებარ წინადადებებს ეუბნებოდა ტელეფონში ანუ როგორც ხდება ხოლმე – კლასიკა ჟანრა. დედა მიხვდა, რომ სხვა გზა არ იყო, მადლობები გადაუხადა, ბოდიშიც მოუხადა შეწუხებისთვის და დაემშვიდობა – მერე უკმაყოფილომ დაამატა, მასე ,ჩემთანაც'(ეს სად არ ვიცი), არ იყო  ცუდი ექიმიო, რაზეც მონსტრი ,ბავშვისგან’ მიიღო თვალების ბრიალი. როცა უკვე მემილიონედ იწუწუნა ამ გოგომ და პრეტენზიულად იკითხა – როგორ, ესენი ყველანი უნდა შევიდნენ და მერე უნდა შევიდე მეო? – ძალიან ცუდად გავხდი, ენაზე ვიკბინე, რომ არაფერი მეთქვა. ის ის იყო რამე წამომცდებოდა(თან წინადადებებს ვალაგებდი თავში, დელიკატურად მიმესხა თუ აგრესიულად, ვერ გადავწყვიტე), ექთანმა კარი გააღო და თქვა – შემობრძანდით და მშობელიც შემოვიდესო. თ-მ ისევ ვერ მოითმინა და აუ წავედით წავედითო ატეხა წივილ-კივილი, მისი საცოდავი ქმარიც კი გამოვიდა წყობიდან და ლამის იყვირა – ხო, მოიცადე ცოტა ხანი და წავალთო.

8. კულმინაციის მოახლოება: შევედი თუ არა რ-სა და მის ექთანს განვუცხადე, კიდევ კარგი მიშველეთ, თორემ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, რა ძნელია ასეთების ატანამეთქი. ეს საშინელი გოგო ვინ არის, გამაგიჟა ცუდად გავხდიმეთქი და დავამტე, ძალიან ძნლები არიან სულით პროვინციელებიმეთქი. აი აქ უკვე საბოლოოდ გაიყარა ჩემი და ექთნის გზები, ჩათვალა, რომ მე ვარ ცუდი, ბოროტი და ასე შემდეგ. კი მაგრამ რა მოხდაო… მეთქი ააწრიალა ყველაფერი, თითქოს მის გარდა პრობლემა არავის ჰქონდეს, აქ კინაღამ კარი შემოანგრიეს და ცუდად გამხადესთქო. მე ვიფიქრე რამე კიდევ ხომ არ მოხდა, ასე აგრესიულად რომ განეწყვეთო – არა, ესეც საკმარისი იყომეთქი. რ-მ რომელმაც პირველად ცივად მიმიღო, რადგან ისე უბრალოდ(მეც უაზროდ მომივიდა), რამდენიმე მისი ნაცნობი ადამიანი ვუხსენე, ახლა უკვე დამოკიდებულება შეცვალა და დათბა – ეჰ, თქვენ არ იცით დღეში რამდენი ეგეთის მიღება მიწევსო. მითხრეს აქ დაწექიო და რაღაც საშინელება(თურმე გამაყუჩებელი) ჩამაწვეთეს, თვალები ამეწვა… სკამზე გადმოჯექიო და თან ექთანმა დაიძახა, მშობელი სად არისო(ესენიც მაგრები არიან, ცოტა გაუგებრად კი თქვეს), იმათ ეგონათ, რომ ჩემ მშობელს ეძახდნენ და ,დედამ’, მე მაგისი დედა არ ვარო… ვიცით ქალბატონო, თქვენ გეძახით, რომ აგვიხსნათ რაშია საქმეო.

მე-9 სართული – მარაზმის პიკი: რ.თ.-მ ჰკითხა აბა ქალბატონო, რა არის ასეთი საჩქარო მითხარითო და დაიწყო…

-ბავშვს უცებ გაუუარესდა მხედველობა – დაიწყო დედამ.

-რამდენი წლისაა ბავშვი? – იკითხა რ-მ

-20-ის. რაღაც პერიოდის წინ გვყავდა ექიმთან და ბოლო 2 ხაზი ვერ დაინახა.

-მერე რა – ღიმილით თქვა რ-მ. ბოლო ორი ხაზის ვერდანახვა აი იცით როგორი არაფერი არ არის? ახსნაც ძნელია 😀 მარტო ბოლო ორ ხაზს რომ ვერ ვხედავდე რა ბედნიერი ვიქნებოდი 😀

-ეს ადრე იყო. ახლა კი ერთი 4 დღის წინ უცებ ვერ დაინახა კარგად და შეგვაშინა. 5 დღეა რაც გათხოვდა ბავშვი, მე კი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ… -აქ რ-მ შეაწყვეტინა.

-მერე აქამდე რატომ არ მოიყვანეთ?

და იცით სად ჰყავდათ პირველ რიგში ,ბავშვი’?

არსად? -არა.

რომელიმე სხვა თვალის ექიმთან? – არა.

ბევრმა შეიძლება დიდი ხანი იფიქროთ და ვერ მიხვდეთ, მაგრამ აი შენ სწორად მიხვდი… დიახ, დიახ – გინეკოლოგთან!

რატომ? როგორ თუ რატომ… ბავშვი ხომ 5 დღის წინ გათხოვდა, ესე იგი სექსი ჰქონდა და ეს ხომ ,ხიხიაა’, ალბათ მაგის გამო დაკარგა მხედველობა, აბა როგორ შეიძლება სექსი, თან დედა წინააღმდეგი იყო 😦

მაგრამ ეს ყველაფერი როდია, მთავარი წინ არის მეგობრებო…

-ჯერ გინეკოლოგთან გვყავდა და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მერე ნევროპათოლოგთან, ძალიან განერვიულებული იყო ბავშვი – აღნიშნა დედამ. -მე ვერაფერს ვერ ვხედავდი და ყურაბამდე გაღიმებული ვიჯექი, სულ არ მაინტერესებდა მხედავდა თუ არა ის ქალი. ღიმილი ვერც რ-მ შეიკავა.

-კი მაგრამ, ლოგიკურად თუ მივყვებით, როცა გოგონას მხედველობა რადიკალურად გაუუარესდა, ჯერ თვალის ექიმთან უნდა მოგეყვანათ…

-ხო, მაგრამ ბავშვი გათხოვდა, არა მე კი წინააღმდეგი ვიყავი, ქალაქში გაზრდილი ბავშვი, მაგრამ 4 წელი უყვარდათ ერთამენთი და…

-სოფელში გათხოვდა? – იკითხა რ-მ.

-კი, ეს ბიჭი სოფელში ცხოვრობს, არადა დედისთვის როგორია, ხომ წარმოგიდგენიათ, ქალაქში, მე-9 სართულზე გაზრდილი ბავშვი, მაგრამ 4 წელი უყვარდათ ერთმანეთი.

იმ მომენტში, რა მოძრაობები გავაკეთე არ ვიცი, ზურგით შემოვტრიალდი და როგორც შემეძლო სიცილს ვიკავებდი. ყოველგვარმა სიბრაზემ გამიარა. ფხუკუნისგან ცრემლი მომდიოდათქო ვერ ვიტყვი, რადგან ცრემლი ისედაც მომდიოდა წამლისგან. ამას აღარ ველოდი, დავიშოკე – მე-9 სართულზე გაზრდილი ბავშვი, გაზულუქებული გათამამებული გოიმის გოიმი, ქალაქში გაზრდილი, თან თურმე მე-9 სართულზე! და ეს მაგარი რომ ჰგონია. შემიყვარდა ის გოგო და პარალელურად ძალიან შემეცოდა მისი ქმარი, შემეცოდა ჩვენი ქვეყანა…

ცოტა ხანი რ-ც შოკში იყო, მაგრამ ყოჩაღი ქალია. კარგით გასაგებიაო – უთხრა დედას და აუხსნა, რომ მას რაც შეეძლო გააკეთებდა. კონსულტაციის ფულს არ აიღებდა, მაგრამ რაღაც პროცედურები გადასახდელი მაინც იქნებოდა. იმ საწყალმა ქალმა, რაღაც თანხა ამოიღო საფულიდან ამის მეტი არ მაქვსო(მომკალით და მგონია, რომ ფული არ იყო მათი პრობლემა და საერთოდ არც იმ გოგოს მდგომარეობა იყო, საგანგაშო, უბრალოდ, ,ხასიათით’ მოსდიოდათ ასე, მაგრამ თას ვერ დავდებ და ვერც დავრჩებოდი გასარკვევად, მეჩქარებოდა). ესენი დაფაცურდნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება შეღავათი გაეწიათ. რ-მ აუხსნა, რომ თავიანთი მოვალეობა უნდა მოიხადონ, უპირველეს ყოვლისა თვალები უნდა შეუმოწმონ და მერე იფიქრონ ნევრეოპათოლოგზე და ასე შემდეგ. ბოლო ბოლო ქალი წავიდა ანკეტის გასახსნელად. ის კი არ იცოდნენ, რომ რაღაცის ჩაწვეთების მერე, მინიმუმ ნახევარი საათი კიდევ დაცდა მოუწევდათ და ესეც მხოლოდ პირველ ეტაპზე 🙂

კაკ გავარიტსა – როგორც იქნა დავრჩით მარტო 😀 საკმაოდ კარგად ავაყოლეთ მე და რ-მ. ექთანი იბღვირებოდა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექთანზე კეთილი, ყურადღებიანი და სამართლიანი ვარ მეც და რ-ც ეგრე იქნება. უბრალოდ, ობრაზი ეჭირა ამ ექთანს, თან მე აღარ ვევასებოდი. მე და რ-მ კი მართლაც კარგად ავაყოლეთ რაღაცეები, ალბათ გაცივდა მე-9 სართულზეთქო ვთქვი და ბევრი კიდევ მსგავსი და უკეთესი, აღარ მახსოვს, რაც არ უნდ იყოს, პარალელურად თვალზე რაღაც დანადგარი მედო 😀 რ-ს ეცინებოდა, თან ამატებდა ღმერთო მაპატიეო, თავის გაჭირება ეყოფათ, ის გოგოც ცოდოა უცებ დაკარგა მხედველობაო, იმედია სერიოზული არაფერი იქნებაო. მეც შემეცოდა ყველა, მთელი ის ოჯახი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი სერიოზული არ იყო, და იმედია ასეცაა. აი კიდევ თუ მივალ ამ კლინიკაში კონტროლზე, ვიკითხავ მერე. გინეკოლოგთან მიყვანამ და მე-9 სართულმა გადაფარა, როგორც შემდეგ რ-მ დაახასიათა ჩემი ,ძალიან სუსტი თვალები’ და ,ძალიან დაზიანებული ბადურა’. კარგ ხასიათზე დავშორდით ერთმანეთს. გადავწყვიტე, რომ თუ სხვა ბინაში გადავალ, აუცილებლად მე-9 სართულზე უნდა იყოს. 3 საათში ლინზების ჩასმის ნებართვა მივიღე და ლუდის დასალევადაც წავედი.

პ.ს.

მონსტრ ბავშვსა და დედას კი, მთელი გულით ვუძღვნი შესაფერის სიმღერას

Written by 1myway1

თებერვალი 18, 2012 at 12:31 PM

Posted in Uncategorized