1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for ოქტომბერი 2013

Old One

with 5 comments

jack

და აი დაიწყო ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებული დოღი. 7 წრე უკვე გავიარეთ და სათქმელიც დაგვიგროვდა. წინ გაიჭრა გამოცდილი ჟოკეის, მუსიე არსენის ბედაური სახელად – „არასტრაბილურად ხელშეუხებელი“.

პირველ ტურში ლონდონში წაგებული მატჩის მერე, არსენ ვენგერის არმიის ასეთ კარგ თამაშს ნაკლებად წარმოვიდგენდით. ფრანგი სპეციალისტის წინასასეზონო განცხადებებს მისი კლუბის რეალურ შანსებთან დაკავშირებით კი, ბევრი ისევ დამცინავად და ირონიით უყურებდა.  ვენგერმა კრიტიკოსები დროებით გააჩუმა, მაგრამ კარგად ვიცით „არსენალის“ მთავარი პრობლემა – არასტაბილურობა. ამიტომ, მაინც დეკემბერს დავუცადოთ და ვნახოთ ნაახალწლევს სად იქნება მუსიე არსენი, თავის ამალასთან ერთად. ამჟამად კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლონდონელები ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ იტალიურ „რომასთან“ ერთად. რა არის ამის მიზეზი? „არსენალი“ ხასიათის გუნდია, ლონდონელებმა ტალღა დაიჭირეს და ასეთ დროს მათი შეჩერება მართლაც შეუძლებელია, მაგრამ ნაპირამდე ჯერ კიდევ შორია და გზად, ვენგერმა როგორმე აუცილებლად უნდა შეიძინოს ყველაზე საჭირო  კომპონენტი, რომელსაც სტაბილურობა ჰქვია. ლამაზ თამაშს რა სჯობია, მაგრამ სულ ლამაზად ვერ ითამაშებ ან თუ სულ ლამაზად ითამაშებ, პირველ ადგილზე ვერ გახვალ. გამონაკლისები ათწლეულებში ერთხელ ხდება და ეს გამონაკლის „არსენალი“ უკვე იყო წლების წინ. ზოგჯერ, ცუდი თამაშითაც უნდა მოიგო, უნა მოიგო როცა მეტოქე გჯობია, მაგრამ 3 ქულა შენ უნდა დაგრჩეს, უნდა იყო ეშმაკი, თანაც წითელი.

მოდი, კონკრეტულად ფეხბურთელებზეც ვთქვათ ორი სიტყვა – მესუთ იოზილი. იოზილი „არსენალის“ არსენალში შეუფასებელი დანამატი ან დინამიტია. იქნებ ის იარაღი „მეთოფეებმა“ უკვე იყიდეს, რომელმაც მათი თამაში უნდა დააბალანსოს და მუდამ ზედაპირზე ატივტივოს. თუმცა ნუ ვიჩქარებთ და თან უსამართლობა იქნება ამდენი ახლადმოსულ ფეხბურთელზე ვისაუბროთ და ძველი გვარდია არ დავაფასოთ. აარონ რემსი ის კაცია, რომელსაც გოლები უკვე ისე ხშირად გააქვს, რომ ხალხი სიკვდილს ვეღარ ასწრებს. რემსის ძალიან მოუმატა და ეს კლუბისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჯეკ უილშირი იშვიათად დახვეწილი მოთამაშეა და რამდენ სიგარეტსაც არ უნდა ეწეოდეს და სულ რომ ნახალოვკელი ძველი ბიჭის პოზებით იდგეს ღამის კლუბებში, თუ ის ვენგერმა მოაჭკვიანა და აუხსნა რა ცუდია და რა კარგი, უილშირი აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ჰო ტრავმებმაც თუ არ შეუშალა ხელი – ცოტა ბევრი თუ გამოვიდა. არაფერი არ უნდა დაემართოთ კირან გიბსსა და ბაქარი სანიას, რადგან მათი ღირსეული შემცვლელები გუნდს უბრალოდ არ ჰყავს. სიმართლე ითქვას, დაცვის ცენტრი სასიამოვნოდ მაოცებს, თუნდაც ლორენ კოშელნი, ასე მშვიდი, ასე წყნარი, მე  ის ჯერ არ მახსოვს. რასაკვირველია, „არსენალის“ ტრადიციული სენი – ტრავმიანობა – ძალაშია და წარმოიდგინეთ, როცა თეო უოლკოტი, სანტი კასორლა, მიკელ არტეტა, ტომაშ როსიცკი, ლუკას პოდოლსკი… ერთად იქნებიან ფორმაში. დაბოლოს, ოილივიე ჟირუ – ფეხბურთელი, რომელიც ამოიჩემეს და სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ის ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიხსნებოდა და საბოლოოდ, მორგო კიდეც პრემიერლიგას და უშუალოდ, „არსენალშიც“ იპოვნა თავისი ადგილი. მარტო გოლებით ნუ განვსჯით ფრანგს, დააკვირდით როგორ გადაადგილდება ის მინდორზე, რამდენს მუშაობს, როგორი პროდუქტიულია თავისი გუნდისათვის და საკმაოდ ტექნიკურიც გახლავთ.

ეტიენ კაპუ, გილფი სიგურდსონი, ნასერ ჩადლი, ერიკ ლამელა, კრისტიან ერიკსენი, ლუის ჰოლტბი, სანდრო, მუსა დემბელე, პაულინიო – ეს ანდრე ვილაშ ბოაშის შინდლერის სიაა. პლუს, ფლანგებზე – აარონ ლენონი და ანდროს თაუნსენდი – მიდი და აარჩიე. კი, როცა ასეთი შემადგენლობა გყავს და ამხელა არჩევანის წინაშე დგახარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ დაგვავიწყდს, რომ ასეთი დონის კონკურენციას, გუნდში გარკვეული დაძაბული ფონიც მოაქვს, რომელიც აუცილებლად ჩანასახშივე უნდა განიმუხტოს. ამას გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება და მარტო გამოცდილებაც როდი კმარა – ფეხბურთელებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარია საჭირო. გამოდის, რომ ახალგზარდა პორტუგალიელს სპეციალისტსს ჩვენთვის და პირვრელ რიგში საკუთარი თავისთვის ბევრი რამის დამტკიცება ევალება – იმის, რომ მაღალ დონეზე სამუშაოდ უკვე მართლაც მზადაა. იმის, რომ პრემიერლიგაში შეუძლია თავის დამკვიდრება. იმის, რომ ძალუძს გაუმკლავდეს ამდენ ახალგაზრდა ტალანტს და საუკეთესო ვარიანტი თუ გამოსავალი იპოვნოს და იმის, რომ შეუძლია გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის გააბრძოლოს. ცოტა ბევრია და ვილაშ ბოაშს გაუჭირდება, მაგრამ ადვილად არაფერი მოდის, მით უმეტეს პრემიერლიგაში. ფაქტი ერთია, „ტოტენჰემს“ თითქმის სამი შემადგენლობა ჰყავს, ხელმძღვანელობაც და გულშემატკივრებიც შედეგს ითხოვენ. მოდი, ნუ ვიდავებთ იმაზე, რა და როგორ შეიცვალა გარეთ ბეილის წასვლის შემდეგ და მოიგო თუ წააგო ამით „ტოტენჰემმა“. მაინც ვიდავოთ? კარგი, ჩემი აზრით მოიგო. ჯერ ერთი, გუნდმა უდიდესი ფინანსური სარგებელი ნახა და იმ ფულით რამდენიმე მაღალი დონის ტალანტი იყიდა, ხურდა კი სოლიდური დარჩა. მერე მეორე, „დეზები“ ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად დამოკიდებულნი აღარ იქნებიან და მესამე – არანაირი გარანტია არ იყო იმისა, რომ „დეზების“ რიგებში ბეილი ისევ იმ დონეზე ითამაშებდა და როცა ითამაშა, ლიგაში გუნდი მაინც ვერ გაიყვანა.

მოკლედ, ახალგაზრდა პორტუგალიელმა სპეციალისტმა უპირველეს ყოვლისა ოპტიმალურ შემადგენლობას უნდა მიაგნოს. შემდეგ კი, ცოტა იღბალზეც იქნება დამოკიდებული. „ტოტენჰემს“ მინიმუმ ერთი კარგი მცველიც არ აწყენდა, რადგან უკანახაზში ცოტა სიხალვათეა. აი თავდასხმა კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა – რობერტო სოლდადო ჩინებული ფორვარდია, მაგრამ თამაშიდან გოლი თბილისის „დინამოს“ გარდა ვერავის გაუტანა, მარტო პენალტებით კი მეტოქის კარს უგო ლორისიც დალაშქრავს ხოლმე. მიუხედავად ამისა, ძირითად ფორვარდად სწორედ გოლდადო მოიაზრება და ვილაშ ბოაში მომლოდინე რეჟიმშია- როდის გაიხსნება ესპანელი. ეს შესაძლოა ცოტა აღიზიანებს „ტოტენჰემის“ ძველ ჯარისკაცს, ჯერმინ დეფოს. მეც ძალიან მიყვარს დეფო და მესმის მისი, მაგრამ ვაღიაროთ, სტაბილურად ერთ დონეზე ის ვერ თამაშობს, რაღაცეები აკლია და უფრო ეფექტური შეცვლებზე გამოსვლისასაა ხოლმე. ერიკ ლამელა და კრისტიან ერიკსენი სწორედ ამიტომ მოიყვანეს, რომ „ტოტენჰემის“ შეტევებს მეტი ფანტაზია შეემატოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. „დეზების“ კიდევ ერთი იარაღი ანდროს თაუნსენდია, ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში, რადგან მისი სათადარიგოტა სკამზე დასმა და ახლა სათამაშო პრაქტიკის გარეშე დატოვება დანაშაულია. ალბათ ამიტომაც დაიტოვეს და იმედია, 22 წლის შემტევი პოტენციალს სრულად გამოავლენს, ფლანგის ფრხბურთელების მოყვარულები ნუ მიწყენთ, მაგრამ იდეაში თაუნსენდი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კლასიკურად პრიმიტიული ფლანგელი(არ მინდა მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი მოვიყვანო მაგალითად).

სანამ ვილაშ ბოაში თავისი პაზლის აწყობაშია, დოღში აშკარად გამოჩნდა „ტროას ცხენი“. ფეხბურთის ღმერთის მფარველობით „წმინდანები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან და მაურისიო პოჩეტინიოს გუნდს ნამდვილად შეუძლია ამ სეზონში ხმაურიანი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. კარგად იცით, რომ „საუთჰემპტონი“ ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული სკოლის პატრონია. გუნდში ახლაც არიან ადგილობრივი წარმოების ახალგაზრდა ტალანტები, რომლებსაც გამოცდილი ვეტერანები ემატებიან და ხელმძღვანელობა ამ სინთეზით არ დაკმაყოფილდა – გუნდმა ახლაწვეულებში თითქმის 50 მილიონი დახარჯა – ეს კი, დამეთანხმებით, რომ „საუთჰემპტონის“ დონის და შესაძლებლობების მქონე კლუბისათვის ძალიან დიდი თანხაა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად „სენტ მერის“ ბინადრები ლამაზ ფეხბურთსაც გვთავაზობენ და თუ ასე გაგრძლედა და თუ გუნდი სეზონის ბოლომდე დაიფარა მის ლოგოზე გამოსახულმა შარავანდედმა…

პაბლო დანიელ ოსვალდო უცნაური კაცია – ის „ორიუნდია“ ანუ იტალო-არგენტინელი. მან გამოიარა „ურაკანის“, „ბანფილდისა“ და „ლანუსის“ სკოლები. თამაშობდა ბერგამოში, ლეჩეში, ფლორენციაში, ბოლონიაში, კატალონიაში, რომში… დანი ოსვალდოს ბლანჟე და კიკინა აქვს, ხოლო როცა ფეხბურთს არ თამაშობს სათვალე უკეთია, დინჯად ლაპარაკობს და მასწავლებელი გეგონება. სამაგიეროდ, გასახდელში შეუძლია გათამამებულ და რთული ხასიათის მქონე ერიკ ლამელას მართლაც ჭკუის სწავლება და საქმის გარჩევა დაუწყოს. მოკლედ, ოსვლადოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ პრემიერლიგის გიჟურ რიტმს აჰყვეს და  წესით დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს ადაპტაციისთვის. 15 მილიონი ოსვალდო ნამდვილად ღირდა. თითქმის ამდენივე გადაიხადეს ვიქტორ ვანიამაში, რომელიც თავისთავად ასევე უცნაური კაცია – მაკდონალდ მარიგას ძმაა. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა მაკდონალდ მარიგას გვარს არ ვუმატებთ ხოლმე, თორემ ისიც ვანიამაა, ხოლო ვიქტორის სრული სახელი და გვარი ასე ჟღერს – ვიქტორ მუგუბი ვანიამა. სხვათა შორის, მათი ორი ძმაც ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ისინი ნაკლებად წარმატებულნი არიან. ვანიამა ამჟამად თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და 22 წლის კენიელი შავს სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს. დენის ლოვრენმაც უკვე დაამტკიცა, რომ მასში გადახდილი 10 მილიონი წყალში გადაყრილი არ არის და ერთი სიტყვით, „საუთჰემპტონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და ეგზოტიკური კოქტეილის არომატს ტოვებს. არ დაგვავუწყდს ისიც, რომ „წმინდანებს“ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და ამ შედეგებს ისე აღწევენ, რომ გუნდისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი კლასიკური პლეიმეიქერი გასტონ რამირესი ჯერ ხეირიანად არც ათამაშებულა. ურუგვაელი ნელი მოქმედების ნაღმია და თუ აფეთქდა…

„ჩელსი“ – ერთი შეხედვით აქ ყველაზე მარტივადაა საქმე, ველოდებით როდის დაალაგებს ჟოზე მაურინიუ სიტუაციას, გვჯერა რომ დაალაგებს და ვიცით, რომ „ლურჯები“ მოუმატებენ, რადგან მათ საუცხოო შემადგენლობა ჰყავთ, უდიდესი პოტენციალის პატრონები არიან და სათავეშიც „განსაკუთრებული“ დაბრუნდა. მეორეს მხრივ… მაუ ვეღარ არის ისეთი „განსაკუთრებული“ და რაღაც-რაღაცეები დასამკიცებელი აქვს. პრობლემები უკვე სახეზეა და თავისი ხასიათის, პრინციპებისა და მიდგომების გამო, პორტუგალიელი თავისით იმატებს ამ პრობლემებს – მან მოსვლისთანავე კონფლიქტები გააჩაღა, როდესაც ხუან მატა აითვალწუნა, ხოლო პრესაში წერდნენ, დავიდ ლუისიც არ ეხატება გულზე და „ჩელსიმ“ ბრაზილიელი შეიძლება გაყიდოსო. თუ მატას მოძულებას რაღაც მომენტში გავიგებდით და ჩავთვლიდით, რომ მაურინიუს მონახაზში, სტილში და გეგმებში ესპანელი ვერ ჯდება სხვადასხვა მიზეზების გამო, დავიდ ლუისისადმი პრეტენზიები პირადად მე ძალიან მაოცებს, რადგან ლუისი ამ წუთისთვის ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ბრაზილიელის პატარა ჭკუამხიარულობა და ზომიეად თავხედ-თავნებობა, მაურინიუსთვის მიუღებელია, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა თითქოს ცოტა დათბა. აი მატას შემთხვევაში კი მაურინიუს იძულებით მოუხდა დათმობაზე წასვლა, რადგან მას ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი აუჯანყდა, ახლა კი პორტუგალიელს ყველაზე ნაკლებად შიდაარეულობა უნდა. მისი ტავარი პრობლემა ის არის, რომ მან აბსოლუტურად სხვა „ჩელსი“ დატოვა, ეს კი რადიკალურად განსხვავებული გუნდია, რომლის თავის გემოზე გადაწყობაც გარკვეულ დროსთან და ბარიერებთანაა დაკავშირებული. მაურინიუსთვის ცოტა ახალია ერთბაშად ამდენ ახალგაზრდა ფეხბურთელთან მუშაობა და ლოდინი თუ როდის გაიხსნებიან და „მოჭკვიანდებიან“ ისინი. მან უწოდა კიდეც თავის ფეხბურთელებს „ლამაზი პატარა კვერცხები“ და პუბლიკა კვლავ გაამხიარულა. ვინ და როგორი გამოიჩეკება, ამას დრო გვიჩვენებს და რაღაც დრო მაუს აქვს, მას ხელს უწყობს სწორედ ის ფაქტი, რომ პრემიერლიგაში ახლა არეულობაა, ამჟამინდელი ლიდერები „არსენალი“ და „ლივერპული“ ბოლო წლებში პირველი ადგილისთვის ვერ იბრძოდნენ და უდანაკარგოდ ვერც ახლა გაივლიან მთელ მანძილს, იქნება კრიზისი, თუნდაც პატარა ჩავარდნა და სწორედ ესაა „ჩელსის“ შანსი. ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ მაურინიუ ისეთი მღვრიე წყლიდანაა სუფთად გამოსული, რომ მას ამჯერადაც შეუძლია დინების საწინააღმდეგოდ მშვენივრად ცურვა და კვარცხლბეკზე დაბრუნება. იქამდე კი, ფაქტია, რომ მისი ფავორიტი ანდრე შიურლე გახდა, ის პორტუგალიელის განსაკუთრებულ იარაღად მოიაზრება, თავისი გერმანული პრაგმატულობითა და ჟინით. მაუმ ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ კევინ დე ბრუინს, ბევრად მეტ სათამაშო დროს მივცემდი, ოსკარის კი ჯერჯერობით ისევე არ მჯერა როგორც უკვე წლებია ოსკარების ცერემონიის. და მაინც, „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუ არ უნდა გაენათხოვრებინა.

მანუელ პელეგრინი კუნძულზე მოხვდა და ეს რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროა პირველად უელსში აღმოაჩინა, როცა მის „მანჩესტერ სიტის“ „კარდიფმა“ გამარჯობა უთხრა. პელეგრინი რობერტო მანჩინი არ არის, რომ კაშნე შემოიხვიოს და დამაჯერებელი სახით ელეგეანტურად დადგეს – ვითომც არაფერიო ან ყველა პრობლემას ირონიული ღიმილით შეხვდეს. ჩილელი სერიოზულად მიუდგა საქმეს და ამ ქაოსში გარკვევას ცდილობს, ეს კი ძნელია, ძალიან ძნელი. ამდენი კარგი ფეხბურთელი, ამდენი განსხვავებული ტიპაჟი, ამდენი ამბიცია და ამდენი ფული – უნდა აიღო, ყველაფერი დააბალანსო, ყველასთან ურთიერთობის ინდივიდუალური გზა გამონახო, თითოეული ფეხბურთელი დაარწმუნო, რომ ის გუნდისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, თუნდაც რაღაც პერიოდი თადარიგში ჯდომა მოუხდეს… და ამავდროულად, დააბრუნო ის მოტივაცია, რომელიც სიტის ჰქონდა საჩემპიონო სეზონში და რომელიც სერხიო აგუეროს ბოლო წამზე გატანილ გოლთან ერთად დაიკარგა. ერთადერთი ვითანაც პრობლემა არ არის და არც იქნება იაია ტურეა – კოტდივუარელი ერთადერთია გუნდში, რომელიც იმ მსუყე ხელფასს დამსახურებულად იღებს. ის თავის საქმესაც აკეთებს და ხშირად სხვისასაც. პრობლემა კი ბევრია – ჯო ჰარტმა ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება. დაცვაში მუდმივად 2-3 ფეხბურთელია ტრავმირებული და ამის გარეშეც, მწვრთნელი ვერ ჩამოყალიბდა თუ რომელი ფეხბურთელები მოიაზრებიან ძირითადის მცველებად. დავიდ სილვა იმის ნახევარსაც ვეღარ თამაშობს, რამდენიც შეუძლია და იქნებ ახლა მაინც გამოიღვიძოს. ედინ ჯეკო სრულ გაუგებრობაშია, გააქვს ყველაზე მეტი, მაგრამ მაინც სათადარიგო ფორვარდად მოიაზრებენ… პელეგრინიმ მისი ძირითადში დაყენება დაიწყო და ვნახოთ… კუნ აგუერო თუ ხასიათზეა შეუჩერებელია, მაგრამ თუ… სწორედ ამ თუებზე და ხასიათზეა ხშირად სიტის თამაში აგებული და პრობლემაც ამაშია. პელეგრინიმ პირენეებიდან ალვარო ნეგრედო წამოიყოლა, რომლის ტრანსფერიც დაახლოებით ისეთივე უცნაურია, როგორც კალეხონის „ნაპოლიშ“ გადასვლა, ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – ან ძალიან გაამართლებს და ან… დაბოლოს, სტევან იოვეტიჩი, რომლის დარი ტალანტიც თანამედროვეობაში ძალიან ცოტაა. თუმცა იოიო ტრავმების მიღებაშიც ნიჭიერია და სეზონის სტარტი უკვე გაუცდა, ახლა კი დრო დასჭირდება ინგლისურ ფეხბურთთან შესაგუებლად. მე ვინ მეკითხება, მაგრამ ვფიქრობ, იოვეტიჩი შეცდა, როცა „სიტიში“ გადასვლა გადაწყვიტა და აქ შეიძლება გაუჭირდეს, შესაძლოა პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინოს, მაგრამ თუ გამოავლინა, „სიტი“ ჩემპიონობის ფავორიტი იქნება.

რამდენი ხანია პრემიერლიგა ასეთი არეული, ქაოსური და ამავდროულად საინტერესო და დაბალანსებული არ ყოფილა. თიტქმის ყველა წამყვან გუნდში სერიოზული ცვლილებებია, თითქმის ყველგან ახალი მწვრთნელია, რომესაც სიტუაციის დალაგება და სასურველი შემადგენლობის პოვნა სჭირდება და ასე შემდეგ. გამონაკლისი არც „ევერტონია“, რომელიც მარუან ფელაინის ტრანსფერის მერე უფრო თავისუფლად ათამაშდა, რადგან იქამდელი სპეკულაციები ცხადია გნდში დაძაბულ ფსიქოლოგიურ ფონს ქმნიდა. ახლა კი ყველამ იცის, რომ ძველი ლიდერი სხვა გუნდში გადაბარგდა  და ლივერპულელებიც მოეშვნენ. კი, დარჩა მეორე საგა, ლეიტონ ბეინსთან დაკავშირებით, მაგრამ მინიმუმ ზამთრამდე ბეინსი ვერსად წამსვლელი ვეღარაა და ამიტომ, ამას არა უშავს. რობერტო მარტინესი განსაკუთრებული თუ არა, უნიკალური მწვრთნელია მის განვლილ გზასა და თავგადასავლებს თუ გავიხსენებთ, თანაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. დევიდ მოიესი „ევერტონისთვის“ ალექს ფერგიუსონიც იყო, და ბობ პეისლიც. მის ადგილას მისვლა ძალიან რთულია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მარტინესი საკმაოდ სწრაფად და უმტკივნეულოდ შეძლებს სიტუაციის თავის ყაიდაზე მოტრიალებას, ფეხბურთელების გულსაც მოიგებს, გულშემატკივრებსაც მალე შეაყვარებს თავს და საერთოდ „ევერტონი“ ამ სეზონში ძალიან კარგი გუნდი იქნება, რომელიც უფრო ლაღ და ტკბილ ფეხბურთს ითამაშებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გინდა თუ არა, მერსისაიდელებისგან სასწაულებს ველოდები და მგონია, თითქოს ოთხეულში შესვლის კანდიდატები იქნებიან. გამორიცხული არაფერია, დანარჩენს ერთად ვნახავთ, მაგრამ ერთი ფაქტია – რომელუ ლუკაკუს იჯარით აყვანა ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად, რობერტო მარტინესს ბევრად მეტი შეუძლია.

10 წელი ცდილობდა დევიდ მოიესი „ევერტონი“ ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავზე ყოფილიყო და აი, ბოლო ბოლო მან ეს მოახერხა. მწარე ხუმრობები იქით იყოს და რეალურად ხდება ის, რაც მოსალოდნელი გახლდათ. რასაკვირველია, იყო შანსი, რომ „წითელი ეშმაკები“ ძველებურად კარგად ათამაშებულიყვნენ, მაგრამ მოვლენები უფრო სავარაუდო სცენარის მიხედვით ვითარდება. სერ ალექს ფერგიუსონი მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხანი წვრთნიდა ამ გუნდს და შეუძლებელი ჩანდა, რომ ასე უმტკივნეულოდ ჩაეარა მის წასვლას. „მანჩესტერის“ გამარჯვებას მიჩვეული ქომაგების გულისწყრომა გასაგებია, მაგრამ ჯოხის გადატეხვა მარტო მოიესზე და მისი ზედმეტად გაკრიტიკება მაინც არასწორია. თვით სერ ალექსსაც რამდენიმე წელი დასჭირდა დიდი გუნდის გასაკეთებლად და ის გაგდებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ… ხოლო ის, რომ მაშინ ფერგიუსონმა სულ სხვა „იუნაიტედი“ ჩაიბარა, ბოლომდე მყარი და წონადი არგუმენტი ვერ არის. არც ისაა შოტლანდიელის ბრალი, რომ ხელმძღვანელობამ ფული არ გაიმეტა და სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურა. „მანჩესტერი“ უამრავი ტრანსფერით არც არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა რომ შემადგენლობას გვარიანი გადახალისება სჭირდებოდა ეს ფაქტია. განსაკუთრებით სუსტად დაცვა გამოიყურება. გუნდის  მთავარი შენაძენი მარუან ფელაინიც ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი, თანაც მან ახლა ტრავმა მიიღო, საკმაო პერიოდი გაუცდება და მერე ხელახლა უნდა დაიწყოს მანჩესტერული კარიერა. ყველაზე კარგი რაც „მანჩესტერისთვის“ ჯერჯერობით მოხდა, უეინ რუნისა და დევიდ მოიესის შერიგება და ისაა, რომ „შრეკი“ გუნდში დარჩა. ნუ ეს ისეთი სახის კონფლიქტია და ისეთი ტიპაჟის ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომ წყენა ბოლომდე ვერასდროს გაქრება, მაგრამ ეს რუნის საოცრებების კეთებაში ხელს არ უშლის და ის კვლავაც გუნდის უდავო ლიდერია. დაბოლოს, „წითელმა ეშმაკებმა“ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ ადნან იანუზაი, რომელმაც გუნდი „სანდერლენდთან“ სირცხვილს პირადად გადაარჩინა. „იუნაიტედს“ მწარედ ახსოვს პოლ პოგბას ამბავი და წესით იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვას, თორემ 18 წლის კოსოვოში დაბადებულ ბელგიის მოქალაქეს, რომელსაც ხორვატული სისხლიც ურევია უკვე ბევრი მსურველი ჰყავს და არამარტო კლუბები, მასზე ქვეყნებიც ნადირობენ.

„ჰალის“ ფეხბურთელები ჯერჯერობით მეტსახელს ფრიადზე ამართლებენ და მართლაც ვეფხვებივით თამაშობენ. „ასტონ ვილასგან“ ბევრია მოსალოდნელი, რადგან პოლ ლამბერტს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ მისგან ბევრად მეტია მოსალოდნელი. მთავარი პრობლემა დაცვაა და შოტლანდიელმა სპეციალისტმა სწორედ უკანახაზს უნდა მიხედოს. წინ არანაირი პრობლემა გუნდს არ აქვს – დიდებული კრისტიან ბენტეკე, კვლავაც ფორმაში მყოფი გაბრიელ აგბონლაჰორი, „ცივი იარაღი“ ლიბორ კოზაკი, ყველაზე უცნაური ავტრიელი ანდრეას ვაიმანი და კიდევ უფრო უცნაური დანიელი ნიკლას ჰელენიუსი. ყველაფერი წესრიგშია ნახევარდაცვაშიც და კარშიც.

ალან პარდიუს ფრანგული „ნიუკასლი“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი გამოცანაა. ჯორდებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ შესაბამის თამაშს ვერ აჩვენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია იოან კაბაის საკითხი, თითქოს მისი წასვლა გადაწყვეტილი ჩანდა და ამის გამო „კაჭკაჭების“ ფრანგთა შორის ყველაზე დახვეწილ ფრანგს, მწვრთნელთან ირთიერთობა დაეძაბა და სათადარიგოთა სკამზეც აღმოჩნდა. გაირკვა, რომ მინიმუმ ზამთრამდე და ალბათ ზაფხულამდეც, კაბაი არსად აღარ მიდის. ამიტომ, ეგებ მხარეებმა ისევ გამონახონ საერთო ენა და არა ვითომ, არამედ მართლა შერიგდნენ – კაბაიზე და ბენ არფაზე აწყობილი თამაშით „ნიუკასლი“ ბევრად უფრო შორს წავა, ვიდრე მარტო ბენ არფაზე დაყრდნობით.

სრულიად გამოუცნობი კლუბია „ვესტ ბრომვიჩიც“. ძალიან უფერული სტარტის მერე, სტივ კლარკი კინაღამ გააგდეს, მაგრამ მან ვითარება გამოასწორა და „ალბიონი“ ცხრილის შუაში აწია. „ვესტ ბრომვიჩს“ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური და „აჯაბსანდალი შემადგენლობა“ ჰყავს მთელს ლიგაში. უნდა გამოვარჩიოთ ერთი ახალი სახეც – ახალგაზრდა თავდამსხმელი საიდ ბერაჰინო – ბურუნდიში დაბადებული ინგლისის მოქალაქე. მან თასზე გაილაღა და ნელ-ნელა მეტი სათამაშო დრო დასტყუა სტივ კლარკს, რაც მშვენივრად გამოიყენა და გუნდს „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოაგებინა. თუ „ალბიონს“ წინა სეზონის დარი ჩავარდნა არ დაეწყო, ეს გუნდი ალბათ მშვიდად იტრიალებს სადღაც შუაგულში.

დიდი სემი და მისი „ვესტ ჰემი“ „ტოტენჰემთან“ „უაით ჰართ ლეინზე“ ხმაურიანი გამარჯვებით გამოირჩნენ, მაგრამ მატჩი მაინც ლონდონში იყო, და ალარდაისი შეგირდებს გასვლაზე, დედაქალაქს გარეთ თამაშს თუ ასწავლის „ჩაქუჩები“ ამ სეზონში ბევრ ლურსმანს ჩააჭედებენ. უელსურ გუნდებს „კარდიფსა“ და „სუონსის“ რაც შეეხებათ, ორივე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და ორივესგან ველით ნორმალურ, კარგ შედეგს. უფრო მაინც „სუონსი“ უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც უკვე მოასწრო არათუ პრემიერლიგაში, არამედ ევროსარბიელზეც თავის დამკვიდრება. ოღონდ, ერთიცაა – მიქაელ ლაუდრუპის გუნდი ჯერ ბოლომდე მაინც ვერ გახურდა და აქა-იქ „უელსური ბარსელონას“ თამაშში ხარვეზები ჩანს, მაგრამ ალბათ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ლაუდრუპის ბიჭები კიდევ უფრო უკეთ ათამაშდებიან.

„სტოკი“, „ფულემი“ და „ნორვიჩი“ ამ ეტაპზე შეგვიძლია ერთ ქვაბში მოვხარშოთ – სამივე გუნდში დგას გოლების გატანისა და თავდამსხმელების პასიურობის პრობლემა. არადა, სამივე მათგანში ირიცხებიან მშვენიერი შემტევები, თანაც აბსოლუტურად სხვადასხვა სახის და წესით, როგორც ამ ასევე სხვა კუთხით ამ გუნდებში სიტუაცია უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. „სტოკი“ ყველაზე მძლავრად გამოიყურებოდა, თუ ბოლოს „ნორვიჩთან“ უფერულად წაგებულ მატჩს არ ჩავთვლით. იქამდე, გუნდს მარკ ჰიუზის ხელი აშკარად ეტყობოდა, სტოკელების თამაში უფრო სანახაობრივიც გახლდათ და თან შედეგიანიც. სავარაუდოდ, ჰიუზი მაინც გაიტანს თავისას და  „ნორვიჩთან“ ჩაგდებული მატჩის დარ გაუგებრობებს მინიმუმამდე დაიყვანს. თამაში უნდა დაასტაბილუროს კრის ჰიუტონმაც, მისი გუნდის ადგილი გასავარდნ ზონაში ნამდვილად არ არის. აი „ფულემის“ საქმე შედარებით მძიმედ ჩანს და მარტინ იოლმა რამე უნდა მოიფიქროს, თორემ დიდი პატივისცემისა თუ დამსახურების მიუხედავად… დარენ ბენტს სხვები ჯერჯერობით მხარს ვერ უბამენ. დიმიტარ ბერბატოვის ზარმაცად ელეგანტური მიხვრა-მოხვრა და მოედნის ცენტრში ტექნიკური თამაში საკმარისი არ გახლავთ, ხოლო მუდმივად პოერსპექტიული და ახალგაზრდა ადელ ტაარაბტი, უკვე 24 წლისაა და აქაც თუ ვერ გამოავლინა თავისი პოტენციალი, უკვე შეგვეძლება გაუხსნელ ფეხბურთელთა დიდ არმიაში გადავიყვანოთ. რუისი, დაფი, პარკერი, როდალ(ი)ეგა, რიჩარდსონი, კაჩანიკლიჩი, კარაგუნისი… ველოდებით აშკან დეიაგას მომჯობინებასაც – მოკლედ ჩამოსათვლელი კიდევ ბევრია.

ორი აუტსაიდერიც გამოიკვეთა – „კრისტალ პალასი“ და „სანდერლენდი“. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბოლო და ბოლოსწინა პოზიციებზე იმყოფებიან, მათი თამაშიც ხარისხიც ძალიან დაბალი იყო. ვიტყოდი, „კრისტალ პალაისის“ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს, ვიდრე „სანდერლენდის“. მიუხედავად იმისა, რომ „არწივებს“ ჯერაც მოუგებელ „შავ-კატებზე“ მეტი ქულა აქვთ(სწორედ „სანდერლენდთან“ მოპოვებული 3 ქულა).

ცხადი გახლდათ, პაოლო დი კანიოს „ლაითზე“ დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა. გუსტავო პოიეტი კი ბევრად უფრო დინჯი და გამოცდილია, იგი წლებია მწვრთნელად მუშაობს და დრო იყო, კარიერული წინსვლა განეცადა. „შავი კატების“ შემადგენლობა ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ გულშემატკივრებს სიტუაციის გამოსწორების იმედი ჰქონდეთ და იმედია, ბოლო 10 წელიწადში უკვე მეშვიდე მწვრთნელი – გუსტავო პოეტი – საკმაო ხნით შემორჩება პოსტზე. აი იან ჰოლოვეისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის შანსებზე საუბრისას ისეთივე ოპტიმისტური ვერ ვიქნები. კი, პირველ ტურში „არწივები“ შესანშნავად გამოიყურებოდნენ „ტოტენჰემთან“, კი ტრავმებმა გუნდს ხელი შეუშალა, კი აქაც არიან პრემიერლიგისთვის შესაბამისი ფეხბურთელები… მაგრამ ფაქტია კლუბი ცოტა მოუმზადებელი შეხვდა ელიტას და ძალიან გაუჭირდება. თუმცა „კრისტალ პალასს“ 40 წლის ლეგენდარული კევინ ფილიპსის სახით ისეთი თილისმა ჰყავს რომ წარმატებების მეტი რა უნდა ვუსურვოთ. ჰო, იედინაკის თამაში აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ. სულ ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, მასზე ნადირობა ატყდებოდა, მაგრამ მსურველები ალბათ არც ახლა მოაკლდება. ბევრის აზრით გუნდის მთავარი შენაძენი დუაით გეილი ფეილი იყო, მაგრამ ვაცადოთ… ასეა თუ ისე, იგი 2 გოლით „არწივების“ საუკეთესო ბომბარდირია.

სადღაც განზე კი, თავისთვის მარტო გარბის წითური ფაშატი, გარბის გამალებით, ცოტა მოუხეშავად. ისე რომ, მასში იგრძნობა ჩრდილოეთიც, ირლანდიაც, სამხრეთიც… ასეთი ცხენის დამორჩილება ძალიან რთულია, მას „old one“ ჰქვია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა და ჟოკეიბრენდან როჯერსი ჯერჯერობით უფრო როდეოს მომთვინიერებელს ჰგავს, ვიდრე ჟოკეის.

დიახ, „ლივერპული“ ახლა იქ არის სადაც უნდა იყოს, სადაც მის ყოფნას უშუალოდ პრემიერლიგაში არავინ მოსწრებია, სადაც „ლივერპულს“ 1990 წლის მერე ელოდებიან. ძალიან ძნელი სათქმელია, იქნებიან თუ არა მერსისაიდელები ისევ კენწეროში სეზონის ბოლოს კი არა, თუნდაც რამდენიმე ტურის მერე, მაგრამ ამის შანსი რომ გაჩნდა ეს უკვე საქმეა და გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური თუ მოიპოვა, რაც ასევე უაღრესად რთული იქნება, ბრენდან როჯერსს ძეგლი უნდა დაუდგან. ამ ადამიანს შეუძლია იმის გაკეთება, რაც წინამორბედებმა ვერ შეძლეს და დრო სჭირდება. დრო და სწორი სატრანსფერო პოლიტიკა.

დაცვა მოძლიერდა, მეკარე კარგია… ის რაც ყველაზე მეტად აკლდა „ლივერპულს“ შეტევაში მრავალფეროვნება და მრავალმხრივობაა. როჯერსის ტაქტიკიდან გამომდინარე ფანტაზისტა ფეხბურთელები მას ორმაგად სჭირდება. რაჰიმ სტერლინგი ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ უკვე მრავლისმნახველი მამა და „ხულიგანი“. ფელიპე კოუტინიო ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ტრავმებისკენ მიდრეკილი და ასევე არასტაბიულური. ჯორდან ჰენდერსონი თავის თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ ამ სეზონში იყო ერთი-ორი კარგი ნიშანი. დანიელ სტარიჯი მარტო ყოველთვის ვერ მოიგებდა თამაშებს. თუმცა ასე იყო თუ ისე, „ენფილდის“ ბინადრების თამაში რაღაც ჩარჩოში ჯდებოდა და მოარგებდი რამე ფორმულას, თუნდაც 51-ს. ხოლო მას მერე რაც „ის“ დაბრუნდა, ყველაფერი აირია, „მან“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და აურდაურია. სხვათა შორის, ეს ძალიან დროული და საჭირო იყო, რადგან ვხედავდით რას თამაშობდა „ლივერპული“, მაგრამ ეს უკვე აღარ ჭრიდა, არ გადიოდა და ერთი სტილით შედეგი აღარ მოვიდოდა. „კალვერამ“ კი გუნდში ქაოსი ახალი ტალღით შემოიტანა და ამან გაჭრა. მთავარია ეს ახალი ტალღა სადამდე გაჰყვება როჯერსის გუნდს, რომელსაც კიდევ სჭირდება დასაყრდენი. იაგო ასპასი კარგი პასის მიმცემი ფეხბურთელია, მაგრამ მეტზე საუბარი ჯერ ადრეა და მით უფრო, ლუის ალბერტოს შემთხვევაში. თავისი საყვარელი ფაბიო ბორინი კი როჯერსს არ გამოადგა და იტალიელი დროებით გაუშვეს. მოკლედ კარგი შემტევი ან შემტევები, „ლივერპულს“ დახატავდა. თუმცა სანამ „სუა“ აქ არის, ვის მოსწონს ის და ვის არა სხვა საკითხია, მაგრამ ნომერ პირველი აუცილებლად ურუგვაელი  უნდა იყოს, სხვანაირად მას არ შეუძლია. უბრალოდ, თუ როდის რა უკბენს სუარესს ან როდის ვის უკბენს, ეს არავინ იცის, არც თავად ლუისმა.

დოღი გრძელდება, ყველაზე გიჟური მონაკვეთიც წინ გვაქვს. რაღა დარჩა, სიცივე, შობა, ბოქსინგ დეი, ახალი წელი, ტრანსფერები… ისე, თუ ასე გაგრძელდა ვინ იცის, ფოტოფინიში გახდეს საჭირო.

გიორგი კაკაბაძე

 

Written by 1myway1

ოქტომბერი 14, 2013 at 3:16 PM

Posted in Uncategorized