1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რეალობა

leave a comment »

სანამ შესავლის მერე, უშუალოდ პოსტის კითხვას დაიწყებდეთ, ჩემი დიდი თხოვნა და რჩევა იქნება, ჯერ ნახოთ მატეო გარონეს 2012 წლის მარტში გამოსული  ფილმი „რეალობა“ და შემდეგ წაიკითხოთ დანარჩენი, რადგან ბევრად უფრო მოიტანს😉 თუმცა საკამათოა… თუ გენბავთ, ახლავე მიუშვით – ჯანი გავარდეს. მერწმუნეთ, არ ინანებთ და პოსტი ეხება ზოგადად ცხოვრებას და არა რომელიმე კონკრეტულ თემას, მათ შორის, არც მარტო კინემატოგრაფიას.

ანიელო არენა

ანიელო არენა 2012 წელს კანის კინოფესტივალზე კინაღამ საუკეთესო მსახიობად დასახელდა. რომ არა მადს მიკელსენის არაამქვეყნიური თამაში, ასეც მოხდებოდა, მაგრამ არენამ დასახელების გარეშეც გაიმარჯვა და აღაფრთოვანა როგორც ჟიური ასევე და რაც მთავარია, უბრალო მოკვდავნი – მაყურებლები. ამ ყველაფერში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ამბავი…

არმანდო პუნცო 1959 წლის 17 მარტს ნეაპოლის პროვინციაში, კერძოდ კი ჩერკოლაში მოევლინა ქვეყანას.  როგორც ირკვევა, პუნცო დაიბადა შენობაში, რომლიდანაც სტადიო სან პაოლოს შესასვლელი ჩანდა. ეს კი ბევრს ნიშნავს და ადამიანზეც ახდენს ზეგავლენას. სან პაოლო ადგილობრივი ნაპოლის სტადიონია და თუ რას ნიშნავს ფეხბურთი იტალიაში, თუ გნებავთ კერძოდ ნეაპოლში, შეგიძლიათ მოგვიანებით „ამ პოსტში“ გაიგოთ. იქამდე კი, უბრალოდ გეტყვით, რომ 1987 წელს, როცა ნაპოლიმ პირველად მოიგო სერია ა, დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად, ნეაპოლის სასაფლაოზე გაჩნდა ,გრაფიტი’ – „თქვენ არ იცით რა გამოტოვეთ“. მეორე დღეს კი მაცხოვრებლებმა მავანის მიერ მიხატული ახალი წარწერა შენიშნეს – „თქვენ რა იცით, რომ გამოვტოვეთ?“. ნაპოლი ყველაზე ღარიბების და ამავე დროს ყველაზე მდიდრების, შერეკილების და თავისუფალი ხალხის, გიჟების ქალაქია. მათთვის ყოველდღიური ცხოვრებაა თეატრი და თავგადასავალი, მათ ჰყავდათ ლეგენდარული ტოტო…

არმანდო პუნცო

თეატრით გატაცებულმა პუნცომ 19 წლის ასაკში  მშობლიურ ნეაპოლში ქუჩის პერფორმანსით დაიწყო. 1983 წელს კი ვოლტერაში აღმოჩნდა. ვოლტერა კომუნა და ამავე სახელის პატარა ქალაქია, პიზის პროვინცია ანუ პროვინციის პროვინცია, მაგრამ იქ ამ სიტყვას ცოტა სხვა დატვითვა და ფასი აქვს. თავად პიზა, ტოსკანას რეგიონში შედის, რომლის დედაქალაქიც ფლორენციაა. არანაკლებ აღსანიშნავია პრატო, სიენა და ასე შემდეგ… და რა არის ზოგადად ტოსკანა? ტოსკანა მსოფლიო კულტურისთვის ტონის მიმცემი და დახვეწილი ადგილია, იტალიური ხელოვნების ვულკანი. იქაურები მედიჩებით, ეტრუსკების ჩთამომავლობით ამაყობენ და სხვანაირი, დახვეწილი იერიც აქვთ და საფუძველიც … ვოლტერას, ტოსკანის აურით გაბრუებული პუნცო საბოლოოდ მოიწამლა დრამატურგიით და დაახლოებით 25 წლის წინ ხელი ერთი შეხედვით ავანტიურისტულ, გამომწვევ და საინტერესო პროექტს მოჰკიდა – მან დაარსა „კომპანია დელა ფორტეცა“ და გადაწყვიტა პატიმრების მონაწილეობით დაედგა კლასიკური თუ ექსპერიმენტული/ინტერპრეტირებული სპექტაკლები. გახსნა ოფისი, რომელშიც მარადონას დიდი პოსტერი გამოაკრა და შეუდგა საქმეს.

სხვათა შორის, „ფორტეცა“ ციხესიმაგრეს ნიშნავს. ხოლო არმანდოს ექსპერიმენტების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია უილიამ შექსპირის „რომეოსა და ჯულიეტას“ სახეცვლილი ვარიანტი – „მერკუციოს სიკვდილი არ სურს“. ამ ყველაფერში, პუნცოს მისი ასევე ნეაპოლელი მეუღლე – ჩინცია დე ფელიჩე – ძალიან ეხმარებოდა და მუხტს აძლევდა.  ვოლტერას ციხეში პატიმრების მსახიობებად ქცევა იყო ერთ-ერთი პირველი მსგავსი სტილის „ნოვაცია“. იქამდე ამით გამოირჩა რებიბიას საპყრობილის პროექტი 1982 წელს და ბრეშას ციხე 1984 წელს. საწყისი ბარიერების მიუხედავად, ენთუზიასტი პუნცო თავისას არ ეშვებოდა და მან ეს ძალიან რთული პროექტი ფეხზე დააყენა. ასეთმა რამემ ალბათ მარტო იტალიაში შეიძლება გაამართლოს, რადგან ეს უკიდურესობების, გრძნობების და ხელოვნების ქვეყანაა.

მატეო გარონე

დროა სცენაზე კიდევ ერთი ადამიანი გამოვიდეს – მატეო გარონე – 1968 წელს რომში, თეატრის „მოყვარულისა და კრიტიკოსის“ ნიკო გარონეს ოჯახში დაიბადა და მომავალში, დიდი რომ გაიზარდა, კინორეჟისორი გახდა. 2006 წელს 27 წლის ნეაპოლელი ჟურნალისტისა და მწერლის რობერტო სავიანოს წიგნი „გომორა“ დაიბეჭდა. გომორა, ნეაპოლეტანური მაფიის ყოფაცხოვრებაზე საკმაოდ საინტერესოდ მოგვითხრობს და ეს წიგნი ბესტსელერად იქცა. ნეაპოლიტანურ მაფიას „კამორა“ ჰქვია, ყველაზე ძველი ფესვები აქვს და ბევრის აზრით ყველაზე ორგანიზებული და საშიში სინდიკატია. აქაც ვერ ავცდებით მარადონას – დამტკიცება ძნელია, მაგრამ მიჩნეული ასეა, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს, თავისი არგენტინით პენალტების სერიაში სიმპათიური იტალიის გამოგდება ვერ აპატიეს 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, თანაც სად? ზუსტად ნეაპოლში, სან პაოლოზე… ჰოდა, ამბობენ დიეგოს შემდგომ პრობლემებში ლომის წვლილი სწორედ მაფიას მიუძღვისო(თუმცა ყოველთვის არ აკონკრეტებენ, რომ უშუალოდ კამორას, თორემ მაფია ზოგადი და ფართო ცნებაა). ასეა თუ ისე, მარადონა ნეაპოლში დღესაც ღმერთია და მასაც სიგიჟემდე უყვარს იქაურობა. პარადოქსების ქალაქია, ხომ გეუბნებით.

კამორა და ზოგადად მაფია, შეიძლება ბევრისთვის არასასიამოვნო, მაგრამ თავის მხრივ საინტერესო თემაა. თუმცა ამაზე საუბარი ახლა გზას აგვაცილებს და ჩვენც ნუ გადავუხვევთ. მატეო გარონეს დავუბრუნდეთ, რომელმაც გადაწყვიტა „გომორა“ ფილმად გადაეღო. ფილმმა გაამართლა, რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, იყო წარდგენილი ოსკარზეც, ხოლო ახალგაზრდა გარონემ სახელი მოიხვეჭა. მატეო თვალს ადევნებდა არმანდო პუნცოს მუშაობას ვოლტერაში და გაიგო, რომ გამოჩნდა საინტერესო „კადრი“, ვინმე – ანიელო არენა. გარონეს მისი „გომორაში“ გადაღება სურდა, მაგრამ „სამართალდამცავებმა“ გადაწყვიტეს, რომ ანიელო არენას ცხოვრება და „საქმიანობა“ ზედმეტად ახლოს იყო ფილმის სიუჟეტთან, რის გამოც მასში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

და მაინც ვინ არის ანიელო არენა? ადამიანი, რომლის თამაშმაც აღაფრთოვანა 65-ე კანის კინოსფესტივალის „თავმჯდომარე“, მშვენიერი იტალიელი კინორეჟისორი ნანი მორეტი, ტიმ როტი, ჟიურის სხვა წევრები, კრიტიკოსები… მართლაც რომ ვინმე ანიელო არენას სახელი და გვარი ფიგურირებდა ისეთი „კინომაფიოზების“ გვერდით, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო, ჟან ლუი ტრენტინიანი, ბრედ პიტი… ყველა სტილისა და გემოვნების ტიპები.

1991 წლის იანვარში, ნეაპოლში, ბარას მხარეში იყო ბარი სახელად „კროჩელე“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ატეხილ სროლას შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო სამი დაიჭრა, მათ შორის 9 წლის ბავშვი. მოკლულები მაფიის წევრები იყვნენ, მკვლელი კი რომელმაც ორი პისტოლეტიდან და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ისროლა ანიელო არენა გახლდათ. იგი დააკავეს და შემდგომ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს გასაჩივრებისა და ნაადრევად გამოშვების უფლების გარეშე.

მკვლელობების ადგილი

არენა ნემოლატოს ოჯახის წევრი იყო, და ამ კლანმა რამდენჯერმე გააფრთხილა ლიბერტის ოჯახი, რომ „მათ ტერიოტრიაზე“ „საქმიანობა“ და ნარკოტიკების გავცელების უფლება მხოლოდ მათ ჰქონდათ. თუმცა ლიბერტის კლანმა ეს გაფრთხილება არ შეისმინა და… არენას, როგორც ჩვეულებრივ „სოლდატოს“, თანაც ბარას მხარეში დაბადებულ-გაზრდილს, ლიბერტის კლანის წარმომადგენლებთან გასწორება დაევალა. მანაც სისხლიანი საქმე, ბოლომდე სუფთად ვერ შეასრულა, ბარიდან გამოსული ორი „მობსტერი“ ვია მასტელონიზე ანუ მასტელონის ქუჩაზე კი განგმირა, მაგრამ როგორც გითხარით, კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა, ხოლო თავად ანიელო ჩავარდა.

წლების მერე, როგორც თავად არენამ თქვა – ნეაპოლში თუ მით უმეტეს განსაკუთრებულად კრიმინალურ მხარეში იბადები, დიდი არჩევანი არ გაქვს და ძნელია ცდუნებას გაუძლო. ამიტომ, ახალგაზრდები ლამის „იძულებულნი“ არიან ხოლმე რომ ასეთი კრიმინალური გზა აირჩიონ. ანიელოს მამა „ბლინჩიკებს“ აცხობდა და ყიდდა, ძალიან გემრიელს და კარგს, ამ ადამიანს ბევრი სცემდა პატივს და უყვარდათ, მაგრამ ოჯახს ძალიან უჭირდა…

ანიელო არენას ID ბარათის სურათი დაპატიმრებისას

მოკლედ, ასე დაიწყო ანიელო არენას მოგზაურობა, ციხიდან-ციხეში. 1999 წელს კი იგი ვოლტერაში გადაიყვანეს, მან შეიტყო „ფორტეცას“ შესახებ და ცხადია, თავიდან ამ ამბავს ალმაცერად უყურებდა, მაგრამ უკვე ცოტა დაღვინებულ ადამიანს, რომელსაც წლები ჰქონდა ბევრი რამის გადასახარშად და ისიც კარგად იცოდა, რომ მთელი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევდა, შეპარული ჰქონდა რაღაცით თავის გართობის, გამოჩენის, ახლის გამოცდის, ემოციის გადმოცემის, გაზიარების სურვილი.

დიდი ხნის მეგობრებმა, მატეო გარონემ და არმანდო პუნცომ თავისი მაინც გაიტანეს და საბოლოოდ, ანიელო არენას უფლება მისცეს ეთამაშა გარონეს ახალ ფილმში „რეალობა“. მატეომ პუნცოს სპექტაკლებში გამობრძმედილი და მართლაც ნიჭიერ მსახიობად ჩამოყალიბებული არენა მთავარ როლზე დაამტკიცა. იგი ფილმის გადაღებებზე დაცვის თანხლებით საღამომდე, ექვს საათამდე მიდიოდა ხოლმე და შემდეგ, ისევ ციხეში ბრუნდებოდა.

„რეალობას“ თავიდან ბევრი არარეალურად უყურებდა და კრიტიკოსთა შორისაც შეინიშნებოდა ირონია. თუმცა საბოლოოდ, ფილმი დიდებული გამოვიდა და მიიღო კანის კინოფესტივალის გრანპრი, რაც ოქროს პალმის რტოს შემდეგ, ყველაზე პრესტიჟული აღიარებაა და ბევრს ნიშნავს. ოქროს პალმის რტო მიხაელ ჰანეკეს მორიგმა მასთერფისმა „ამურმა“ მიიღო. თუმცა ფილმზე მეტად, ანიელო არენას თამაშზე საუბრობდნენ, რომელსაც ჯილდო თომას ვინტერბერგის არაამქვეყნიურ ფილმში „ნადირობა“(რომელზეც აუცილებლად ცალკე პოსტში ვიტყვი ორ სიტყვას), კიდევ უდრო არაადამიანური შესრულებით მადს მიკელსენმა „წაართვა“, მაგრამ პუნცოს თქმის არ იყოს – ანიელო უკვე გამარჯვებულია.

რაფაელე ფერანტეს საოცარი პერსონაჟი – ენცო

ქება მატეო გარონესაც ეკუთვნის. რომელიც, პუნცოსი არ იყოს, შეიძლება „არაკლასიკური“ რეჟისორია, მაგრამ ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული სტილი, იდეები, მიზნები, მიდგომები… ეს კი ძალიან კარგია. გომორა მშვენიერი ფილმია, შეიძლება უფრო „სერიოზულიც“, მაგრამ ცოტა სპეციფიური და „მძიმე სანახავი“. „რეალობა“ კი „წყალივით მიდის“ და რომ არ გცოდნოდა, კაცი ვერაფრით იტყოდი – ერთი და იგივე რეჟისორის ფილმებიაო. თანაც გარონე კვლავაც საკმად საჭირბოროტო საკითხებს ეხება… იგი ცდილობს წარმოაჩინოს როგორც უშუალოდ იტალიელების სახე, მათი პლუსები თუ ნაკლოვანებები, ასევე ზოგადად, თანამედროვე რეალობის პრობლემები. არის პარალელები, სიმბოლური დატვირთვები, შარჟი… ფილმი იწყება შესანიშნავი „ტორტის ნაჭრით“ და თან სცენაზე თავიდანვე შემოდის უგენიალურესი პერსონაჟი – ენცო – რომელიც ცნობილი რეალითი შოუს „დიდი ძმის“ იტალიური ვარიანტის „სახლის“ გამარჯვებულია და ამ ერთ უმაქნის ტიპს, ლამის ქვეყნის ნომერ პირველ ადამიანად აქცევენ. ენცო თავისი მკვლელი ფრაზით – neva give up!(never give up!) – და ჟესტიკულაციით კიდევ არაერთხელ გაგვამხიარულებს თუ გაგვაბრაზებს. შემდეგი სადღაც 15-20 წუთი ისეთია, რომ ვერც კი წარმოიდგენ ადამიანი საიდან სად აღმოჩნდები და თითქოს ჩვეულებრივი მსუბუქი კომედია, გადაიზრდება ადამიანურ ტრაგედიაში. ლუჩანო(ანუ  ანიელო არენას გმირი), შემთხვევით იღებს მონაწილეობას „სახლი 2“-ის კასტინგში და ხდება შეპყრობილი იმ იდეით, რომ მოხვდება რეალითი შოუში, თანაც მოიგებს მას და ყველა პრობლემას მოაგვარებს. დანახული და წარმოჩენილია უამრავი ადამიანური დეტალი – ქორწილის შარჟი, მარიაჟობა, ანგარება, ეჭვი, შური, მეგობრობა, სიკეთე, ბოროტება, ზედაპირულობა, ინდეფერენტულობა, სიყვარული, სიძულვილი, სიცრუე… ერთი სიტყვით, შესანიშნავი რამაა და ამ ყველაფრის ფონზე – ალექსანდრ დესპლატის ბრწყინვალე მუსიკა(ორივე ვერსიას მოუსმინეთ). სიამოვნება გარდაუვალია, როგორც ჩინებული დასაწყისით, ასევე შუა ნაწილით, კადრებით, დიალოგებით, მუსიკით და მკვლელი დასასრულითა და ბოლო კადრით. ერთადერთი რაც ოდნავ არარეალისტურად მომეჩვენა და ჩემი აზრით, ცოტა გადამლაშებული იყო, ეს არის „მათხოვრების მონაკვეთი“ და მათთვის საჩუქრების კეთება, ზედმეტად არის წარმოჩენილი. საოცარი მომენტია – ბებერი ქალები რომ „ცეცხლზე ნავთს“ დაასხამენ, ნერვები მოეშალა ძალიან და კიდევ უარმავი მაგარი ეპიზოდია, სიამოვნებისგან ვდრტვინავდი ))) ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი, ყოველ შემთხვევაში ჩვენი საყვარელი IMDB-ის შეფასებისმიხედვით.  გარონეს კი ყოჩაღ, უკვე მოუთმენლად ველი მის მომავალ ფილმს. საბედნიეროდ, იტალიელებს კიდევ ერთი კარგი ასე თუ ისე ახალგაზრდა რეჟისორი გამოუჩნდათ.

ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი ფილმში და ძალიან მაგარი პერსონაჟი - მიკელე

ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი ფილმში და ძალიან მაგარი პერსონაჟი – მიკელე

აქვე, აუცილებლად გირჩევთ ძმები ტავიანების ფილმს „კეისარი უნდა მოკვდეს“, რომელიც სწორედ პატიმრების მიერ დადგმულ სპექტაკლზეა და მშვენიერი ფილიმია. ნაჩვენებია რებიბიას ციხის წარსულში მაფიის წევრი ტუსაღების ცხოვრება და თამაში. მოკლედ, ნელნელა ეს „მიმდინარეობა“ პოპულარობას იხვეჭს, რაც პუნცოს ძალიან ახარებს და პირიქით – აბრზაზებს ის, რომ ბევრი ღიზიანდება პატიმრების სპექტაკლებითა და მსახიობობით, აბა რაღა სასჯელი და ციხე გამოსდითო.

ანიელო არენა: „მოხდა ის რაც მოხდა და ძნელია იმ გარემოში ცდუნებას გაუძლო, მაგრამ ვურჩევ ახალგაზრდებს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთონ ის რაც მე ჩავიდინე და სხვა გზით წავიდნენ. უამრავი ციხე გამოვიარე, მათ შორის ძალიან მძიმე პირობებშიც ვყოფილვარ. 1999 წელს კი ვოლტერაში აღმოვჩნდი და შევიტყვე „ფორტეცას“ შესახებ. თავიდან შორს მეჭირა თავი ამ ამბისგან, რადგან ვთვლიდი, რომ ეს ჩემთვის არ იყო. მთელი ნეაპოლი თეატრია და ყველა მსახიობია, ჩვენ ასე ვიქცევით, ვსაუბრობთ, ვმოძრაობთ… მაგრამ ვთვლიდი, რომ ჩემი სამყარო სხვაა, ხოლო ნამდვილი თეატრი კი სხვა ხალხისთვისაა. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით ტოტო და ვამაყობთ მისით“.

„უკვე 25 წელია ვოლტერას ციხეში ამით ვარ დაკავებული და ძალიან მომწონს. მსახიობებთან მუშაობას, პატიმრებთან მუშაობა მირჩევნია, რადგან აქ ჭეშმარიტ და სახასიათო ტიპაჟებს აწყდები და არა ადამიანებს, რომლებიც ნიღბებს იკეთებენ და მართლაც თამაშობენ“ – აღნიშნავს არმანდო პუნცო.

„მათი ერთ-ერთი ნამუშევარი ვნახე. გაოგენბული ვიყავი. გავიფიქრე, ეს რა ჯანდაბაამეთქი. სპექტაკლის ყველა მონაწილე პატიმარი იყო, მაგრამ ამის ნახვის მერეც ვთვლიდი, რომ ეს ჩემნაირი იდიოტისთვის არ გახლდათ. ვის უნდა მკვლელისა და კრიმინალის სცენაზე ნახვა? ვეკითხებოდი საკუთარ თავს. დიდი დრო დამჭირდა ამ ყველაფრის გადასახარშად და ბოლოს გავიფიქრე – თუ არა ეს, აბა სხვა რა უნდა გავაკეთო აქ? ჩემს პირველ სპექტაკში მონოლოგი უნდა მეთქვა და ძალიან ავნერვიულდი. მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ მე, ერთი ჩეულებრივი იმბეცილი, სცენაზე უნდა გამოვსულიყავი და ეს გამეკეთებინა. არმანდო პუნცომ ცალკე გამიყვანა და საჭირო რჩევები მომცა. საერთოდ, არმანდო ძალიან მეხმარებოდა და მისი წყალობით ჩამოვყალიბდი მსახიობად. შემდეგ, კი მატეოსთან მუშაობა იყო დიდი სიამოვნება. პირველივე სპექტაკლის მერე, თავი თავისუფლად ვიგრძენი. მივხვდი, რომ ეს მჭირდებოდა და მივხვდი იმასაც, რომ მე ულვე აბსოლუტურად სხვა ადამიანი – ახალი პიროვნება ვიყავი“ – იხსენებს სრულიად განსხვავებული და მომაკვდინებელი ნეაპოლეტანური აქცენტითა და ალაგ-ალაგ უხამსი სიტყვების გამოყენებით 44 წლის ანიელო არენა.

„ანიელომ თავად დაამუშავა და გახსნა საკუთარი პერსონაჟი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეიტანა მასში. გაოცებული ვუყურებდი ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, საუბარია ადამიანზე, რომელიც 20 წელიწადზე მეტია ციხეში იმყოფება“ – ამბობს მატეო გარონე.

„ეს „დიდი ძმა“ ილუზიაა – აგრძელებს არენა – ლუჩანოს პერსონაჟი, არის ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში ყველაფერი აქვს, რაც კაცს სჭირდება – სამსახური, ცოლი და ოჯახი, მეგობრები, ადამიანების სიყვარული. თუმცა ის ამ ყველაფერს წყალში გადაყრის და რისი გულისთვის? იმისთვის, რომ მოხვდეს ტელევიზორში და საკუთარი თავისგან იდიოტი და კლოუნი გამოიყვანოს. ეს ცრუ იდეალი, მიზანი და ოცნებაა. ვიცი რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ ნაგავში მონაწილეობა მიიღო, ხოლო შემდეგ როცა შოუ მთავრდებოდა, ისინი სერიოზულ დეპრესიაში ვარდებოდნენ, გიჟდებოდნენ და ისეთი კრიზისი ეწყებოდათ, როგორიც მე ფილმში. ადამიანებს ყველაფერი ერთბაშად უნდათ და ჰგონიათ, რომ ეს შესაძლებელია, სინამდვილეში კი ასე არ არის. ბედის ირონიით, საქმე ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც 24 საათი აკვირდებიან და ამის მერე კიდევ მე ვარ პატიმარი? მე ბევრად უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ამ შოუს მონაწილეები, რომელბიც ნებაყოფლობით იტყვევებენ თავს“.

„ეს ერთგვარი მესიჯია. ზუსტად ასეთია დღეს ცხოვრება – რუტინული და ერთფეროვანი. გაფრთხილებენ, რომ ეს შენი ცხოვრებაა და მიყევის მას. ხოლო თუ კი რამის შეცვლას დააპირებ, ჩვენ ყველა შენს ნაბიჯსა და მისწრაფებებს გავაკონტროლებთ“ – დაამატა პუნცომ.

ანიელო არენასთან სასაუბროდ, არმდენიმე ჟურნალისტი იყო ჩასული. მათ შორის ერთ-ერთი ჰოლანდიიდან, რომელიც მკვლელთან ერთად იტალიურად პატარა და კოხტა კაფეში ლუდს მიირთმევდა. ფილოსოფიაში გადავარდნილმა ანიელომ ჟურნალისტს განუცხადა განადგურება ძალიან ადვილია, ამას კარგად ვიაზრებ, შექმნაა რთულიო – მერე კი დაამატა, რომ მალე ციხეში უნდა „დაჩექინებულიყო“, იქამდე კი, კიდევ ერთი ბოთლი ლუდის მოსატანად წავიდა. დაბრუნებულს, ჟურნალისტმა ჰკითხა – უბრალოდ, რატომ არ გაიპარებით? ხომ შეგიძლიათ ახლა გაქცევა? ანიელომ უპასუხა: „ეს რატომ უნდა გავაკეთო? კი, ალბათ შეგვიძლია ხვალ ამ დროისთვის ჰოლანდიაში ვიყოთ, მაგრამ აჯობებს ციხეში დავბრუნდე. მე პატიმარი აღარ ვარ. მარტო იმიტომ, რომ დასაძინებლად ციხეში მივდივარ, ტუსაღად თავს არ ვთვლი. ის რაც თავში გაქვს ერთგვარი რეალობაა – თავისულფება – აი რა არის ჩემს თავში და ეს მთავარია. მე თავისუფალი ვარ“. მოსაუბრეებს კიდევ ცოტა დრო რჩებოდათ, თითო ლუდიც შეუკვეთეს, როგორც ჰოლანდიელი გვამცნობს და გააგრძელეს საუბარი ნაპოლის თამაშებზე, მარადონას გოლებზე, ფეხბურთზე…

პ.ს.
საინტერესოა რა მოხდებოდა ანიელო არენას მამამისივით „ბლინების ცხობა“ რომ დაეწყო ან რამე სხვა საქმე აერჩია. ანდაც შესულიყო მაფიაში, მაგრამ იმ საქმეზე სხვა გაეშვათ… ეს ჩვენ არ ვიცით. სამაგიეროდ, ვიცით, რომ დღეს ანიელო არენას ალ პაჩინოს ადარებენ და მან კანის კინოფესტივალზე ჯილდო ჯერჯერობით ვერ აიღო,  მაგრამ მაინც ფურორი მოახდინა. ვინ იცის, ერთ დღესაც… მატეო გარონე ავიდეს სცენაზე, მას არენასთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს და გარონემ ის საპყრობილეში წაიღოს ანიელოსთვის, ეს უკვე მთავარი აღარ არის, მთავარი მოხდა. ასეთი რამ კი, მართლაც მარტო იტალიაში შეიძლება მოხდეს, რადგან ეს გრძნობების ქვეყანაა, მარტო იქ არის ტოსკანა, სიცილია, ნეაპოლი… ეს რეალობაა.

neva give up! მეგობრებო, neva give up!

Written by 1myway1

March 25, 2013 at 3:26 pm

Posted in Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: