1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Whatever Happened to Benny Santini?

with 2 comments

ნუთუ არ გაგჩენიათ კითხვა – ვინ არის ჯო დი მაჯ(ი)ო? – მე მგონი, ზოგიერთ თქვენთაგანს მაინც გასჩენია თავის დროზე ეს კითხვა, ისევე როგორც მე. ჩემს ბავშვობაში სად იყო ასე მარტივად ინტერნეტი, გუგლი, ვიკიპედია და ასე შემდეგ. ცოტა უნდა გეწვალა ინფორმაციის მოსაპოვებლად და შეიძლება, ძალიანაც გეწვალა, მაგრამ რაც გინდოდა ის მაინც ვერ გაგეგო.  მახსოვს რა სიამოვნებით ვუყურე პირველად მაიკ ნიკოლსის ფილმს ,კურსდამთავრებული’ (The Graduate ), თავისი შედარებით ახალგაზრდა დასტინ ჰოფმანით, მშვენიერი ენ ბენკროფტით(ბევრი მამაკაცისთვის დაუვიწყარი მისის რობინსონის როლი ბენკროფტმა ჩინებულად შეასრულა) და რაც ამ შემთხვევაში მთავარია – ბრწყინვალე საუნდტრეკებით ანუ მუსიკალური გაფორმებით.

კინოშიც და მუსიკაშიც ბევრი რამ მოულოდნელად, სპონტანურად და შემთხვევით ხდება და ეს ხშირად ხელს უწყობს საქმეს. ამ შემთხვევაშიც, როგორც ცნობილია რეჟისორს ბენჯამინ ბრედოკის როლში რობერტ რედფორდი სურდა, მისის რობინსონად მომღერალი და მსახიობი დორის დეი, ხოლო მისტერ რობინსონად თვით რონალდ რეიგანი ან ჯინ ჰეკმანი. გამოვიდა სხვანაირად, ბენი დასტინ ჰოფანმა ითამაშა ბრწყინვალედ (არადა 10–დან 8 რედფორდს აირჩევდა თავიდან). მისის რობინსონის როლზე ენ ბენკროფტი შეირჩა, რამდენიმე უცნაური მიზეზით ნათქვამი უარისა და ჩაშლილი ვარიანტების შემდეგ(ჯოან კროუფორდი, პატრისია ნილი… ერთ–ერთი ვარიანტი ავა გარდნერიც გახლდათ, როგორც ამბობენ ავას ძალიან სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა). მისტერ რობინსონი კი მიურეი ჰამილტონმა ითამაშა.

მაიკ ნიკოლსი

სხვათა შორის, ბენის როლზე ნიკოლსმა უარი მიიღო ჩარლზ გროდინისგანაც და საბოლოოდ არჩევანი ჰოფმანზე შეაჩერა, რომელიც იმ წუთისთვის უკვე 30 წლის გახლდათ და 20–21 წლის ბიჭი უნდა ეთამაშა. ის მხოლოდ 6 წლით უმცროსი იყო ლეგენდარულ მისის რობინსონზე(ანუ ენ ბენკროფტზე, რომელიც ფილმის გადაღებებისას შესაბამისად 36 წლის გახლდთ). სინამდვილეში კი ეს მისის რობინსონი რომელიც უუუუამრავი კაცის ,მუზა’ იქნებოდა, მისის რუზველტი გახლვათ😉

კინო ჩემი ერთ–ერთი საყვარელი თემაა და კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება ამ ფილმზე, მის პერსონაჟებზე, ურთიეთობებზე ნიკოლსისა და გარდნერის სასტუმროში შემდგარ შეხვედრაზე და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან შორს წაგვიწყვანს და ჯობია მსუიკას დავუბრუნდეთ…

ყოველთვის საინტერესოა ხოლმე, როცა ფილმში ან სიმღერაში ჩნდება ვიღაც ადამიანი/ტიპი/მასტი/ჩუვაკ… მაგარი კაცი, რომელიც არ იცი ვინ არის, არადა (და)გაინტერესებს. ამჯერად ,два в одном’ არის – ფილმში გვხვდება მუსიკა, რომელშიც ,ჩითავს’ ,ვინმე’ ჯო დი მაჯო. ჯერ ერთი, ამ უკვდავ სიმღერას ,Mrs. Robinson’ პირველად სწორედ ფილმში მოვუსმინე. მერე მეორე, გამოვტყდები და ამერიკული სპორტის სახეობების დიდი მოტრფიალე არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ მიუხედავად ,მოდაში შემოსვლისა’ და ,ხელოვნური პიარისა თუ ძალით დაინტერესებებისა’, იმიტომ კი არა, რომ ცუდია… უბრალოდ, არ მიზიდავს. შესაბამისად წარმოდგენაც არ მქონდა ვინ არის ჯო დი მაჯო(არადა, გასაგები მიზეზების გამო მარტივად ვხვდებოდი, რომ იტალიური სისხლის პატრონ ადამიანზეა საუბარი და ეს ინტერესს აძლიერებდა). სიმღერაში კი ისე ტკბილად გაისმის მისი სახელი და გვარი, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს, უკვე არ შეგიყვარდეს და არ დაინტერესდე დი მაჯოთი.

როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ჯუზეპე პაულო ,ჯო’ დიმაჯო, მეტსახელად “Joltin’ Joe” და “The Yankee Clipper” 1914 წლის 25 ნოემბერს კალიფორნიის შტატში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და მომავალში მის ორ ძმასთან ერთად ძალიან წარმატებული ,ბეისბოლისტი’ გახდა. ნიუ იორკ იანკის ლეგენდა, ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრი… ის შუათანა და ყველაზე წარმატებული მოთამაშე იყო ოჯახში. 3–ჯერ გახდა MVP 13–ჯერ მოხვდა ოლსტარში. მოიხვეჭა სახელი და ტიტულები. გარდა ამისა დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე ძალაშია – 1941 წელს ზედიზედ 56 შეხვედრაში ,დაიკავა ბაზა’ თუ რაღაც ასეთი გააკეთა ))) ფაქტია, რომ დღემდე ამ აჩვენებლით დამაჯერებლად ლიდერობს და ეს მრავლისმეტყველია🙂 ერთი სიტყვით, ,კლასიკა ჟანრა’ – იტალიური გენი ამერიკის გაქანება(სხვათა შორის, სინატრა და ჯო ახლო მეგობრები იყვნენ და ერთხელ ძალიან საინტერესო ინციდენტიც შეემთხვათ, მაგრამ ამაზე მერე)… წარმატებული კარიერა, შენით აღფრთოვანებული მერლინ მონრო, რომელსაც თავიდან ტიპიური უხეში სპორტსმენი გონიხარ და შეხვედრა არ უნდა, მაგრამ მერე… ისე მერლინი ჯოს მეორე ცოლი იყო, და მას მერე ის აღარ დაქორწინებულა. მერლინის სიკვდილის შემდეგ, საჯაროთ მასზე საუბარს მუდმივად ერიდებოდა. მოკლედ, ჯო დიმაჯომ ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, მასზე ბევრი ითქვა, დაიწერა, გადაღებული და ნაჩვენები იქნა… არ ინანებთ თუ გაეცნობით მის ბიოგრაფიას. სიხარულით აღსავსე, სევდანარევი ცხოვრებით იცხოვრა და ,ამერიკული ოცნება’ აიხდინა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მაინც რა შუაშია ეს ჯო დი მაჯო? 1957 წელს ფორესტ ჰილსში დაარსდა ბენდი სახელად ,ტომი და ჯერი’. ჯგუფს ორი წევრი ჰყავდა, იმავე ადგილას დაბადებული არტ გარფანკელი და ნიუარკელი(ნიუ ჯერსის შტატი) პოლ საიმონი. პირველი უფრო მრავალმხრივი და შედარებით დინჯი გახლდათ. მეორე  ქარიზმატული და თავისი საქმის ოსტატი. მოგვიანებით ჯგუფს მარტივად  (გა)დაერქვა –  Simon & Garfunkel – და სწორედ ამ სახელით მოიპოვეს მათ პოპულარობა. მათი ყვეალზე წარმატებული სიმღერები სწორედ “Mrs. Robinson”–ი და უგენიალურესი “The Sound of Silence”–ია. მათი წყალობით ისინი იყვნენ სხვადასხვა ასეულების სათავეში და სხვა მსგავსი სისულელეები. მთავარი დამსახურება კი ის არის, რომ სამუდამოდ დარჩნენ უამრავი ადამიანის გონებაში და ყურში ))) ხოლო ათეული და ასეული ყველას თავისი აქვს.  როგორც ამბობენ, ფილმის რეჟისორი მაიკ ნიკოლსი მაშინ შემჯდარი იყო Simon & Garfunkel–ზე და შესაბამისად თუ როგორი მუსიკალური გაფორმება უნდა ჰქონოდა ,კურსდამთავრებულს’ თავიდანვე გადაწყვეტილი გახლდათ.

და მაინც, რა შუაშია ჯო დიმაჯო? ეს მართლაც ერთ–ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. ფილმს, მისის რობინსონსა თუ რუზველტს, მთლიანად სიმღერას იმხელა ყურადრება არ ექცეოდა რაღაც პერიოდი, როგორც ტექსტის აი ამ, ბოლო მონაკვეთს:

Where have you gone, Joe DiMaggio
A nation turns it’s lonely eyes to you (Woo, woo, woo)
What’s that you say, Mrs. Robinson
Joltin’ Joe has left and gone away
(Hey, hey, hey…hey, hey, hey)

საქმე ის არის, რომ სიმღერის ავტორმა პოლ საიმონმა, უბრალოდ მოინდომა ჯოს ჩართვა ტექსტში და ამის გამო თავიდან დი მაჯო ნაწყენიც კი იყო, რადგან თვლიდა, რომ გარკვეულ დაცინვასა და შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი(ასე ბევრი თვლიდა სხვათა შორის). მით უმეტეს, ყველამ იცოდა, რომ ბეისბოლზე შეყვარებული საიმონის ფავორიტი მოთამაშე  კიდევ ერთი ლეგენდა მიკი მენტლი გახლდათ. მოგვიანებით, ერთ–ერთ ცნობილ იუმორისტულ შოუში თავად მენტლმა ჰკითხა საიმონს თუ რატომ ახსენა მან სიმღერაში დიმაჯო და არა იგი. საიმონის პასუხი მარტივი იყო – რითმში არ ჯდებოდი. შემდგომ კი საიმონმა ისიც აღიარა, რომ დიმაჯოს ხსენება ტექსტში არა მარტო ,გრამატიკულმა მოთხოვნებმა’ , არამედ გარკვეულმა იდეურმა მომენტებმაც გამოიწვია.

დიმაჯო გახლდათ საიმონის მამის და მისი თაობის გმირი. თავად საიმონიც იხსენებს, როგორ შეისვამდა მამა კისერზე და ერთადერთი რასაც პატარა საიმონი ხედავდა, დიმაჯოს ფიგურა და მისით აღფრთოვანებული უამრავი ხალხი იყო. მენტლი კი ცოტა მერე გამოჩნდა, ის ახალგაზრდობის, სხვანაირი აზროვნების, ,გარყვნილების’, პროტესტის, თავისუფლების სიმბოლო გახლდათ. ,მენტლი ელვისივით იყო’ – თქვა თავად საიმონმა.

ფილმისა და სიმღერის გამოჩენიდან ცოტა ხანში საიმონი იტალიურ რესტორანში შევიდა, სადაც ჯო დიმაჯო დაინახა. ,,მასთან მივედი, მივესალმე და ვუთხარი – მისტერ დიმაჯო, მე პოლ საიმონი ვარ, ბიჭი რომელმაც ,მისის რობინსონი’ დაწერა – მან იცოდა, მიცნო და დაჯდომა შემომთავაზა” – იხსენებს საიმონი. წარმომიდგენია, როგორ მკაცრად, იტალო–ამერიკელი განგსტერივით გახედავდა დიმაჯო საიმონს, ცოტა ხანში კი უკითხავს – რას ნიშნავს ეს სიტყვები? სად წახვედი/გაქრი…? – რის მერეც, საიმონმა აუხსნა, რომ ცუდს არაფერს და პირიქით, დიმაჯო როგორც გმირი ისეა მოხსენიებული. ეს საკმარისი გამოდგა და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა დაუგეგმავი შეხვედრით. თუმცა უკვე ათწლეულების მერე, საიმონმა აღიარა, რომ სინამდვილეში ბოლომდე არ იცის როგორ და რატომ დაწერა ეს კუპლეტი – დაწერა და მორჩა, ყველაფერი გენიალური ხომ ასე უბრალოდ ხდება🙂 ,,ჯერ იყო მისის რუზველტი, მერე გახდა მისი რობინსონი… და მოვიდა დიმაჯო”–ამბობს საიმონი.
ზოგადად კი, ამ თემაზე ეს სტატია უნდა გადაიკითხოთ, ღირს: DiMaggio Was Perfect Fit For My Song, Simon Says

პოლ საიმონი და არტ გარფანკელი


დიმაჯო 1999 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო. აქედან ცოტა ხანში საიმონმა ,იანკი სთედიუმზე’ მისი ხსოვნის პატივსაცემად მრავალი გულშემატკივრის თვალწინ შეასრულა ,მისის რობინსონი’. საიმონი და გარფანკელი ძალიან ძალიან დაბერდნენ, მაგრამ დღესაც ახერხებენ ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებას და მათგან სითბოს მიღებას. აი ასეთი ჩუვაკები ყოველთვის ყველაზე კარგი ტიპები არიან. მარტივი, გენიალური, ხმაურიანად წყნარი და ზომიერი ხალხი.

აი ,პროსტა ჩუვაკებზე’ გამახსენდა, სიმღერაში ,თითქოს ,ნიპრიჩომ’ გაჩითულ ტიპებში პირველ ადგილზე ნაღდად ჯო დიმაჯოა, მაგრამ იქვე სიახლოვეს მოვიხსენიებდი ბენი სანტინის. მასშტაბი აშკარად გაცილებით მცირეა, მაგრამ…

მიდლსბროელ კრისტოფერ ენტონ რის, ჩვენ უბრალოდ კრის რიდ ვიცნობთ. ფანტაზიებში თუ გავიჭრებით… ერთი შეხედვით კრისი არის ბავშვობიდანვე ცოტა გათამამებული, ამავდროულად ცოტა დაჩაგრული და დაკომპლექსებული ტიპი. წესით მყრალი მამა უნდა ჰყოლოდა, აი ჯიპიანი და ფულიანი, ლამაზი ცოლი რომ ჰყავს, ცოლს რომ არ უყვარს, მერე ასაკში რო ბოროტდება და ხვდება უსიყვარულოდ ძნელია… რას მომყავდა ეს ქალიო. ცოლი კი ქალური სიცივით ხვდება სიტუაციას, განა არ იცის რომ მიქარა, განა არ ახსოვს ის ნამდვილი სიყვარული და უფოლო ბიჭი, მაგრამ მან უკვე გადაიარა დეპრესია და არასდროს აღიარებს რომ შეცდა – აბა ქოხში ხო არ იცხოვრებდა. უკვე ბოლომდე ცივ არსებად იქცა და საერთოდ აღარ მქომედებს ქმარის პრეტენზიები და ჩხუბები – ტანსაცმელი, მანქანა, საჭმელი… დანარჩენის დედაც ვატირე, პრიჩოსკა, პედიკური, მანიკური და შვილი. ამასობაში, ამ გარემოში იზრდებიან კრისისნაირი ტიპები და უმეტესობა ძალიან დაქლიავებულია. თუმცა ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ჰოდა კრისიც გამონაკლისი გახლავთ. ალბათ ასე იყო, სინამდვილეში რა ვიცი…

მოკლედ, კრისს ჰგონია, რომ მოკლე ,სტილნი’ ტყავის კურტკის ჩაცმით, მაგარ მანქანაში ჩაჯდომით, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და ზოგადად ცუდი გაგებით გამარიაჟებით იწყება და მთავრდება ცხოვრება. დიდი შანსია პირველად გიტარა მარტო იმიტომ აიღო ხელში, რომ მისი საშუალებით რომელიღაც გოგო მოეხიბლა(ოღონდ აქ ცოტა სხვა სიტყვას იტყოდა თავად). მერე მოეწონა, შეყვა და ალბომიც ჩაწერა. სხვათა შორის ცუდი ალბომი არ გამოუვიდა, სწორედ მის პირველ ალბომში არის კრისის ყველაზე ცნობილი და ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი სიმღერა, ტკბილი და ლაითი ,ვეში’ – “Fool (If You Think It’s Over)”.

პირველმა ალბომმა გაამართლა. ბევრი სიმპათიური გოგო დაიკერა და გაიკერა. ჰოდა მანდვე, ჩანასახშივე დამთავრდა კრისის კარიერა. როგორც ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდა ფეხბურთელების კარიერა მთავრდება ხოლმე პირველიმე წარმატების და გოგოების კოცნისა თუ ,მაგარი დისკებიანი მანქანის’ ყიდვის მერე. მენტალიტეტის ამბავია ეს, ნარევმა სამხრეთულმა სისხლმა უყივლა აქაც. კრისიც კმაყოფილი დარჩა მიღწეულით. იქ ალბათ ცოტა რაღაც იმაიმუნა, ცოტა ის, ცოტა ეს და წავიდა ინერციით. ნუ შეიძლება მისგან რაღაც სასწაული არც გამოსულიყო და ალბათ არც იყო საჭირო. იმიტომ რომ ასეთი ერთეულები უნდა იყვნენ, თავისი ნიშა აქვთ და მათ გარეშე მოსაწყენი იქნებოდა. უბრალოდ, თუნდაც მუსიკის ამბავში და ალბათ ისეც კაი ტიპია და მორჩა.

კრისი არ გაჩერებულა, ისეთი ჰიტი ვეღარ დაწერა, მაგრამ აქვს რამდენიმე მშვენიერი და რასაც ჰქვია ლაითი სიმღერა. Road to Hell, Blue Cafe, On The Beach, Driving Home For Christmas… და ასე შემდეგ.

კრის რი

კრისს სიამოვნებით მოუსმენ ცოტა ნასვამზე, აი სულ ოდნავ მოდუნებულზე. მანქანაში ღამე, ტრასაზე რომ მიდიხარ ან აი რო გეზარება, რა გეზარება არ აქვს მნიშვნელობა… უბრალოდ, როცა ცოტა გეზარება, უნდა მოუსმინო კრისს. არ დამავიწყდება, როგორ მესიამოვნო მისი მოსმენა ერთხელ, ალბათ იმ დროს აი არცერთი შემსრულებელი არ გაასწორებდა ისე – მე და ჩემი მეგობარი ვიყავით სადღაც, მერე კიდევ სადღაც წავედით, ცოტა დავლიეთ, მერე ასევე სადღაც ცოტა კარტი ვითამაშეთ და გადავბარგდით აი იმ ადგილას ქალები რო არიან და შენ რო ფული უნდა გადაუხადო. შევედით, ლაითად ნასვამები ვიყავით, ჰაერის მოხვედრა რო გსიამოვნებს და რაღაც კაი ხასიათზე რომ ხარ. ლუდი ავიღეთ და დავსხედით, ერთ–ერთი მთავარი პროცესი იწყებოდა – დაკვირვება – როცა ლუდის წრუპვის ფონზე უნდა შეათვალიერო გოგოები და არჩევანი გააკეთო, ფრიად მნიშვნელოვანი მომენტი და საქმეა. ზოგს არ ესმის, მაგრამ აქვს მთელ ამ პროცესს ხანდახან მუღამი, ხანდახან. ჰოდა ზუსტად ამ დროს ჩაირთო კრისი, ვერ გადმოვცემ რა სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი – როცა ცოტა გეზარება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით კრის რი და მისი მუსიკა რაიმენაირად კნინდება ძალიან ძალიან ცდება🙂

არ არის აუცილებელი ლენონი იყო, სიდ ბარეტი, ჯეფ ბაკლი ან ელვისი. ხშირად საკმარისია უბრალოდ შენსას უბერავდე და იყო ჩუავაკი(ბევრს არ მოეწონები ან მოეწონები, ასე ვერ განსჯი), მაინც ამაზე დგას საბოლოოდ ყველაფერი🙂

ჰოდა იცით რა ჰქვია კრის რის პირველ ალბომს? რა და აი ეს – Whatever Happened to Benny Santini?

ვინ არის ბენი სანტინი წარმოდგენა არ მაქვს (სიმბოლურია და ესეც ,ვიღაც ნარევი იტალიელია’) და არც გაირკვა. ვერ ვიტყვი, რომ თავი მოვიკალი ძებნითა და მცდელობით, მაგრამ მაინც. თან ასე ჯობია, დარჩეს გაურკვევლად, უფრო მუღამი აქვს – რა დაემართა ბენი სანტინის?

პ.ს.

აბა მუსიკის გარეშე ხომ არ დაგემშვიდობებოდით

1). რა თქმა უნდა, ჯერ უტკბილესი მისის რობინსონი… ყოველთვის დიდი სიამოვნებით მექნება ურთიერთობა მადის აღმძვრელ უფროსი ასაკის ქალთან ))))
http://www.youtube.com/watch?v=TnW59E-zyZY

2). ესეც სიმღერა, რომელსაც ზედმეტი კომენტარი მართლა არ სჭირდება🙂
http://www.youtube.com/watch?v=BvsX03LOMhI

3). ესეც ,ის’ სიმღერა ,იმ’ ალბომიდან. რო დაფიქრდე მართლა, ეს ბენი სანტინი რა მაგარი კაცია… ვინ არის ,ვაბშე’? რა შუაშია? საიდან მოვიდა?

და კრისი, სულ ახალგაზრდა ,სვეჟი პიჟონი’. მშვენიერი შესრულება
http://www.youtube.com/watch?v=26iubAguHu0


Written by 1myway1

April 23, 2012 at 6:52 pm

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გადავიკითხე და მაგრად გაასწორა! : ) ახლა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას Wrong-Door Raid–შ ი იმ ორ მაგარ “ჩუვაკთან” ერთად : D

    ikadoriano

    May 4, 2012 at 11:16 pm

  2. ))
    აუ მაინც რა პერიოდი იყო რა…

    ისე სინატრასა და ჯოს მეგობრობაზეც უნდა მეთქვა ორი სიტყვა, მაგრამ ცალკე ჩანახატი ჯობია მაგაზე.
    სინატრა უაზარმაზარი თემაა

    მერლინიც, მაგრამ მე ნაკლებად ვარ მისით აღფრთოვანებული

    1myway1

    May 5, 2012 at 10:27 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: