1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for თებერვალი 2014

დიკაპრიო–>ოსკარი–>მაკკონაჰი

with one comment

ბევრ ადამიანს წყდება გული იმაზე, რომ ლეონარდო დი კაპრიოს არ აქვს ოსკარი. ამ ადამიანთა სიაში ვარ მეც, მაგრამ ისიც მესმის, რომ ყოფილან უფრო დიდი მსახიობები, ვისთვისაც არ მიუციათ ოსკარი და არიან ისეთებიც, ვისაც ნაკლებად ეკუთვნის, მაგრამ აქვს. ამიტომ, ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება. მე უბრალოდ დიდი ხანია მინდოდა მეთქვა ის, რამაც წლების წინ იდეის დონეზე გამოიელვა თავში და შესაძლოა ამ მოსაზრებაში არის გარკვეულკი სიმართლის მარცვალი, თუნდაც პატარა. ამ პოსტის საბოლოოდ ახლა დაწერა კი, ოსკარის მომავალმა ცერემონიამ გადამაწყვეტინა, თუ რატომ ნელნელა მიხვდებით. რეალურად, ორი სხვადასხვა ისტორია უნდა მოგიყვეთ, ორ ადამიანზე, რომელთა გზებიც ირიბად გადაიკვეთა თავის დროზე, და ახლა ისევ იკვეთება. დავიწყოთ ლეოთი.

მოკლედ, ალბათ ყველამ იცით შესანიშნავი ფილმი The Raging Bull, რომელიც ჯაკობე(ეს აუცილებლად უნდა დამეწერა, ფესვების თავიდანვე ხაზგასასმელად) „ჯეკი“ ლამოტას ცხოვრებას ეხება. მასში ასევე წარმოშობით იტალიელები რობერტ დე ნირო და ჯო პეში თამაშობენ. ხოლო ფილმის რეჟისორი, ჰოი საოცრებავ და მარტინ სკორსეზეა, როგორი დამთხვევაა. ჰოდა, ამ ფილმში არის ერთი სახასიათი სცენა – ლამოტასთან მიდის მოგანგსტერო ელემენტი (უფრო სწორად ლამოტა მიდის მასთან, დაბარებულია), რომელიც მიმდებარე ტერიტორიას „კურირებს“, ჰოდა ეს ბოროტი და ბრაზიანი კაცი, ლამოტას ეუბნება, რომ ადგეს და შევიდეს მისი „ფრთის ქვეშ“, მის „გუნდში“, გააკეთოს ისე, როგორც მას უნდა და ყველაფერი კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის ვერასოდეს გახდება ჩემპიონი, სულ რომ უძლეველი მოკრივე იყო და დაასისხლიანო მეტოქე, მსაჯი მას გამოაცხადებს გამარჯვებულადო, თუ იმას არ იზამ რასაც მე გეუბნები ვერასოდეს გახდები ჩემპიონი, ხოლო თუ დამიჯერებ, დიდ ჩემპიონად გაქცევო… ლამოტას კი ამ ბრაზიან დას ბოროტ კაცთან საქმის დაჭერა არ უნდა, სუფთად სურს კარიერის გაკეთება და ჩემპიონობა, მაგრამ სუფთად ხდება რამე ამ ქვეყანაზე? ძალიან ცოტა რამ. თუ ეგეთ დონეზე წარმატება გინდა, ვინმე უნდა „გკრიშავდეს“(მით უმეტეს მაშინ), ზოგს უღირს ამ ხერხით წარმატების მიღწევა, ზოგს კი წვალება და რთული გზით, მაგრამ ბოლომდე თავისით და სუფთად სიარული ურჩევნია. ხოლო ასეთი მოგანგსტერო ელემენტები კი, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენ, მაინც არსებობენ და ბევრ რამესაც წყვეტენ. ჯერჯერობით სამწუხაროდ, ადამიანები არ არიან მზად იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალები საერთოდ არ იყვნენ, ვიღაც მაინც არის, ხოლო იმ ვიღაცეებს შორის „მაფია“ ისევ ყველაზე პროგრესული და უარესზე უკეთესია, თორემ ისე ცუდია ცხადია. ჯობია ბომჟურ რუსულ ქურდულ მენტალიტეტსაც, ძველებურ-ახლებურ ძველბიჭობასაც და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან, ფულთან და… ერთი სიტყვით, ხვდებით როგორც არის. ჰოდა, ამ სცენამ წლების წინ გამიჩინა ასოციაცია იმაზე, რომ თავის დროზე ალბათ დი კაპრიომაც, სადღაც იქ, ზემოთ, ვინმე ასეთ ბრაზიან და ბოროტ კაცს აწყენინა და ამიტომ, სასწაული თუ არ მოხდა, ის ოსკარს ვერ მიიღებს. მაქსიმუმ ერთი-ორი ათწლეულის მერე როდესაც ბებერი ბუზღუნა მარტოხელა კაცის როლს შეასრულებს ან  „მიუგდებენ“ დამსახურებისთვის. რა უქნეს ენიო მორიკონეს არ გახსოვთ? რამდენი ხანი აწვალეს იგივე სკორსეზე არ გახსოვთ? რაშიც ეკუთვნოდა არ მისცეს და მერე აღირსეს. მოკლედ, იქ დიდი პოლიტიკა და დიდი სიბინძურეა… ჩვენ კი აქ განცდებში ვართ და ზოგჯერ ცოტა სუბიექტურებიც ვხდებით 😉 იმიტომ რომ გულით გვინდა, რომ დი კაპრიომ ოსკარი აიღოს, მაგრამ აი ახლა ამ წუთას ეკუთვნის?

ჩემი აზრით, ლეომ უკვე გაიმარჯვა. თუნდაც იმიტომ გაიმარჯვა რომ ბეცებსაც დაუმტკიცა, რომ არ არის „ნაზიკო“(ან რო იყოს, მერე რა?), არ არის უბრალოდ ლამაზი ბიჭი და მხოლოდ სასიყვარულო ფილმებში თამაში კი არა, თითქმის ყველაფერი შეუძლია. დი კაპრიომ დადო არაერთი კარგი როლი, თან მრავალმხრივი და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მოიგო და მოიპოვა მთავარი ოსკარი – ხალხის სიყვარული და აღიარება. კი, დაჩაგრეს როდესაც ინსეფშენი იქით იყოს და შათერ აილენდისთვის ნომინაცია არ აღირსეს, დაჩაგრეს იქამდეც, მერეც… თუმცა მეორეს მხრივ, ახლა უცებ რომ აიღოს ოსკარი არ გაგიკვირდებათ? რაღაც პონტში „გული არ დაგწყდებათ“? ვიცი რომ ბევრს არა, ვაბშე არა, მაგრამ ზოგი ხომ მიხვდით რასაც ვგულისხმობ. ესეც ხომ თავისებური მუღამია? მუდმივად საუბარი და წუწუნი იმაზე რომ ლეოს ოსკარს არ აძლევენ და ისიც იხლიჩება შუაზე, რომ როგორმე ეს პატარა მოოქრივილი კაცუნა  დაისაკუთროს. უცებ, რომ აიღოს, ხომ ვეღარ ვილაპარაკებთ მერე ამ უსამართლობაზე და „ვაიმე ლეოოო“ და ასე შემდეგ ხომ მორჩება? )))

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე და დავიწყოთ ისტორიის მოყოლა. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ყბადაღებულ „ტიტანიკში“ მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი „ვინმე“ მეტიუ მაკკონაჰი. თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, რომ ჯეკ დოუსონის როლი სწორედ მაკკონაჰს უნდა ეთამაშა, როდესაც ლეონარდო დი კაპრიომ თანხმობა განაცხადა ფილმში თამაშზე და საბოლოოდ, ამ როლზე ლეო დაამტკიცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ- ერთი კრიტერიუმი იყო ზუსტად ის, რასაც „აბრალებდნენ“ ლეოს, რომ ქალურია, უბრალოდ საყვარელი ბიჭია და მეტი არაფერი და მსგავს სისულელეებს და უნდა ვაღიარო, რომ „ტიტანიკისადმი“ გარკვეული პროტესტი მეც მქონდა ჯეელობისას. დიახ, ამ როლისთვის ასეთი „საყვარელი“ და „სიმპატიაგა“ ბიჭი სჭირდებოდათ, ხოლო არანაკლებ სიმპატიურ მაკკონაჰს, მაინც აქვს რაღაც „უხეში“ და უფრო მამაკაცური სახეში, რაც ბოლომდე არ ჩაჯდა „ობრაზში“ და დი კაპრიომ გადაწონა. ის რომ ლეოს უკვე არაერთი, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ არაერთი… კარგი როლი ჰქონდა შესრულებული და საკმაოდ ცნობილი იყო, თითქოს დასამტკიცებელიც მეტ-ნაკლებად დაემტკიცებინა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ტიტანიკი“ მას არ დაეხმარა სამომავლო წარმატებებსა და სახელის მოხვეჭაში. დაეხმარა და მერე როგორ 🙂 ამ ფილმა არანორმალურ წარმატებას მიაღწია, ყველა ტიპის ადამიანი მიიზიდა და… მოკლედ, მგონი ახსნა არ სჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარებოდა ეს როლი მაშინ შედარებით ნაკლებად ცნობილ მაკკონაჰს? რამდენად შეცვლიდა ეს მის ცხოვრებას და კარიერას და მას რომ ეთამაშა ჯეკ დოუსონი, ნეტავ ახლა სად იქნებოდა მაკკონაჰი და სად დი კაპრიო. ძალიან მაინტერესებს, მჯერა, რომ ლეო ასეთივე წარმატებული იქნებოდა, ხოლო მაკკონაჰი კიდევ უფრო აღიარებული, ვიდრე ახლა არის. თუმცა შეიძლება ორივესთვის ისე ჯობდა, როგორც მოხდა… რა და როგორ იქნებოდა ამას ჩვენ ვერ გავიგებთ და რაც არის იმაზე ვისაუბროთ. ფაქტია, მას მერე მეტიუს საქმეები არც ისე კარგად წავიდა და რაიმე განსაკუთრებული როლი მას არ ჰქონია იმ ფილმამდე, რომელსაც Dallas Buyers Club ჰქვია.

მეტიუ მაკკონაჰი ძალიან საინტერესო ვინმეა, რასაც ჰქვია ჩუვაკი 🙂 ის ტექსასელია ამიტომ, იქაური „ზამაშკები“ ცოტა გამოყოლილიც აქვს, კაი ტიპი მარტო იმიტომაა, რომ რაც უნდოდა ის გააკეთა და არ გაჰყვა სხვების მითითებებს, მამის ბიზნესს, როგორც მისი ძმები, არ უნდოდა ნავთობის ბიზნესით დაკავება. არ აინტერესებდა გამზადებული ფული, პოსტი, ჰალსტუხი… არც თავიდან ჩაფიქრებული კრიმინალური განხრით იურისტობა(ეს მხოლოდ მოგვიანებით, ფილმებში განახორციელა, ორი როლის შესრულებით)… და მსახიობობას მიჰყო ხელი. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ასეთი საინტერესო ადამიანებს ნარევი სისხლი აქვთ – მის ძარღვებში ჩქეფს ირლანდიური(უპირველეს ყოვლისა), გერმანული, შვედური, ცოტა შოტლანდიური და ცოტაც ინგლისური სისხლი. ამას დავუმატოთ გაზგასამართი სადგურის მეპატრონე და ნავთობის ბიზნესით დაკავებული მამა, რომელიც თავის დროზე ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა, თან მაღალ დონეზე და სკოლის მასწავლებელი დედა. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე გაშორდნენ და დაქორწინდნენ, სანამ მეტიუს მამა 1992 წელს არ გარდაიცვლებოდა. მოკლედ, მხიარული ოჯახი და ძალიან „აპასნი სმესი“, თავისი გერმანელი დიდი ბებიითა და ცნობილი გენერლის დანდრიჯ მაკრის ნათესაობით.

სიმბოლურია ისიც, რომ მისი როგორც მსახიობის პირველი როლი იყო ლუდის რეკლამაში. წარმატება მოუტანა 1993 წლის ფილმმა Dazed and Confused, სადაც იგი მიმზიდველ და გოგონების გულთამპყრობელ ბიჭს თამაშობს. სხვათა შორის, სასწავლებელში ერთხელ დაასახელეს კიდეც წლის ყველაზე სიმპათიურ ბიჭად. შემდეგ იყო რამდენიმე როლი, არშემდგარი „ტიტანიკი“, ზემეკისის „კონტაქტი“ და ცოტა კალაპოტიდან ამოვარდნა… 1999 წელს იგი პირველად ჩავარდა მარიხუანას მოხმარებაზე, მაგრამ ცხადია, სერიოზული არაფერი. იმავე წელს, მეზობლებმა მუსიკის ზედმეტად ხმამაღლა ჩართვის გამო პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გამაყრუებელ ხმაურში შიშველი მეტიუ დახვდათ, რომელიც გამეტებით ურახუნებდა დასარტყამ ინსტრუმენტებზეუყვარს ეს საქმე), იქვე იყო უცნობი მამაკაცი და არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები. მეტიუ დააკავეს, იგი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, ეს ტექსასში, მის სახლში მოხდა. თუმცა საბოლოოდ, აქაც სერიოზული არაფერი.

როგორც ამბობენ, ცოტა ხანი იყო პენელოპა კრუსთან ერთად, შემდეგ კი გაიცნო ბრაზილიელი კამილა ალვეში და მასთან სერიოზული ურთიერთობა გააბა. მართალია ისინი მხოლოდ 2012 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ რა აუცილებელია ერთად ცხოვრებისთვის რაიმე საბუთი და სხვების დასანახად ცერემონია? წლების მანძილზე ისედაც ერთად ცხოვრობდნენ და ორი შვილიც ეყოლათ, ხოლო შეუღლების მერე, მესამეც. პირველი შვილის დაბადებისას მეტიუ პალატაში იყო, და 8 საათის მანძილზე უკრავდა ბრაზილიურ მუსიკას, რადგან კამილასთვის მშობიარობა გაეადვილეინა. ისე ბრაზილიის ხსენებაზე უნდა ვთქვათ, რომ მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და ბოლო 15 წლის მანძილზე არაერთი ქვეყანა მოიარა, არამარტო „სამსახურეობრივად“ და ფილმების გამო, არამედ თავისი ინიციატივითა და საკუთარი სიამოვნებისთვისაც. მისივე თქმით, ყველაზე მეტად სამხრეთ ამერიკა და აფრიკა იზიდავს.

ევასება ქანთრი და ბრიტანული როკ-პოსტ პანკ ბენდი The Cult. განსაკუთრებით ახლოს მეგობრობს ლენს არმსტრონგთან, ჯეიკ ჯილენჰოლთან და ჯეიმი ჯონსონთან. რა ვიცი, კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება ამ ნარევი სისიხლის, მაგრამ მკვეთრად ირლანდიური არომატის მქონე გიჟმაჟზე… თუნდაც იმის რომ თავის სხვადასხვა საძინებლებში რიგრიგობით ძინავს, აქვს „სატრიალო/ტრიალა კრაებების“ შიში, იყენებს საღეჭ ნიკოტინს და ჰყავს ძაღლი „მისის ჰადი“, ფილმ „ჰადის“ პატივსაცემად, რომელშიდაც მთავარ როლში პოლ ნიუმენია, ხოლო ნიუმენი მისი საყვარელი მსახიობია. დასაფასებელია პირადად ჩემთვის ის, რომ მაკკონაჰი ძალიან აფასებ კრისტიან ბეილის, ხოლო მე მიყვარს ბეილი )) მეტიუს თქმით, იშვიათად შეხვედრია ისეთ ნიჭიერ და ბოლომდე საქმეში ჩაფლულ და ამა თუ იმ როლში შეჭრილ მსახიობს, როგორიც ბეილია. ჰო, კიდევ რა? ერთხელ მალიბუში შოპინგზე გასულს, სეირნობისას ის სახლი მოეწონა, რომელიც არ იყიდებოდა, მაგრამ მან მეპატრონეს ისეთი წინადადება გაუკეთა, რომელზეც ის უარს ვერ იტყოდა – 10 მილიონი. ახალ ის სახლი მეტიუსია. კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტის, ამბის, ექსცენტრიული ინციდენტის მოყვანა და მოყოლა შეიძლება მაკკონაჰზე, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება, ისედაც გაგრძელებული ისტორია და მოდით, იმაზე გადავიდეთ, რის გამოც დავიწყე ეს ყველაფერი.

რამდენიმე წლის წინ მეტიუმ თავის კარიერაზე საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „მე გამხდარი ცხენი ვარ, გრძელი რბოლისთვის განკუთვნილი. თავს 15-რაუნდიან ბრძოლის მე-3 რაუნდში ვგრძონ“… მგონი მოვიდა მე-15 და გადამწყვეტი რაუნდის ჟამი 🙂 როდესაც ვნახე Dallas Buyers Club გავიფიქრე, როგორც იქნა ამ ბიჭის დროც მოვიდათქო და მივხვდი, ამაზე უკეთეს შესრულებას „წელს“ ვერ ვნახავდი, ვერც ვნახე. ოსკარზე მისი „ძცელი მეგობარი“ ლეონარდო დი კაპრიოა წარდგენილი, რომლის გამარჯვებასაც ასე (ვ)ელით. მეტისუთვის პატივსაცემი კრისტიან ბეილი. პატივცემული ბრიუს დერნი და ჩემთვის სრულიად გაუგებრად „დახვეწილი ჯანგო“. არა, გაუგებრად არა, სინამდვილეში მშვენივრადაც მესმის რატომაც და ისიც ვიცით, რომ ოსკარს 12 Years a Slave აიღებს, მაგრამ დამღალა ამ „პოლიტიკურ-კლანურ-თემატურმა“ და არაობიექტურმა გადაწყვეტილებებმა და ეგებ სხვა ნომინაციებს მაინც შეეშვან. ამაზე ბევრად ცუდ ფილმებს აუღიათ, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ამით ეს ფილმი იმაზე კარგი არ ხდება, ვიდრე არის. ფილმი კარგია და საოსკარედ გადაღებული, მაგრამ არა საოსკარე 🙂 თუმცა ეს თემა შემდეგი პოსტისთვის შეოვინახოთ და მაკკონაჰს დავუბრუნდეთ.

ჩემი აზრით, მეტიუს ეს როლი ასე კარგად იმიტომ გამოუვიდა, რომ გარკვეულ წილად ჯდება მის ხასიათში, ცხოვრებისეულ გზაში, მიდგომებში… არის ცოტა ანარქისტი, ცოტა ბოჰემური, ცოტა ტეხასელი(ამ შემთხვევაში ასე უხდება), პრინციპული, ჯიუტი, თავდაჯერებული და ამავდროულად გაწვალებული. რაღაც მომენტებში უსამართლოდ იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი. სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი. ამიტომაც, მთელი ამ წლების ნაგროვები აიღო და დადო 🙂

კიდევ ერთხელ ვთქვათ სიტყვა „სიმბოლურია“, რომ მაინცდამაინც წელს, როდესაც ამდენი ხნის მერე, ლეონარდო დი კაპრიოსა და მეტიუ მაკკონაჰის გზები ისევ ირიბად თუ პირდაპირ გადაიკვეთა, ისინი თუნდაც ეპიზოდურად, მაგრამ მაინც ერთ ფილმში მოხვდნენ. დი კაპრიო კარგია, ძალიან კარგიც ამ ახალ როლშიც, როგორც ყოველთვის… მაგრამ დამეთანხმეთ, რომ უკეთესებიც ჰქონია და სკორსეზესაც გადაუღია უკეთესი ფილმ(ებ)ი. ასე რომ, მაპატიე ლეო, მაგრამ ოსკარი მაკკონაჰისაა, მან ეს დაიმსახურა 🙂

მეტიც, The Wolf of Wall Street-ში მარკ ჰანას როლი აი ხო არაფერია, ხომ ეპიზოდური როლია, მაგრამ მარტო რესტორნის სცენისთვის სადაც დი კაპრიო და მაკკონაჰი ერთად სხედან მაგიდასთან და მეტიუ პირველ და მთავარ რჩევებს აძლევს ლეოს, აი მარტო მაგ სცენისთვის, რომელმაც სიამოვნებისგან აჟიტირების ლეველზე გადამიყვანა, კიდევ ერთ პატარა ოსკარს დავუმზადებდი მაკკონაჰს და იმასაც მივცემდი დიდთან ერთად 🙂 ვიყოთ ობიექტურები.

დი კაპრიოზე ტრაგედია ამ ბოლო 2 წელში ჩემთვის ისაა, რომ ხოაკინ ფენიქსი დარჩა „მასტერში“ უოსკაროდ, არადა მასტერკლასი ჩაატარა მანაც და ცხონებულმა ფილიპ- სეიმურ ჰოფმანმაც, რომელიც განსაკუთრებულად რომ გიყვარს ვინმე, სხვანაირად, აი ეგრე მიყვარდა და ჰიტ ლეჯერის მერე ასე გული არ დამწყვეტია მსახიობზე, რამდენი მაგარი როლი დაიკარგა და რა კარგი ტიპი წავიდა 😦 რატომ იკლავენ ასეთი ადამიანები თავს ნარკოტიკით 😦

ფენიქსმა მართლაც მასტერკლასი ჩაატარა(ეს ჰერი, იმასთან შედარებით მასხარაობაა, არადა აქაც კარგად ითამაშა იასნია) და უოსკაროდ დარჩა, იმიტომ რომ ლინკოლნის როლის შემსრულებლისთვის უნდა მიეცათ! არა, მე იმას კი არ ვამბობ, დენიელ დეი ლიუისს რატომ მისცესთქო, ეგეთი არანორმალურად ნიჭიერი და კლასნი კაცი მართლა სულ რამდენიმეა, უბრალოდ, დეი ლიუისი აუცილებლად აიღებდა კიდევ ოსკარს და აიღებს, თან არაერთს და რეკორდსმენიც გახდება. იმენნა ლინკოლნში რომ მიიღო ეგ გამიტყდა და ფენიქსის არანორმალური ნამუშევარი ისე რომ დარჩა. ასე რომ, ჩემი სუბიექტური აზრით, წინა წელს უფრო სადავო იყო ამ ნომინაციაში. წელს კი თამამად ვიტყოდი – მეტიუ მაკკონაჰი!

ასე რომ, ჩემო ლეონარდო… ველოდებით როდის გამოიბუტები და დადებ რამე სუპერს.

პ.ს.
ნუ ჯარედ ლეტო მხეცია, ისედაც ვიცოდით, თავის პონტში ძალიან მაგარი ტიპია. ის, რომ იგი კარგი ბიჭია „გოგოს როლის“ შესრულებით დაამტკიცა. არა სერიოზულად, ისე კარგად თამაშობს ქალად გარდაქმნილ და  გადაცმულ კაცს, რომ მართლა ვერ ვიცანი, დიდი ხანი ვერ ვცნობდი. თან მიზეზთა გამო, ჰოლივუდურ კინოსამყაროს მოწყვეტილი ვიყავი ბოლო თვეები და დეტალურად არც მქონდა გადახედილი რა და როგორ, მაკკონაჰი მახსოვდა რომ თამაშობდა Dallas Buyers Club-ში, შევყევი შევყევი და უცებ, ვახ… ლეტო. ბრავო ჯარედ. ისიც ოსკარს აიღებს ცხადია და ისიც დამსახურებულად 🙂

Written by 1myway1

თებერვალი 7, 2014 at 8:45 PM

Posted in Uncategorized