1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for მაისი 2012

ნაპოლი

with one comment

ამ ჩანახატის გაკეთება გადამაწყვეტინა საოცარმა ვიდეომ/სიუჟეტმა, რომელსაც ბოლოს შემოგთავაზებთ. აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ძალიან გიყვარდეს ან მაგრად ერკვეოდე ფეხბურთში, რომ ამ ვიდეოს ნახვისას სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაგიაროს, წამოდგომა და უბრალოდ რაღაცის გაკეთება ან გაფუჭება მოგინდეს.

არ არის აუცილებელი ფარული სიმპათიები გქონდეს მაფიისადმი და ,ქუჩური ცხოვრების’ მომაკვდინებელი რომანტიზმით იყო სნეული. მეტიც, პირიქით, თუ მაფია არ გიყვარს, კიდევ უფრო გაგეღიმება და სიამოვნებას მიიღებ. თუმცა გირჩევთ სულ ოდნავ მაინც ინტერესდებოდეთ და გქონდეთ მინიმალური, უწყინარი სიმპათია მაფიისადმი, თორემ აი იმ ხორკლებს და ჟრუანტელს ვერ იგრძნობთ ვიდეოს ნახვისას. არადა, ყველაზე სასიამოვნო სწორედ ერთობლიობაა, ჭრუანტელიც, დაბურძგვლაც და უბრალო ღიმილიც, რომელიც მთელი 5 წუთისა და 42 წამის მანძილზე გელით.

სამხრეთი იტალიაში ცალკე თემაა. სამხრეთში ხალხი სამართლისთვის იბრძვის, მათ თავისი სიმართლე აქვთ. იქ ხალხი შიმშილით იხოცება, იქ კვირების მანძილზე არ გააქვთ ნაგავი. იქ გასაჭირი და სიღარიბეა. იქ ხშირად ახალგაზრდები იძულებულნი არიან კრიმინალებად ჩამოყალიბდნენ, რათა საჭმელი ჰქონდეთ და ოჯახი უზრუნველყონ. იქ არ უყვართ რომი, მილანი, ტურინი… ის ცალკე სამყაროა. სამაგიეროდ, ამის პარალელურად, ამ ხალხს აქვს მთავარი – არნახული სითბო და თავისებური, მაგრამ არანორმალური სიყვარული და გრძნობა!

ამ ხალხის ერთ–ერთი მთავარი გასართობი და საზრდო ფეხბურთია. თუ მათი საყვარელი გუნდი იგებს, საკმაო ხნით ყველა პრობლემას ივიწყებენ, აღარც ბოროტდებიან და დადებითი ემოციით იკვებებიან. იქ სიგიჟემდე უყვართ ფეხბურთი და ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ვამბობთ სიგიჟეს და სინამდვილეში არ ვგულისხმობთ ამას.

ყველაფერს ნათლად აღიქვამთ თუ ნახავთ დინო რიზის უგენიალურეს ფილმს ,ოპერაცია წმინდა იანუარი'(http://www.imdb.com/title/tt0062080/) ნინო მანფრედისა და ტოტოს მონაწილეობით. ფეხბურთთან დაკავშირებით ყველაზე საუცხოო სცენა არის, როცა ეს უაღრესად მორწმუნე ხალხი აპირებს ,ეკლესიის საგანძურის’ გაძარცვას და მანფრედი მუხლებზე დაჩოქილი ევედრება წმინდა ჯენაროს(მათ მფარველს), რომ დაეხმაროს ჯენარო თავისივე ძვირფასეულობის მოპარვაში და სანაცვლოდ ის საფეხბურთო კლუბ ნაპოლისთვის იყიდის ეუსებიოს! მაშინ ეუსებიო ყველაზე ,მყვირალა’ ვარსკვლავი იყო. აი ასე უყვართ იქ ფეხბურთი, მანფრედი თვლის, რომ დანაშაულს სრულებით გამოისყიდის, თუ ნაპოლიში ეუსებიოს ჩამოიყვანს და სან ჯენაროც არ გაბრაზდება ))))

იქ ქურდობაც სხვანაირია, ოცნებაც, მიზანიც, სიყვარულიც, სიძულვილიც, მეგობრობაც და მტრობაც. როცა ნაპოლის უყურებ, ხედებს ათვალიერებ, ხოლო თუ ნამყოფი ხარ მით უმეტეს მიხვდები, რომ იქ დაბადებისა და ცხოვრების შემთხვევაში შეუძლებელია შენც ასეთი არ იყო. ეს ჭეშმარიტებაა. იქ ასე ესმით.

როცა კლუბ ნაპოლის სერიოზული პრობლემები შეექმნა გუნდი იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან სერია ა–დან გავარდა, საერთოდ სერია ც–მდე დაქვეითდა და მიუხედავად ამისა სტადიონზე დასწრება მატჩზე საშუალოდ 50 ათასზე მეტი იყო. ეს მაშინ როცა სერია ა–ს რამდენიმე მატჩზე ერთად ვერ შეკრებდი ამდენ სტადიონზე მისულ გულშემატკივარს(ეს კიდევ ცალკე თემა და პრობლემაა, თორემ მაყურებელი ფეხბურთს იტალიაში არცერთ ადგილას არ აკლია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ).

ამ დროს გუნდში მივიდა ცოტა ამპარტავანი, ცოტა კეთილი, ცოტა ბოროტი, ცოტა უცნაური და თავისებური, მაგრამ ნამდვილი ნეაპოლიტანელი აურელიო დე ლაურენტისი. დე ლაურენტისების ცნობილი კინოოჯახის წევრი და თავადაც პროდიუსერი. მან ვერ აიტანა გუნდის ასეთ მდგომარეობასი ყოფნა და მასში გერკვეული ინვესტიციები ჩადო. ამან გაამართლა, ნაპოლიმ მალე დაიწყო წინსვლა.

გუნდში მწვრთნელად მუშაობდა ედუარდო რეია, მის ხელში დაიწყო კლუბმა სერიოზულად ფეხზე დადგომა. ედი რეიას ჰყავს სლოვენიელი მამა და ფრიულელი(იტალიელი) დედა. იტალია და თან ნაპოლი წარმოუდგენელია ნარევის სისხლის ხალხის გარეშე, სისხლით იტალიელი სამრხეთამერიკელებით და ასე შემდეგ.

გუნდში გამოჩნდა ახალგაზრდა ტალანტი სლოვაკი მარეკ ჰამშიკი. ცივსისხლიანი, ამბიციური, მაგრამ გულის სიღრმეში არც ისე მტკიცე ხასიათის მქონე პატარა ბიჭი. რომელმაც თავისით აიწყო იმ საგიჟეთში კარიერა. ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მოვიდა დღე, როცა ჰამშიკზე ნადირობა დაიწყო და მასაც წამით გაუელვა წასვლაზე აზრმა, მაგრამ როგორც ამბობენ, კამორამ(ნეაპოლიტანური მაფია) უმალვე შეუთვალა – თუ ჯანმრელად ყოფნა გინდა, დაივიწყეო.

მოგვიანებით გუნდში მოვიდა ესეკიელ ლავესი. არნახული ენერგიის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც ტექნიკაც არ აკლია და გუნდის მამოძრავებელი ძალაა. ნელნელა მან გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული მოიპოვა. ჰამშიკი დიდი ფიგურაა, მაგრამ ის ვერასდროს ეყვარებათ ისე, როგორც მარადონა ან როგორც შეუყვარდათ ლავესი. აქ ტალანტზე და სხვადასხვა წამონაზარდის დატოლებაზე არ არის საუბარი – უბრალოდ ჰამშიკი იქაურებისთვის ზედმეტად ცივია. ეს არც მარეკის ბრალია და არც იმათი.
ან სხვანაირადაც შეგვიძლია ვთქვათ – ის ისეთნაირად თბილი და ემოციური არ არის, როგორც იქ იციან, როგორც იქ უნდათ და უყვართ, თორემ სინამდვილეში ჰამშიკიც შეშლილია.

ცოტა ხანში, გუნდში მოვიდა ედინსონ კავანი. უზომოდ მორწმუნე ფეხბურთელი, რომელიც თითქმის ყველა გოლის მერე ზეცისკენ აღმართავს ხოლმე თითებს. წესიერი, მშრომელი მეგოლე. მას შეუძლია საოცარი გოლების გატანა. ძალიან საჭირო დროს, შორეული ძლიერი გასროლით ან ლამაზი მოჭრილი დარტყმით მეტოქის დაცხრილვა. სამაგიეროდ შეუძლია, პენალტი გააცუდოს, პირისპირ ვერ გაიტანოს, ცარიელ კარს ააცილოს, მაგრამ იქ კარგის დანახვა და პატიება იციან. ამიტომ, კავანი გუნდში არანაკლებად უყვართ, მეტიც…

სანამ ამ თემას გავაგრძელებდეთ, ვთქვათ, რომ მთავარ მწვრთნელად მოვიდა ვალტერ მაცარი. სპეციალისტი, რომელმაც –15 ქულიანი რეჯინა სერია ა–ში დატოვა. ვინც იცით ხვდებით ეს რას ნიშნავს, ვინც არ იცით ძნელია ახსნა – აი დაახლოებით ასეთი რამეა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე…

მაცარი პატივმოყვარე, საკუთარ თავზე წარმოდგენის მქონე, წუწუნის მოყვარული, ჭირვეული ადამიანია. თუმცა რატომაც არა? სადაც კი იყო, ყველა გუნდს თავისი ხელი დაატყო. ნაპოლისგან კი საოცარი გუნდი შექმნა, რომელიც ლამაზ, სწრაფ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. კონტრშეტევებზე ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და იყენებს ტაქტიკას 3–5–2 რაც თანამედროვე ფეხბურთში უაღრესად რთული გასაკეთებელი გახლდათ, ახლა კი პირიქით, მოდაში შემოდის, ბრუნდება.

ჰო, სად ვიყავით? მეტიც… იყო დრო, ყველა საუბრობდა, რომ ნაპოლის მთავარი დამრტყმელი ძალა და ლიდერი კავანია. ხალხს ამის საფუძველიც მიეცა, რადგან კავანიმ საუცხოო თამაში აჩვენა, უამრავი გოლი გაიტანა, თან ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი. სიმბოლური იყო ცვლილებაც – ადრე ლავესის ეცვა 7 ნომერი და გრძელი თმებით თამაშობდა. მერე ლავესი 22 ნომერი გახდა და თმებიც შეჭრა. კავანიმ კი თავისი ქარიზმით, 7–ნომრიანი მაისურით, გრძელი შავი თმებით, ფეხბურთის ღმერთისკენ შეგონებებითა და გოლებით, ხალხის გული მოიგო. თუმცა… ცოტა ხანში პოჩომ(ასე ეძახიან ლავესის) ისევ მოუმატა ან არც მოუკლია, უბრალოდ კავანის ეიფორიამ გადაიარა და… უმეტესობა მიხვდა, რომ ეს გუნდია, ერთი პატარა დეტალიც კი(ანდრეა დოსენასნაირი) ამ გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ძალა და პირდაპირ თუ ვიტყვით გუნდის ძრავი, ,ტურბო’ სწორედ ლავესია და მეტი არავინ. ეს ნათლად გამოიკვეთა მატჩებშიც როცა ლავესი აკლდა ნაპოლის, გუნდს გაუჭირდა. აი იმ შემთხვევებში კი როცა არ იყო კავანი, ასე თუ ისე ითამაშა. იმ მონაკვეთში გულშემატკივართა გულებში ყველაზე დიდი ადგილი პოჩომ დაიკავა და ეს უკვე სამუდამოდ ასე იქნება.

არგენტინელი ლავესისა და ურუგვაელი კავანის წინა ფრონტზე გადმოსვლით, ოდნავ დაიჩაგრა ჰამშიკი. დაახლოებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, გიტარისტი რომ ალბომის ყდის წინა პლანზეა, ხოლო სოლისტი უკან და რომ ბრაზდება, არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. ჰამშიკს ბევრი არაფერი უთქვამს, უბრალოდ იროკეზი დაიყენა. ჩანაფიქრმა ბოლომდე არ გაამართლა. ჰამშიკს პოზიცია შეუცვალეს, ამიტომ შედარებით ნაკლებად ჩანს. კი ოდნავ მოუკლო, მაგრამ ხანდახან ზედმეტად აკრიტიკებენ, ის კვლავაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ლავესისთან მიმართებაში კი ყველაფერი სამართლიანად მოხდა. კავანიც და ჰამშიკიც, გულის სიღრმეში ცოტა მშიშრები არიან. დამაკნინებლად არ ვამბობ(ამის დასამტკიცებლად გეტყვით რომ ამ ტრიოში ჩემი ,ლიუბიმჩიკი’ სწორედ ჰამშიკია, მიუხედავად იმისა, რომ აღფრთოვანებული ვარ ლავესის ყოვლისშემძლეობით და მის მასშტაბს ვაღიარებ და მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ კავანის ქარიზმას და გოლის ალღოს – სამაგიეროდ ჰამშიკი ბრიტვასავით ბასრია, ერთი თუ გაჭრა, სისხლისგან დაგცლის)სიყვარულისგან მშიშრები, უფრო სწორად ნერვიულები. მათ შეუძლიათ გადამწყვეტი პენალტის აცილება, ხასიათის ან უხასიათობის გამო თამაშის ჩაგდება. და ლავესის? ლავესი უბრალოდ არ დაარტყამს პენალტს, ის მას მოიპოვებს. შეუძლებელია ლავესი გაჩერდეს, დაიღალოს, თამაში არ უნდოდეს, ფსიქოლოგიურად გატყდეს ან რამე მსგავსი დაემართოს – ლავესი ღმერთია.

დიახ დიახ, დიდი დიეგოს მერე ეს წოდება სწორედ ლავესიმ დაიმსახურა და თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ, რამდენს ნიშნავს ეს, როცა იქაურები ასე გაფასებენ. მარადონა ის კაცია, რომელმაც მსოფლიო ყირაზე დააყენა და კინაღამ იტალიის საწინაააღმდეგოდ აქომაგა იტალიელებს. მარადონა მოვლენა იყო და ლავესი ნაპოლიში მას გაუტოლდა. არც ეს არის ის შემთხვევა, როცა ვამბობთ ღმერთს და ვგულისხმობთ რამე სხვას. ლავესის უჩოქებენ, ხელზე კოცნიან, ფეხზე კოცნიან, მის გამო ყველაფერს გაიღებენ… ლავესი თავისუფლად ვერ გადის ქუჩაში(ძალიან მსგავსი ამბავია ჰამშიკისა და კავანის თავსაც, მაგრამ ლავესი მაინც სხვაა), ლავესის უწევს ერთ ადგილას სადილობა, რადგან იქ შედარებით დაცულია. თუ სულმა წასძლია და ცოტა ისეთ ადგილას გამოვიდა შეიძლება მეორე დღის ვარჯიშზე დააგვიანოს, რადგან უბრალოდ არ გაუშვებენ. ხანდახან ,ჩორნი ხოდებით’ უწევს გასვა სუპერმარკეტიდან, იმიტომ რომ დაინახეს და მზად არიან ცოცხლად შეჭამონ. ეს არის ლავესის ,ხარკი’ და ,გადასახადი’, მაგრამ სანაცვლოდ ის არნახულ სითბოს და სიყვარულს იღებს. როგორც დე ლაურენტისმა თქვა, ლავესი უკვე მოიწამლა იქაურობით და ვერსად წავა.

ლავესის, კავანისა და ჰამშიკს ,სამ ტენორს’ ეძახიან. მათთან დაახლოებული პირი ნარევი სისხლის გოკჰან ინლერია, რომელიც ძალიან ძლიერია. ის დე ლაურენტისმა უდინეზედან მოიყვანა და ბევრს აჯობა ამ ტრანსფერის გაჩარხვაში. მაშინ როცა ხალხი საუბრობდა რომელი ტენორი დატოვებდა ნაპოლის, დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც გამოვიდა ადამიანი ლომის ნიღბით. გაჩნდა ბევრი კითხვა… ცოტა ხანში ეს ადამიანი შემოტრიალდა და ხალხმა 88–ნომრიანი მაისურა დაინახა, რომელზეც ეწერა – ინლერი. მერე გოკჰანმა ნიღაბიც მოიხსნა.

კავანის ფეხმძიმე ცოლს თავს დაესხნენ. ჰამშიკს სახლი გაუქურდეს. ლავესის შეყვარებულს იანინა სკრეპანტეს(დელ პოტროს და სხვათა ყოფილი გერლფრენდი) დანა დაადეს და საათი მოპარეს. აი ასე უყვართ და სძულს ნეაპოლში. თუ იქ ცხოვრება და ტკბობა გინდა, საფასური ასეთია.
სხვათა შორის, იანინა გაბრაზდა და ტვიტერზე დაწერა ეს რა კრიმინალური ადგილია, დავიღალე, წავალ და პოჩოსაც წავიყვანო. ფანებს გული გასუკდათ და ცელქი იანინას დამშვიდება დაიწყეს – სად მიდიხარ, ლავესი ჩვენი ღმერთია და მის გარეშე არ შეგვიძლიაო. იანინამ პირდაპირ ასე თქვა – არ მაინტერესებს ღმერთი, აქედან უნდა წავიდეთ. ცოტა ხანში დე ლაურენტისმა ტელეფონი აიღო და გადარეკა. იანინას ნაწერი გაქრა, მაგრამ წაკითხვა და დაფიქსირება ბევრმა მოასწრო. მოგვიანებით დე ლაურენტისმა თქვა – ,,კრიმინალური ქალაქი რომია. ჩვენ ბრწყინვალე ქალაქში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ასეთი ინციდენტები ხდება, მაგრამ იანინამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ღამე ქუჩაში როლექსით გასლვა აუცილებელი არ არის. ის როგორც ჩანს ჯერ ბოლომდე ვერ შეეჩვია აქაურობას. მჯერა, მალე სიგიჟემდე შეუყვარდება ნეაპოლი, ისევე სიგიჟემდე როგორც პოჩო უყვართ”. იანინები წავლენ და მოვლენ, სერიოზულად ყურადღების მიქცევა არ შეიძლება, მაგრამ მისიც გასაგებია, როცა გძარცვავენ, ხოლო პასუხად ,პრეზიდენტისგან’ გესმის, რომ საათით არ გახვიდე ღამე ქუჩაში და საერთოდ არ ისუნთქო, ცოტა ძნელია… მეტიც, ერთხელ დე ლაურენტისმა დაარიგა ერთგვარი ,ათი მცნება’, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი თუ როგორ უნდა მოიქცნენ ფეხბურთელების ცოლები/შეყვარებულები… დიახ, იტალიაში ფეხბურთი რელიგიაა.

ნაპოლის ჰყავს პაოლო კანავარო, ის იქაურია, ის კაპიტანია, ის დიდი მცველი ვერ არის, საკუთარ ძმამდეც ბევრი უკლია, მაგრამ მას აქვს ავტორიტეტი და ნაპოლის სიყვარული, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ისე ვერ ითამაშებდა ნაპოლიში, როგორც პაოლო თამაშობს(ადგილობრივები იქ სხვანაირად უყვართ, თუნდაც სხვა გუნდის რიგებში თამაშობდნენ და პირიქით, ადგილობრივებსაც სხვანაირად უყვართ ნაპოლი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი). არის სალვატორე არონიკა, ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გცემოს და შენ დაგაბრალოს ეს, თან მსაჯიც დააჯეროს ამაში, მაგრამ ასაკში შესული არონიკა ძალიან დაიხვეწა და ქარიზმატული გარეგნობაც ხელს უწყობს დამაჯერებელი იყოს. არის უგო კამპანიარო, მოკრივესავით კბილების დამცავი ნაპოლის ფერებში გადაწყვეტილი ,პროთეზით’ მოთამაშე, ამ ასაკში არგენტინის ნაკრებში დაუძახეს, მინდორზე ბოლომდე იხარჯება. არის კამილო სუნიგა, კოლუმბიელი ნებისმიერ პოზიციაზე დადგება, თუ დაგჭირდა კარშიც, რეაქტიულია, დარტყმაც კარგი აქვს და პასიც. არის ვალტერ გარგანო, ყუმბარისებული დარტყმის მქონე, მუშა ურუგვაელი. არის მორგან დე სანკტისი, იშვიათად ცდება, ძალიან საიმედოა და ცოტა ხნის წინ ამბობდნენ ახლა იტალიის საუკეთესო მეკარეო. არის  კრისტიან მაჯო, უცნაური ფენომენი, ამ ტაქტიკაში უსაჭიროესი კაცი, ძალიან მრავალმხრივი, კლუბში ლომია, ნაკრებში ვერ გაიბრწყინა. არიან სხვებიც, რომლებიც იმსახურებენ ჩამოთვლას(ანდრეა დოსენაც კი…), მაგრამ ასე ვერასდროს ვერ დავამთავრებთ… თითქოს ნაპოლიში ყველა კარგად თამაშობს, ჩვეულებრივი, საშუალო დონის ფეხბურთელიც კი და ეს მით უფრო ქარიზმატულს და ლამაზს ხდის ამ გუნდს. მაცარის გაწეულ შრომას კი დასაფასებელს.

ეს ნაპოლი სენსაციურად იბრძოდა ჩემპიონობისთვის, საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურს დასჯერდა და იქ ხანრგძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა სასწაულები ჩაიდინა. მცირე რესურსის მქონე გუნდმა სიკვდილის ჯგუფიდან გააღწია რეკორდმაისტერთან ანუ ბაიერნთან ერთად. ჩარჩნენ ვილიარეალი და მანჩესტერ სიტი, ის მანჩესტერ სიტი, რომელიც პრემლიერლიგის ლიდერი იყო, და ნაპოლიზე ძალიან ბევრჯერ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. მერე კი, ნაპოლის სულ ცოტა იღბალი რომ ჰქონოდა ლონდონის ჩელსისაც მიაბრძანებდა და ნახევარფინალში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ახლა, ნაპოლის გამგდები ჩელსია ფინალში.

პრესაში ისევ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ნაპოლი დაიშლება. წასვლის მთავარი კანდიდატი მაცარია, მას ასეთი ხასიათი აქვს, როგორც კი პატარა სირთულეს ნახავს, კონფლიქტური ხდება, ის ყოველთვის მართალია, მას ასე ჰგონია, ის ნიჭიერია და თავის მინუსები გააჩნია, რა გაეწყობა. ამბობენ იმასაც, რომ ტენორებიც დაიშლებიან. ადრე წასვლის პირველი კანდიდატი ჰამშიკი იყო, მერე კავანი, ახლა ლავესია. თუმცა დე ლაურენტისი კატეგორიულად უარყოფს ფეხბურთელებზე ამ ცნობებს და ამბობს, რომ სამი ტენორი ხელშეუხებელია და ნაპოლი იფიქრებს გაძლიერებაზე, გაყიდვით კი არავის გაყიდის.

მაცარი შეიძლება მართლა წავიდეს, მაგრამ იქამდე, კიდევ ერთი ომია მოსაგები! ნაპოლი მესამე ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მას კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს და ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა სულელურად დაკარგული რამდენიმე ქულა და დატვირთული გრაფიკის გამო შემადგენლობის როტაცია, ახლა ალბათ ეს მესამე ადგილი განაღდებულიც ექნებოდა, მაგრამ რეალობა სხვანაირია – საჭიროა ბრძოლა.
20 მაისს კი გუნდს იტალიის თასის ფინალი ელის, რომში – იუვენტუსთან…

და აი, ვიდეომდეც მივედით. რუსები, ნიჭიერი ხალხია. ხშირად ესმით ასეთი რაღაცეები. მთელი ჩვენი ცხოვრება, ერთი დიდი ,ფუტბოლნი კლუბია'(სხვათა შორის ლენინგრადმა, კერძოდ კი შნურმა ამ გადაცემას და პირადად მის მეგობარ უტკინს ძალიან კარგი სიმღერა მიუძღვნა, ამ გადაცემის საუნდტრეკია, მოსმენილიც გექნებათ თუ გადაცემა ნანახი გაქვთ. თუ არა და მოისმინეთ, ასევე ჰქვია – ფუტბოლნი კლუბ).

იცხოვრეთ ფეხბურთით 🙂

ახლა კი ვიდეო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!

ეს იტალიაა, ეს გრძნობაა, ეს ნეაპოლია – ეს ფეხბურთია!

Written by 1myway1

მაისი 3, 2012 at 10:45 PM

Posted in Uncategorized