1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Fergie Time

with 2 comments

ძველი, ტკბილი და ამავე დროს მძიმე 90-იანების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ჩემი თაობის ჩვეულებრივი, მოკვდავი ბავშვებისთვის უცნაური ფირმის ASAHI-ს საათები გახლდათ. ასაჰის არაერთი საათი მქონდა, სადღაც ლარნახევარი ან ორი ლარი ღირდა და ეს მაშინ, არც ისე პატარა ფული იყო. ერთი მათგანი განსაკუთრებით მიყვარდა, ის დაბადებისდღეზე რაღაცასთან ერთად მაჩუქა ერთ-ერთმა ნათლიამ. ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის გავხდი, საკმაოდ პატარა ვიყავი.

ფაქტი, ეს საათი მეხმარებოდა სირბილისას თუ ფეხბურთის თამაშისას დროის დანიშვნაში, გრაფიკით მოწოდებული სინათლის მოლოდინში, სკოლის გაცდენისას ვირტუალური გაკვეთილების ხანგრძლივობის გამოთვლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას მალევე მოტყდა სამაჯური, მაგრამ რაც მთავარია მუშაობდა და რატომღაც გადავწყვიტე რომ ძვირფასი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ასე წყვეტენ ადამიანები ამა თუ იმ ჩვეულებრივ ნივთზე, რომ ის ძვირფასია მათთვის და ასეთი ნივთები მართლაც ჭეშმარიტად ძვირფასები ხდებიან, ვიდრე ძვირადღირებული საგნები. საათების მოყვარული არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა და კლასიკურ, მაქსიმალურად ზუსტ და ფოე ფოე საათს ელექტრო, ჩვეულებრივი, ჩუვაკური საათი მერჩივნა. მოკლედ, 1999 წელს ეს საათი უკვე რამდენიმე წლისა იყო, გვარიანად შელანძღული, შიგნიდან დამტვერილი პატარა ეკრანით(სულ მიკვირდა და მაინტერესებდა როგორ ჩნდება შიგნიდან მტვერი ამ საათებშითქო). მოკლედ, ხსენებული 1999 წლის 26 მაისს ტელევიზორის წინ უცნაურ სამფეხა მაგიდაზე მედო ჩემი საათი, როცა დამხმარე მსაჯმა პიერლიუიჯი კოლინას გადაწყვეტილებით დამატებული 3 წუთის შესახებ გვამცნო. ის სამი წუთი ჩემს საათზე დავინიშნე, ჩემთვის სწორედ იმ პატარა „ციფერბლატზე“ აისახა პირველად ეგრეთ წოდებული Fergie Time. საათს კაგად ჩავებღაუჭე, მუჭში მოვიქციე, კრიალოსანივით მეიმედებოდა მისი და თითქოს სწორედ ასაჰის ამ საათის უფრო მჯეროდა, ვიდრე რომელიმე სხვა წამზომის.

მარიო ბასლერის ადრეული გოლით ბაიერნი მანჩესტერ იუნაიტედს 1:0-ს უგებდა და უგებდა თამაშთაც, მომენტებითაც. სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში კარსტენ იანკერის მოულოდნელად უხერხული მაკრატელა და ხარიხა, მეჰმეთ შოლის ტრადიციულად დახვეწილი, ელეგანტური მოჭრილი დარტყმა და ძელი… ბაიერნი მთელი მატჩის მანძილზე დაახლოებით ისე ღეჭავდა მანჩესტერს, როგორც იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი თავის საღეჭ რეზინას. თუმცა გერმანელებმა მეორე გოლი ვერ გაიტანეს… 91-ე წუთზე პეტერ შმეიხელიც წინ წავიდა და მეტიც, საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა – ტედი შერინგემმა ანგარიში გაათანაბრა, არა, მანჩესტერმა თამაში მოიგო, იქ ბაიერნიც კი, თავისი ხასიათით იმ მატჩის მომგები აღარ იყო. არანაირი დამატებითი დრო, წითელმა შემაკებმა 93-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს, ეს მუდმივად სათადარიგო ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და ყველაზე ალოგიკურ გმირად იქცა.

არასოდეს დამავიწყდება გერმანელების განადგურებული სახეები. აცრენლებული ლოთარ მათეუსი, გაბრაზებული შტეფან ეფენბერგი და მინდორზე გართხმული, დაოსებული სამუელ ოსი კუფური, რომელიც სიმწარისგან კამპ ნოუს მიწას მუშტებს ურტყამდა. არ დამავიწყდება არც ის უსამართლობის გრძნობა, რომლითაც მაშინ ავივსე და ისედაც ძლივსშემორჩენილი პატარა საათი მოვისროლე. იმ დღის მერე, ასაჰის საათს თითქმის აღარ ვეკარებოდი. ბებიაჩემს დავუდე მაგიდაზე და ის ნახულობდა ხოლმე დროს, სანამ ბატარეა არ დაეცლებოდა, რომელიც აღარავის გამოუცვლია.

მანჩესტერის მოგებამ გამაბრაზა არა იმიტომ, რომ მან ნახევარფინალში ჩემს საყვარელ გუნდს მოუგო. ფეხბურთის ღმერთს ვფიცავ, ამიტომ არა. მაშინ ღრმა კრიზისისა და სერიოზული საკადრო პრობლემების გამო, როგორღაც ნახევარფინალში გასული იუვენტუსი წითელმა ეშმაკებმა ზედიზედ მეოთხედ არ გაუშვეს  ლიგის ფინალში. როგორც მოგივანებით სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა – მისი მეგობრის, მარჩელო ლიპის იუვენტუსი სამაგალითო იყო მანჩესტერისთვის: „მე ბიჭებს ბებერი ქალბატონის თამაშების ჩანაწერების ვაყურებინებდი და ვეუბნებოდი – ტაქტიკა და ტექნიკა ჩვენც გვაქვს, მაგრამ უყურეთ და ისწავლეთ ასეთი შემართებით თამაში თუ მოგება გინდათ“. ჰოდა, მოიგო კიდეც, მანჩესტერმა სწორედ იუვენტუსთან მოიგო, არადა აგებდა ოლდ ტრაფორდზეც და აგებდა ტურინშიც, მე-11 წუთზე უკვე 0:2-ს, მაგრამ 3:2 იმარჯვა. მე გავბრაზდი ბაიერნთან ფინალის მერე იმიტომ, რომ თამაშის მიხედვით, მომენტების მიხედვით ასე ეჯობნოს ერთ გუნდს მეორესთვის და წაეგოს ძალიან იშვიათად თუ მინახავს, აი მაშინ კი ნამდვილად არასდროს მენახა და ბავშვური ემოციაც იყო. გასაგებია, გულშემატკივართა დიდ ნაწილს ფეხბურთი სწორედ ამ ემოციის, მოულოდნელობის, ბოლო წუთებზე გოლებისა და ასეთი გიჟური მატჩების გამო უყვარს, უფრო სწორად გვიყვარს, მაგრამ მაინც ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ბაიერნის ქომაგი არ ვყოფილვარ, მაგრამ გერმანელ ხალხს და მათ ფეხბურთს ყოველთვის პატივს ვცემდი, თან მეგობართან ხუმრობით პაექრობის გამო მანჩესტერიც ამოჩემებული მყავდა და გული მწყდეოდა, რომ ასეთი უსამართლობა ვნახე. „ეს უსამართლობა“ სერ ალექს ფერგიუსონის დიდი და საფირმო გამარჯვება გახლდათ, თავისი ქამბექითა და მოკლე მონაკვეთში გატანილი რამდენიმე გოლით – ანუ მომავალი წლების მანძიზე წითელი ეშმაკების „სავიზიტო ბარათით“. შოტლანდიელმა ათწლეულების მანძილზე მტრების დასაცინად ქცეული გუნდი  პრემიერლიგის მერე, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნა. ფერგიუსონმა მანჩესტერში რამდენიმე თაობა გამოცვალა, მაგრამ მე „იმ“ მანჩესტერთან თუნდაც მიახლოებულად კარგი გუნდი არ მახსოვს… ბექემის, გიგსის, სქოულზის, იორკის, კოულის, ირვინის, კინის, შმეიხელის, ნევილების, შერინგემის… მანჩესტერი სულ სხვა იყო.

ამ ტრიუმფიდან სადღაც 2-3 წელიწადში ფერგიმ განაცხადა რომ წასვლაზე ფიქრობდა. ძალიან ძალიან გაიმხარდა, რადგან ის ბავშვობის ანტიპათია კიდევ დიდი ხნით მქონდა გამოყოლილი და მინდოდა მენახა მანჩესტერი ფერგიუსონის გარეშე, ხოლო თავად შოტლანდიელი რომელიმე სხვა კლუბში ან ნაკრებში, სადაც მუშაობის „ეშინოდა“ – აბა ვნახოტ ერთი რას იზამსთქო. თუმცა რას წარმოვიდგენდი, რომ ბებერი სკოტი კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა და როცა უკვე ათი წლის მერე მართლაც წავიდოდა, გული ისე დამწყდებოდა, როგორც რობერტო ბაჯოს რომ სანტიმეტრები დააკლდა საფრანგეთთან 1998-ში, ან როგორც მაშინ მწყდება ხოლმე როცა იუთუბზე გიორგი ქინქლაძის კოლაჟებს ვუყურებ.

ბარსელონიდან მოსკოვამდე ყოველთვის დიდი გზა იყო. ფერგიუსონმა ეს გზა გაიარა და სიმბოლურად, რუსეთის დედაქალაში მისმა „წითელმა არმიამ“ კიდევ ერთხელ დაიპყრო ბებერი კონტინენტი. თანაც ფინალი პრინციპული იყო, ლონდონის ჩელსისთან – პირეველი ინგლისური ფინალი ტურნირის ისტორიაში. და აქაც, იღბლის გარეშე საქმე არ ყოფილა… მანჩესტერმა მოიგო მას მერე, რაც პენალტების სერიაში წაგებას მეტოქის ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდა, მაგრამ… უიღბლო ადამიანს, სახელად ჯონ ტერის პენალტის დარტყმისას ფეხი დაუცდა და კარს სანტიმეტრებით ააცილა…მერე კი მანჩესტერელებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. აბა მშვიდად მოგება, რა ფერგიუსონის შესაფერია.

სერ ალექსმა თავისი ოცნება აიხდინა და ლივერპულიც გადმოაგდო პრემიერლიგის ტახტიდან. თავიდანვე ეს ჰქონდა მიზნად დასახული და არც დაუმალავს. არადა, 1992 წლამდე ეს წარმოუდგენელი ჩანდა, მაშინ MU თავისი 7 ჩემპიონობით 18-გზის ტრიუმფატორ ლივერპულს კი არა, არსენლასაც ჩამორჩებოდა, ევერტონსაც…  არც ეს გამხარებია, რადგანაც მიყვარს ლივერპული. მოკლედ, მე და ფერგი ყოველთვის სხვადასხვა ბანაკში ვიყავით, მე ის არ მიყვარდა, მაგრამ პატივს ვცემდი. მეგონა, რომ არ მიყვარდა…

ვნახე ბარსელონასთაბ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როგორ უკანკალებდა ფერგიუსონს ხელები და ძალიან მეტკინა გული. პირველად, მაშინ გავიფიქრე – ბებერი მართლა დაბერებულამეთქი. როცა 2013 წელს ესპანური ფეხბურთის მეორე გრანდთან ნანისთვის ნაჩვენები წითელი ბარათისას მოხუცი ცოტა მძიმედ წამოდგა სკამიდან და აღშფოთებულმა მძიმედვე ჩამოიარა რამდენიმე საფეხური, მაშინ თბილი სინანული ვიგრძენი მის მიმართ და გულიც დამწყდა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილში რეალისკენ ვიყავი. აკი mind games-ში დიდოსტატი ფერგიუსონის მოწაფემ და მეგობარმა ჟოზე მაურინიუმ მატჩის მერე თქვა კიდეც – საუკეთესო გუნდმა წააგოო. ასე გამოეთხოვა თავისთვის ბოლო ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ მოიპოვა პირადად მეცამეტე, გუნდისთვის კი მეოცე ჩემპიონობა!

მესამე და საბოლოო დარტყმა იმის გაგება იყო, რომ ფერგიუსონი კარიერას ასრულებს. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ ყველას გვეგონა, რომ ეს იქნებოდა მერე…  კაცი, რომელმაც აბერდინში სასწაული მოახდინა. კაცი რომელსაც სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს. კაცი რომელიც თავისი ჯირკი და უტიფარი ხასიათით მაბრაზებდა, როცა 6 ნახევარმცველით დაცვიდან ითამაშებდა, ხოლო პრესკონფერენციაზე ჯიუტად იტყოდა ჩვენ ვუტევდით და მეტოქე თავს იცავდაო და საკუთარ გულშემატკივარსაც აჯერებდა ამაში. კაცი რომლის გუნდსაც გაუთავებლად და გამაღიზიანებლად გაჰქონდა გოლები ტაიმების ბოლო წუთებზე, თამაშიდან გამომდინარე იმსახურებდა თუ არა მათ. კაცი რომლის გუნდსაც  5-7 წუთიან მონაკვეთში გატანილი რამდენიმე გოლითა და ქამბექებით ყველაფერი თავდაყირა შეეძლო დაეყენებინა, კაცი რომლის მანჩესტერული კარიერაც ჩემი ასაკისაა… იუნაიტედის მწვრთნელი აღარ იქნება. ყველაზე უცნაური შოტლანდიელი, რომელსაც ვისკიზე მეტად ღვინო უყვარდა, კაცი რომელიც ცხენებზეა შეყვარებული და მთელი ცხოვრება მართლაც დოღში გაატარა.  ღრჯო შოტლანდიელი,  რომელმაც თავის საღეჭ რეზინასთან ერთად ინგლისში მსოფლიოს ეპოქა შექმნა.

როგორც ასეთ დროს ვამბობთ ხოლმე, მქონდა ბედნიერება პირდაპირ ეთერში წამეყვანა მანჩესტერ იუნაიტედისა და სუონსის მატჩი, რომელიც ოლდ ტრაფორდზე ფერგიუსონის ბოლო შეხვედრა იყო. ოცნებების თეატრზე რეალობად ქცეული ოცნება სრულდებოდა. როგორც არ ვცადე ჩვეულებრივი განწყობით შევხვედროდი ამ თამაშს, შინაგანად ეს არ გამომივიდა და მაინც სევდიანი ვიყავი, რაღაც ვერც განვეწყვე რეპორტაჟისთვის. სიმბოლური იყო ისიც, რომ ბოლო საშინაო მატჩს ფერგი ელეგანტური მიქაელ ლაუდრუპის სიმპათიურ გუნდთან ატარებდა და მასაც თავის, უხეშ სტილში მოუგო, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო – მატჩის მიწურულს გატანილი გოლით… ბოლოს, როცა  სერ ალექს ფერგიუსონი გამოსამშვიდობებელი სიტყვის სათქმელად მინდორზე გამოვიდა და შევატყვე როგორი აღელვებული იყო, ბოლო სიტყვების პირველი სიტყვები როგორ გაუჭირდა, საკმაო ხანი ხმას ვერ ვიღებდი, ყელში აი ის ბურთი გამეჩხირა, ასეთ დროს რომ იცის ხოლმე… სასწრაფოდ მანჩესტერი-ბაიერნის ფინალი გავიხსენე, ეგებ გადამიაროსთქო… ცოტა მიშველა, მაგრამ ბოლომდე ვერა. ფერგიმ წარმოთქვა მოკლე, ჯიუტად თბილი და იმედიანი შოტლანდიური სიტყვა. შუალედში არც მისი ერთგული წითური ჯარისკაცი პოლ სქოულზი გამორჩენია, რომელმაც მასთან ერთად დაასრულა კარიერა. წარმოთქვა და წავიდა – თეატრის ფარდაც დაეშვა. იმ მომენტში ერთ რამეში დავრწმუნდი – მე მხოლოდ პატივს არ ვცემდი სერ ალექს ფერგიუსონს, მე მიყვარდა იგი, როგორც გენიალური მწვრთნელი და ადამიანი. სხვანაირად შეუძლებელიცაა ყოფილიყო, ფეხბურთი ხომ ჩემი ცხოვრებაა, ფერგიუსონი კი თავად არის ფეხბურთი.

ასე დასრულდა ეპოქა დიდი და გადავხარშე, რომ უკანასკნელი რაც ფეხბურთში, რაც ჩემს ცხოვრებაში უცვლელი იყო, ეს ალექს ფერგიუსონი გახლდათ თავისი ძალიან უშნო პალტოთო.  გავიდა საუკუნის მეოთხედზე მეტი… გამახსენდა 90-იანები და 90+ები.. ფერგიუსონის დრო… Fergie Time – It Was a Good Time.

p.s.
მეორე დღეს ოთახში შევვარდი და ძველი მაგიდის უჯრაში, ქექვა დავიწყე.  იქ, ძველმანებში მეგულებოდა ბევრი რამ და მათ შორის ისიც, რასაც ვეძებდი. გზად შტეფან როიტერის და ბებეტოს პატარა პოსტერებიც შემხვდა და რაც მთავარია, ვიპოვნე ჩემი ასაჰის საათიც, რომელსაც აუცილებლად გამოვუცვლი ბატარეას.

IMG_20130517_013528

Written by 1myway1

აგვისტო 2, 2013 at 4:33 PM

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან კარგია გიო…გვისაუბრია ამ თემებზე ჩვენ და დაწერილის წაკითხვაც მესიამოვნა 😉

    lomski

    აგვისტო 3, 2013 at 10:13 AM

  2. Asahi_ს ლუდიც კარგია;
    საათები მაშინ ყველაფერ იმას ანაცვლებდა, რაც აიფონმა და მსგავსმა კვერცხობებმა გააერთიანა დღეს… მაგრამ არ მგონია რაღაც, რომ ის კრძალვა და აღტკინება , რომელიც ჩვენ გვქონდა იმ საათების მიმართ, დღევანდელ ბავშვებსაც ჰქონდეთ თუნდაც ბლექბერის მსგავს ბედოვლათობაზე.. ფეხსაცმლის საწმენდიც რომაა ლამის, მარა იმ პიიტეტის მეასედსაც კი არ იწვევს, რასაც ჩვენში ის იაფფასიანი საათები იწვევდა.
    დღემდე მახსოვს, მეხუთე კლასში რომ ვიყავი, ბიცოლამ დაბადების დღეზე გოლანა მაჩუქა… თან საჩუქრის გადმოცემის დროს ჩემს მაჯაზე ამაყად წამოსკუპებულ “სონის” პატენტს დახედა და ამ იაფფასიან ნაგავს რატომატარებო… ძალიან მეწყინა და ის გოლანა მამას ვაჩუქე შეურაცხყოფილმა და ბიცოლაზე გაბრაზებულმა
    “სონი” რომ ეწერა თავხედურად, კი მიქმნიდა უხერხულობას (ვხვდებოდი მაგდენს), მარა ამაყი ვიყავი მაინც.. თან მაგ საათებს რაღაც სპეციპიკური და სასიამოვნო სუნი ჰქონდა… ძალიან მაგარი იყო! გავკარი ყველა ბომბარდიესა და გოლანას,ელექტრონული სონი არსებობდა!
    მადლობა, რომ გამახსენე, ხვალვე მივალ მამასთან და დავძებნი სარდაფში ჩემს ელექტროსაათს…

    barastyrBarastyr

    აგვისტო 3, 2013 at 9:18 PM


დატოვე კომენტარი