1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რატომ უყვართ ფეხბურთი?

with 5 comments

დავიწყებ იმით, რომ ვიტყვი – არ დავიწყებ მოყოლასმეთქი… ყოველთვის, როცა ამას რაღაცაზე ვამბობთ, სინამდვილეში სწორედ იმის მოყოლას ვიწყებთ.

არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ბევრი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, პირადად კონკრეტული ადამიანისთვის. რა გავლენას ახდენს ეს ხელოვნებად ქცეული ვითომდა უბრალოდ სპორტის სახეობა ცხოვრებაზე. რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს, რა მნიშვნელოვანია პროტესტისთვის, ემოციისთვის, გრძნობისთვის, იმედისთვის, მოლოდინისთვის. რა კარგი მაჩვენებელია სიღარიბის თუ სიმდიდრის, ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც იმას შეგახსენებთ(ანუ შეგახსენებთ), ფეხბურთი დაარსების დღიდანვე რომ აღარ იყო უბრალოდ სპორტის სახეობა და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ რომ არის. ვიღაცისთვის ეს თავის მოტყუებაა, ვიღაცისთვის გართობა, ჩემმთვის და კიდევ არც ისე ცოტა ადამიანისთვის კი – ცხოვრება. ამას თუ ვერ გრძნობ, ვერც გაიგებ. ამიტომ, მოყოლას აღარ გავაგრძელებ. ხშირად უკვირთ ხოლმე რატომ გიჟდებიან ასე ფეხბურთზე, როგორ შეიძლება ამის გამო კამათი, ჩხუბი, ნერვიულობა… ვეცდები ცოტა სხვანაირად გიპასუხოთ და უბრალოდ, რამდენიმე პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც ბოლო დროს მოხდა. რამდენიმეს რა… სამს, ამბობენ ღმერთი სამობით არისო და ალბათ ფეხბურთის ღმერთიც.

ნუ ვიდავებთ იმაზე, სად უფრო კარგი გულშემატკივრობა იციან, ვინ უფრო მაგარია და მსგავს რამეებზე. იმიტომ, რომ ფეხბურთში ,აბსოლუტური ჭეშშმარიტება’ არ არსებობს და ამითაც არის მიმზიდველი. მე უბრალოდ, გეტყვით ფაქტს, რომ ფეხბურთი რელიგიის დონეზე ორ ქვეყანაშია – ბრაზილიაში და იტალიაში. როცა ვამბობ რელიგიის დონეზე ვგულისხმობ კიდეც ამას. თორემ ინგლისი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და იქნება, არგენტინაში არავისზე ნაკლებათ არ უყვართ, გერმანიას არაფერი ესწავლება და ასე შემდეგ. ნურც იმას გავარჩევთ, კარგია თუ არა, ის რომ ფეხბურთი რელიგიის დონეზეა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია რომ ეს ფაქტი მივიღოთ. აი მაგალითად – მრავლისმნახველ მიროსლავ კლოზეს რა უნდა გაკვირვებოდა ფეხბურთში? მაგრამ ამ ზაფხულს რომის ლაციოში გადმოსულს გაუკვირდა… და ცდილობს გერმანელებიც გააკვირვოს – ვერ წარმოიდგენთ აქ როგორ სიგიჟემდე უყვართ (თავისი) ფეხბურთიო, ხან რომელ ცნობილ გერმანულ გამოცემას ეუბნება და ხან რომელს. მისთვის ,ბოლო წვეთი’ იყო როცა ცოტა ხნის წინ სახლში მისული ფოსტალიონისგან წერილის გარდა კიდევ უცნაური რამ მიიღო – ფოსტალიონი ლაციოს გულშემატკივარი გამოდგა, დაიჩოქა და მირო კლოზეს ფეხებზე კოცნა დაუწყო. იმ ფეხებზე, რომლითაც მიროს ამ სეზონში არცთუ ცოტა გოლი გააქვს ლაციოსთვის. განსაკუთრებული მონდომებით ფოსტალიონი მარჯვენა ფეხს აკოცებდა, ფეხს, რომლითაც მან რომას კარში ბოლო წამზე გაიტანა და ლაციოს დიდი ხნის ნანატრი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა დერბი დელა კაპიტალეში. ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ კოცნის.

ესეც ბონუს ისტორია გამოვიდა და ის სამი ამბავიც იტალიურ ფეხბურთს ეხება. ბრაზილიაზე, ინგლისზე, არგენტინაზე, გერმანიაზე, ჰოლანდიაზე და სხვა ქვეყნებზე მერე ვისაუბროთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, თორემ შესავალი გაგვიგრძელდა.

პატარა ფილიპო
ცოტა ხნის წინ, ინტერმა სახლში ბოლოადგილოსან ნოვარასთან წააგო(სეზონში მეორედ), დიდი სირცხვილი ჭამა და ბევრი აალაპარაკა. ამან გული მოუკლა ინტერის 9 წლის ქომაგს, ფილიპოს. ნერაძურის(ანუ ინტერს) შემდეგი, მატჩიც შინ ჰქონდა ბოლონიასთან და ყველა ფიქრობდა, რომ ინტერი ამჯერად მაინც მოიგებდა. ყველაზე მეტად ამას ფილიპო ელოდა, რომელსაც გუნდის სიყვარულის გარდა, კიდევ ერთი დელიკატური საკითხი აწუხებდა და სერიოზული მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ გუნდისთვის მოგება მოეთხოვა. მან სპეციალური ბანერი გააკეთა და ასე დარაზმული მივიდა სან სიროზე(იგივე ჯუზეპე მეაცაზე).


ფილიპოს ბანერი აეთი შინაარსის გახლდათ: ,,გთხოვთ, შეგიძლიათ რომ მოიგოთ? თორემ ისინი სკოლაში დამცინიან! დიდი მადლობა, ფილიპო”. ინტერმა ის მატჩი 0:3 წააგო…

ინტერელები შეწუხდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ახლა კრიზისშია, ფილიპოსთვის მოიცალეს. იგი ბაზაზე დაიბარეს და 9 წლის ფილიპოს კლუბი შეხვდა. კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ სამახსოვროდ სპეციალურად მომზადებული მაისურა აჩუქა და მასთან ერთად სურათებიც გადაიღო. თუ არ გამოგიცდიათ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს, როცა ბავშვს თავის საყვარელ გუნდზე დასცინიან, როგორ ბავშვურად იბუტება, სწყინს და ბრაზდება და როგორ სტკივა გული. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იყო ყოველივე ამის შემდეგ ფილიპო. პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მისი ოჯახიც დაპატიჟა და პირობა დადო, რომ ინტერთან ერთად  სპეციალურ ტურნეს მოაწყობს მათთვის.

,, გუნდს არ შევიცვლი და ინტერის ფანად ვრჩები. არა უშავს, როცა ჩვენ ჰეთ თრიქი შევასრულეთ, მაშინ მე დავცინოდი მეგობრებს. ახლა კი შემიძლია თავაწეული ვიყო” – სიამაყით აღნიშნა ფილიპომ და ისიც დაამატა, ბოლონიასთან რომ ბანერი მეჭრია, იმედია, აღარასდროს დამჭირდებაო.

ფილიპო გაიზრდება, ვინ იცის როგორ აეწყობა მისი ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ აღარასდროს შეიცვლება – ინტერთან ერთად გატარებული დღეები, მისი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო მოგონება იქნება, ხოლო ეს პატარა ისტორია, სამუდამოდ დარჩება დიდ ისტორიაში და ყოველთვის როცა ვინმე გაიგებს ან წაიკითხავს, სასიამოვნოდ გაეღიმება.

აბა მილანის ბანაკში ისე როგორ მოისვენებდნენ… მათაც ჰყავთ თავისი ფილიპოები! ესეც საპასუხო ბანერი, რომელიც პატარა სამუელემ გააკეთა:

,,გააგრძელეთ მოგება, რომ მეც გავაგრძელო სკოლაში ფილიპოს გაბრაზება” – ასე მიმართავს მილანს სამუელე. ეს პატარა ოხუნჯობა და ნერვებზე თამაში უნდა ვაპატიოთ. მით უმეტეს, რომ არც მილანს ეშლება რაიმე და სავარაუდოდ, ცოტა ხანში სამუელე გუნდის ბაზას(ანუ მილანელოს) ესტუმრება. ასეთია კალჩო…

ჯადა სკალიზე
იანვარში 12 წლის ჯადა სკალიზე თავისი საყვარელი იუვენტუსის ერთ–ერთ თამაშს უყურებდა, როცა ტვინში სისხლი ჩაექცა(სრული ამ სიტყვ(ებ)ის მნიშვნელობით) და კომაში ჩავარდა. დღეები გადიოდა, ჯადას კი ექიმები ვერაფრით შველოდნენ, ერთადერთი იმით ცდილობდნენ მშობლების დამშვიდებას, რომ ადრე თუ გვიან გოგონა გამოიღვიძებსო აიმედებდნენ. ჯადას მამამ ფრანჩესკომ გადაწყვიტა იუვენტუსისთვის მიემართა და დახმარება ეთხოვა. ფრანჩესკო პირადად ალესანდრო დელ პიეროს თხოვდა დახმარებას, შეუძლებელია იუვე გიყვარდეს და დელ პიერო არა – პინტურიკიო თავად არის იუვენტუსი.

,,ბებერი ქალბატონის”(ანუ იუვენტუსის) პასხუმა არ დააყოვნა. ალექს დელ პიერომ სკალიზეებს აუდიო ჩანაწერი გაუგზავნა, რომელიც ამ შინაარსის იყო: ,, გამარჯობა ჯადა, მე ალესანდრო დელ პიერო ვარ. იმედია, მალე გაიღვიძებ და დაგვიბრუნდები, რადგან ჩვენი კიდევ ბევრი თამაში ნახო”. ექთნები ამ ჩანაწერს 12 წლის გოგონას გაუთავებლად ასმენინებდნენ და ერთ–ერთი მოსმენისას ჯადამ ჯერ ხელი გაამოძრავა, შემდეგ კი გამოიღვიძა და ორკვირიანი კომიდან გამოვიდა. ფრანჩესკო სკალიზე დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ პინტურიკიოს ხმის დამსახურებაა.

,,ეს ნამდვილი სასწაული იყო. სიტყვები არ მყოფნის. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ექიმებს, რომლებიც ჩვენს პატარა გოგონას უვლიდნენ და იმ სიყვარულს, რომელიც ზემოდან მფარველობდა” – ამბობდა უბედნიერესი ფრანჩესკო სკალიზე.

აი ასე ჩაიდინა პატარა სასწაული დელ პიერომ, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ, ის მინდორზე ხშირად ახდენდა და ახდენს საოცრებებს. ხოლო როცა ჯადა უკვე თავად იქნება ბებერი ქალბატონი, მოუყვება შვილიშვილებს, როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს ფეხბურთის, იუვენტუსისა(მეტსახელად „ლა ვეკია სინიორას“ ანუ ბებერი ქალბატონის) და დელ პიეროს სიყვარულმა.

ჩემი შავ–თეთრი ისტორია

ასევე ცოტა ხნის წინ, იუვენტუსი თავის ახალ და ლამაზ სტადიონზე სიენას მასპინძლობდა. ეს მატჩი მე უნდა წამეყვანა, მაგრამ რელაივში (ანუ ჩანაწერში). ისე გამოვიდა, რომ ყველა კაბინა დაკავებული იყო. ამიტომ, გადავწყვიტე ანგარიშს არ გავიგებდი და უფრო საინტერესო იქნებოდა ყველაფერი. თუმცა მოთმენაც ძნელი გახლდათ, ძალიან ძალიან ძნელი. ასე იყო თუ ისე, მატჩის დამთავრებამდე პატიოსნად გავძელი, თან ფლეშსქორზე იუვეს თამაში ამოგდებული მქონდა და სხვა ანგარიშებს ვუყურებდი. როცა დავინახე, რომ უშუალო კონკურენტმა მილანმა ვერ მოიგო და სხვა კონკურენტებმაც ქულები დაკარგეს, ცდუნებას ვეღარ გავუძელი… ჟრუანტელმა დამიარა, წაგებაზე და წაუგებელი სერიის შეწყვეტაზე ფიქრიც არ მინდოდა და მარცხს გამოვრიცხავდი. მაინც მჯეროდა, რომ იუვენტუსის სასარგებლო ანგარიში დამხვდებოდა, დიდი ნერვიულობით, ძირითად გვერდზე გადავედი, ჩამოვსქროლე და თან ვითვლიდი უკვე რამდენ ქულამდე გაიზრდებოდა სხვაობა მილანთან და სხვა გუნდებთან… მაგრამ უცებ, გულმა ერთი მაგრად დამიბაგუნა, რადგან ანგარიში ასეთი დამხვდა – 0:0. ყოველთვის უკეთესის დანახვას ვცდილობ, და წაუგებელი სერია გაგრძელდათქო გავიფიქრე, მაგრამ გული კი მწყდებოდა. მოვემზადე რეპორტაჟისთვის და წავედი სამსახურში.


რელაივის წაყვანა როცა ანგარიში იცი, არც ისე სასიამოვნოა, ალბათ ხვდებით. თან საკმაოდ რთულია. თუმცა სხვა რა გზა იყო. მატჩის მსვლელობისას კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, განვიხილავდი შეხვედრას(სხვათა შორის ობიექტურად, როგორც ყოველთვის ))) ) და ასე მოვიდა შეხვედრის 87–ე წუთი… 87–ე წუთი, რომელზეც კინაღამ პატარა ჯადას ბედი გავიზიარე. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა შორეული დარტყმა მოიგერია, ბურთი მის სიახლოვეს დაეცა და მისკენ სიენას ფეხბურთელი ალესანდრო გაცი დაიძრა – ვუყრებ და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ააცილოს აქედან, ფაქტიურად ცარიელ კარში, როგორ ვერ უნდა გაიტანოს გოლი. ხომ იცით, სიკვდილის დროს უცებ გაგიელვებს ყველაფერიო რომ ამბობენ, აი მსგავსი რამ განვიცადე.  წარმოიდგინეთ, ვიცოდი, რომ მატჩი 0:0 დამთავრდა და მიუხედავად ამისა, გული სასტიკად მიცემდა იმ მომენტში, გამიელვა სხვადასხვა მატჩების კადრებმა, რატომღაც ანტონიო კონტეს გოლმა თურქეთის კარში… გავიაზრე, რომ ამით მთავრდებოდა კონტეს წაუგებელი სერია, პირველი მარცხი სიენასთან საკუთარ მოედეანზე, ისეთ მატჩში როცა იუვეს წაგება არ ეკუთვნოდა… დიდ განცდებში ვიყავი  და ჩემივე ღრიალმა გამომაღვიძა: ,,გაციიი” – ეს იყო უბუნებრივესი რეაქცია. გონზე მოვედი, მივხვდი, რომ ტყუილა ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი, არ მჯეროდა რომ ააცილა, თან ვამბობდი, რა შანსი გაუშვა, ეს როგორ ვერ გაიტანამეთქი.

რეპორტაჟი რომ მორჩა, კარგ ხასიათზე დავდექი, იუვენტუსმა ვერ მოიგო, მაგრამ მომენტმა, რომლის დროსაც გული კინაღამ გამისკდა, მიუხედავად იმისა, რომ იდეაში ვიცოდი, გაცი გოლს ვერ გაიტანდა, მიმახვედრა – იუვენტუსი მართლა დაბრუნდა! ეს იყოს დიდებული განცდა და ემოცია. საერთოდ კალჩო ბრუნდება, ამ სეზონის შემხედვარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალჩოპოლის კრიზისი დაძლეულია, კოშმარული პერიოდი უკან დარჩა, არის პროგრესი და წინსვლა, წაქცეულიც მაგარი იყო… მაგრამ სერია ა ფეხზე დგება!. მე მიყვარს ფეხბურთი.

პ.ს.
კიდევ კარგი ის ფოსტალიონი რომას ფანი არ იყო

Written by 1myway1

March 3, 2012 at 11:42 am

Posted in Uncategorized

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჯადაზე ვიცოდი… ფილიპოზე გული დამეწვა.. ჩემთვის ფეხბურთის სიყვარული ამ მომენტთან ასოცირდება.. უზომოდ გახარებული რომ ვიყავი და კანისარესზე მაინც გული რომ მეწვებოდა, კართან დაჩოქილი რომ ტიროდა ტიპი..

    Isaac Clarke

    March 3, 2012 at 12:06 pm

  2. ეჰ… რამდენი მაგარი მომენტი არსებობს კიდევ

    ჯადას რაც შეეხება, ცვენთან ცოტა შელამაზებულად და სხვანაირად ეწერა
    აქ კი სიმართლე წერია

    1myway1

    March 3, 2012 at 12:17 pm

  3. ესეც დაუვიწყარი მომენტი იყო

    lomski

    March 10, 2012 at 10:36 am

  4. დიადი ვიდეოა, როგორც არ უნდა გძულდეს მაუ ან მარკო ამ ვიდეოს ნახვისას თუ ადამიანი ხარ, რაღაც უნდა შეგიტოკდეს

    1myway1

    March 10, 2012 at 1:41 pm

    • რატომღაც მივხვდი, რომ კაკაბაძე იქნებოდა ამ სტატიის ავტორი😀

      intereli

      January 15, 2013 at 8:52 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: